არასამთავრო ორგანიზაციებმა სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენებისადმი პროტესტის ნიშნად ანგარიშის პრეზენტაციაზე უარი თქვეს, ისინი დისკუსიის საპარლამენტო ფორმატში გადატანას და სწრაფ რეფორმებს მოითხოვენ
31.05.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 30 მაისს საზოგადოებისთვის უნდა წარედგინათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის რიგით მეხუთე ანგარიში [1]. თუმცა, სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, მათ ანგარიშის პრეზენტაციაზე უარი განაცხადეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მონიტორინგის ანგარიშები მუდმივად აჩვენებს, რომ იუსტიციის საბჭო მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებს არა მართლმსაჯულების ინტერესების დასაცავად, არამედ - მის საწინააღმდეგოდ. რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყების - იუსტიციის სამინისტროსა და საკანონმდებლო ხელისუფლების უმოქმედობა და მათ მიერ გატარებული არასაკმარისი ცვლილებები, საბჭოს სრული თვითნებობის შესაძლებლობას აძლევს, რასაც სასამართლო სისტემა კრიზისში შეჰყავს. თუმცა, ამ ყველაფერზე ეფექტური რეაგირება ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს.
ხელისუფლების მიერ ხშირად გახმოვანებული მესიჯი, რომ სასამართლოს სრულყოფილ რეფორმას დრო სჭირდება, მაგრამ მთვარია, რომ ის სწორ გზაზე დგას, წარმოადგენს პასუხისმგებლობისგან გაქცევას და შეცდომაში შეყვანას. სასამართლო რეფორმა საქართველოში არ დგას სწორ გზაზე, რეფორმის აქამდე განხორციელებულმა „სამმა ტალღამ“ რეალურად ხელშესახები შედეგი ვერ მოიტანა [2]. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ კომპეტენცია და ნდობა საზოგადოების თვალში ისევ ბრუნდებიან სასამართლო სისტემაში, ამჯერად - უვადოდ, და მეტიც - იკავებენ მაღალ ადმინისტრაციულ პოზიციებს. კვლავ ხდება სასამართლოს მართვის სადავეების ერთი ჯგუფის ხელში თავმოყრა და მართლმსაჯულების დახურულ, კორპორატიულ უწყებად ქცევა. მოვლენათა ასეთი განვითარება მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლების მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
აქვე, ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ არასათავრობო სექტორი წლებია აქტიურად და კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობს სასამართლო სისტემის პრობლემურ საკითხებზე. მაგალითდ, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში შესაბამის კომისიაში და არაერთი რეკომენდაცია თუ მოსაზრება წარადგინეს, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების თავზე; ასევე, უცხოელ ექსპერტებთან და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. სწორედ მათი აქტიური ჩართულობით მომზადდა და დამტკიცდა სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა.
თუმცა, სისტემაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყო ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა (იუსტიციის საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც მიმართულია სისტემაზე სრული კონტროლის დასაწესებლად ერთი ჯგუფის მიერ, რასაც საბჭო ცდილობს მოასწროს, სანამ რამდენიმე დღეში მისი წევრების უმრავლესობას უფლებამოსილება ამოეწურება, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი კანდიდატების შესარჩევმა კონკურსმა) ორგანიზაციები დაარწმუნა, რომ მონიტორინგის ანგარიშის წარმოდგენა მორიგი აქტივობის სახით, არაადეკვატურია.
საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქრთველო გააგრძელებენ საბჭოს მონიტორინგს და იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე აქტიურად საუბარს, რაც დგას სასამართლოს წინაშე. თუმცა, აქვე კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მოითხოვს შეიქმნას საპარლამენტო ფორმატი სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისებზე ღიად სასაუბროდ და საჩქაროდ დაიწყოს მუშაობა რეფორმის სრულყოფილ პაკეტზე. კოალიცია მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და ერთად ვიმუშავოთ ყველა იმ ცვლილების მომზადებაზე, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და აამაღლებს მის მიმართ საზოგადოების ნდობას“.
[1] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)მხარდაჭერით, 2012 წლის მარტიდან ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგს. ანგარიშები მოიცავს იმ მნიშვნელოვან და ამავე დროს პრობლემურ საკითხებს, რაც მწვავედ დგას სასამართლო ხელისუფლების წინაშე.ანგარიშის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/files/news/2006/MONITORING%20REPORT%20OF%20THE%20HIGH%20COUNCIL%20OF%20JUSTICE%20%20N%205%20GEO%20(3).pdf
[2] 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ მისი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გამოაცხადა, თუმცა რეფორმების განხორციელების პროცესმა ცხადყო რომ ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა მტკიცე და პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემაში რეალური და თანმიმდევრული ცვლილებების განსახორციელებლად. პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლება თანდათანობით დათმობებზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსის დომინანტ/გავლენიან ჯგუფთან. სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება თითქმის 2 წლის მანძილზე ჭიანურდებოდა. ცვლილებების განხილვის პროცესში არაერთხელ შეიცვალა კანონპროექტების შინაარსი, ხშირად - შესაბამისი საჯარო განხილვების გარეშე. საბოლოოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის” კანონპროექტების შინაარსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და რიგი მიმართულებებით გათვალისწინებულ პროგრესულ ცვლილებებზე ხელისუფლებამ ბოლო წუთებში უარი თქვა.
[3] კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კოალიციის მოსაზრებებს სასამართლო ხელისუფლების თავზე კონსტიტუციის ახალ პროექტში, 29.05.2017. დოკუმენტი ხელმისაწვდომია: http://coalition.ge/index.php?article_id=153&clang=0