სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა საქართველოში

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანალიზი 15 მარტი 2021

სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი წინაპირობაა.  გამჭვირვალე მართლმსაჯულება სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

 

წინამდებარე კვლევა ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემის პროაქტიული გამჭვირვალობის კუთხით არსებულ ძირითად ხარვეზებზე. სერიოზულ გამოწვევად რჩება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და კონსტიტუციური სტანდარტის უგულებელყოფა. პრობლემურია სასამართლოების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გამოქვეყნება. ასევე აღსანიშნავია საერთო სასამართლოების სისტემაში სტატისტიკის წარმოებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარვეზები.

 

არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების საფუძველზე, კვლევა მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ღიაობის გასაუმჯობესებლად.

 

ძირითადი მიგნებები

 

სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა

 

- მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მკაფიოდ განსაზღვრული გონივრული ვადისა, საქართველოს პარლამენტს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილება დღემდე არ მიუღია, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყანაში კანონის უზენაესობას.

 

- საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში, საერთო სასამართლოები არ ხელმძღვანელობენ კონსტიტუციური სტანდარტით და არ გასცემენ გადაწყვეტილებების სრულ ტექსტს (პერსონალურ მონაცემთა დაფარვის გარეშე), მიუხედავად იმისა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისი მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, ძალადაკარგულია 2020 წლის პირველი მაისიდან.

 

- სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემაში 2020 წლის 30 აპრილის შემდეგ, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული, რაც კანონმდებლობის დარღვევას და გამჭვირვალობის კუთხით სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

 

პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია

 

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაჩვენებელი შეადგენს 43.64%-ს, რაც ჩამორჩება არაერთი სასამართლოს საერთო მონაცემს და ცხადყოფს, რომ საბჭო სათანადოდ არ ასრულებს საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებას. 

 

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არცერთ სასამართლოს არ აქვს სრულყოფილად გამოქვეყნებული. ინფორმაციის განთავსების ყველაზე მაღალი საერთო მაჩვენებელი უზენაეს სასამართლოს (78.18%) აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი - საჩხერის რაიონულ სასამართლოს (21.92%).

 

- 17 სასამართლოს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის საერთო მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია.

 

- პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, რომელიც მხოლოდ 2 სასამართლოს აქვს გამოქვეყნებული.

 

- ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ 12 სასამართლოს.

 

- ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ვებგვერდზე განთავსებული აქვს მხოლოდ  10 სასამართლოს.

 

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში, რაც ზოგადი  ფორმულირებაა. შედეგად, სასამართლოს სტატისტიკები არ ქვეყნდება სტანდარტული პერიოდულობით, მათი გამოქვეყნების სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტული სასამართლოს შეხედულებაზე.

 

- შესწავლილი 27 სასამართლოდან საკუთარი ვებგვერდის მისამართი 4 სასამართლოს აქვს, დანარჩენი 23 კი ფუნქციონირებს court.ge-ის (საქართველოს სასამართლოების ვებგვერდი) ბაზაზე. court.ge-ს ბაზაზე შექმნილი ვებგვერდების უმრავლესობას მსგავსი ხარვეზები აღენიშნება.

 

სასამართლო სტატისტიკა

 

- საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემაში სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ერთიან სტანდარტსა და მეთოდოლოგიას, თუმცა პრაქტიკაში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას სასამართლოები ოფიციალური სტატისტიკური ანგარიშგების  ერთიანი ფორმებით ახორციელებენ.

 

- სასამართლოების ვებგვერდებზე სტატისტიკური მონაცემები ერთიანი სტანდარტით არ ქვეყნდება.

 

- საერთო სასამართლოები დავათა საშუალო ხანგრძლივობის, ასევე, სამართალწარმოების თითოეული ეტაპის საშუალო ხანგრძლივობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას არ აწარმოებენ, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს. სასამართლოები აღრიცხავენ მხოლოდ ვადის დაცვითა და დარღვევით განხილულ საქმეთა რაოდენობას.

 

- ახალ, დასრულებულ და წლის ბოლოს დარჩენილ საქმეთა რაოდენობის შესახებ, ასევე დავათა კატეგორიების მიხედვით ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სრულ შესაბამისობაშია ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) სტანდარტთან, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

 

- უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე სტატისტიკური მონაცემები ქვეყნდება დეტალურად დავათა/დანაშაულთა სახეების მიხედვით, თუმცა კატეგორიების მიხედვით არ ქვეყნდება სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით შესული საქმეების შესახებ ინფორმაცია.

 

- უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირველი ინსტანციის დავათა შესახებ სტატისტიკური მონაცემები ცალკეული ახალი ქვეკატეგორიების დამატებას საჭიროებს. 

 

- უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ქვეყნდება ჯამური სტატისტიკა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ასევე დეტალური ინფორმაცია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობების თაობაზე, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

 

- მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოები ამუშავებენ ინფორმაციას თითოეული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ტერიტორიული ადგილმდებარეობისა და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების მიხედვით, არც უზენაესი სასამართლო და არც საქალაქო სასამართლოები ამ ინფორმაციას ვებგვერდზე არ აქვეყნებენ. ასევე, არ ქვეყნდება მონაცემები გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, რომელთა კანონიერება სასამართლომ  შემდგომში ცნო/არ ცნო.

 

- უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ოჯახში ძალადობის თაობაზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები სრულყოფილი არ არის. დამცავ ორდერებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებში არ მოიპოვება ინფორმაცია რამდენმა პირმა მიმართა სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. ასევე, არ არის მითითებული, პირველი ინსტანციის მიერ გამოცემული რამდენი დამცავი ორდერი გასაჩივრდა სააპელაციო წესით, მათ შორის, რამდენი დამცავი ორდერი გაუქმდა.

 

- უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე მოძალადესა და მსხვერპლს შორის ურთიერთობა, ასაკი ან/და მსხვერპლ არასრულწლოვანთა რაოდენობა გამოქვეყნებული არ არის არც დამცავ ორდერებთან და არც სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ სტატისტიკაში.[9] ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები არ ქვეყნდება ადგილმდებარეობის მიხედვით.[10]

 

- სააპელაციო სასამართლოების ვებგვერდებზე არ ქვეყნდება სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგებისა და დავათა/დანაშაულთა სახეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

 

- კვლევის პროცესში შესწავლილი პირველი ინსტანციის სასამართლოებიდან დავათა/დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკურ მონაცემებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაცია საკმაოდ მწირია.  სასამართლოების ვებგვერდებზე სტატისტიკური ინფორმაციის ფრაგმენტულად განთავსება ადამიანური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობას უკავშირდება.

 

- სასამართლო სისტემაში არ არსებობს ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც მაქსიმალურად ავტომატიზებულად წარმართავს სასამართლო სტატისტიკის წარმოების პროცესს.   

 

- სასამართლო სტატისტიკის წარმოების არსებული პრაქტიკა სტატისტიკის სიზუსტის  თვალსაზრისით მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. მიუხედავად მონაცემების გადამოწმების გარკვეული მექანიზმებისა, არსებული პროცესის გათვალისწინებით, სიზუსტის სრული კონტროლი მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.

 

- იმ სასამართლოებს, რომლებიც შედარებით ინფორმაციული კატეგორიების სიუხვით გამოირჩევა,  მონაცემები წარმოდგენილი აქვს PDF ფორმატში, რაც ვერ პასუხობს ღია მონაცემების კარგ სტანდარტს. ცალკეული სასამართლოების შემთხევაში, შექმნილია მონაცემთა ვიზუალიზაციის ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ვერ გამოირჩევა როგორც ინფორმაციული, ასევე ანალიტიკური ფუნქციონალის სიმდიდრით.

 

დასკვნა

 

გამჭვირვალობა და ღიაობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აუცილებელია სასამართლოების მუშაობის შესაფასებლად, ასევე არსებული ტენდენციებისა და ხარვეზების გამოსავლენად.

 

წინამდებარე კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემის პროაქტიული გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. ამ კუთხით განსაკუთრებით პრობლემურია სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ერთი მხრივ, ართულებს საერთო სასამართლოებზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანზიანსაყენებსქვეყანაშიკანონისუზენაესობას.

 

პრობლემურია სასამართლოების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გამოქვეყნება. სამწუხაროდ, თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია.

 

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში სტატისტიკის წარმოებასა და გამოქვეყნებას  გარკვეული გამოწვევები ახლავს, რაც სტატისტიკის ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს წარმოშობს.

კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ღიაობის გასაუმჯობესებლად.

 

___ 

 

[1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონი, 06/03/2013, 260-IIს, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3469kcI [წვდომის თარიღი: 22.06.2020].

[2] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლი.

[3] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის N1/225 გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2YqRFe5 [წვდომის თარიღი: 23.06.2020].

[4] „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-31 პუნქტი.

[5]  ხელმისაწვდომია: http://ecd.court.ge/

 [წვდომის თარიღი: 23.06.2020].

[6] სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა იყო ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/37cMBiv [წვდომის თარიღი: 16.10.2020].

[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2NlFxF9 [წვდომის თარიღი: 23.06.2020].

[8] 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით.

[9] საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე სასამართლოების ტამბოლის კონვენციით აღებულივალდებულებების შესრულებაზე მუშაობენ, სასამართლოებში 2021 წლიდან დაინერგება პროგრამა, სადაც სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ყველა მონაცემი აისახება, ხოლო შემდგომ კი გამოქვეყნდება.

[10]საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში.

 

 

 

/public/upload/Analysis/GEO transparency_of_the_judiciary_in_georgia-min.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024