მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის 2021 წლის შეფასებით

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები | ღია მმართველობა | ანალიზი 30 სექტემბერი 2021

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები არის კვლევით მონაცემთა ბაზა, რომელიც ეფუძნება 30-ზე მეტ მონაცემთა წყაროს, რომლებიც მოქალაქეების, მეწარმეებისა და ექსპერტების შეხედულებებისა და გამოცდილებების კვლევებს წარმოადგენენ. ეს მონაცემები ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ისევე, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. აღნიშნულ წყაროებში წარმოდგენილი მონაცემების გაერთიანებისა და დამუშავების შედეგად მიიღება ერთიანი მაჩვენებლები/რეიტინგები. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა. რეიტინგს საფუძველი ჩაეყარა 1999 წელს World Bank Institute-ის, Development Research Group of the World Bank-ისა და Brooking Institution-ის მიერ. 

 

მოცემული ანალიზის მიზანია მკითხველისთვის საქართველოს მაჩვენებლების გაცნობა, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, განვლილი პროგრესის განხილვა და საქართველოს მაჩვენებლების შედარება ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებთან.

 

საქართველოს მაჩვენებლები

 

საქართველოს მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შეფასება 2014 წელს ჰქონდა. ამ დრომდე საქართველოს მაჩვენებლები სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მოცემული პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროგრესს კანონის უზენაესობისა და კორუფციის კონტროლის მიმართულებებში მიაღწია.

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მიხედვით 2014 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებული ექვსი მიმართულებით ქვეყნის წინსვლა შენელდა. მსოფლიო ბანკის უახლესი შეფასებით საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შედეგი რეგულირების ხარისხის მიმართულებით აჩვენა, თუმცა, რეგრესი დაფიქსირდა ყველა დანარჩენ მიმართულებაში. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელთან შედარებით 2020 წელს პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია, ექვს მიმართულებას შორის ქვეყანას მუდმივად პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებაში აქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რომელიც მაქსიმალური შეფასების ნახევართან მიახლოებულიც კი არაა. ამასთან, წინა წლებში განვლილი გზის გაუმჯობესების ნაცვლად, საქართველომ მხოლოდ 2014 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ მაჩვენებელზე დაბრუნება შეძლო 2018 წელს, ხოლო 2019 და 2020 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი თანდათან კვლავ გააუარესა. 

 

 

ანგარიშვალდებულება

 

ანგარიშვალდებულების მიმართულებით ფასდება ხელისუფლების მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, სიტყვის, მედიის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.

 

2020 წელს ანგარიშვალდებულების მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი მაქსიმალური შეფასების ნახევარს ჩამოცდა და 49.76% შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით გაუარესებული შედეგია. 50%-ზე დაბალი შედეგი აღნიშნულ მიმართულებაში საქართველოს 2011 წლის შემდეგ არ ჰქონია. 


მიუხედავად გაუარესებული შედეგისა, ანგარიშვალდებულების მიმართულებით საქართველო უსწრებს უკრაინის გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი), ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.

 

პოლიტიკური სტაბილურობა

 

პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებით ფასდება მმართველობის ძალადობრივი გზით შეცვლის ალბათობა, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ქმედებები.

 

აღნიშნულ მიმართულებაში ქვეყანას მუდმივად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებულ ექვს მიმართულებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელთან შედარებით 2020 წელს პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი მცირედით (2.83%) გაზრდილია, აღნიშნული (30.66%) მაქსიმალური შეფასების ნახევართან მიახლოებულიც კი არაა. 

 

პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე მოლდოვაა, ხოლო საქართველო მეორე ადგილზეა და წინ უსწრებს უკრაინას, ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველო პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ ბოლო ადგილზეა და მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის წინ მყოფ საბერძნეთს.

 

მთავრობის ეფექტიანობა

 

მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტიანობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, პოლიტიკის შემუშავების და დანერგვის ხარისხი, ხელისუფლების მიერ მათი შესრულების თანამიმდევრულობა.

 

მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით საქართველოს 2020 წელს 75.48% აქვს, რაც გაუარესებული  მაჩვენებელია 2019 წელთან შედარებით (76.92%), როდესაც საქართველომ ამ მიმართულებაში გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.  

 

მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებაში საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის მაჩვენებელს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კი რვა ქვეყანას უსწრებს: უნგრეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.

 

რეგულირების ხარისხი

 

რეგულირების ხარისხის მიმართულებით ფასდება სახელმწიფოს უნარი, შეიმუშაოს და გაატაროს ისეთი რეფორმები, რომლებიც კერძო სექტორს განვითარების საშუალებას აძლევს.

 

რეგულირების ხარისხის მიმართულება საქართველოში ექვსი მიმართულებიდან ყველაზე მაღალი ქულით არის შეფასებული (83.65%), რაც ასევე წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ამ მიმართულებაში მიღებული ყველაზე მაღალი შედეგია.


რეგულირების ხარისხის მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საქართველო ლიდერობს. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველო წინა წლის მსგავსად  მე-15 ადგილს იკავებს.

 

კანონის უზენაესობა

 

კანონის უზენაესობის მიმართულებით ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების პატივისცემა, ქონებრივი უფლებების დაცვა, ყურადღება მახვილდება სამართალდარღვევათა და დანაშაულის სტატისტიკაზე.

 

შეფასების თანახმად კანონის უზენაესობის მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2013 - 2014 წლებში, თუმცა, მას შემდეგ კანონის უზენაესობის მდგომარეობა ქვეყანაში უარესდებოდა. მართალია, 2018 წელს კანონის უზენაესობის შეფასებამ მცირედით იმატა, თუმცა, 2020 წელს მდგომარეობა კვლავ გაუარესდა(61.06%) და მიღებული შეფასება როგორც წინა წლის (62.02%), ისე 2014 წლის მაჩვენებელსაც (64.42%) ჩამორჩება.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობით საქართველო ლიდერია, თუმცა, ქვეყანა საკუთარ მაჩვენებელს აუარესებს. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველო უსწრებს იტალიასა და ბულგარეთს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება წევრი ქვეყნების უმეტესობას.

 

კორუფციის კონტროლი

 

კორუფციის კონტროლის მიმართულებით ფასდება მცირე ისევე, როგორც მაღალი დონის (ე.წ. ელიტური) კორუფცია. ყურადღება ექცევა მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების პირადი ინტერესებისთვის გამოყენების პრაქტიკას. 

 

კორუფციის კონტროლი საქართველოში ექვს მიმართულებას შორის მინიჭებული ქულების მიხედვით 2020 წლისთვის მესამე ადგილზეა - მას წინ უსწრებს რეგულირების ხარისხი და მთავრობის ეფექტიანობა. 2020 წელს აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი (71.63%) წინა წელთან (75%) ისევე, როგორც 2014 წელთან (76.44%) შედარებით გაუარესდა. 2013 წლის შემდეგ 2020 წლის შეფასება აღნიშნულ მიმართულებაში საქართველოსთვის მინიჭებულ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

 

კორუფციის კონტროლის მიმართულებით საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-18 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია და სხვა.

 

შეჯამება

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების თანახმად საქართველომ 90-იანი წლების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა სახელმწიფო მმართველობის ექვსივე მიმართულებაში. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს მიერ განვლილი გზა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მიუხედავად აღნიშნულისა, სახელმწიფოებრივი განვითარების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა 2014 წლის შემდეგ. არაერთი მიმართულებით საქართველომ დღემდე ვერ შეძლო დაებრუნებინა 2014 წელს დაფიქსირებული შეფასების მაღალი სტანდარტი.

 

2020 წელს რეგულირების ხარისხის მიმართულებაში საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა, თუმცა, ბოლო წლის შეფასებით რეგრესი შეიმჩნევა თითქმის ყველა სხვა მიმართულებაში. ქვეყნის მაჩვენებლები ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით - 2020 წელს ქვეყანა ანგარიშვალდებულების მიმართულებით ჩამოცდა მაქსიმალური შეფასების ნახევარს, პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებაში კი მუდმივად ყველაზე დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული, რაც მაქსიმალური რეიტინგის ნახევართან მიახლოებულიც კი არაა.

 

საქართველოში დემოკრატიული მმართველობის შემდგომი განვითარებისა და ევროკავშირის ქვეყნებთან დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანია როგორც მიღწეული პროგრესის ხაზგასმა, ისე იმ პრობლემებზე საუბარი, რომლებიც მსოფლიო ბანკის შეფასებამ გამოავლინა. არსებული გამოწვევების საპასუხოდ IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები ქვეყნის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც აისახება მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის ანგარიშში.

 

/public/upload/Analysis/GEO Worldwide Governance Indicators_2021 (1).pdf

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიააკადემიასთან დავა სასამართლოს მეორე ინსტანციამაც IDFI-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა

22.10.2021

IDFI საერთაშორისო ქსელის - გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP) წევრი გახდა

22.10.2021

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

20.10.2021

საქართველო კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსში

20.10.2021
განცხადებები

IDFI საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

18.10.2021

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს მოსმენების ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმებისკენ მოუწოდებს

27.09.2021

IDFI ფარული მასალების გავრცელებას ეხმიანება

17.09.2021

IDFI-ის განცხადება გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

08.09.2021
ბლოგპოსტები

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

20.10.2021

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

06.10.2021

სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში

29.09.2021

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021