მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

სიახლეები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 15 თებერვალი 2024

 

 

რატომ გაჩნდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საჭიროება?

 

2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, საქართველოში დაიწყო და წარმატებით განხორციელდა მთელი რიგი რეფორმებისა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. დროის მოკლე პერიოდში, საჯარო სამსახურში, უმეტეს წილად, აღმოიფხვრა კორუფციის საბაზისო და აღქმადი ფორმები (ე.წ. დაბალი დონის კორუფცია) და რეფორმის ეს შედეგი ამ დრომდე ნარჩუნდება. საქართველოს მოქალაქეებს აღარ უწევდათ ქრთამის გადახდა პოლიციისთვის, პროკურორებისთვის,  მოსამართლეებისთვის ან/და საბაზისო საჯარო სერვისებით სარგებლობისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ქონების ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების სფეროში სხვადასხვა მომსახურების მიღება და ა.შ.

 

სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით მაღალი დონის, ე.წ. „ელიტურ“ კორუფციაზე. კორუფციის ამ ფორმის ერთ-ერთი მახასიათებელია მასში მაღალი, ხშირად, პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობა და დიდი ფინანსური რესურსი, რაც კორუფციული გარიგების მონაწილეებს საშუალებას აძლევთ საზოგადოების თვალში შენიღბონ ჩადენილი ქმედება. ამის თვალსაჩინო დადასტურებაა ფაქტი, რომ 2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მოქმედი, მაღალი თანამდებობის პირის (მაგალითად მინისტრის, მინისტრის მოადგილის) დაკავების შემთხვევა კორუფციული ბრალდებისთვის. ამგვარი ფაქტები მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ფიქსირდება. 

 

მაღალი დონის კორუფციის სპეციფიკის გათვალისწინებით, მის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლისთვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საგამოძიებო, სისხლისსამართლებრივი დევნის, თუ მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი განზომილება არ გააჩნიათ. მაღალო დონის კორუფციის  პრევენცია, გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა ეფექტიანად მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ანტიკორუფციული მექანიზმის არსებობით და მათი კოორდინირებული გამოყენებითაა შესაძლებელი. დასახელებული საჭიროებები გახდა ცენტრალიზებული ანტიკორუფციული ორგანოების შექმნის საფუძველი რიგ ქვეყნებში.

 

საქართველოში, სამოქალაქო სექტორის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები როგორც სხვადასხვა უწყებაში დაქსაქსული ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანობის, ასევე მაღალი დონის კორუფციული დანაშაულის ჯეროვნად გამოძიების თვალსაზრისით. ამ გამოწვევათა ბუნების და სპეციფიკის გათვალისწინებით, მიჩნეული იქნა, რომ საჭიროება იყო ქვეყანაში შექმნილიყო ცენტრალიზებული ანტიკორუფციული ორგანო, რომელსაც ექნებოდა დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები და გააერთიანებდა სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციულ ღონისძიებას, მათ შორის,  ამგვარი დანაშაულების გამოძიებას.

 

როგორ მოხვდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს  შექმნის ვალდებულება ევროკავშირის რეკომენდაციებში

 

ევროკომისიას, რომლის ერთ-ერთი რეკომენდაციაა საქართველოში ე.წ. „დეოლიგარქიზაციის“ განხორციელება, აქვს საკმარისი ინფორმაცია ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული გამოწვევის თაობაზე, კერძოდ კი, კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასამარცხებელი, მაღალი დონის, ე.წ. „ელიტური კორუფციის“ შესახებ, რომელთან ბრძოლასაც კი, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი,  მაღალი დონის პოლიტიკური ნება სჭირდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციების ერთ ორგანოში კონცენტრაცია არ არის ინოვაცია, მსგავსი გზა არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ აირჩია, ხოლო ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც კი იყო ინიცირებული რამდენიმე პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფის მიერ. ამდენად, ანტიკორუფციული ღონისძიებების კონსოლიდაცია და განმახორციელებელი ორგანოს სპეციალიზაცია ევროკომისიამ, ლოგიკურად დაასახელა მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის ინსტიტუციურ მოდელად.

  

როგორ შესრულდა ევროკომისიის რეკომენდაცია და რა გამოწვევები არსებობს ახლა 

 

ევროკომისიის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის რეკომენდაცია შესრულდა ნაწილობრივ. კერძოდ, პროგრესად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნა ცალკე მდგომი ანტიკორუფციული სამსახური და მის ქვეშ გააერთიანა ევროკომისიის მიერ დასახელებული სამი ანტიკორუფციული მექანიზმი - თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების (შეწირულობების) მონიტორინგი და საჯარო სამსახურში მამხილებელთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. 

 

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნისა და მისთვის უფლებამოსილებების მინიჭების პროცესი ქაოტურად მიმდინარეობდა. კერძოდ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული თავდაპირველი ვერსია საერთოდ არ ანიჭებდა ბიუროს არც დეკლარაციების შემოწმების, არც პოლიტიკური ფინანსების კონტროლის და არც მამხილებელთა დაცვის ფუნქციას. ერთადერთი საკითხი, რაშიც ბიურო იღებდა უფლებამოსილებას იყო ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობა. მიუხედავად პარლამენტში განხილვები დროს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ადვოკატირებისა, რომ ბიურო აღჭურვილიყო მაღალი ფუნქციური მანდატით (როგორც ზემოთ ჩამოთვლილი 3 ფუნქციით, ასევე კორუფციული შემთხვევების გამოძიების ფუნქციით) ამ ვერსიით იქნა მიღებული კანონი პირველი მოსმენით.  

 

სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის შემდგომ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტი მოახდენდა ახალი ცვლილებების ინიცირებას, რომლითაც ბიუროს მიენიჭებოდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების (შეწირულობების) მონიტორინგისა და საჯარო სამსახურში მამხილებელთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ამ უფლებამოსილებების მინიჭებამ, უკვე დღის წესრიგში დააყენა ბიუროს უფროსის დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერება, ასევე მინიჭებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაზე მსჯელობა. სამწუხაროდ, ამ საკითხების განხილვა სათანადოდ არ მომხდარა. მაგალითად, ევროკომისიის მიერ ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებული საკითხი, დეკლარანტის ოჯახის წევრის ცნების განვრცობა,   რეფორმის განხორციელებისას სრულად იქნა უგულებელყოფილი.

 

როგორც აღინიშნა, კანონპროექტის ეს განახლებული ვერსია საქართველოს პარლამენტმა მისი შემოთავაზებიდან და საჯაროდ გამოქვეყნებიდან მალევე მიიღო ისე, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აღარ მიეცა შესაძლებლობა, პარლამენტთან განეხილა ამ ფუნქციების განხორციელებისთვის აუცილებელი დამოუკიდებლობის გარანტიები, მათ შორის, ახლადშექმნილი მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურა. აღნიშნული ფუნქციები ანტიკორუფციულ ბიუროს „გადაეწერა“ იმგვარად, რომ მათ შესახებ შინაარსობრივი დისკუსია საპარლამენტო განხილვის ფარგლებში არ ყოფილა. მეტიც, თავად განმარტებით ბარათშივე აღნიშნული იყო, რომ ეს ფუნქციები ბიუროს მხოლოდ „ტექნიკურად“ გადაეცემოდა.

 

დამატებით, გამოწვევად კვლავ რჩება ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემა. პირველი მათგანია ბიუროს დატოვება საგამოძიებო უფლებამოსილების გარეშე და მეორე დაკავშირებულია ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობასთან და მის მიმართ საზოგადოების ნდობასთან (იგივე გამოწვევების შესახებ ასევე საუბრობს ვენეციის კომისიაც თავის დასკვნაში ამ რეფორმის შეფასებისას).  საქართველოს პარლამენტმა ანტიკორუფციულ ბიუროს უფროსის დანიშვნა აღმასრულებელ ხელისუფლებას (პრემიერ-მინისტრს) მიანდო და ამით განსაზღვრა ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ხარვეზული სისტემა. სხვაგვარად, არსებული ფორმით შექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს არ გააჩნია სათანადო ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხი და უფლებამოსილება, რომ დაუპირისპირდეს და გაუმკლავდეს (გამოიძიოს) მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნების მიუხედავად, ევროკომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციის შესასრულებლად - ანტიკორუფციულ საქმეებზე სპეციალიზებული (ცალკე მდგომი) საგამოძიებო ორგანოს შესაქმნელად არ გამოიჩინა სათანადო პოლიტიკური ნება და ეს რეკომენდაცია მხოლოდ ფორმალურად შეასრულა. ამის გამო, ევროკომისიის შეფასებით, ეს რეკომენდაცია არ იქნა შესრულებული და 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მოცემულ რეკომენდაციების მეორე პაკეტში კვლავ შევიდა ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხი.

 

გამოსავალი დილემიდან და შესაძლო კითხვები

 

არსებული მდგომარეობით, ანტიკორუფციულ საქმეებზე ზოგადი წესით გამოძიებას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ქვეყანაში კორუფციის, განსაკუთრებით კი მაღალი დონისკორუფციის მხრივ არსებული გამოწვევების საპასუხოდ,  აუცილებელია, რომ უსაფრთხოების სამსახურს ეს ფუნქცია ჩამოშორდეს და იგი გადაეცეს ანტიკორუფციულ ბიუროს. ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება თავისთავად გააჩენს მისი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ნდობის ზრდის საჭიროებას. აღნიშნულის უზრუნველყოფა წარმოუდგენელი იქნება პარლამენტის როლის გაზრდის გარეშე, როგორც ბიუროს უფროსის  დანიშვნის, ისე მისი გათავისუფლების ნაწილში.  კერძოდ, საჭირო გახდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანიშვნის წესის ცვლილება იმგვარად, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა მიიღოს არამხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის ნდობაც, რასაც თავისთავად მოყვება ბიუროს ანგარიშვალდებულების ცენტრად პარლამენტის განსაზღვრა.  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024