კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს პოლიტიკოსებს სიფრთხილით მოეკიდონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეების შეფასებას

სიახლეები | განცხადებები 9 დეკემბერი 2015

კოალიცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას. აღნიშნული განცხადებები გაჯერებულია ზედაპირული პოლიტიკური შეფასებებით, რასაც საერთო არ აქვს სასამართლო აქტების დასაბუთებულ სამართლებრივ კრიტიკასთან. ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლოა მსგავსი განცხადებები სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობასაც წარმოადგენდეს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა სასამართლოში ამჟამად მიმდინარე და განხილვის მოლოდინში მყოფი საქმეების მიმართ.

 

უფრო კონკრეტულად, სინამდვილეს არ შეესაბამება მანანა კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და კანონი კრძალავს ნორმის შეჩერებას ერთი სუბიექტის მიმართ. ტელეკომპანია ,,საქართველოს“ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა არა მთლიანად გასაჩივრებული ნორმა, არამედ მხოლოდ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ყველა მედიაში (და არა მხოლოდ რუსთავი-2-ში) დროებითი მმართველისათვის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას. საკონსტიტუციო სასამართლო კანონის ნორმატიულ შინაარსს, და არა მთლიანად კანონს, არაკონსტიტუციურად სცნობს 2009 წლის 10 ნოემბრიდან. რუსთავი-2-ის გარდა ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსი, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, მაგალითად, ორგანოთა ტრანსპლანტაციის საქმეშიც. ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ ნორმის ნორმატიული შინაარსით შეჩერება საგანგებოდ რუსთავი-2-ისათვის გამოგონილი სამართლებრივი მექანიზმია.

 

კოალიციას ასევე მიაჩნია, რომ მეტ განმარტებას საჭიროებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, სადაც ნათქვამია ის, რომ სამინისტრო გეგმავს ნაბიჯების გადადგმას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით. თუმცა, მინისტრმა არ დააკონკრეტა სასამართლოსთან დაკავშირებული რა სფეროების რეფორმირებაზე მუშაობს ან ფიქრობს სამინისტრო. ცხადია, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, რეფორმების განხორციელების იდეა და საჭიროება კრიტიკის საგანს ან მოულოდნელობას არ წარმოადგენს. თუმცა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი, არსებული კონტექსტი და ის ორაზროვნება თუ გაუგებრობა, რაც მინისტრის განცხადებამ დატოვა საზოგადოებაში, ქმნის განცდას, რომ ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შინაარსით გამოწვეული უკმაყოფილებით განპირობებული ქმედება და ერთგვარი რეაქცია მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან.

 

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რას გულისხმობს სამინისტრო საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირებაში. კოალიციას სურს განმარტოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნის, მათი უფლებამოსილების ვადის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების საკითხი წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით. საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმირება შეუძლებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გარეშე. ამასთან ერთად, კოალიციას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების ან რაიმე ტიპის ცვლილების მიზეზი არ უნდა გახდეს ის გარემოება, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უკმაყოფილოა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით და მისი მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების შინაარსით.

 

რაც შეეხება უშუალოდ რეფორმის საჭიროებას, მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელი/მიმდინარე რეფორმები, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება უძღვება სათანადოდ უნდა იყოს განხილული მოსამართლეებთან და გათვალისწინებული იყოს მათი პოზიცია რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. კოალიციას ასევე საჭიროდ მიაჩნია მთავრობის გრძელვადიანი ხედვა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების სისტემაში გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით ნათლად გაიწეროს პოლიტიკის დოკუმენტებში, ძირითად სტარტეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, მათ შორის, ეს უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ტექსტში.

 

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით არსებითად მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებისგან. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები სიფრთხილით მოეკიდონ სასამართლოებში განხილვაში მყოფი საქმეების შეფასებას და არ გაავრცელონ იმგვარი განცხადებები, რაც აღქმული იქნება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად და მოსამართლეებზე ზეწოლად.

 

კოალიციის წევრები:

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი


მრავალეროვანი საქართველო


საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია


სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი


საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის


ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი


ლიბერალი


კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება


კავშირი ”21-ე საუკუნე”


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


ადამიანის უფლებათა ცენტრი


საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო


დემოკრატ მესხთა კავშირი


თავისუფლების ინსტიტუტი


საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია


სამოქალაქო განვითარების სააგენტო


საქართველოს გაეროს ასოციაცია


ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია


სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი


ფონდი ღია საზოგადოება საქართველო


დემოკრატიის ინსტიტუტი


ამერიკის სავაჭრო პალატა


ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი


ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი


თბილისის მედია კლუბი


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი


იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი


სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი


საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია


საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია


საქართველოს ევროპული არჩევანი


ლიბერალური აკადემია თბილისი


პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის


ადამიანის უფლებათა ქსელი

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მედიააკადემიის“ წინააღმდეგ IDFI-ის სარჩელი დააკმაყოფილა

26.02.2021

სტატისტიკური მონაცემები 2018-2020 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლეთა შესახებ

24.02.2021

ხელოვნური ინტელექტი: არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები

22.02.2021

ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება საქართველოში - კანონმდებლობა და პრაქტიკა

19.02.2021
განცხადებები

მედიაკოალიცია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება

25.02.2021

საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ

23.02.2021

IDFI საქართველოს პარლამენტთან აქციების მონაწილეთა დაკავებას ეხმიანება

21.02.2021

ერთობლივი განცხადება ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

17.02.2021
ბლოგპოსტები

გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ: მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონმდებლობის დარღვევამ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა გამოიწვია

10.02.2021

რატომ არ არის სახელმწიფო ავტოპარკში ელექტროავტომობილები?

08.02.2021

ღია მმართველობის პარტნიორობის გაზრდილი მნიშვნელობა - პერსპექტივა დაკვირვების საფუძველზე (OGP 2030)

26.11.2020

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო - მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება

06.11.2020