რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების გავლენა საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 19 მაისი 2015

2015 წლის 8 მაისს IDFI-იმ წარმოადგინა კვლევა “რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში”,სადაც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში დაფუძნებული იმ კომპანიების შესახებ, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ბიზნესში რუსული კაპიტალის წილი მაღალია და მომავალში აღნიშნული გარემოება შეიძლება გახდეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი; განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსული კაპიტალი დაბანდებულია ისეთ ეკონომიკურ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნავთობპროდუქტები და კომუნიკაცია.

ამჯერად გვსურს წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება გახდეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შემაფერხებელი ფაქტორი. საუბარია, საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე. ფულადი გზავნილებში იგულისხმება თანხები, რომლებსაც მიგრანტები სამშობლოში მცხოვრებ ოჯახის წევრებს თუ სხვა ახლობლებს უგზავნიან.

საქართველოს ეკონომიკისთვის საზღვარგარეთიდან თანხების გადმორიცხვის მნიშვნელობას გვიჩვენებს ის გარემოება, რომ სასაქონლო ექსპორტის შემდეგ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროს ქართველი იმიგრანტების მიერ ფულადი გზავნილები წარმოადგენს. მაგალითად თუ 2009 წლიდან მოყოლებული შევადარებთ საქართველოში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას საზღვარგარეთიდან განხორციელებული ფულად გზავნილებს, ვნახავთ რომ ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად აღემატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას.

ამავდროულად, ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შესახებ ოფიციალური მონაცემები, თუმცა რეალურად არარეგისტრირებული ფულადი გზავნილების მოცულობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს. აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს არსებული კვლევები, რომლის მიხედვითაც დადგენილია რომ მსოფლიოში რეგისტრირებულ გზავნილებს დაახლოებით 2,5-ჯერ აღემატება არარეგისტრირებული ფულადი გზავნილების რაოდენობა. საქართველოს შემთხვევაში, EBRD-ის 2007 წლის გამოკითხვის მიხედვით, ფულადი გზავნილების ერთი მესამედი საქართველოში არაოფიციალური არხებით შემოდის.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაშია წარმოდგენილი, საქართველოში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი სწორედ რუსეთის ფედერაციაზე მოდის და შესაბამისად, აღნიშნული კუთხითაც რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე ყველაზე მაღალია (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოწოდებული არაოფიციალური მონაცემების მიხედვით ქართული დიასპორა რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 800 000 პირია, რაც რაოდენობრივად დაახლოებით იმდენივეა რაც დანარჩენ ქვეყნებში ერთად აღებული).

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 2014 წელს შეადგინა 709,2 მლ. დოლარი, რაც საერთო ფულადი გზავნილების დაახლოებით 49%-ს შეადგენს.

ზოგადად, უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა სტაბილურობით ხასიათდება. მაგრამ, როგორც საქართველოს შესახებ არსებული მონაცემები გვიჩვენებს, ეკონომიკურ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლია მოახდინოს გადმორიცხვების მოცულობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა მოდის რუსეთის ფედერაციაზე, აღნიშნულ ქვეყანაში ეკონომიკური არასტაბილურობა პირდაპირ აისახა საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობაზე. ასე მაგალითად, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში გადმორიცხვების მოცულობა დაახლოებით განახევრდა. აღნიშნული გარემოება შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა 2009 წლის პირველ კვარტალშიც, რაც სავარაუდოდ უკავშირდება მსოფლიო საფინანსო კრიზისს.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ აისახება როგორც მათ მიერ გადმორიცხული თანხების ოდენობაში, აგრეთვე მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოდან მათთვის გადარიცხული თანხების ოდენობას. 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა შეადგინა დაახლოებით 19 მილიონი აშშ დოლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

 

 

კვლევები ადასტურებენ, რომ ფულადი გადმორიცხვები დადებით ეფექტს ახდენს შიდა მეურნეობების შემოსავალზე და შესაბამისად მოხმარების ზრდაზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, აგრეთვე, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე.

ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2014 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციიდან დაწყებულმა გადმორიცხვების მოცულობის შემცირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ვინაიდან რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გადმორიცხვები წარმოადგენს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ ძირითად წყაროს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2014 წლის დეკემბრიდან დაწყებული ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს სწორედ რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვის შემცირება შეიძლება წარმოადგენდეს. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადმორიცხვების შემცირების პარალელურად 2015 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა გადარიცხული თანხების ოდენობა, რაც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს სავალუტო სტაბილურობაზე.

ამისათვის გვსურს წარმოგიდგინოთ გრაფიკი, რომელიც გამოსახავს წმინდა (ჩარიცხული და გადარიცხული თანხების სხვაობა) ფულადი გზავნილებისა და აშშ-ს დოლართან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

ზემოთ მოყვანილი მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციაში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე გადმორიცხვების შემცირება შეიძლება იყოს საქართველოში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დევალვაციის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც თავის მხრივ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობაზე.


რეკომენდაციები:

  •  ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია საქართველოში უცხოური ვალუტის ალტერნატიული არხებიდან შემოდინების განვითარების ხელშეწყობა, რაც საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირებას შეუწყობს ხელს.

  •  უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ერთი მხრივ გაზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის ალტერნატიული წყაროებიდან შემოდინებას და მეორე მხრივ შეამცირებს საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკურ სტაბილურობაზე დამოკიდებულებას.

  •  ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება საქართველოს მთავრობის მიერ მუშაობის გააქტიურება, რომ ერთი მხრივ მოხდეს მეტი ინვესტიციის მოზიდვა ევროპის, ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონიდან და მეორე მხრივ გაიზარდოს ექსპორტის მაჩვენებლები ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში. 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024