თბილისის საქალაქო სასამართლომ „მედიააკადემიის“ წინააღმდეგ IDFI-ის სარჩელი დააკმაყოფილა

სიახლეები | სასამართლო პრაქტიკა | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 26 თებერვალი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ა(ა)იპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” სასარჩელო მოთხოვნა ა(ა)იპ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ დავაში და მოპასუხე მხარეს საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

 

მედიააკადემია”, რომელიც კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირია,  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომ - “კომისია”) დააფუძნა საკუთარი ფუნქციის - მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონების საფუძველზე.

 

გამომდინარე იქიდან, რომ “მედიააკადემია” დაფუძნდა კანონის საფუძველზე, კომისიის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად და ის ფინანსდება ადმინისტრაციული ორგანოს (კომისიის) ბიუჯეტიდან, IDFI მიიჩნევს, რომ მასზე უნდა გავრცელდეს კანონით დადგენილი გამჭვირვალობის სტანდარტები და ის მოთხოვნები, რასაც კანონი საჯარო დაწესებულებების მიმართ ადგენს.

 

2020 წლის 24 იანვარს IDFI-მ “მედიააკადემიიდან” სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, მათ შორის, „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები დანახარჯების მითითებით, მათი ბიუჯეტი და სხვა. თუმცა, “მედიააკადემიამ” უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ ის არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციონალური გაგებით და მასზე არ ვრცელდება სზაკ-ის მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ინფორმაციის გაცემაზე უარი IDFI-მ დადგენილ ვადაში, 2020 წლის 28 თებერვალს, გაასაჩივრა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რამდენადაც ის წარმოადგენს ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ და ზედამხედველ ორგანოს, რომლის წინაშეც “მედიააკადემია” არის ანგარიშვალდებული. “მედიააკადემიის” წესდების თანახმად, კომისია განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს სტრატეგიული განვითარების გეგმას, ამტკიცებს მის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას. კომისიის თავმჯდომარეს კი აქვს “მედიააკადემიის” აღმასრულებელი დირექტორის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად განხილვაზე იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

2020 წლის 7 აპრილს IDFI-მ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა 2020 წლის 24 იანვრის წერილით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, გამომდინარე იქედან, რომ ის არის ადმინისტრაციული ორგანო ფუნქციონალური გაგებით..

 

2021 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დააკმაყოფილა IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე მხარეს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის მოსარჩელისათვის მიწოდება.

 

სასამართლო დავის აღნიშნული გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია პრაქტიკის პოზიტიურად განვითარების თვალსაზრისით, რადგან ეს გახლავთ მკაფიო გზავნილი   საჯარო დაწესებულებების მიმართ, რომ საკუთარ უფლებამოსილებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით ისინი ვერ აირიდებენ  საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024