ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა საქართველოში

სიახლეები | კვლევები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა | ანალიზი 13 აგვისტო 2021

საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 2021 წლის 21 იანვარს წარადგინა. გეგმით განსაზღვრული ამოცანა იყო წლის ბოლომდე 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფები შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:


 - პირველ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალის 65% (46,520 მუშაკი), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარების 60% (1,560 მოქალაქე) და 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 60% (136,080 მოქალაქე);


 - შემდეგ ეტაპზე 65-74 წლის ასაკის მოქალაქეები (197,510).


 - მესამე ეტაპზე 65-74 წლის ასაკის მოქალაქეებისათვის ძირითადი სერვისების მიმწოდებელი ჯგუფები (108,224) და 55-64 წლის ასაკის მოქალაქეები (287,040), ასევე, 18-54 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (53,640);


 - ბოლოს, მოსახლეობის სხვა ჯგუფები (860,740 პირი).


საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის იანვარში დამტკიცებული ეროვნული ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წინასწარი შეფასებით, მთლიანად მოზრდილი მოსახლეობის 60%-ით მოსაცავად საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64,333,622 ლარი, მაქსიმალური კი – 158,190,243 ლარი უნდა ყოფილიყო. მათ შორის, ვაქცინების შესყიდვის მინიმალურ და მაქსიმალურ ღირებულებად 48,456,260 და 141,985,429 ლარი იყო. 2021 წლის აპრილში გეგმაში ცვლილებები შევიდა, თუმცა აღნიშნული კომპონენტი უცვლელი დარჩა.

 

ანალიზში მიმოხილულია ვაქცინაციის პროცესი, აცრილთა სტატისტიკა, ვაქცინაციის ხარჯები და ვაქცინაციის შესახებ ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაცია. 

 

შეფერხებული ვაქცინაციის პროცესი

 

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ვაქცინის შესყიდვა კოვაქს პლატფორმის მეშვეობით გადაწყდა. იმის დასადგენად, თუ როდის დაიწყო საქართველომ ვაქცინის შესასყიდად ოფიციალური კომუნიკაცია, IDFI-მ როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ისე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა ოფიციალური მიმოწერის ასლები, რომლებიც ვაქცინის შესყიდვას ეხებოდა. სამინისტრომ აღნიშული ინფორმაცია არ მოგვაწოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული დოკუმენტების თანახმად, ცენტრთან პირველი წერილობითი კომუნიკაცია ვაქცინების თაობაზე 2020 წლის 25 ნოემბერს განხორციელდა, ცენტრს ჯანდაცვის სამინისტროდან გაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, ლიეტუვას მიერ საჭიროზე მეტი ვაქცინის შესყიდვის შემდეგ, დარჩენილი დოზების შეუცვლელი ფასით საქართველოსთვის მიყიდვის თაობაზე. 2020 წლის 30 ნოემბერისა და 8 დეკემბრის შუალედში სამინისტროსა და ცენტრს შორის მიმოწერა მიმდინარეობდა სინოვაკის შესაძლო გამოყენების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, სამინისტროს მიმართა სინოვაკის წარმომადგენელმა, ვაქცინის მახასიათებლებისა და ქვეყანაში მისი დაშვების პერსპექტივის განხილვის მიზნით. 25 დეკემბერს ცენტრმა სამინისტროს მიმართა წერილით, კოვაქს პლატფორმასთან ურთიერთობისათვის საქართველოში შესაბამისი სამართლებრივი ბაზის დახვეწის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამავე დღეს მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა COVAX პლატფორმიდან მიღებული დოკუმენტაციის შევსების პროცესის მიმდინარეობაზე, რითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე პლატფორმასთან უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა უცნობია კონკრეტულად როდის დაიწყო აღნიშნული პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ მიმოწერის თანახმად COVAX პლატფორმამ 23 დეკემბერს გახსნა მეორე ფანჯარა ასტრაზენეკას ვაქცინისათვის. 28 დეკემბერს ამირან გამყრელიძე წერილით მიმართავს სამინისტროს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გასცემს რეკომენდაციას, რომ კოვაქსის შემოთავაზება მისაღებია და აზუსტებს პროცედურებს საქართველოს მხრიდან თანხმობისა და უარის შემთხვევაში.

 

2021 წლის 08 იანვრის წერილით, რომელიც პაატა იმნაძემ ჯანდაცვის სამინისტროს მისწერა, “მიზანშეწონილად ჩაითვალა  კოვიდ ვაქცინის შესყიდვა განხორციელდეს გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით … გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა, რომ მიმდინარე ეტაპზე არ არსებობს თანამშრომლობის გამოცდილება არსებული ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან და არ ვართ ინფორმირებული ბევრ დეტალზე, მათ შორის როგორიცაა მოწოდების პირობები (INTERCOMS)”.

 

2021 წლის იანვარში, ამირან გამყრელიძემ და ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველო კოვაქს პლატფორმის მეშვეობით ერთ-ერთი პირველი, თებერვალში მიიღებდა ფაიზერის ვაქცინებს. 14 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს უშუალოდ ფაიზერისთვის არ მიუმართავს, კოვაქს პლატფორმაზე კი ფაიზერის ვაქცინები არ იყო მობილიზებული. მას შემდეგ რაც თებერვალში ვაქცინები ქვეყანაში არ შემოვიდა, ერთ-ერთმა მედია საშუალებამ კოვაქს პლატფორმას განმარტებისათვის მიმართა. მათი პასუხის თანახმად, ფაიზერის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც დააკმაყოფილეს პლატფორმის მოთხოვნები:  „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.

 

საინტერესოა, რომ ბრიტანეთში ფაიზერის პირველი ვაქცინა 2020 წლის 8 დეკემბერს გამოიყენეს. ოქსფორდის Our World in Data პროექტის მონაცემებით, 2020 წლის 20 დეკემბერს ისრაელსა და ამერიკაში მოსახლეობის 0.09 და 0.17 პროცენტი იყო აცრილი. 2021 წლის 15 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მსგავსი შემოსავლის (GNI) მქონე რამდენიმე ქვეყანაში შემდეგი მდგომარეობა იყო:

 

 

9 აგვისტოს მონაცემებით, იმავე ქვეყნებს შორის აცრილი მოსახლეობის პროცენტული რაოდენობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია:

 

 

15 მარტიდან მაისამდე საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა პროცენტული მაჩვენებელი არ უტოლდებოდა 1%-ს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა გაიზარდა და დასაშვები გახდა 18 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, აცრილი მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ივლისის თვიდან კი ვაქცინირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაიწყო. კერძოდ, 15 ივლისს მოსახლეობის 4.4% ერთი დოზით მაინც იყო აცრილი (2 დოზით აცრილი - 2.9%), ეს მონაცემი 31 ივლისს 8.1%-მდე გაიზარდა (2 დოზით აცრილი - 4%). აღნიშული უკავშირდება ქვყანაში ფაიზერის ვაქცინის მარაგების გაზრდას.

 

აცრილთა სტატისტიკა

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2021 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში სულ ჩატარებულია 641,242 აცრა, 197,118 ადამიანი - ორჯერედადაა აცრილი. ნიუ იორკ თაიმსის მონაცემებით, საქართველოში 7 აგვისტოს მდგომარეობით, სულ 606,988 დოზის ადმინისტრირება მოხდა. სულ აცრილია მოსახელობის 11%, სრულად (ორი დოზით) კი აცრილია მოსახლეობის 4%, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 ადამიანზე 16 დოზაა ადმინისტრირებული.

 

ვაქცინირებულთა რაოდენობა წილობრივი მოცვა 

 

 

ყოველ 100 ადამიანზე ადმინისტრირებული დოზების მიხედვით საქართველო, იმავე შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის შუალედურ პოზიციას იკავებს. შედარებისათვის, ამ კატეგორიაშია სომხეთი, რომელშიც 100 ადამიანზე 5.8 დოზის ადმინისტრირება მოხდა, ბელარუსში - 25, ალბანეთში - 27, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი ყოველ 100 მოსახლეზე 45 დოზის.

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 4 აგვისტოს ჩათვლით მდგომარეობით აცრილთა რაოდენობა რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

აცრებისა და ჯავშნების 58% თბილისზე მოდის.

 

2021 წლის ივნისში ასტრაზენეკას დოზების დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც ერთჯერადად ვაქცინირებულმა პირებმა ვერ მოახერხეს მეორე დოზის შესაბამის დროს მიღება. საკითხის მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა ჯგუფმა, ასევე პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა აუდიტის სამსახურიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინების დანაკარგები 15 მარტიდან 4 აგვიტოს ჩათვლით ჯამურად 3,159 დოზას შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი, 2,551 სწორედ ასტრაზენეკას დასახელების ვაქცინაა. სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

 

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ჯამურად დანაკარგი 3,159 დოზას შეადგენს, აქედან 169 დოზა ფაიზერის ვაქცინაა. ყველაზე მეტი დანაკარგი თბილისში ფიქსირდება, შემდგომ კი იმერეთსა და აჭარაში.

 

რაც შეეხება ვაქცინირებულთა პროცენტულ გადანაწილებას, 4 აგვისტოს მონაცემებით, სრულად აცრილი იყო სრული მოსახლეობის მხოლოდ 4.8%, მინიმუმ ერთი დოზით კი 10.4%. ასაკობრივი ჯგუფების კუთხით, 18 წელს ზევით მოსახლეობის 13.5% ერთი დოზით მაინცაა აცრილი, 6.2% კი - სრულად. ეს მონაცემები ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გაწერილ სამიზნე რაოდენობასთან (>18 ასაკის მოსახლეობის 60%) მიმართებით ერთი დოზის შემთხევეაში 22.6%-ს შეადგენს, სრულად ვაქცინირებულთა შემთხვევაში კი 10.4%-ს.

 

 

ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული იყო პრიორიტეტული ჯგუფები, მათ შორის პირველ ეტაპზე, უნდა მომხდარიყო სამედიცინო პერსონალის 65% (46 520 მუშაკი) და 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 60%-ის (136 080 მოქალაქე) აცრა, მეორე ეტაპზე კი 65-74 წლის ასაკის მოქალაქეების (197 510) ვაქცინაცია.

 

8 აგვისტოს მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ აღნიშნულ პრიორიტეტულ ჯგუფებშია. კერძოდ ჯანდაცვის სექტორში, ექიმების, ექთნებისა და სექტორის სხვა პერსონალს შორის ჯამურად 17,200 პირია აცრილი, საიდანაც მხოლოდ 6,443 პირს აქვს მიღებული ორი დოზა, აქედან ექიმია 3,751, ხოლო 645 ექთანი. ერთი დოზით აცრილი სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 11,569 ადამიანია. არსებული მონაცემებით, 5 თვის განმავლობაში, 15 მარტიდან დღემდე მიზნობრივი 46,520 სამედიცინო მუშაკის მხოლოდ 36%-ია აცრილი.

 

ასევე, აცრის დაბალი მაჩვენებელი აღინიშნება სკოლის პერსონალში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კი ყველაზე მეტი აცრილი 18 წელს ზემოთ კატეგორიაშია. სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკის ვებგვერდზე არ არის გამოყოფილი 18 წელს ზემოთ კატეგორიაში შემავალი ქრონიკული დაავადებების მქონე პირების რაოდენობა, 75 წელს ზემოთ მოქალაქეებსა და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებს შორის ვაქცინირებულთა რაოდენობა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ჯგუფი, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პრიორიტეტულ ჯგუფებადაა მიჩნეული.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცრების დინამიკამ ივლისსა და აგვისტოში საგრძნობლად იმატა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია ხელმისაწვდომი ვაქცინების რაოდენობის ზრდასთან.

 

 

დასკვნა

 

IDFI-ის ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ ვაქცინაციის პროცესის შესახებ საკმარისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვის შედეგადაც რთულდება გავიგოთ, თუ რა მოლაპრაკებებს აწარმოებს საქართველო ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებისათვის, უცნობია რა თანხას ვიხდით ვაქცინებში. მიუხედავად ბოლო პერიოდის ვაქცინაციის დინამიკის ზრდისა, ნათელია, რომ ქვეყანაში შემოსული დოზების დროული და ეფექტური ადმინისტრირება ვერ მოხერხდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მიღებული 2 მილიონზე მეტი დოზიდან ამ ეტაპზე გამოყენებულია მხოლოდ 645 ათასი დოზა. ამასთან, მიზნად დასახული 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის სამიზნე რაოდენობის (60%) მოცვა 2-ჯერადი აცრით მხოლოდ 10.4%-ს შეადგენს. ამასთან, არსებული მონაცემებით, 5 თვის განმავლობაში, 15 მარტიდან დღემდე ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი 46,520 სამედიცინო მუშაკის მხოლოდ 36%-ია აცრილი.

 

 

აღნიშნულის პარალელურად ქვეყანას აქვს ვაქცინების დანაკარგიც. NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით კი, გამოკითხული მოსახლეობის 47% აცრას არ აპირებს, 56%-მა პროცენტმა კი არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პლატფორმაზე. ამის ფონზე, ვერ ვიღებთ ინფორმაციას, თუ რა სახის საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს მთავრობა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესით დაინტერესებისა და ინფორმირებისათვის, რომელი კომპანია ასრულებს ამ მოვალეობას, რა თანხები იხარჯება და რა არხებით ხდება მოსახლეობის დარწმუნება ვაქცინაციის საჭიროებაში. ცნობილია, რომ სწორედ აღნიშნული მიზნობრიობით შექმნილია ახალი ვებგვერდი provax.ge და იდენტური ფეისბუქ გვერდი, თუმცა სხვა სახის აქტივობებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვაქცინის შეძენის მიზნით წარმოებული მოლაპარაკებების ამსახველი მიმოწერის ასლების ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი საქართველოს მხრიდან კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინის შესყიდვა. 2021 წლის 8 იანვრის წერილით კი ჩანს, რომ ამ დროს მიიღეს გადაწყვეტილება შესყიდვა განხორციელებულიყო UNICEF-ის ჩართულობით, რადგან არ არსებობდა მწარმოებლებთან კომუნიკაციის საკმარისი გამოცდილება. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრომ მსგავსი შინაარსის მიმოწერის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. შესაბამისად, რთულდება დადგენა, თუ როდის დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი, დაგვიანდა თუ არა ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება და იყო თუ არა აღნიშული პრობლემა დაგვიანებული ვაქცინაციის მიზეზი.

 

IDFI-მ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ვერ მიღების შემთხვევებზე მიმართა სასამართლოს და შეეცდება ამ გზით მოიპოვოს შესაბამისი მონაცემები. IDFI მოუწოდებს სამინისტროს, გაითვალისწინოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი პანდემიასთან ბრძოლისა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და თავად უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა როგორც პროაქტიულად, ისე მოთხოვნის საფუძველზე.

 

ანალიზის სრული ვერსია იხილეთ მიბმული დოკუმენტის სახით.

/public/upload/Analysis/vaccination-GEO.pdf

 

სტატია მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპორტული ფედერაციების 2019-2020 ხარჯების ანალიზი

23.09.2021

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური საკითხები - ესეების კრებული

22.09.2021

სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამა - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები - დაიწყო

21.09.2021

არქივები და კონსპირაციის თეორები: ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაგალითი

17.09.2021
განცხადებები

IDFI ფარული მასალების გავრცელებას ეხმიანება

17.09.2021

IDFI-ის განცხადება გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

08.09.2021

ევროკავშირის დახმარებაზე უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა

31.08.2021

ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა

25.08.2021
ბლოგპოსტები

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021

სახელფასო პოლიტიკა თვითმმართველობებში და პრემიერის დაპირება

12.08.2021

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი ოზურგეთში

13.05.2021

მოსაზრებები სამუსლიმანო საქართველოს სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით

10.03.2021