სტატია მომზადებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS) ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტის - „ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში”- ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოცხადებული ანალიტიკური სტატიების კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის“. ნაშრომის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ის/IMS-ის შეხედულებებს.
სტატიის ავტორი: ნინო ჩანადირი
- საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია უკრაინის ომის ფონზე მზარდია.
- ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირველი კვარტლების მონაცემებით, საქართველოში, რუსეთიდან საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2023 წელს დაფიქსირდა.
- 2022 წელს, საქართველოში, რუსეთის ფედერაციიდან 62,304 პირი დაფიქსირდა იმიგრანტად, რაც 6-ჯერ აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მონაცემს.
- 2022 წელს გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვის მაჩვენელბლები. 2022 წლის სექტემბრამდე, რუსეთის მოქალაქეებმა, საქართველოში 15,164 შენობა/ნაგებობა (13,262 ბინა) და 13,850 მიწის ნაკვეთი შეისყიდეს.
- 2022 წლის მონაცემებით საქართველოში დარეგისტრირდა 11,000-ზე მეტი რუსული წარმოშობის ბიზნესი. რეგისტრაციის გააქტიურება ემთხვევა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ეტაპებს.
- გამოკითხვები ცხადყოფს საქართველოს მოქალაქეების უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთის მოქალაქეების შემოდინების და ეკონომიკური საქმიანობის მიმართ.
- კვლევების მიხედვით იკვეთება რუსეთის მოქალაქეების სურვილი, შექმნან საქართველოში რუსული თემი, რაც არსებული უარყოფითი განწყობების ფონზე საზოგადოებრივი მშვიდობისთვის გამოწვევად შეიძლება იქცეს.
- იკვეთება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გატარების საჭიროება საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ.
შესავალი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით გადინება ქვეყნიდან და მათი გადასვლა რუსეთის მეზობლად მდებარე სახელმწიფოებში, საქართველოს ჩათვლით. რუსეთის მოქალაქეების მიღება პრობლემა აღმოჩნდა რიგი ქვეყნებისთვის, როგორც სოციალურ და პოლიტიკურ, ასევე მორალურ ჭრილში, რის შედეგადაც მათ შეზღუდვები დააწესეს რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე. (1)
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც მიგრაციის ამ ტალღას საზოგადოების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას და მათ მიერ ბიზნესის რეგისტრირებასა და ქონების შესყიდვას (IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 79% ყოველივე ამის წინააღმდეგია)(2). თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ამ პროცესის დასარეგულირებლად სპეციალური ზომები არ მიუღია. საზოგადოებაში გავრცელებული განწყობები ცხადია კავშირშია რუსულ ოკუპაციასთან და განცდასთან, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის გამოწვევად შეიძლება იქცეს.
თუმცა საინტერესოა, არსებობს თუ არა ამ განწყობებისთვის რეალური საფუძველი, რომელსაც სტატისტიკური მონაცამები ამყარებს. რუსეთიდან საქართველოში მიგრაციის რა დინამიკა შეინიშნება და რა გრძელვადიან სოციალურ-პოლიტიკურ გამოწვევებთან შეიძლება იყოს ეს ასოცირებული. აგრეთვე, რა სტრატეგია უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს ამ გამოწვევებთან მიმართებით.
რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირობებში, საქართველოს საზღვარს სულ უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე კვეთს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს საზღვარი ჯამურად 1,459,541-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. აღნიშნული რიცხვი 2021 წელს 291,511-ს შეადგენდა. 2022 წელს, ვიზიტორთა საშუალო თვიური რაოდენობების განაწილების მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან მესამე კვარტალში შემოვიდა (თვეში საშუალოდ 147.9 ათასი ადამიანი). (3)
თუმცა, ცხადია, ყველა საზღვრის გადმომკვეთ პირს იმიგრანტის სტატუსი არ აქვს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, იმიგრანტად ითვლება ადამიანი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე). (4) 2022 წლის მონაცემებით საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 62,304 პირი დაფიქსირდა იმიგრანტად. აღნიშნული თითქმის 6-ჯერ გაზრდილი მონაცემია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით იმიგრანტად რუსეთის მოქალაქეების დაფიქსირების შესახებ (10,881). (5)
თუ 2021 წელს რუსეთიდან იმიგრამტების გენდერული განაწილება თანაბარი იყო, 2022 წელს მამაკაცი იმიგრანტების რაოდენობა აჭარბებდა ქალებისას.
ოფიციალური უწყებების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის მონაცემებში, რომელიც საჯაროა, არ იძებნება ინფორმაცია, თუ რუსეთის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველოს ტერიტორია. წარსულში, მიუხედავად საინფორმაციო სააგენტოების მცდელობისა, მოეპოვებინათ აღნიშნული ინფორმაცია, უწყება მას არ ასაჯაროებს. (6)
რაც შეეხება 2023 წლის ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 289,285-მა რუსეთის მოქალაქემ, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია მეტია 2022 წლის I კვარტლის მონაცემზე (99,062).(7)
2023 წლის მაისში რუსეთთან ავია მიმოსვლა აღდგა, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მიმართულებით გადაადგილებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. ამ ფონზე სავარაუდოა, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება.
საჯარო უწყებების მხრიდან ამომწურავი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა სახის ეკონომიკურ აქტივობას ეწევიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, საკმაოდ რთულია. (8) თუმცა, სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში აქტიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას და ასევე ხშირია მათი მხრიდან ახალი ბიზნესის რეგისტრაციაც. IDFI-ის კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2022 წლის სექტემბრამდე, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,164 შენობა/ნაგებობა (13,262 ბინა) შეისყიდეს. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში გადავიდა 13,850 მიწის ნაკვეთიც. 2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში, თბილისში, სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში, რუსეთის მოქალაქეების წილი 0.9%-დან 5%-მდე გაიზარდა. ბათუმში ეს ზრდა კიდევ უფრო დიდია და 5%-დან 17.6% შეადგინა. (9)
რაც შეეხება ბიზნესის რეგისტრაციას, უკრაინაში ომის ფონზე, 2022 წლის მიწურულისთვის საქართველოში 11,000-ზე მეტი რუსული წარმოშობის ბიზნესი დარეგისტრირდა. რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით,(10) 2022 წლის ნოემბრამდე არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მთელი წლის მანძილზე რუსული ბიზნესის რეგისტრირების რაოდენობა საქართველოში მაღალი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პროცესის გააქტიურების ეტაპები ემთხვევა ომის საწყის - 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდს და ასევე, მოგვიანებით, სექტემბრის მიწურულს - რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ეტაპს.
იმდენად, რამდენადაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში აქტიურად იძენენ ქონებას და ეწევიან ბიზნეს საქმიანობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ ნაწილს საქართველოსთან კავშირში ხანგრძლივი მიზნები ამოძრავებს.
საინტერესოა რიცხვებში გამოხატული ტენდენციების და ამასთან დაკავშირებული განწყობების შინაარსობრივი ნაწილი, კერძოდ რატომ აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა ამ პროცესს მტკივნეულად და აქვს თუ არა საფრთხეების შესახებ მოლოდინებს რეალური საფუძველი. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს პროცესი მნიშვნელოვან გამოწვევებთან ასოცირდება, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ოკუპაციასთან, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობებთან და მოსალოდნელ უსაფრთხოების გამოწვევებთან, რომლებიც შეიძლება პოტენციურად არსებობდეს იმ პირობებში, როდესაც შემოსული ადამიანების დიდი რიცხოვნობის გამო, თითქმის შეუძლებელია მათი საზღვრის კვეთის მიზნების კონტროლი. ბევრისთვის გამოწვევაა რუსეთის „თანამემალულეების დაცვის“ პოლიტიკაც, რომელსაც საბაბად ხშირად იყენებს სხვა სახელმწიფოებზე აგრესიის განხორციელებისთვის.
2023 წლის მარტში, გამოქვეყნდა ორი საინტერესო კვლევა რუსეთის მოქალაქეების განწყობების შესახებ საქართველოში. პირველი კვლევა ჩატარდა საქართველოსა და სომხეთში (After 24), მეორემ კი თბილისში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები მოიცვა. ორივე კვლევამ გამოკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი საქართველოში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეების შესახებ. მაგალითად ის, რომ უმრავლესობა საქართველოში ჩამოვიდა საკუთარი თავისთვის ეკონომიკური სანქციების შედეგის შემსუბუქების მიზნით, ან მისი ან ოჯახის წევრის ომში გაწვევის საფრთხის გამო. იკვეთება პოლიტიკური პროცესების მიმართ პასიური დამოკიდებულება, მათ შორის რუსეთის პოლიტიკური რეალობის არცოდნა და საქართველოს პოლიტიკური რეალობის, მათ შორის ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის არცოდნა (ან ამაზე საუბარის სურვილის არქონა). (11)
აღნიშნულ კვლევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის ფონზე, რომ საქართველოში ათიათასობით რუსეთის მოქალაქე რჩება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი სოციალური ქცევის და ინტეგრაციის სურვილის საკითხის შესწავლაც. ჩატარებულმა გამოკითხვებმა ამ მიმართულებით ყურადსაღები გარემოება გამოავლინა. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები საჭიროდ მიიჩნევენ საქართველოში რუსული საზოგადოების შექმნას. ამ მიზნით ქმნიან გარკვეულ სივრცეებს და სერვისებს, როგორიცაა ბარები, კვების ობიექტები და აშ, ასევე უმეტესად ურთიერთობენ ერთმანეთთან და ნაკლებად საზოგადოების სხვა ჯგუფებთან. (12)
წყარო: რეალპოლიტიკა
სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, თუ იზოლირებული თემის ჩამოყალიბების ტენდენცია გასაქანს ჰპოვებს, ეს შესაძლოა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ გამოწვევაში გადაიზარდოს. იმიგრანტების უცხო კულტურაში ქცევის რამოდენიმე ძირითადი გზა გამოიყოფა, რომელიც ჯგუფურ იდენტობებს შორის ურთიერთობას უკავშირდება. ბიკულტურალიზმი - როგორც საკუთარის შენარჩუნებას, ასევე დომინანტი ჯგუფის კულტურული ნიშნების შეთვისებას მოიაზრებს. ასიმილაცია/აკულტურიზაცია, რაც საკუთარი იდენტობის უკანა ხაზზე გადაწევის ხარჯზე დომინანტ ჯგუფთან შერწყმას გულისხმობს. ასევე, ერთგვარი სეპარაცია, როდესაც ჯგუფი ცდილობს საკუთარი იდენტობის შენარჩუნების მიზნით დისტანცირდეს მასპინძელი ქვეყნის დომინანტი ჯგუფისგან. (13)მასპინძელ და იმიგრირებულ ჯგუფებს შორის ურთიერთობის ნაწილში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარსულში არსებულ ინტერ-ეთნიკური ურთიერთობების გამოცდილებებსაც. (14)როდესაც მასპინძელ საზოგადოებაში იმიგრირებული ჯგუფი გარკვეულ ავტონომიას ქმნის საზოგადოების შიგნით, ხოლო ამას თან ერთვის ჯგუფთან მიმართებაში მასპინძელ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი ისტორიული გამოცდილებები და აღქმები, ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაძაბულობის მატება ჯგუფებს შორის და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ სტაბილურობას. აღნიშნული რისკის გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების განწყობა რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოდინებასა და მათ ეკონომიკურ აქტიურობაზე მკვეთრად უარყოფითია. მოსახლეობის 79% არ ეთანხმება რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას საქართველოში და მათ მიერ კერძო საკუთრების შესყიდვას და ბიზნესის რეგისტრაციას.
წყარო: Georgian Survey of public opinion by IRI, March 2023
ამ პოტენციური საფრთხის თავიდან აცილებას სახელმწიფოს მხრიდან რისკების განსაზღვრა და შესაბამისი პოლიტიკის გატარება ესაჭიროება, რაც თავისმხრივ კომპლექსური პროცესია და გულისხმობს კომბინირებულ ქმედებებს, როგორიცაა, მაგალითად, საზღვრის კონტროლთან ერთად, უკვე შემოსული რუსეთის მოქალაქეების საქმიანობის მონიტორინგი და პარალელურად პოლიტიკის შემუშავება, რომელიც შეამცირებს შესაძლებლობას იმიგრანტთა ამ ჯგუფმა დანარჩენი საზოგადოებისგან ავტონომიურად ცხოვრების ტენდენცია შეინარჩუნოს.
უკრაინის ომი კვლავაც გრძელდება, კვლავაც არსებობს მობილიზაციის საფრთხე და სანქციების გავლენაც რუსეთში მნიშვნელოვანი პრობლემაა. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოდინების ტენდენცია საქართველოში შენარჩუნდება. ამას ემატება რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენის საკითხიც, რაც მიმოსვლის შესაძლებლობას გაზრდის. ოფიციალური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ყოველთვიური რიცხვი ათიათასებს აღწევს, 2022 წლის მონაცემებით კი 62,304 მათგანს იმიგრანტის სტატუსი აქვს. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში აქტიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას და არეგისტრირებენ ბიზნესს. პარალელურად, კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეების შემოდინების და ეკონომიკური აქტივობის წინააღმდეგნი არიან. რუსეთის მოქალაქეები ავლენენ საქართველოში რუსული თემის ჩამოყალიბების სურვილს, რაც უარყოფითი განწყობების ფონზე საზოგადოებაში დამატებითი დაძაბულოს წყარო შეიძლება გახდეს. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია რისკების განსაზღვრა და ადეკვატური პოლიტიკის შემუშავება, რაც შეამცირებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევებს.
-------
გამოყენებული ლიტერატურა
„ერთ ფიქტიურ მისამართზე 300 რუსული ბიზნესი - რატომ ხდება ასე საქართველოში?“, რადიო თავისუფლება, 02.12.2022 https://www.radiotavisupleba.ge/a/32159376.html
„რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“, IDFI, თბილისი 2022-2023, https://drive.google.com/file/d/1xzzYbyDMAYBFok1VyCn02zc2FXlbyUOs/view?fbclid=IwAR2fmohOIsy8uZVwSIqdh1x-i6CuHzQW0EVhGZXdBxHFS77ksLV9GnN0-KQ&pli=1
„საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტების სოციალური პორტრეტი“, რეალპოლიტიკა, 21.03.2023 https://realpolitika.ge/ge/longread/saqartveloshi-mtskhovrebi-rusi-migrantebis-sotsialuri-portreti?fbclid=IwAR2A1xVnO-KAi4v0gnq5LyEO_m43sHSKv75MMmGqrGOjIgCXhbc70fEIbjI#art
„შსს მალავს რუსეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში - 10 თვეში შემოსულია 1.4 მილიონი“, ბათუმელები, 7.0.2023 https://batumelebi.netgazeti.ge/news/463814/
Reitz, Jeffrey G. Host Societies and the Reception of Immigrants: Research Themes, Emerging Theories and Methodological Issues, University of Toronto, IMR Volume 36 Number 4 (Winter 2002)
Hall, Jonathan. Integration of Refugees and Support for the Ethos of Conflict, The Journal of Conflict Resolution, October 2018, Vol. 62, No. 9 (October 2018)
Georgian Survey of Public Opinion, IRI, March 2023 https://www.iri.org/wp-content/uploads/2023/04/IRI-Poll-Presentation-Georgia-March-2023-Final-CISR-Approved-.pdf?fbclid=IwAR0jZtGNnEQJfhqUna7vdquroBDMtOJeIrf32kqvMvWKDWYU7AG5szYuAlw
“Estonia, Finland seek end to Russian tourist visas”, DW, 8.09.2022 https://www.dw.com/en/ukraine-war-estonia-and-finland-seek-end-to-russian-tourist-visas-for-europe/a-62758209
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები, შინაგან საქმეთა სამინისტრო https://info.police.ge/page?id=94
უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka/modules/categories/102/utskhoel-vizitorta-statistika
მოსახლეობის და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითადი ტერმინები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/media/46952/mosaxleoba-da-demograpia-%28geo%29.pdf
იმიგრამტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა სქესისა და მოქალაქეობის მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia
***
[1] “Estonia, Finland seek end to Russian tourist visas”, DW, 8.09.2022 https://www.dw.com/en/ukraine-war-estonia-and-finland-seek-end-to-russian-tourist-visas-for-europe/a-62758209
[2] Georgian Survey of Public Opinion, IRI, March 2023 https://www.iri.org/wp-content/uploads/2023/04/IRI-Poll-Presentation-Georgia-March-2023-Final-CISR-Approved-.pdf?fbclid=IwAR0jZtGNnEQJfhqUna7vdquroBDMtOJeIrf32kqvMvWKDWYU7AG5szYuAlw
[3] უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka/modules/categories/102/utskhoel-vizitorta-statistika
[4] მოსახლეობის და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითადი ტერმინები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/media/46952/mosaxleoba-da-demograpia-%28geo%29.pdf
[5] იმიგრამტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა სქესისა და მოქალაქეობის მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia
[6] „შსს მალავს რუსეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში - 10 თვეში შემოსულია 1.4 მილიონი“, ბათუმელები, 7.0.2023 https://batumelebi.netgazeti.ge/news/463814/
[7] საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები, შინაგან საქმეთა სამინისტრო https://info.police.ge/page?id=94
[8] მიუხედავად მოთხოვნისა, იუსტიციის სამინისტრომ არ მომაწოდა ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შესყიდვის სტატისტიკის შესახებ, მესაკუთრეთა მოქალაქეობის მიხედვითhttps://askgov.ge/ka/request/ucxo_kveqnis_mokalakeebis_mier_u_2
[9] „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“, IDFI, თბილისი 2022-2023, გვ 5-6 https://drive.google.com/file/d/1xzzYbyDMAYBFok1VyCn02zc2FXlbyUOs/view?fbclid=IwAR2fmohOIsy8uZVwSIqdh1x-i6CuHzQW0EVhGZXdBxHFS77ksLV9GnN0-KQ&pli=1
[10] „ერთ ფიქტიურ მისამართზე 300 რუსული ბიზნესი - რატომ ხდება ასე საქართველოში?“, რადიო თავისუფლება, 02.12.2022 https://www.radiotavisupleba.ge/a/32159376.html
[11] „საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტების სოციალური პორტრეტი“, რეალპოლიტიკა, 21.03.2023 https://realpolitika.ge/ge/longread/saqartveloshi-mtskhovrebi-rusi-migrantebis-sotsialuri-portreti?fbclid=IwAR2A1xVnO-KAi4v0gnq5LyEO_m43sHSKv75MMmGqrGOjIgCXhbc70fEIbjI#art
[12] Ibid
[13] Jonathan Hall, Integration of Refugees and Support for the Ethos of Conflict, The Journal of Conflict Resolution, October 2018, Vol. 62, No. 9 (October 2018), pp 2045
[14] Jeffrey G. Reitz University of Toronto, Host Societies and the Reception of Immigrants: Research Themes, Emerging Theories and Methodological Issues, IMR Volume 36 Number 4 (Winter 2002), pp 1008
“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია
03.10.2024პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
24.09.2024