ავტორი: ანტონ ვაჭარაძე
ისტორიკოსმა სერგეი ბონდარენკომ, 2019 წლის 27 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია, „სტალინი - ფეხსაცმლის საფენი, თხა[1], ხალიუგანი“ (Сталин — стелька, козел, халюган), რომელშიც გადმოსცა დიდი ბელადის შეურაცხყოფის 5 სხვადასხვა ისტორია 1930-იან წლებში, НКВД-ის საგამოძიებო საქმეების მიხედვით.
სტატიაში ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მასობრივი კონტროლისა და არჩევნების ფაქტობრივი არარსებობის პირობებში, დღესდღეობით შეუძლებელია დადგენა, რეალურად უყვარდათ თუ არა სტალინი თანამოქალაქეებს: „1930-იანი წლებში, სტალინის რეალურ პოპულარობაზე ძალიან რთულია რამის თქმა. ქვეყანაში სადაც არ იყო კონკურენტული არჩევნები, თავისუფალი მედია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა - იმისათვის, რათა მივხვდეთ რეალურ განწყობას, ერთადერთ წყაროდ რჩება მემუარები და, ასევე უფრო მეტად რეალურ წყაროებად შეგვიძლია მივიჩნიოთ НКВД-ის მოხსენებები,ასევე დაკითხვის ოქმები ხალხში არსებული შეხედულებების შესახებ. სწორედაც ოპოზიციურად განწყობილი,უკმაყოფილო ადამიანების მიმართ აღძრული საქმეები ინახავს ყველაზე მეტ საინტერესო ინფორმაციას:
ამ წყაროებს თუ დავეყრდნობით, მითი ბელადის საყოველთაო სიყვარულის შესახებ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასეთი დოკუმენტების მთავარი გმირები, ძირითადად, უბრალო, დაბალი განათლების მქონდე ხალხია, რომლებიც მაღალ ფენებს არ განეკუთვნებიან და ისინი სტალინის შესახებ საოცრებებს ამბობენ: ერთი მხრივ, უამრავი დაკავებული ბელადს შეწყალების წერილებს სწერდა და დახმარებას სთხოვდა. ამავდროულად ჩვენებებში ბევრი იმუქრებოდა მოეკლათ, დაესახიჩრებინათ, გაეუპატიურებინათ იგი... ასეთი ჩვენებები უდავოა, რომ წამების და დამცირების შემდეგაა დაწერილი. თავად ასეთ საქმეებში „დანაშაულის ნაწილი“ ერთდროულად აბსურდულიცაა და გადამოწმებასაც არ ექვემდებარება. იყო თუ არა მსგავსი ტიპის მუქარა ხმამაღლა ნათქვამი? შეიძლება ისინი უბრალოდ მოწმეებმა გამოიგონეს? ასეა თუ ისე, ჩვენ საქმე გვაქვს საბოლოო შედეგთან - იდეების და გრძნობების ფიქსაცია, იმპულსური ან და წინასწარ განზრახული ქმედებები ასახავს სტალინის და მის მიღმა მდგომი მთელი „საბჭოთა ხელისუფლების“ მიმართ არსებული გრძნობების სპექტრს. ამ აზრების თუნდაც ფრაგმენტული კრებული არის იშვიათი საშუალება რათა შევიხედოთ მასობრივი პოლიტიკური ტერორის ეპოქის ქვეცნობიერში."
ისტორიკოს ბონდარენკოს სტატიაში ჩვენთვის საყურადღებო გახდა ერთი დეტალი, რომელიც სტატიის ავტორს არ აღუნიშნავს. 1933 წლის 8 აპრილით დათარიღებული საქმე შეეხება მოქალაქე მალინინს, რომელიც დააკავეს კრემლში შეურაცხმყოფელი შინაარსის ანონიმური წერილის გაგზავნის გამო. ის სტალინს ლანძღავდა შიმშილისა და კოლმეურნეობის სისტემის შემოღების გამო. ამავე საქმეში დევს მალინინისგან ამოღებული ბელადის ფოტო, რომელზეც სტალინს მიხატული აქვს დეტალები და მიწერილი აქვს სხვადასხვა დამამცირებელი ეპითეტი - „ბანდიტი“ (Бандит), „სულელი“ (Дурак) და „ქართველი“ (Грузин)[3]. სტატიის ავტორი ისტორიკოსისთვის ეს კონკრეტული მინაწერები კვლევის საგანი არ გამხდარა, თუმცა დოკუმენტიდან ვხედავთ, რომ ქარხნის მუშა მალინინისთვის სიტყვა „ქართველი“ სხვა შეურაცხყოფების რანგში გადიოდა.
მალინინის საგამოძიებო საქმეში დაცული ფოტო წარწერით - "ქართველი" (Грузин)
რუსეთის საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტი
სერგეი ბონდარენკოს სტატიაში აღწერილი ისტორიები და სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანების მიერ განხილული საქმეები ნათლად გვაჩვენებს იმდროინდელი რეჟიმის სახეს. რეჟიმის, რომლის სათავეშიც 1930-იან წლებში მესაჭედ იდგა ქართველი იოსებ სტალინი, ასევე გარდაცვალებამდე, 1935 წლამდე ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრი იყო სერგო ორჯონიკიძე, ხოლო კავკასიაში კიდევ ერთი ბელადის - ლავრენტი ბერიას პიროვნება იწრთობოდა და ემზადებოდა უმაღლეს ეშელენობში ადგილის დასაკავებლად. იმაზე, რომ რეჟიმი იყო უკიდურესად არასამართლიანი, თანამედროვე სამყარო თანხმდება: ერთი მხრივ, საუბრის გამო 2 და 3 წლის ვადით მოქალაქეებს უსჯიდნენ შრომა-გასწორებით ბანაკებში გადასახლებას. მეორე მხრივ, არაფრით გამორჩეული - სხვების მსგავსი დანაშაულისთვის, აშკარად მფარველობდნენ ზოგიერთ მსჯავრდებულს და მათ მოქმედებას გაუნათლებლობით ხსნიდნენ როგორც, მაგალითად, მოქალაქე სავინის შემთხვევაში[4].
"მტკიცებულებები", რომლებიც დაკავებულებს წარუდგინეს, რათა მათთვის დაემტკიცებინათ სტალინის შურაცხყოფა
1 - ლურსმნით დაკაწრული სტალინის ფოტო
2- სტალინის პორტრეტისგან გამოჭრილი ფეხსაცმლის საფენი
რუსეთის საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტი
საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ტერიტორიაზე თავი მოიყარა ასობით არაერთგვაროვანმა ერმა. ამ ერების უნიფიკაციის და ერთიანი სახელმწიფოს შიგნით ინტეგრაციის მცდელობები მისი ჩამოყალიბებიდანვე მიმდინარეობდა. 1920-იან წლებში, სტალინი ახორციელებდა ე. წ. „კორენიზაციის“ პოლიტიკას[5], რაც ნიშნავდა ლოკალური, არარუსული ეთნიკური იდენტობების მიზანმიმართულ განვითარებას. 1932-1933 წლების შემდეგ კომპარტიამ უგულებელყო ეს პოლიტიკა და მოგვიანებით მის აქტიურ მონაწილეებს რეპრესიებიც კი მოუწყო. ამის შემდეგ კორენიზაცია შეცვალა „ხალხთა შორის მეგობრობის“ პრინციპზე დამყარებულმა რუსიფიკაციის პოლიტიკამ, რაც საგანმანათლებლო პროცესზეც აისახა. ეს გულისხმობდა იმას, რომ საბჭოთა ხელისუფლება, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა საბჭოთა რესპუბლიკებში ტიტულარული ეროვნებების[6] ეთნონაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას ეთნიკური უმცირესობების შევიწროების ხარჯზე, მეორე მხრივ კი, რუსულ ნაციონალიზმსა და კულტურას განიხილავდა როგორც სხვა დანარჩენ ეროვნებებზე ზემდგომსა და უპირატესს.[7]
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, რუსეთი აღიქმებოდა აღმატებულად, ამავდროულად ბელადი პერიფერიული კავკასიიდან იყო და პოლიტბიუროშიც აქტიურად მიმდინარეობდა მისი თანამემამულეების და სხვა კავკასიელების დაწინაურება. როგორც ლავრენტი ბერიას შვილი, სერგო მემუარებში იხსნებს, მამამისმა სტალინს პირველმა მიაწოდა იდეა, რომ მოსკოვში მოკავშირე რესპუბლიკის ხალხთა კულტურული დეკადები (ათდღეული) გაემართათ, რათა მათ ეჩვენებინათ რუსული კულტურის დადებითი გავლენა სხვა ერების კულტურაზე და ეროვნული ელემენტები. სერგო ბერიას გადმოცემით, სტალინმა იდეა აიტაცა და თავისად გაასაღა.[8] მხოლოდ ამ მემუარზე დაყრდნობით შეუძლებელია დავამტკიცოთ, აღნიშნული ნამდვილად ბერიას ინიციატივა იყო თუ არა, თუმცა ფაქტია, რომ 1936 წლიდან მოსკოვში პერმანენტულად ეწყობოდა კულტურის მუშაკთა დეკადები. 1937 წელს, უკრაინელებისა და ყაზახების შემდეგ, დეკადაზე ქართველებიც წარსდგნენ. კულტურული ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იყო არა მხოლოდ ტრადიციული ქართული კულტურისა და ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ნომრები, არამედ წარმოდგენები ხელოვნების ისეთი „მაღალი“ დარგებიდან, როგორიც, მაგალითად, ბალეტი იყო.[9]
საბჭოთა კავშირის წიაღში, ზუსტად 1937 წლის დეკადის დროს წარმოიშვა და დამკვიდრდა დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მიმართ: პირველ რიგში, ისეთი ეპითეტი, რომელიც რუსულენოვან ქვეყნებში დღემდე ასოცირდება ჩვენ ქვეყანასთან - „მზიური საქართველო“ (Солнечная Грузия). გაზეთ „პრავდასა“ და სხვა მიმომხილველი მედიუმების აზრით, სწორედ კარგი ამინდი და მზე განსაზღვრავდა ქართველი ერის ხალისიან კულტურას. დეკადის დროს უშურველად იყო გამოყენებული ეპითეტები როგორებიცაა - "დიდებული ერი და კულტურა", "ათასწლოვანი ისტორია" და ა.შ.[10] თუმცა იმდროინდელი რუსი ავტორებიც კი აღნიშნავენ, რომ 1930-იანი წლების რუსული შოვინისტური ელიტები ეროვნულ კულტურებს ძირითადად ეგზოტიკად განიხილავდნენ.[11]
ქართველების მიმართ 1930-იან წლებში ჩამოყალიბებული ე.წ. „მზიური“ იმიჯისადმი შემდგომ დამოკიდებულებაზე ნათლად მოგვითხრობს ყოველდღიური საბჭოთა, ერთი შეხედვით უწყინარი ისტორიებიც: მაგალითად კანზასის უნივერსიტეტის პროფესორი, ერიკ სკოტი თავის სტატიაში „ფეხბურთის ოსტატურობა და საიდუმლო პოლიცია: ქართული ფეხბურთი მრავალეთნიკურ საბჭოთა იმპერიაში“ აღწერს 1970 წლის საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას, რომელზეც ქართველი დელეგატის, ცომაიას მიერ ქართული ფეხბურთის თავსმოხვეული ქებით ნაწყენმა ფედერაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ გრანატკინმა დაიყვირა: „იმიტომ, რომ თქვენ ზამთარი არ გაქვთ!“[12]. ამავე ავტორს ეკუთვნის მონოგრაფიული სახის ნაშრომი - „უცხო შინაურები: ქართული დიასპორის ევოლუცია საბჭოთა იმპერიაში“ (Familiar Strangers: The Georgian Diaspora and the Evolution of Soviet Empire), სადაც განიხილავს იმ გავლენას, რომელიც ქართული სუფრის ტრადიციამ მთელს საბჭოთა კავშირზე მოახდინა - როგორ გახდა სადღეგრძელო ტრადიციული შუააზიური კულტურის ნაწილიც და ა.შ.
„მზიური“ საქართველოს და მისი შვილების მიმართ ცენტრის დამოკიდებულება იდილიურად არ გაგრძელებულა მას შემდეგ, რაც 1953 წელს მოკვდა სტალინი და დახვრიტეს ბერია. დაგროვილმა ფარულმა შურმა ოფიციალურ დონეზე „ამოხეთქა“ 1956 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე, რომელზეც ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენებაში ხაზგასმული იყო არამხოლოდ სტალინის, როგორც პერსონის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, არამედ აღნიშნული ხრუშჩოვმა მის ეთნიკური წარმომავლობასთანაც დააკავშირა[13].
ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენების ნაწილები თბილისშიც გავრცელდა, რამაც გამოიწვია 1956 წლის მარტის ცნობილი მოვლენები. სტალინის სახელის დასაცავად გამართულ გამოსვლებზე კი შეინიშნებოდა ეროვნული სენტიმენტების მომძლავრებაც და შესაბამისი ლოზუნგებიც, რაც, საბოლოო ჯამში, ძალოვანმა სტრუქტურებმა სისხლში ჩაახშეს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის შესახებ მოწოდებები და პირველი დისიდენტური მოძრაობები საქართველოში სწორედ 1956 წლის მოვლენების შემდეგ გაჩნდა[14].
1956 მარტის მოვლენების ვიზუალიზაცია
XX ყრილობის საიდუმლო მოხსენება და 1955-1956 წლებში, 1937-1938 წლებში მასობრივი ტერორის მსხვერლპთა რეაბილიტაცია შეიძლება განვიხილოთ პოლიტბიუროს წევრების მიერ საკუთარი პირადი დანაშაულების „შელამაზების“ მცდელობადაც, ვინაიდან ხრუშჩოვიც, მალენკოვიც, მიქოიანიც და სხვებიც სტალინური ტერორის უშუალო მონაწილეები იყვნენ და ათასობითი ადამიანის რეპრესიებში მიუძღვოდათ წვლილი. შესაძლოა ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველაფრის სტალინსა და ბერიაზე გადაბრალება მათ ისტორიის წინაშე ამ ტვირთისგან ათავისუფლებდა.
ქართველების აღშფოთება და ბრაზი ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენების შემდეგ შეიძლება მივაწეროთ იმასაც, რომ გაცნობიერებულად, ანდაც სულაც ქვეცნობიერის დონეზე სტალინზე შეტევა მათ საქართველოზე შეტევად აღიქვეს. ასევე საყურადღებოა ხრუშჩოვის მიერ საბჭოთა რესპუბლიკების იერარქიაში საქართველოს მიზანმიმართული დაკნინება, მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდი, ჰქონდა თუ არა ქვეყანას განსაკუთრებული სტატუსი სტალინისა და ბერიას პირობებში დღემდე საკამათო თემად რჩება და ზოგი ისტორიკოსი თვლის რომ ჰქონდა, ზოგი კი პირიქით. აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ ისიც, რომ ხრუშჩოვს ერთი მხრივ ჰყავდა სანდო დასაყრდენი საქართველოში კომპარტიის პირველი მდივნის, მჟავანაძისა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) თავკაცის, ალექსი ინაურის სახით. მეორე მხრივ, ის კარგად ხვდებოდა, რომ ქართველები მას სტალინზე და საქართველოზე შეტევას არასოდეს აპატიებდნენ[15].
1956 წლის მოვლენების დასაბჭოთა რეჟიმის მხრიდან ძალის დემონსტრირების შემდეგ, დამოკიდებულება ქართველების მიმართ ნელ-ნელა დალაგდა. სხვადასხვა ზეპირი მოგონებით, ხრუშჩოვი კიდევ რამდენჯერმე დაემუქრა ქართველებს მკაცრი ზომებით და გადასახლებებითაც[16], თუმცა ამის დოკუმენტური დადასტურება არ არსებობს. ერთი მხრივ, საქართველოს ЦК-ს იმდროინდელი მდივნის, ვასილ მჟავანაძის დიპლომატიური ბუნების და ხრუშჩოვის ლიბერალური პოლიტიკის წყალობით, ქართველებმა მიიღეს საკუთარი როლი საბჭოთა თანამეგობრობაში: ეს, ძირითადად, განისაზღვრებოდა კარგი მასპინძლის, მზარეულის, მომღერლის, მოცეკვავის, თამადის ადგილებით. სხვა მოთხოვნების შემთხვევაში, იწყებოდა პრობლემები იმპერიასთან. საქართველოსა და მისი კულტურისა თუ ხალხის ეფემერული სიყვარული მხოლოდ იმ ფარგლებში რჩებოდა (და დღემდე რჩება) „სიყვარულად და პატივისცემად“, სანამ ამით რუსეთის იმპერიის „კომფორტის ზონა“ არ დაირღვეოდა და ქართველები არ გამოვიდოდნენ იმ როლიდან, რომელიც მათ იმპერიამ განუსაზღვრა.
ქართველებმა სხვადასხვა ფორმით ამ როლიდან გამოსვლას შეეცადნენ 1956, 1978, 1989 წლებში. ყველა ეს შემთხვევა ქვეყანას ძვირად, არეულობებად და სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ბოლო მოვლენებს თუ გავიხსენებთ: იქნება ეს ქართველთა მასობრივი დეპორტაცია სატვირთო თვითმფრინავით, 2008 წლის აგვისტოს ომი თუ 2019 წლის ე.წ. „გავრილოვის კრიზისი“ - ყველა მათგანი თავსმოხვეული როლიდან გამოსვლის თანამედროვე მცდელობების წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო მოქმედებებად შეიძლება განვიხილოთ.
ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავით, 2006 წელი
ფოტო: netgazeti.ge
ბუნებრივია, მხოლოდ ერთი მინაწერი, რომელზეც ვაგებთ ჩვენ ჰიპოთეზას საბჭოთა კავშირში ქართველების მიმართ ოფიციალურისგან რადიკალურად განსხვავებულ დამოკიდებულებაზე, მწირი წყაროა. თუმცა, დასაშვებია აზრი, რომ დაბალი განათლების მქონე ქარხნის მუშის, მალინინის მიერ სტალინის ფოტოზე კალმით წაწერილი „Грузин“ სხვა სალანძღავ სიტყვებთან ერთად - ეს არის რეალური განწყობა. ეს ერთი მინაწერი გვეუბნება იმაზე მეტს, ვიდრე ცენზურის მიერ ოფიციალურად კონტროლირებადი ინფორმაციის მასობრივი წყაროები. დღესდღეობით დოკუმენტების სიმწირის გამო დადგენა, ალბათ, შეუძლებელი გახდება, თუმცა უდავოა, რომ კრემლის ეშელონებში კარგად ესმოდათ მალინინისა და, ალბათ, კიდევ მრავალი ადამიანის ხმა, გულდასმით აკვირდებოდნენ საყოველთაო განწყობას. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართული კულტურის დღეები ორმა ქართველმა მაღალჩინოსანმა მოსკოვში იმისთვის მოაწყო, რომ „ქართველის“ უარყოფითი იმიჯი ცოტათი მაინც შერბილებულიყო. ჰიპოთეტურად შეგვიძლია ისიც აღვნიშნოთ, რომ რეპრესიებით, მსოფლიო ომითა და ტოტალიტარული რეჟიმით დამძიმებული მილიონობით რუსისთვის სტალინის სამშობლო - საქართველო არც თუ მთლად „მზიურ“ ასოციაციებს იწვევდა.
____
[1] თხა (Козел) რუსულ ენაში შეურაცხმყოფელი მიმართვა/ ეპითეტია.
[2] https://urokiistorii.ru/article/56072 (ბოლოს ნანახი 10.04.2020 წ.)
[3] ГАРФ, ф. 10035, дело П-1551.
[4] სავინის საქმე კიდევ ერთი იყო, რომელიც ისტორიკოს ბონდარენკოს სტატიაში იყო განხილული. სავინი სხვების მსგავსი დანაშაულის ჩადენის გამო არ ცნეს ბრალდებულად, რაც სასამართლომ მის დაბალ განათლებას და პოლიტიკურ გაუნათლებლობას მიაწერა. ამავე დროს, ანალოგიური დანაშაულებისთვის სხვა პიროვნებები 3 და 5 წლიან პატიმრობაში გაუშვეს.
[5] George Liber, ‘Korenizatsiia: Restructuring Soviet Nationality Policy in the 1920s’, Ethnic and Racial Studies, 14, 1991, 1, pp. 15-23.
[6] ტიტულარულ ეროვნებებში იგულისხმებოდა სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკაში დომინანტური ეთნიკური ჯგუფი: საქართველოში - ქართველები, სომხეთში - სომხები და ა.შ.
[7] Terry Martin, The Affirmative Action Empire: Nations and Nationalism in the Soviet Union, 1923-1939, Chapter: The Friendship of the Peoples, Cornell University Press, 2001.
[8] Серго Берия, Мой отец Берия, В коридорах сталинской власти, Москва, 2002, стр.46.
[9] სპეციალურად 1937 წლის დეკადისთვის დადგმული ქართული ბალეტი წარმოადგენდა სოციალისტური რეალიზმის ნიმუშს: პირველ მოქმედებაში კოლმეურნეების ლაღად მუშაობდნენ მინდვრებში, მეორე მოქმედებაში ბოროტი იმპერიალისტები შემოდიოდნენ და ძირგამომთხრელი საქმიანობით ცდილობდნენ შეეჩერებინათ ეს ბედნიერი ცხოვრება, მესამე მოქმედებაში იმპერიალისტებს მამაცი ბოლშევიკები აკავებდნენ და სჯიდნენ - ცხოვრება კი თავის რითმს უბრუნდებოდა.
[10] TerryMartin, TheAffirmativeActionEmpire: NationsandNationalismintheSovietUnion, 1923-1939, Chapter: TheFriendshipofthePeoples, CornellUniversityPress, 2001, pp.443.
[11] Е. Гальперина, "Формы проявления великодержавного шовинизма в литературоведении и критике", РАПП, № 5-6 (1931): стр. 47.
[12] Erik R. Scott,Soccer Artistry and the Secret Police: Georgian Football in the Multiethnic Soviet Empire. (First published in: The Whole World Was Watching: Sport in the Cold War, edited by Robert Edelman and Christopher Young, and published by Stanford University Press, 2020).
სტატიის ქართული თარგმანი: https://www.idfi.ge/archive/index.php?cat=read_topic&topic=151&lang=ka (ბოლოს ნანახი 10.04.2020 წ.)
[13] Claire P. Kaiser, “A silent kind of protest”? Deciphering Georgia’s 1956 (First published in: Georgia After Stalin, Edited by: Timothy K. Blauvelt and Jeremy Smith, Nationalism and Soviet power (BASEES/Routledge Series on Russian and East European Studies, 2015).
[14] Giorgi Kldiashvili, Nationalism after the March 1956 events and the origins of the national-independence movement in Georgia (First published in: Georgia After Stalin, Edited by: Timothy K. Blauvelt and Jeremy Smith, Nationalism and Soviet power (BASEES/Routledge Series on Russian and East European Studies, 2015).
[15] Timothy Blauvelt, Status Shift and Ethnic Mobilisation in the March 1956 Events in Georgia, Europe-Asia Studies, 2009.
[16] ვასილ მჟავანაძის ქალიშვილის, ნინას მოგონებები და ინტერნეტში გავრცელებული წყაროები.
სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.