რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 13 მაისი 2019

გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში


გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის თავისუფლებისთვის და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს [1].


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისგან, რომლებიც თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი და განსხვავებული შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლას და პაექრობას გულისხმობს [2].


როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს [3], ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში [4] განმარტებულია, რომ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასთვის მისაღებია და დადებითად აღიქმება, არამედ ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება.


გამოხატვის თავისუფლების დაბალანსების საუკეთესო გზა ისევ გამოხატვაა, რადგან ნებისმიერი მოსაზრება, გამონათქვამი, რომელსაც არ ეთანხმები, არ მოგწონს ან, შენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიძლება უარყო საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და იდეებით, რომელთაც მოგწონს, იზიარებ ან სწორად მიგაჩნია [5].


დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა და შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს აზრებისა და შეხედულებების თავისუფალ მიმოცვლას.


ბოლო წლებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით [6] უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტი, ბოლო წლებში, ცალკეული საჯარო პირებისა და უწყებების ინიციატივებით გამოხატვის თავისუფლებას რამდენჯერმე დაემუქრა საფრთხე:


მოსამართლეთა კრიტიკის შეზღუდვის მცდელობა - 2015 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა სახელისუფლო თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, ინტერესთა ჯგუფებს, ასევე მედიას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას.


2017 წელს ევა გოცირიძემ, რომელიც იმ პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, განაცხადა, რომ უნდა დადგენილიყო მოსამართლეთა მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები. ამ მიმართულებით საკანონმდებლო მექანიზმის გაუმჯობესების თაობაზე მან მოგვიანებით მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგაც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ ამ საკითხზე საუბარი აღარ ყოფილა, ამგვარმა განცხადებებმა შექმნა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე.


უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს საჯარო კრიტიკა სასამართლო დამოუკიდებლობისათვის არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. ამგვარი კრიტიკა ერთგვარი მოწოდებაა მოსამართლეების მიმართ, რათა დარჩნენ თავიანთი პროფესიის ერთგული და თავიდან აიცილონ მიკერძოება და საზოგადოებრივი აზრის გავლენა საქმის განხილვის დროს [7]. ხელისუფლების სხვა შტოების მსგავსად, სასამართლო ორგანოები თავად იღებენ სარგებელს აზრის ჯანსაღი მიმოცვლის შედეგად [8].


რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაწესების მცდელობა - ბოლო პერიოდში იყო სახიფათო საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც შეეხებოდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას, რაც სრულ წინააღმდეგობაშია გამოხატვის თავისუფლების როგორც ევროპულ, ასევე კონსტიტუციურ სტანდარტთან.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე გაკეთებული განმარტების [9] თანახმად, ფასეულობებისა და იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები. შესაბამისად, ამგვარი ინიციატივები წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას, რაც საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.


განცხადებები ცილისწამების რეგულირების გამკაცრების თაობაზე


გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის გაუარესების საფრთხის წინაშე საზოგადოება 2019 წლის დასაწყისშიც დადგა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირებმა არაერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. 2019 წლის მარტში პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ცილისწამების მარეგულირებელი ნორმების გამკაცრებაზე.


საფრანგეთის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს მიღებული კანონი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ცილისწამების რეგულირების კონტექსტში მაგალითად მოიყვანა, რეალურად წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება და მას არაფერი აქვს საერთო ცილისწამების რეგულირებასთან. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს ციფრული პლატფორმების გამჭვირვალობას, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში მოსამართლეების უფლებას, სოციალური მედიის პლატფორმებს ყალბი ინფორმაციის მოხსნა დაავალონ. იმისთვის, რომ ინფორმაცია ყალბად იქნეს მიჩნეული, შემდეგი სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს:


- ყალბი ახალი ამბავი უნდა იყოს აშკარა;


- განზრახ ვრცელდებოდეს დიდი მასშტაბით;


- ქმნიდეს მშვიდობის დარღვევის ან არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის საფრთხეს [10].


შესაბამისად, საფრანგეთში ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ მიღებული კანონი ქართულ რეალობაში განსხვავებულად განიმარტა და სრულიად სხვა საკითხს - ცილისწამების რეგულირების გამკაცრებას დაუკავშირდა.


იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა უკვე უზრუნველყოფს როგორც გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირის პატივისა და ღირსების დაცვას, ცილისწამების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის. არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და რისკის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ ღირებულებებს.


ცილისწამების რეგულირება მოქმედ კანონმდებლობაში


გამოხატვის თავისუფლების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ არის აბსოლუტური უფლება. არც ერთი ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია [11]. ადამიანის სახელის, რეპუტაციის, პატივის უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კონფლიქტის არსებობისას ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს გონივრული ბალანსის დაცვა.


2004 წელს მოხდა ცილისწამების დეკრიმინალიზაცია [12], რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. იმავე წელს მიღებულ იქნა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლების სასამართლო წესით დაცვა.


დღეს მოქმედი კანონმდებლობით [13], პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში, ასევე უნდა დამტკიცდეს, რომ განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.


პირი ცილისწამების პოტენციურ მსხვერპლად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება იყოს კონკრეტული პირისთვის ზიანის მიმყენებელი და მისი სახელის გამტეხი. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული [14].


მოქმედი კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი იმგვარად არის განაწილებული, რომ უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტი. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ [15].


კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია პირველ რიგში, გაირკვეს, საქმე გვაქვს აზრის გამოხატვასთან თუ ცილისწამებასთან, ვინაიდან კანონით [16] აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანახმად [17], ფაქტისა და მოსაზრებების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისთვის. „აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა და შეფასებას, რომლის სისწორე და მცდარობა დამოუკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტების კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს. ამიტომ ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.


რაც შეეხება ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის ფორმას, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. კანონის თანახმად, დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში. თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება [18].


დასკვნა


გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მის გარეშე შეუძლებელია თითოეული ადამიანის თვითრეალიზება და საზოგადოების განვითარება.


აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას [19].


საქართველოში პერიოდულად ჩნდება ინიციატივები, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, რამაც სახიფათო ტენდენციის სახე მიიღო. განსაკუთრებით პრობლემურად გამოიკვეთა ცილისწამების რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებული განცხადებები.


ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია ცილისწამების რეგულირების გამკაცრებისკენ, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლების იმ მაღალ დემოკრატიულ სტანდარტს, რაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხელს შეუწყობს კრიტიკული და განსხვავებული აზრის ჩახშობას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხსა და ღია საზოგადოების განვითარებაზე.

 

 

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება N2/482,483,487,502 საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 25.

 

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2/2/389 საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, II, 13.

 

[3] Handyside v The United Kingdom,§ 49.

 

[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება N1/6/561,568 საქმეზე საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 40.

 

[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება N1/6/561,568 საქმეზე საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 50.

 

[6] საქართველოს კონსტიტუცია, მე-17 მუხლი.

 

[7] VieT D. Dinh (2007), Threats to Judicial Independence, Real and Imagined. The Georgetown Law Journal, 929-944.

 

[8] Michael K. Addo (1998), Are Judges Beyond Criticism under Article 10 of the European Convention on Human Rights? International and Comparative Law Quarterly, 47, pp. 425-438.

 

[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება N1/3/421,422 საქმეზე საქართველოსმოქალაქეები – გიორგიყიფიანიდაავთანდილუნგიაძესაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ, II, 7.

 

[10] https://www.gouvernement.fr/en/combating-the-manipulation-of-information?fbclid=IwAR0NY8isvsJ9ntX3Dr75GWj7xuQxd6YComqvngr6ZTofB-aKOVGXUJw258A

 

[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება N1/6/561,568 საქმეზე საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 44.

 

[12] https://matsne.gov.ge/ka/document/view/33232?publication=0

 

[13] „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი, მე-13 და მე-14 მუხლები.

 

[14] იქვე, მე-6 მუხლი.

 

[15] იქვე, მე-7 მუხლი.

 

[16] იქვე, მე-4 მუხლი.

 

[17] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1011-972-2016.

 

[18] „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი, მე-17 მუხლი.

 

[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება N1/1/468 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 26.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024