სასამართლო გადაწყვეტილებებში იურიდიული პირების დაშტრიხვის საკითხი

კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ეროვნული სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 6 ოქტომბერი 2017

ავტორი: მარიამ ორჟონია

 

2015 წლის 19 ოქტომბერს სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტმა“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს  და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელეები არიან ივანე ამირაძე და სხვები სრული სახით, მხარეთა სახელების დაშტრიხვის გარეშე.   

 

სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს გადაწყვეტილებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში

 

სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტმა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციისათვის მოთხოვნილი გადაწყვეტილების გაცემის დავალდებულება.

 

 

სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტის“ პოზიცია

 

სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტის“ პოზიციით, გადაწყვეტილების საქვეყნოობაში ანუ საჯაროობაში იგულისხმება სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობაც ისეთ პირობებში, სადაც მხარეების სახელები დაფარული არ არის.  უფრო ზუსტად, პირთათვის სასამართლო გადაწყვეტილების დაუშტრიხავი სახით მიწოდება სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯაროობისა და საქვეყნოობის მოთხოვნის განუყოფელი ნაწილია.

 

სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტის“ განმარტებით,  მოთხოვნილი გადაწყვეტილების გაუცემლობა იმ მოტივით, რომ, გადაწყვეტილების დაშტრიხული სახით გადაცემის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილებაში დასახელებული პირების იდენტიფიკაცია, გაუმართლებელია, ვინაიდან ხშირად სწორედ პროცესში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია იწვევს კონკრეტული  სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ ინტერესს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიცია

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემები გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო, როგორც საჯარო დაწესებულება, ვალდებული იყო არ გაეხმაურებინა პერსონალური მონაცემები გადაწყვეტილების მხარეების თანხმობისა ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

 

სასამართლომ აგრეთვე განმარტა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისთვის დამახასიათებელია მისი აგება ინდენტიფიკაციის კრიტერიუმზე, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემები იმთავითვე დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს მონაცემის გახმაურებას.  პერსონალური მონაცემის დაცვაში საბოლოოდ პრიორიტეტი ენიჭება არა მგრძნობიარობის, არამედ ინდენტიფიკაციის კრიტერიუმს - მონაცემი დაცვას ექვემდებარება, რამეთუ შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია.  სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების დაშტრიხული სახით გაცემის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მონაცემთა დეპერსონალიზაცია, რადგან ინფორმაციის მომთხოვნი პირისთვის თავიდანვე ცნობილი იყო გადაწყვეტილებაში მოხსენიებული პირების ვინაობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება N3/8534-15 (მოსამართლე ნათია ბუსკაძე)

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტის“ სარჩელი. სასამართლოს განმატებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მონაწილე მხარეთა თანხმობის გარეშე, გადაწყვეტილების გაცემა  გამოიწვევს პერსონალური მონაცემების არალეგიტიმურად გამჟღავნებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობით, პერსონალური მონაცემები იმთავითვე დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს მონაცემის გახმაურებას.

 

საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში

 

სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტის“ პოზიცია

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტმა დამატებით მიუთითა, რომ მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოთხოვნილი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხებოდა, არამედ იურიდიულ პირსაც, ხოლო იურიდიული პირების შესახებ მონაცემების სასამართლო გადაწყვეტილებებში დაშტრიხვა დაუშვებელია, რადგან მათზე არ ვრცელდება „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტმა“ ასევე მიუთითა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც,  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით არ არსებობს იურიდიული პირების მონაცემების დაშტრიხვის ვალდებულება.  ამ ნაწილში სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი“  დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელ პრაქტიკასაც.

 

სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია-ჟღენტის“ წარმომადგენელმა საქმის განხილვისას ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ ნორმების, Rules of Court-ის 47-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად მართალია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უშვებს გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების დაშტრიხვის შესაძლებლობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს აღნიშნულის მოთხოვნით და მიუთითებს დეტალურ მიზეზებს, რომელთა გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებაში პერსონალური მონაცემების დაშტრიხვა აუცილებელია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიცია

 

იურიდიული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მართლაც არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს სასამართლოს იურიდიული პირების შესახებ მონაცემების დაშტრიხვის ვალდებულებისაგან, რადგან ეს ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან.

 

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლმა მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც: „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“ [1]. ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი ასევე დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლს, რომლის თანახმადაც: „კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.“[2]

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2017 წლის 18 ოქტომბერს 17:50-ზე გახდება ცნობილი.

 

IDFI-ს პოზიცია სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით

 

საჯარო დაწესებულებებიდან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვის წესთან მიმართებით IDFI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N857). აღნიშნული სარჩელის ფარგლებში IDFI-მ  გაასაჩივრა საქართველოს კანონმდებლობის რიგი დებულებები, მათ შორის, საერთო სასამართლოთა გადაწყვეტილების გამოთხოვის წესიც. აღნიშნული სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო, თუმცა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. IDFI-ის კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლის საფუძველზეც საადვოკატო ბიუროს უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილი გადაწყვეტილების გადაცემაზე. შესაბამისად, გადაწყვეტილების გაცემაზე უარი ეყრდნობოდა ნორმებს, რომელთა კონსტიტუციურობაც სადაოდ არის გამხდარი საკონსტიტუციო სასამართლოში.

  

რაც შეეხება იურიდიული პირის შესახებ მონაცემების სასამართლო გადაწყვეტილებებში დაშტრიხვის საკითხს, IDFI მიიჩნევს, რომ იურიდიულ პირებთან მიმართებით მონაცემები დაშტრიხვას არ ექვემდებარება, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი წარმოადგენს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს. [3] იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევდით, რომ იურიდიულ პირებზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესი, ამან არ უნდა გამოიწვიოს სასამართლო გადაწყვეტილების საქვეყნოობისა და საჯაროობის არაპროპორციული შეზღუდვა. სასამართლო პროცესების საჯაროობა, გულისხმობს არა მხოლოდ პროცესზე ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, არამედ ასევე მოიაზრებს პირის უფლებას, სრული წვდომა ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილებებზე. რიგ შემთხვევებში სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა, მისი გაცნობა და შეფასება შესაძლოა მხოლოდ მართლმსაჯულების კონკრეტული სუბიექტის გათვალისწინებით იყოს ღირებული, რადგან დავის მონაწილე მხარეთა შესახებ  ინფორმაციას მნიშვნელოვანი როლი აქვს სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღქმაში. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ხშირად სწორედ აღნიშნული ინფორმაცია იწვევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ ლეგიტიმურ ინტერესს.

 

IDFI იზიარებს იმ პოზიციას, რომ გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაიფაროს გარკვეული პერსონალური სახის ინფორმაცია, თუმცა აუცილებელია, რომ დაპირისპირებულ ინტერესებს შორის დაცული იქნეს სამართლიანი ბალანსი და არ მოხდეს ერთი ინტერესის გადამეტებული შეზღუდვა მეორე ინტერესის ხარჯზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სპს “საადვოკატო ბიურო- კორძახია, ჟღენტისათვის“ მოთხოვნილი გადაწყვეტილების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს საკითხი არ შეუფასებია. გასათვალისწინებელია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა პერსონალურ მონაცემთა დაშტრიხვის შესახებ იმ პირთა შუამდგომლობაც, რომლებსაც ეს საქმე ეხებოდა.

  

აღნიშნული საქმის განხილვის კონტექსტში საგულისხმოა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Dennekamp v. European Parliament.[4] აღნიშნულ საქმეში განხილვის საგანს წარმოადგენდა საპენსიო სქემებთან დაკავშირებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საკითხი. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ არსებობდა პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ობიექტური საჭიროება, თუმცა მას უარი ეთქვა ამ ინფორმაციის გაცემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ, თუ მოსარჩელე წარმოადგენს საკმარის ახსნას იმ საჯარო დოკუმენტების გაცემის საჭიროების შესახებ, მაშინ  მოსარჩელეს უნდა გადაეცეს აღნიშნული ინფორმაცია. სასამართლომ მიუთითა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესი, როგორც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი, ვიწროდ არ უნდა იქნას წაკითხული და არ უნდა გამოიწვიოს სხვა ინტერესების გადამეტებული შეზღუდვა. ეს ნიშნავს, რომ ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინტერესი გადაწონის თუ არა საჯარო ინტერესს.

 

IDFI კიდევ ერთხელ მიუთითებს არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის ხარვეზებზე და მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია სასამართლო გადაწყვეტილებების ავტომატური დაშტრიხვა.  განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება კონკრეტული პირების, მათ შორის იურიდიული პირების, შესახებ დაშტრიხული გადაწყვეტილებების გამოთხოვაც, რითაც არაპოპორციულად იზღუდება სასამართლო გადაწყვეტილებებზე წვდომის საჯარო ინტერესი.

 

 

 

[1] საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი

[2] საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი

[3] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი

[4] T-115/13, Dennekamp v. European Parliament (15.7.2015) – “Dennekamp II)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024