დამოუკიდებელმა ინსპექტორმა IDFI-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 9 ივლისი 2020

2020 წლის 15 ივნისს, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციული საჩივარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე.

 

2020 წლის 4 თებერვალს IDFI-იმ განცხადებით მიმართა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს და მოითხოვა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 756-ე მუხლის საფუძველზე მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად მიღებული დასაბუთებული დასკვნები და მოსაზრებები მხარეთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაფარვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. 2020 წლის 14 თებერვლის წერილით IDFI-ის უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია და ორგანული კანონი არ ითვალისწინებს საქმის წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგად მიღებული დასაბუთებული დასკვნებისა და მოსაზრებების (შუალედური გადაწყვეტილებების) გასაჯაროებას მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშეც კი.

 

IDFI-იმ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა დამოუკიდებელ ინსპექტორს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის ბათილად ცნობა და მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა იმ საფუძვლით, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარი არღვევდა საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას. IDFI სრულად იზიარებს დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობის მნიშვნელობას, სწორედ ამიტომ ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა მოსამართლეთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამჟღავნების გარეშე.

 

IDFI-ის შეფასებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური არასწორად განმარტავდა კანონს, როცა უთითებდა, რომ შუალედური გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას კანონი არ ითვალისწინებს და ამდენად, ისინი არ უნდა გაიცეს. კანონით ზოგიერთი გადაწყვეტილების/ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების დადგენა თავისთავად არ გულისხმობს, რომ საჯარო დაწესებულებაში დაცული სხვა საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.

 

დამოუკიდებელი ინსპექტორის 2020 წლის 15 ივნისის N2 ბრძანებით IDFI-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, „სასამართლოსა და კონკრეტული მოსამართლის ინტერესების, დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობის გათვალისწინებით მხოლოდ ისეთი დასკვნების გაცემაა შესაძლებელი, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპზე არ დაარღვევს კანონის ლეგიტიმურ მიზანს დაიცვას მოსამართლეთა ინტერესები... დისციპლინური სამართალწარმოების თავისებურებებისა და საქმეთა კონფიდენციალურობის, ისევე როგორც მოსამართლეთა და ამავე დროს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნების განზოგადებული, ზოგადი ფორმულირების სახით მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე გაცემა ისე, რომ არ იქნეს დარღვეული კანონის მოთხოვნა დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობის თაობაზე“.


2020 წლის 25 ივნისის წერილით დამოუკიდებელმა ინსპექტორმა IDFI-ის მიაწოდა დასკვნები 5 საჩივართან დაკავშირებით. მოსამართლეთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამჟღავნების გარეშე ცალკეული დასკვნების გასაჯაროებამ ცხადად დაადასტურა, რომ ამ დოკუმენტების ხელმისაწვდომობა არ ეწინააღმდეგება დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობის პრინციპს და არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას.


ბოლო წლებში, IDFI მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებდა დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნების გასაჯაროების მნიშვნელობაზე. დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა სასამართლო სისტემის ავტორიტეტისა და საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობის დაცვის ინტერესს ემსახურება, თუმცა, მეორე მხრივ, შეიცავს პოტენციურ საფრთხეს, მისი არასათანადოდ გამოყენების პირობებში, გადაიქცეს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად. სწორედ ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის, როგორც დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის, საქმიანობის სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. დასკვნების ხელმისაწვდომობა აუცილებელია იმისთვის, რომ შეფასდეს ინსპექტორის დამოუკიდებლობის ხარისხი, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის ობიექტურობა და პრაქტიკის თანმიმდევრულობა.


იმის გათვალისწინებით, რომ კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით ინსპექტორის სამსახურიდან დასკვნების მიღება შეუძლებელი იყო, საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და ცალკეული დასკვნების ზოგადი ფორმულირების სახით, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე გასაჯაროება დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის სათანადო გამჭვირვალობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ინსპექტორის მიერ მომზადებული ყველა დასკვნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

__

[1] იხილეთ „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა“, ნოემბერი 2019, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3iCaJhN
„სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება“, მარტი 2019, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2ZLH0Kq
„სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა“, 2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2ZA74Ik 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024