OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობა შეაჩერა

სიახლეები 17 ოქტომბერი 2024

OGP-ის მმართველი კომიტეტის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული რეზოლუციის მიხედვით, 2024 წლის 6 მაისს პირველი ეტაპის რეკომენდაციების გამოქვეყნებიდან დღემდე საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით — მათ შორის, 2024 წლის 3 ივნისს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და სხვა კანონების მიღებით, რომლებიც ზღუდავენ ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო სივრცეს — OGP მიერ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების შესრულება 2024 წლის 6 ნოემბრამდე ვეღარ მოხდება, რაც საქართველოს წევრობის დროებით შეჩერებას ნიშნავს.

 

გარდა ამისა, OGP-ის მმართველი კომიტეტის დასკვნის მიხედვით საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო აქტები, რომელთა შეფასება განხორციელდა რეპუტაციული საერთაშორისო ორგანიზაციების (ვენეციის კომისია, ეუთო-ოდირი და სხვა) მიერ, ასახავს საქართველოს მთავრობის ზრახვებს, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგება სამოქალაქო სივრცის და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის პრინციპებს.

 

შესაბამისად OGP-ის საპასუხო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, OGP-ის მმართველმა კომიტეტმა გადაწყვიტა მეორე ეტაპის ქმედებებზე გადასვლა. ეს მოიცავს OGP-ში საქართველოს წევრობის დროებით შეჩერებას, იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რაც OGP-მ საქართველოს წარუდგინა. 

 

OGP-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ C&S (კრიტერიუმების და სტანდარტების) ქვეკომიტეტთან თანამშრომლობით შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს შემდეგი რეკომენდაციების შესრულებას:

 

1.  იმ საკანონმდებლო აქტების გაუქმება, რომლებიც დისკრიმინაციულია, იწვევს სტიგმატიზაციას, ან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

2. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების სივრცისა და მათი ფუნქციონირების დაცვა ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმებისგან, მათ შორის საარჩევნო პერიოდში.

 

მოთხოვნილი სამოქმედო გეგმა OGP-ის უნდა წარედგინოს 2025 წლის 31 მარტამდე, მისი განხორციელების ეტაპების მითითებით 2025 წლის 31 დეკემბრამდე, რაც საქართველოს ამჟამინდელი OGP-ის სამოქმედო გეგმის ციკლს შეესაბამება. 2026 წლის 31 მარტისთვის C&S ქვეკომიტეტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის მიერ საპასუხო პოლიტიკის ფარგლებში წამოჭრილი საკითხების მოგვარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს:

 

- თუ C&S გადაწყვეტს, რომ საკითხები სათანადოდ მოგვარდა, იგი ურჩევს მმართველ კომიტეტს, რომ საქართველოს დაუბრუნდეს აქტიური სტატუსი და საპასუხო პოლიტიკის საქმე დაიხუროს.

 

- თუ საქართველო სათანადოდ ვერ შეასრულებს მეორე ეტაპის ქმედებებს 2025 წლის 31 დეკემბრამდე, OGP-ში მისი სტატუსის შეჩერება გახდება მუდმივი და საქართველოს გარიცხავენ OGP-დან.

 

შეჩერების პერიოდის ნებისმიერ დროს, თუ C&S ქვეკომიტეტი გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობამ სათანადოდ მოაგვარა თავდაპირველად წამოჭრილი საკითხები, C&S ქვეკომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს მმართველ კომიტეტს, რომ საქართველოს დაუბრუნდეს აქტიური სტატუსი.

 

OGP პროცესის ისტორია საქართველოში

 

საქართველო OGP-ს 2011 წელს შეუერთდა და მის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. 2014 წელს საქართველო პირველად აირჩიეს OGP-ის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს — მმართველი კომიტეტის — წევრად. 2016 წელს ქვეყანა გახდა OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ხოლო 2017 წელს ჩაანაცვლა საფრანგეთი და OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 

 

2018 წელს საქართველომ უმასპინძლა OGP-ის გლობალურ სამიტს, თუმცა ამავე პერიოდში საქართველოს მთავრობამ იგნორირება გაუკეთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) რეკომენდაციებს. OGP-ის ფორუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, შესაბამისად, OGP-ის საერთაშორისო სამდივნოს მიმართეს სწრაფი საპასუხო მექანიზმის (RRM) ამოქმედების თხოვნით. ეს პროცესი მთავრობის მიერ CSO-ების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის დაპირებით დასრულდა და OGP-ის პასუხისმგებელ უწყებად იუსტიციის სამინისტროს ნაცვალ განისაზღვრა მთავრობის ადმინისტრაცია.

 

საქართველომ სამოქმედო გეგმა არც 2021 და არც 2022 წელს წარადგინა, რითაც დაარღვია ღია მმართველობის დეკლარაციით გათვალისწინებული ვადები, რის გამოც უმოქმედოს სტატუსის (inactive status) მინიჭების რისკის ქვეშ იდგა. საქართველო მთავრობამ 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა საბოლოოდ 2023 წლის 29 დეკემბერს წარადგინა.

 

ამის პარალელურად, 2023 წლის წლის აპრილში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრმა ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს OGP-ს მმართველ კომიტეტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან OGP-ს პრინციპების უგულებელყოფის ფაქტების აღწერით, რითაც ინიციირება გაუკეთეს სწრაფი საპასუხო მექანიზმის (RRM) მორიგ შემთხვევას. 

 

2024 წლის აპრილიდან ე.წ. “რუსული კანონი” გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, C&S ქვეკომიტეტმა 2024 წლის 6 მაისს გასცა პირველი ეტაპის რეკომენდაციები. სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიის წარმომადგენლების დისკრედიტაციის, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების შეწყვეტა, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, ისევე როგორც სხვა მოწყვლადი ჯგუფების თავისუფლად საქმიანობის შემზღუდველი კანონმდებლობის გაუქმება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის პარტნიორობის აღდგენა, ეს იყო ის რეკომენდაციები, რომელიც OGP-მ საქართველოს წევრობის გაგრძელების წინაპირობად აქცია. 

 

მიუხედავად ამისა, პირველი ეტაპის რეკომენდაციების გაცემის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებდა გაცემული რეკომენდაციების დასახულ ვადამდე - 2024 წლის 6 ნოემბრამდე - შესრულებას. შედეგად, OGP-ის მმართველმა კომიტეტმა გადაწყვიტა საქართველოსთვის წევრობის დროებით შეჩერება. 

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიტუაცია OGP-ში იყო აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, რომლის წევრობაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ზეწოლის ფონზე დროებით შეჩერდა 2016 წელს, რასაც საბოლოო ჯამში მოყვა აზერბაიჯანის OGP-დან გარიცხვა 2023 წელს. თუ საქართველო მეორე ეტაპის ქმედებებს არ შეასრულებს 2025 წლის 31 დეკემბრამდე, მას იგივე ბედი ელის. მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს პროცესი თითქმის 7 წელი მიმდინარეობდა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული პროცესის ინტენსიურად განვითარება, მიუთითებს ქვეყნის მიმართ ჩამოყალიბებული სიტუაციის სიმძიმეზე.



სხვა ქვეყნები, რომლებსაც OGP-ში წევრობა შეუჩერდათ:


1. თურქეთი - წევრობა შეუჩერდა 2016 წლის 4 მაისს.  

მიზეზი: უმოქმედობა. თურქეთს 2014 წლიდან არ ჰქონდა შემუშავებული სამოქმედო გეგმა. 

 

2. უნგრეთი - წევრობა შეუჩერდა 2016 წლის 6 დეკემბერს. უნგრეთის მთავრობამ ნებაყოფლობით დატოვა OGP.

მიზეზი: საკითხი წამოიჭრა 2015 წლის ივლისში, როდესაც OGP-ს წერილით მიმართა სამოქალაქო საზოგადოების ოთხმა ორგანიზაციამ, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება უნგრეთში სამოქალაქო საზოგადოების მიმართებით სიტუაციის გაუარესების შესახებ. OGP-ს კრიტერიუმების და სტანდარტების ქვეკომიტეტმა შემდგომში გამოიკვლია სიტუაცია და დაასკვნა, რომ უნგრეთში აღინიშნებოდა უარყოფითი ტენდენციები სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში, გამჭვირვალობის ხარისხის გაუარესება, და ზეწოლა ჟურნალისტურ თავისუფლებაზე. 

 

OGP-მ გასცა რეკომენდაციები სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით და უნგრეთის მთავრობა მიიწვია 4-ე გლობალურ სამიტზე საკითხის დისკუსიაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა შეეჩერებინა თანამშრომლობა OGP-სთან 2016 წლის დეკემბერში. 

 

3. ტანზანია -  წევრობა შეუჩერდა 2017 წლის 1 ივლისს. ტანზანიის მთავრობამ ნებაყოფლობით დატოვა OGP.

მიზეზი: პრეზიდენტი კიკვეტე, რომელიც ტანზანიას 2015 წლამდე ედგა სათავეში, OGP-ს აქტიური მომხრე იყო. წინამორბედისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა მაგუფულიმ სხვა პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. ტანზანიის მესამე სამოქმედო გეგმა აღარ დამტკიცებულა, ხოლო ქვეყნის შიგნით ტრადიციულ და სოციალურ მედიაზე კონტროლის გამკაცრება, მედიაზე ზეწოლა, ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა და სხვა ქმედებები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა OGP-ს პრინციპებს. საბოლოო ჯამში მთავრობამ თავისი ნებით დატოვა OGP. 


4. ტრინიდადი და ტობაგო - წევრობა შეჩერდა 2019 წლის 6 დეკემბერს.

მიზეზი: უმოქმედობა. ქვეყანას 2016 წლის შემდეგ არ ჰქონია შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რის შედეგადაც 2018 წელს მიიღო inactive სტატუსი. რადგან ტრინიდადმა და ტობაგომ შემდგომში არ გამოასწორა სიტუაცია, მას შეუჩერდა წევრობა. 

 

5. პაკისტანი - წევრობა შეუჩერდა 2022 წლის 7 მარტს.

მიზეზი: უმოქმედობა. ქვეყანას 2016 წლის შემდეგ არ ჰქონია შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რის შედეგადაც 2020 წელს მიიღო inactive სტატუსი. მოუხედავად იმისა, რომ ქვეყანას კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დამატებით ერთი წელი ჰქონდა სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, პაკისტანმა შემდგომში არ გამოასწორა სიტუაცია, და მას შეუჩერდა წევრობა. 

 

6. სალვადორი - წევრობა შეჩერდა 2023 წლის 24 მარტს.

მიზეზი: უმოქმედობა. ქვეყანამ არ წარადგინა სამოქმედო გეგმა 2021 და 2022 წლებში და არ გამოუჩენია საკმარისი პროგრესი წინა სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებაში. შესაბამისად, მას 2022 წელს მიენიჭა “უმოქმედო” სტატუსი და 2023 წელს შეუჩერდა წევრობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024