შშმ პირთა სტატისტიკა საქართველოში (2015)

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 7 მაისი 2015

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ, შშმ პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UNCRPD), რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2013 წელს მოახდინა, სახელმწიფოებს ავალდებულებს შშმ პირთა სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების შეგროვებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა, შეუძლებელს ხდის პრობლემის რეალური სურათის გამოვლენას და შშმ პირთა საჭიროებების დანახვას. სწორედ ამიტომ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაინტერესდა იმით, თუ რა რაოდენობის შშმ პირია საქართველოში და შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ მოწოდებული მონაცემები ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობას მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით სახელმწიფო შშმ პირთა ოდენობას აღრიცხავს სოციალური პაკეტის პირთა რაოდენობის მიხედვით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შშმ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს.

ინსტიტუტისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3% -ია, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი საშუალოდ 10%–ს აღწევს.

 

რეგიონების მიხედვით შშმ პირთა რიცხვი და მათი პროცენტული წილი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით შემდეგია:

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30% თბილისში ცხოვრობს (1 118 300 ადამიანი), შესაბამისად ყველაზე მეტი შშმ პირიც სწორედ თბილისში ფიქსირდება. თბილისის უბნების მიხედვით შშმ პირების რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 

სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის მიერ გამოთხოვილი იყო სტატისტიკური ინფორმაცია მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების კატეგორიების მიხედვით, ვერც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ვერც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა ჩვენს მიერ მოთხოვნილი კატეგორიების მიხედვით, რაც ასევე მეტყველებს აღრიცხვიანობის სისტემის სისუსტეზე. საქსტატის ცნობით, შშმ პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის აპრილის ბოლოს, მას შემდეგ რაც დამუშავდება 2014 წლის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემები.


საინტერესოა იმ მონაცემების შედარება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და საქსტატმა ცალ-ცალკე მოგვაწოდა ერთი და იგივე მოთხოვნის პასუხად. კერძოდ, საქსტატის ცნობით სოციალური პაკეტის მიმღები შშმ პირების რაოდენობა (2014 წლის ბოლო) ჯამში შეადგენს 123 722 ადამიანს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით მათი რიცხვი 5 071-ით ნაკლებია და შეადგენს 118 651-ს. ჩვენთვის გაურკვეველი რჩება 3 თვის განმავლობაში ასეთი კლების მიზეზი.


დღესდღეობით შშმ პირისთვის სახელმწიფო პენსია შეადგენს 70 ან 100 ლარს, იმის მიხედვით თუ რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ სტატუსის მინიჭებისას შესაბამის პირს. IDFI აგრეთვე დაინტერესდა საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირების რაოდენობით და აღნიშნულის შესახებ მოთხოვნით მიმართა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. როგორც აღმოჩნდა რამდენი შშმ პირია საქართველოში დასაქმებული ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.


უნდა ითქვას, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს 2013/2014 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოში საჯარო სექტორში 100 000-ზე მეტ საჯარო მოსამსახურეს შორის სულ დასაქმებულია 24 შშმ პირი, რომელთაგან 5 სამინისტროში, 18 ადგილობრივ თვითმმართველობებში და 1 სხვა სახელმწიფო დაწესებულებაშია დასაქმებული.

 

 

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს შშმ პირებისათვის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირობას შშმ პირებისათვის თვითრეალიზების, პიროვნული განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და მათი უნარების საზოგადოებრივი საქმისთვის სასიკეთოდ გამოყენება უნდა წარმოადგენდეს, სამწუხაროდ ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ჯერ-ჯერობით ასეთი პოლიტიკის არ არსებობაზე მეტყველებს.


იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაში“ ასახული თითოეული პუნქტის დროული იმპლემენტაცია ეფექტურად განხორციელდება, რათა უფრო მარტივად და ეფექტურად მოხდეს შშმ პირთა სოციალურ გარემოში ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობა. ინსტიტუტი ასევე ეხმაურება შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის, საკონსულტაციო საბჭოს მოდელის შექმნას, რომელიც 2015 წლის 5 მაისს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა წარმოადგინა. შემოთავაზებული მოდელი თავის თავში მოიცავს ეროვნულ დონეზე ერთგვარი მონიტორინგის მექანიზმის ფუნქციას და ითვალისწინებს თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართვას. IDFI მხარს უჭერს ყველა წამოწყებას, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023