ვეხმიანებით იოსებ გოგაშვილის საქმეს და ბრალდებულის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 12 აგვისტო 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვები იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იოსებ გოგაშვილის ადვოკატის 11 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება.

 

იოსებ გოგაშვილის ადვოკატის 11 აგვისტოს განცხადების თანახმად, გოგაშვილმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო მუქარა. კერძოდ, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდებული „გაიყვანეს სააბაზანო ოთახში და მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე, უთხრეს, რომ დარეკავდა და ეპასუხა. გოგაშვილმა უპასუხა ტელეფონს, მას ესაუბრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი. საუბარი შეეხებოდა მუქარებს, იმ შემთხვევაში, თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა ის ფაქტორები, რა შეიძლებოდა დამართნოდა მას და მის ოჯახს“.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა გამონაკლისის სახით ზღუდავს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულის გამოძიების შესაძლებლობას დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის) მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები წლებია უარყოფითად აფასებენ ამ შეზღუდვას. ამ ხარვეზის გასწორების რეკომენდაცია ასახულია OSCE/ODIHR-ის 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნაშიც.

 

2022 წლის 16 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოციალური ქსელში გავრცელებული განცხადებით საზოგადოებას აცნობა, რომ მას გააჩნდა არჩევნების გაყალბებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.  ამავე განცხადებით მან დააანონსა სატელევიზიო გამოსვლა.  განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში იოსებ გოგაშვილი დააკავეს.

 

2022 წლის 21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მომზადდა გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებს ამომრჩეველთა მოსყიდვისა და მობილიზაციის მიზნით სავარაუდოდ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების არაერთ ფაქტზე. აღნიშნული მტკიცებულებების ნაწილი არის გადამოწმებადი და მათ ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის ავტორმა ორგანიზაციებმა მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სრულად გადასცეს საქართველოს პროკურატურას.

 

საქართველოს პროკურატურას ამ დრომდე არ უცნობებია საზოგადოებისთვის,  დაიწყო თუ არა გამოძიება ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციის მიზნით სავარაუდოდ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე. მმართველი პარტიის წარმომადგენლების და მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, შესაძლო დანაშაულებრივ სქემაში სავარაუდო ჩართულობა იოსებ გოგაშვილის საქმეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. კერძოდ, როგორც ბრალდებულის უფლებების დაცვის, ისე ამომრჩეველთა ხმების დანაშაულებრივი მეთოდებით მობილიზაციის ჯეროვნად გამოძიების თვალსაზრისით.

 

გოგაშვილის საქმეზე დეპუტატებმა გაავრცელეს არაერთი პოლიტიკური განცხადება, თუმცა საქართველოს პარლამენტს ამ დრომდე არ დაუწყია გოგაშვილის საქმეზე ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება.

 

 

- მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ზედამხედველობის მექანიზმები (მათ შორის, დროებითი საგამოძიებო კომისია, ინტერპელაცია)  და გოგაშვილის საქმეს გაუწიოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი;

 

- მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიმართ განხორცილებული მუქარის შესაძლო ფაქტზე. ასევე, პროკურატურამ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რა ღონისძიებები მიმდინარეობს გოგაშვილის მიერ მხილებული, სავარაუდოდ სისტემური დანაშაულების გამოსაძიებლად.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025
განცხადებები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024