გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 6 მაისი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას დახუროს 12-წლიანი ისტორიის მქონე გადაცემა „რეალური სივრცე", უკანონოდ გაათავისუფლოს მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, გააფრთხილოს ჟურნალისტები და შექმნას არასათანადო სამუშაო გარემო. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მიზანმიმართულ რეპრესიულ ქმედებას იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას, ამხელდნენ მასში არსებულ პოლიტიკურ გავლენებს და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ პროპაგანდას. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცე“ წლების განმავლობაში გამორჩეულ მედია პროდუქტს ქმნიდა, რომელიც ქვეყანაში არსებულ აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოებას შესაბამისს ინფორმაციასა და ანალიზს სთავაზობდა. გადაცემის დახურვის გადაწყვეტილების შემდეგ, “რეალური სივრცის” დარჩენილმა გუნდმა ტელევიზიის მენეჯმენტის შეთავაზებაზე მუშაობა რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, თუ პრომოუშენის დეპარტამენტსა და მუსიკალურ გადაცემაზე გაეგრძელებინა, უარი თქვა. „მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით. ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას”,  ნათქვამია თანამშრომლების განცხადებაში. 

 

მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ და მათმა მომხრე საბჭოს წევრმა, მედიაში შექმნა ისეთი პირობები, რომლებიც გადაცემის გუნდს არ აძლევს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. გუნდისთვის შეთავაზებული სამუშაო პირობები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას გუნდის დასანაწევრებლად და პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობის წასართმევად. სამწუხაროდ, მაუწყებლის ხელმძღვანელობა არა მხოლოდ იყენებს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების მეთოდს, არამედ ასევე მიმართავს დისციპლინურ სანქციებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების წინააღმდეგ.

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია აღნიშნავს, რომ თინათინ ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით მაუწყებელი სისტემატურად ახორციელებს დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების დევნას, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და „რეალური სივრცის" გუნდის სხვა წევრების მიმართ. ეს ქმედებები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც საზოგადოება აქტიურად ითხოვს მაუწყებლისგან თავისი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას და ხალხის ხმის გაჟღერებას, ხოლო ზემოხსენებული ჟურნალისტები ღიად ითხოვდნენ ეთერების გახსნას და მოქალაქეების სათანადო ინფორმირებას.

 

მაუწყებლის ხელმძღვანელობის ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის მანდატს და საერთაშორისო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა მოხსენიებულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი საქმიანობა შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისგან და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. მათ მიერ გამოჩენილი პროფესიული სიმამაცე და ერთგულება ჟურნალისტური სტანდარტებისადმი არის მაგალითი მთელი ქართული მედიისთვის.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ხალხის საკუთრება და არა ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული რუპორი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა მაუწყებელმა შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება და ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024