2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ლტოლვილის სტატუსის, მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვების გაცემის სტატისტიკა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 1 სექტემბერი 2014

 

 

  • ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების სტატისტიკა

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ეს სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში.


IDFI-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყოველწლიურად იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 1300-ზე მეტმა უცხოელმა მიმართა, 30 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ძირითად რაოდენობას აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ.


ბოლო ორი წლის განმავლობაში, წინა წლებთან შედარებით, მაძიებელთა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეიძლება აიხსნას საერთაშორისო მოვლენებით. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა და არსებულმა საომარმა მოქმედებებმა აიძულა ამ ქვეყნების მოქალაქეები დაეტოვებინათ საცხოვრებელი და თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიემართათ სხვადასხვა სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის.


თვალსაჩინო მაგალითისათვის, 2005 წლიდან 2011 წლამდე საქართველოში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 300-ს არ აღემატებოდა. 2005 წელს თავშესაფარი 23 უცხოელმა ითხოვა, 2006 წელს - 19; 2007 წელს - 21; 2008 წელს 33; 2009 წელს - 43; 2010-ში კი 57. აქედან, უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შეადგენდნენ.


ამ ფონზე, თვალშისაცემი გახდა ბოლო ორი წლის მონაცემების მკვეთრი ზრდა. 2012 წელს საქართველოს მთავრობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნით 599 განმცხადებელმა მიმართა, მათ შორის იყო 443 ერაყელი წარმომავლობის მოქალაქე. წარმოდგენილი მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა 44 განცხადება. 2013 წელს კი თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯამში 717 უცხოელმა ითხოვა მათ შორისაც ჭარბობდა ერაყელი წარმოშობის 478 მოქალაქე. აქედან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი 31 მოქალაქეს მიენიჭა.

ერაყის მოქალაქეების გააქტიურება თავშესაფრის ძიების მხრივ, კვლავ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებს უკავშირდება. მათი უმრავლესობა მეორედ არის დევნილობაში, თავის დროზე ერაყში მიმდინარე კონფლიქტის გამო მათ დატოვეს თავიანთი ქვეყანა და მიიღეს თავშესაფარი სირიისგან, ხოლო სირიაში განვითარებული მოვლენების გამო მათ ამ ქვეყნის დატოვებაც და თავშესაფრის სხვაგან ძიება მოუხდათ.

 

 

 

 

 

 

  • საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა

 

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უცხოელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. 

2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების 53 067 ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოს პრეზიდენტმა ყველაზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა 2013 წელს - 9 626 შემთხვევა.

 

 

2005-2013 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 37 462 რუსეთის მოაქალაქეობის მქონე პირს, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე (15 605 პირი) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებს. აღნიშნული დიდწილად გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური ქართველები. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით გამორჩეულები არიან აგრეთვე თურქეთის (3 464 პირი) და ისრაელის (3 367 პირი) მოქალაქეები.

2005-2013 წლებში თურქეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევების დიდი რაოდენობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის უკანასკნელ თვეებში თურქეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველების უპრეცენდენტო რაოდენობას გამარტივებული წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2013 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაახლოებით იმდენ თურქეთის მოქალაქეს, რამდენსაც ერთობლივად 2005-2012 წლებში.

 

 

 

  • ბინადრობის ნებართვის გაცემის სტატისტიკა

 

 

უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე, ასევე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. მუდმივი ბინადრობის სახეს წარმოადგენს ასევე საინვესტიციო ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია, ასევე მისი ოჯახის წევრზე. რაც შეეხება დროებითი ბინადრობის ნებართვას, ის შეიძლება გაიცეს მაგალითად საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის ან ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით, ასევე პირზე რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და სხვა. დროებითი ბინადრობის მოწმობა უცხოელებზე გაიცემა არაუმეტეს 6 წლის ვადით, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირებზე კი – 3 წლის ვადით.

2005-2013 წლებში 40 100 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაიცა ბინადრობის ნებართვა, საიდანაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაცემულია 8791 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა - 31 309 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. მუდმივი ბინადრობის ნებართვების გაცემის ყველაზე მეტი (2502 პირი) შემთხვევა 2010 წელს ფიქსირდება, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვების - 2012 წელს (6 426 პირი).

 

2005-2013 წლებში ყველაზე მეტი მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის მოქალაქეებზე (5879), ხოლო ყველაზე მეტი დროებითი ბინადრობის ნებართვა - თურქეთის მოქალაქეებზე (7812). დროებითი ნებართვების მიღების რაოდენობის თვალსაზრისით გამოირჩვიან აგრეთვე ჩინეთის მოქალაქეები, რომელთა აქტივობა განსაკუთრებით შეინიშნება უკანასკნელ წლებში. 2011 - 2013 წლებში ყოველწლიურად ჩინელებზე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვების რაოდენობა 1300-დან 1800-მდე მერყეობს.

 

დეტალურად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია 2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024