მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე მედიის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს. კოალიცია კატეგორიულად გმობს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ ძალადობრივ ქმედებებსა და დაშინების ფაქტებს.
1 თებერვალს „ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას" მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან" დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პაპუაშვილმა ფეისბუქ პოსტში დაწერა, რომ „პუბლიკა" ამ ინფორმაციის გავრცელებით „სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს" და „რეკლამირებას უწევს". მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩო „პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე“, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს „პუბლიკას". მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მორიგი მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას.
2 თებერვლის მშვიდობიანი აქციის დროს პოლიციის წარმომადგენლებმა არაერთი მონაწილე უკანონოდ დააკავეს და მათზე ფიზიკურად იძალადეს. მათ შორის უკანონოდ ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს:
1. პოლიციამ მედია "აპრილის" თანამშრომლებს, ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელი შეუშალა;
2. რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტს ხელი შეუშალეს საქმიანობაში და დაემუქრნენ;
3. პოლიციამ მთავარი არხის ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უკანონოდ ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
4. უკანონო დაკავების გაშუქებისას ფიზიკურად დაშავდა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია, რომელიც საავამდმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ;
5. საპროტესტო აქციაზე პოლიციამ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელების სამიზნე სამაუწყებლო აპარატურის დაზიანება იყო და მცდელობა ჰქონდათ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დასხმოდნენ და აპარატურა გაეტეხათ, იუწყება ტელეკომპანია.
6. გდდ-ის უფროსის მოადგილემ, სანქცირებულმა მირზა კეზევაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და დაუზიანა. ”ტვ პირველის” ინფორმაციით ასევე მცდელობა იყო მიკროფონი წაერთვათ "ფორმულას" ჟურნალისტისთვის.
7. „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, რა დროსაც, მისი განცხადებით, ხელი ჰკრეს.
8. “გურია ნიუსის“ განცხადებით ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე მათ კამერას ხელს ურტყამდა;
ეს ფაქტები წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე პირდაპირ თავდასხმას და დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აღნიშნული დანაშაულები პირველი შემთხვევები არ არის და უკვე წლებია "ქართული ოცნების" რეჟიმი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე არც ერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში და უკანონო პატიმრობაში რჩება "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს. დაუშვებელია სახელმწიფოში მედიის წარმომადგენლების დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება.
ფოტო გარეკანზე: მარიამ ნიკურაძე, OC Media