საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 4 სექტემბერი 2018

2018 წლის ივნისში, IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებით. გამოვლენილ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო გაუმჭვირვალე შესყიდვები და თანხების არაეფექტიანი განკარგვის რისკი, რაც იმით არის განპირობებული, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ ვრცელდება სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხის ათვისებაზე – არაა სავალდებულო ტენდერის გამოცხადება და კონტრაქტის გამოქვეყნება.


კვლევის ფარგლებში დავაკვირდით ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელმაც მიიღო თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არაფორსმაჟორული ხარჯის გასაწევად. ჩვენი ყურადღება მიიქცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა შესყიდვამ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვა 

 

2017 წელს, საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო 737,000 ლარი (განკარგულება N1616, 03.08.17) სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით არსებობის ვადით ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის.


ამ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი არ გამოაცხადა – ასეთი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. მეტიც, შესყიდვის შესახებ ინფორმაცია და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე საერთოდ არ არის გამოქვეყნებული, მათ შორის არც პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულებების ბაზაში (იხ. სურათი # 1).

 

სურათი # 1 – 2017 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პირდაპირი შესყიდვები, რომლებიც აღემატება 200,000 ლარს

 

 

ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ხელშეკრულება ვერ მოვიძიეთ, ინფორმაცია გამოვითხოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სამინისტრომ მოგვაწოდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელებული შესყიდვის ხელშეკრულების ასლი.
მოწოდებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 4 აგვისტოს (სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფიდან 1 დღის შემდეგ).


ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ (ს/კ: 405221843). ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია შეასრულოს „საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის [ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობა] ადაპტაცია-ცვლილებისა და ახალი შენობის პროექტირების სამუშაო“. გაწეული სამუშაოსთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპანიას გადაუხდიდა 721,954 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) (იხ. სურათი # 2). ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო მოიცავდა 4 ეტაპს და უნდა დასრულებულიყო 10 ოქტომბერს.

 

სურათი # 2 - საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კომპანია „ლენდ მარკ პროჯექტს“ შორის დადებული ხელშეკრულება 

 

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა ორჯერ შეიცვალა: 1) 2017 წლის 10 ოქტომბრის დანართით, სამუშაოს შესრულების ვადამ გადაიწია 20 ოქტომბრამდე; 2) 2017 წლის 1 ნოემბრის დანართით – 2018 წლის 10 მარტამდე.


ხელშეკრულების შესრულების პროცესი


მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შპს „ლენდ მარკ პროჯექტმა“ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო შეასრულა სამ ეტაპად, რაშიც ჯამში ანაზღაურების სახით მიიღო 718,354 ლარი. დარჩენილ თანხას (3600 ლარს) კომპანია მიიღებს მას შემდეგ რაც შეასრულებს მეოთხე ეტაპით ნაკისრ ვალდებულებას - სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა.


ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებით ირკვევა, რომ პირველი და მეორე ეტაპებისას განხორციელებულ სამუშაოებში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ხარვეზები გამოავლინა, რისი გამოსწორებაც დამკვეთმა დაავალდებულა შპს „ლენდ მარკ პროჯექტი“ 2017 წლის 1 ნოემბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებით (იხ. სურათი # 3).

 

სურათი # 3 – ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები

 

 საბოლოოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესამე ეტაპით გათვალიწინებული სამუშაო ჩაიბარა 2018 წლის 1 ივნისს, პირველად გრაფიკთან შედარებით 8 თვის დაგვიანებით.

 

დაირღვა თუ არა სახელმწიფო შესყიდვების კანონი?


სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-3¹(ე) მუხლის თანახმად - „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე“ სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ ვრცელდება. რადგან თანხა გამოყოფილი იყო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყო ვალდებული ელექტრონული ტენდერი/კონკურსი გამოეცხადებინა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ დაურღვევია, თუმცა სახელმწიფო უწყებებს ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული კონკურენტული პროცედურები. მსგავსი პრაქტიკა არსებობს, მათ შორის თავად საგარეო საქმეთა სამინისტროში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ დარღვეულა, აღნიშნული შესყიდვა შეიცავს რამდენიმე საეჭვო გარემოებას.

 

საეჭვო გარემოებები


კომპანია „ლენდ მარკ პროჯექტთან“ დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვებში რისკების მანიშნებელ რამდენიმე გარემოებას, ე.წ. „წითელ დროშას“, შეიცავს. ესენია:


1. შესყიდვაში არ არსებობს კონკურენცია — [+]

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმა შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი არ ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ბაზაში. დადებული ხელშეკრულება ასევე არ იძებნება პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულებების ბაზაში. შესაბამისად, ეს კონკრეტული შესყიდვა განხორციელდა კონკურენციის გარეშე.

 

2. შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია რეგისტრირებულია შესყიდვამდე მცირე ხნით ადრე — [+]

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ლენდ მარკ პროჯექტი“ დარეგისტრირდა 2017 წლის 3 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც მთავრობის განკარგულების საფუძველზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყო თანხა სარეზერვო ფონდიდან, და უშუალოდ შესყიდვის განხორციელებამდე 1 დღით ადრე (იხ. სურათი # 4).

 

სურათი # 4 – შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

 

3. შესყიდვაში გამარჯვებული კომპანიის მფლობელ(ებ)ს ნათესაური კავშირი აქვთ შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებთან — [+]

 

შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ 100%-იანი წილის მფლობელია ავთანდილ მახარობლიშვილი. ავთანდილ მახარობლიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ძმაა. ვახტანგ მახარობლიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 2016 წლის 27 ნოემბერს.

 

4. ერთი და იმავე კომპანიასთან ხშირად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები / ან / კომპანიის მიერ სხვა მსგავს (იმავე სახის საქონელი, მომსახურება ან სამუშაო) სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის არ მიღება — [+]

 

შპს „ლენდ მარკ პროჯექტი“ სახელმწიფო შესყიდვების ბაზაში არ იძებნება. შესაბამისად, კომპანიას არასდროს მიუღია მონაწილეობა ღია, კონკურენტულ ტენდერში. კომპანიას არც პირდაპირი კონტრაქტი მიუღია რომელიმე შემსყიდველი ორგანოსგან. ვერ დგინდება, აქვს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიღმა კიდევ სხვა ხელშეკრულება გაფორმებული ამ კომპანიასთან. აღსანიშნავია, რომ შპს-ს არ აქვს ვებსაიტი, სოციალური გვერდი, არ იძებნება საძიებო სისტემებში, არ იძებნება პოპულარულ ბიზნეს პლატფორმებზე როგორიცაა „ბია“. შესაბამისად, კომპანიის საქმიანობის ან საპროექტო პორტფელის შესახებ ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე, არც ინტერნეტ სივრცეში.

 

დასკვნა

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ადაპტაცია-ცვლილების და საპროექტო სამუშაოს შესყიდვა შეიცავს რისკებს, რომლებიც აღნიშნულ შესყიდვას საეჭვოს ხდის.

 

- შესასყიდ სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდა;

 

- დადებული ხელშეკრულება არაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში;

 

- ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 დღით ადრე;

 

- კომპანიის მფლობელსა და შემსყიდველი უწყების მინისტრის მოადგილეს შორის არის ნათესაური კავშირი;

 

- კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა სახელმწიფო შესყიდვაში.

 

ჩამოთვლილი გარემოებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირმა/პირებმა გამოიყენეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსება, რათა სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით, პირდაპირი წესით გაეფორმებინათ კონტრაქტი მინისტრის მოადგილის ძმის მიერ ხელშეკრულების დადებამდე 1 დღით ადრე შექმნილ კომპანიასთან. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გამოვლენილი საეჭვო გარემოებებით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება.

 

ჩვენ მიერ გამოვლენილი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გავრცელება მთავრობის სარეზერვო ფონდებით გაწეულ ხარჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესების გამჭვირვალობა, კონკურენტული გარემო და საეჭვო გარიგებების პრევენცია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024