პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკა სამინისტროებში 2014 წელს

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 10 ივნისი 2015

სრული კვლევა იხილეთ შემდეგ ბმულზეპრემიებისა და დანამტების გაცემის პრაქტიკა 2014 წელს 

 

2015 წლის 10 მარტს IDFI-იმ საქართველოს ყველა სამინისტროს მიმართა 2014 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. აღნიშნულ მოთხოვნაზე ინსტიტუტს პასუხი დღემდე არ მიუღია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ინსტიტუტის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, 2014 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია განათავსა საკუთარ ვებ-გვერდზე, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება სამინისტროს ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით.


საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების შემთხვევაში, ინფორმაცია მოწოდებული იქნა არასრულყოფილი სახით ამ საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა ყველა თანამდებობის პირზე გაცემული პრემია და სახელფასო დანამატი ჯამურად და არა კონკრეტული თანამდებობის პირის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოწოდებული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებისათვის 2014 წელს პრემიები ჩანაცვლებულია სახელფასო დანამატებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში 2014 წელს თანამდებობის პირებზე გაიცა დაახლოებით ორჯერ მეტი სახელფასო დანამატი ვიდრე პრემია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთისგან არ მიჯნავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და სახელფასო დანამატს, შესაბამისად შეუძლებელია აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შსს-ში არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ რეალური სურათის დანახვა, თუმცა, აღნიშნულ უწყებაში დასაქმებული თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები საშუალებას მოგვცემს ქვემოთ წარმოვადგინოთ, თუ რამდენად შესაბამისობაშია მათი თანამდებობრივი სარგოები რეალურად მიღებულ შემოსავლებთან.

სხვა სამინისტროებიდან სრულყოფილად მოწოდებული ინფორმაცია, ასევე ქონებრივ დეკლარაციებში და სამინისტროების ვებ-გვერდზე პროაქტიულად განთავსებული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ სამინისტროების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტად დარეგულირებულია მინისტრის შრომის ანაზღაურება. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პრემიების გაცემაზე დაწესებულ შეზღუდვებამდე საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა აგრეთვე მათი ყოველთვიური სახელფასო დანამატი 2710 ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული მინისტრის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგო 3500 ლარი, სახელფასო დანამატი 2710 ლარი და არსებული შეზღუდვების პირობებში პრემიერ მინისტრის გაწყვეტილებით მათზე გაცემული პრემიებით. მინისტრის შრომის ანაზღაურების სამივე კომპონენტი (სარგო, პრემია, დანამატი) გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული და შესაბამისად, მინისტრების ანაზღაურება მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.


ერთადერთი მინისტრს, რომლის 2014 წელს მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტისათვის ამ დრომდე უცნობია, წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის შემცველი ქონებრივი დეკლარაციის ხილვა საზოგადოებისათვის შესაძლებელი იქნება 2015 წლის ნოემბრის თვეში.


რაც შეეხება სხვა მინისტრებს, 2014 წელს შრომის ანაზღაურების სახით ყველაზე დიდი თანხა 103 184 ლარი (ხელზე 82 547 ლარი) გაცემულია საქართველოს თავდაცვის მინისტრზე. სხვა მინისტრების ანაზღაურებისგან თავდაცვის მინისტრის ანაზღაურების განსხვავება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (2 170 ლარი) გარდა თავდაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი).


2014 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 12 500 ლარი მიღებული აქვს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს მაია ფანჯიკიძეს - 10 000 ლარი. 2014 წელს 6 250 ლარის ოდენობის პრემია მიღებული აქვთ აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს. სხვა მინისტრების შემთხვევაში 2014 წლის შრომის ანაზღაურება შედგება მხოლოდ თანამდებობრივი სარგოსა და პრემიერ მინისტრის მიერ დაწესებული ყოველთვიური სახელფასო დანამატისგან.

 

მინისტრის შრომის ანაზღაურებისგან განსხვავებული მდგომარეობაა სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. სხვადასხვა სამინისტროში იგივე პოზიციაზე დასაქმებული თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გასხვავდება ერთმანეთისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ერთი და იგივე ოდენობით (პირველი მოადგილე- 2950 ლარი, მოადგილე 2720 ლარი), 2014 წელს მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის საშუალო ყოველთვიურმა შემოსავალმა შეადგინა 11 616 ლარი, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების - 4 512 ლარი.

საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2014 წელს მთელ რიგ სამინისტროებში მინისტრზე მაღალი შემოსავლები აქვთ მიღებული მათ მოადგილეებს ან სხვა თანამდებობის პირებს. მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 81 250 ლარი, მაშინ როდესაც მისი მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის შრომის ანაზღაურებამ - 99 289 ლარი, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შრომის ანაზღაურებამ - 75 000 ლარი, ხოლო მისი მოადგილის მარიამ ვალიშვილის - 102 720 ლარი, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის - 87 500 ლარი, ხოლო მისი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის - 97 775 ლარი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის 81 569 ლარი, ხოლო მისი მოადგილის დავით ხუციშვილის - 139 393 ლარი.

ქვემოთ წარმოდგენილია გრაფიკი, სადაც შედარებულია მინისტრის მოადგილეების საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება მინისტრის ანაზღაურებასთან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების საშუალო ყოველთვიური შემოსავლის მაჩვენებელი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მოადგილის, დავით ხუციშვილის 2014 წლის შრომის ანაზღაურების მიხედვით, რადგანაც სხვა მოადგილეების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტისათვის უცნობია.

 

როგორც გამოჩნდა, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის ივლისის თვეში პრემიების გაცემაზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, მინისტრის მოადგილეების შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება მათ თანამდებობრივ სარგოს. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების შემდგომ ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პრემიის დანამატით ჩანაცვლებას.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს მთავრობის N449 დადგენილებით საჯარო მოხელეებზე პრემიების გაცემის თვალსაზრისით დაწესდა მხოლოდ მინიმალური შეზღუდვები, კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა სამინისტროში სახეზე გვაქვს აღნიშნულ მოთხოვნებზე გამონაკლისების დაშვება. მაგალითად, 2014 წლის დეკემბერში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამდებობის პირზე გაიცა პრემია თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ან სამმაგი ოდენობით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მთავრობის დადგენილებით ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივ სარგოს, თუმცა გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ხელმძღვანელის მოტივირებული შუამდგომლობით ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობის საფუძველზე. სხვა სამინისტროების შემთხვევაში, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია ინსტიტუტს გააჩნია, 2014 წლის დეკემბერში მსგავსი ოდენობის პრემიების გაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა (შეგახსენებთ, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა აღნიშნული ინფორმაციის არ გაასაჯაროეს).

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ და უქმე დღეებთან (დღესასწაულებთან) დაკავშირებით წელიწადში მხოლოდ სამჯერ. მიუხედავად აღნიშნული ჩანაწერისა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 2014 წლის ივლისის თვის შემდგომაც (მთავრობის დადგენილება ძალაშია 01.07.2014-დან) თანამდებობის პირებზე ყოველთვიურად გაიცემა გარკვეული ოდენობის პრემია. ამასთან, 2014 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები აღემატება მათ თანამდებობრივ სარგოებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში თანამდებობის პირებზე არ გაცემულა სახელფასო დანამატი.

როგორც ზემოთ გამოჩნდა, საქართველოს მთავრობის მიერ პრემიების გაცემასთან დაკავშირებით დაწესებულმა შეზღუდვებმა ვერ უზრუნველყო საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების დარეგულირება და აღნიშნული რეგულაციები არ აისახა თანამდებობის პირების შემოსავლებზე.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024