საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ 4 კვლევა გამოაქვეყნა. კვლევებმა 2020 წლის სხვადასხვა პერიოდი მოიცვა, გამოკვეთა როგორც სისტემური, ასევე ლოკალური პრობლემები შესყიდვების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგის პროცესისა და კორუფციული რისკების მიმართულებით. ამ ეტაპზე კი IDFI-იმ გაანალიზა Covid-19-თან დაკავშირებული 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები. კვლევაში გამოყენებულია როგორც SMP-მოდულში წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვის მოთხოვნები, ასევე CMR მოდულში განთავსებული გამარტივებული ხელშეკრულებების ანალიზი.
პანდემიასთან დაკავშირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების შესყიდვას სახელმწიფო სტრუქტურები საგანგებო მდგომარეობის განმავლობაშიც და მას შემდეგაც, ძირითადად გამარტივებული შესყიდვის გამოყენებით ახორციელებდნენ. ამის საფუძველი შესყიდვის ობიექტების შემჭიდროვებულ ვადებში მიღება იყო, რათა საფრთხე არ შექმნოდა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, და მომხდარიყო ვირუსის გავრცელების დროული პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, ვერ მოახერხდა აღნიშნული შესყიდვების დაგეგმვისა და უმეტესწილად ელექტრონულ ტენდერებზე გადაყვანის უზრუნველყოფა. ისეთი პროდუქტებისა და მომსახურებების შესყიდვები, რომლებიც კონსოლიდირებულ ტენდერებზე გადავიდა, უმეტესად მაინც გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ხორციელდება. ამის მიზეზი ძირითადად კონსოლიდირებული ტენდერის დროულად ვერ გამოცხადება ან საერთოდ გამოუცხადებლობაა, ზოგ შემთხვევაში კი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის უარი შესაბამისი საქონლისა თუ მომსახურების მიწოდებაზე. ხშირია მსგავსი შემთხვევები ელექტრონული ტენდერების შემთხვევაშიც. აღნიშნული გარემოება მკაფიოდ მიუთითებს, რომ ვერ ხდება როგორც კონსოლიდირებული, ისე ელექტრონული ტენდერების სწორად დაგეგმვა და განხორციელება, რაც შემდგომ იწვევს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის გამოყენების აუცილებლობას.
სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია შესყიდვების სააგენტოს განცხადება, რომლის მიხედვითაც Covid-19-ის აღკვეთის პრევენციისათვის საჭირო საქონლისა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები სატენდერო პროცედურების გარეშე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემთხვევაში. შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ამ ფაქტის იგნორირების შემთხვევაში კი სააგენტო არ გასცემს გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობას, ხოლო შესაბამის პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს შემსყიდველ ორგანიზაციას.
2020 წლის 27 თებერვლიდან 2021 წლის 7 აპრილის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უარყოფილი აქვს გამარტივებული შესყიდვის 53 მოთხოვნა. აქედან 2021 წელს მხოლოდ 19 მოთხოვნაა უარყოფილი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი მათგანი იყო დაკავშირებული Covid-19-თან.
კვლევის პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებულმა ხარჯებმა 77 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე მოდის, რომელშიც როგორ კლინიკებში საწოლების მობილიზება, ისე სამედიცინო პერსონალის დაქირავება შედის.
კლინიკებში საწოლების მობილიზებასთან დაკავშირებული შესყიდვების უდიდესი ნაწილი მოდის სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც 2020 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრე გახდა. 2021 წლის იანვრის დასაწყისში, სააგენტომ მოითხოვა 147,706,524 ლარის პირდაპირი შესყიდვის გზით განკარგვა ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით. სააგენტო მართავს სხვადასხვა ჯანდაცვის პროგრამას, მათ შორის კოვიდ მიმართულების გარკვეულ ნაწილს. როგორც მოთხოვნის ჩაშლილი დოკუმენტებიდან ირკვევა, ხსენებული 148 მილიონამდე ლარიდან 100 მლნ სწორედ კოვიდის მართვისათვისაა განკუთვნილი. კერძოდ კი სააგენტოს უნდა განეხორციელებინა კოვიდ კლინიკების მომსახურების შესყიდვები 2021 წლის იანვრიდან, არაუმეტეს 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. CMR მოდულში ამ პერიოდში ატვირთული ხელშეკრულებებიდან მხოლოდ რამდენიმეზე ფიქსირდება აღნიშნული მოთხოვნის კოდი, უმეტეს შემთხვევაში კი გამარტივებული შესყიდვის შესაბამის მოთხოვნასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებების ანალიზით დადგინდა, რომ კოვიდის მიმართულებით კლინიკების მობილიზებაში სააგენტომ 48 მილიონ ლარამდე დახარჯა. კლინიკები, რომელთაც სააგენტომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა მოცემულია ცხრილში.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება ერთ-ერთი მაღალხარჯიანი მომსახურებაა. მოთხოვნის ასეთი ზრდა შეიძლება აიხსნას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვებით, კერძოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გარკვეული პერიოდით დაწესებული აკრძალვით. აღნიშულ გარემოებას დაემატა სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენა, მაშინ როცა ტრანსპორტზე შეზღუდვა ჯერ კიდევ მოქმედებდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს მოუხდათ მოსწავლეების სასწავლო დაწესებულებებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ამასთან, კვლავ აქტუალური დარჩა კოვიდ სასტუმროებში და უკან შესაბამისი პირების ტრანსპორტირებაც.
რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებში მოსწავლეების გადაყვანის მომსახურებას, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამაში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც ცხადდება კონსოლიდირებული ტენდერი და შესაბამისი მუნიციპალიტეტი მასში გამარჯვებული კომპანიისგან ყიდულობს მომსახურებას. აღნიშნული პროგრამა პანდემიამდეც მოქმედებდა და მისით სარგებლობა შეუძლიათ სკოლებს, რომელთა მოსწავლის საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან დაშორებულია არანაკლებ 2 კმ-ით, ან მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, ან მოძრაობის გრაფიკი თავსებადი არ არის გაკვეთილების განრიგთან. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების გარკვეული ნაწილი ამ პროგრამით მანამდეც სარგებლობდა. თუმცა ასეთ მუნიციპალიტეტებსაც მოუწიათ მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება გადაუდებელი აუცილებლობით შეესყიდათ, რადგან ზოგ შემთხვევაში კონსოლიდირებული ტენდერის დასრულება დროში არ ემთხვეოდა სწავლის დაწყებას (მაგალითად მარნეულის მუნიციპალიტეტი), ზოგ შემთხვევაში კი ტენდერი არ შედგა (დედოფლისწყარო).
ტრანსპორტირების მომსახურებაში ჯამურად დახარჯული 6.4 მლნ ლარიდან ყველაზე დიდი წილი კოვიდ სასტუმროებში და უკან ტრანსპორტირებას მოხმარდა და მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სერვისი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შპს ჯორჯიან ბასისგან შეისყიდა.
შპს 333-მა პირველი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2021 წლის თებერვალში მიიღო. კომპანიასთან ჯამში 3 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაა გაფორმებული, სამივე შემთხვევაში შემსყიდველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა. როგორც SMP მოდულის დასაბუთებაში ჩანს, გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვების საჭიროება გამოიწვია არ შემდგარმა კონსოლიდირებულმა ტენდერებმა. კომპანიამ 2021 წელს 3 კონსოლიდირებულ ტენდერშიც გაიმარჯვა (სავარაუდო თანხების ჯამური ოდენობა 578,621.8 ლარი), რომელთა მიხედვითაც სკოლებში სატრანსპორტო უზრუნველყოფა უნდა განეხორციელებინა ხულოში, შუახევსა და წალკაში. აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები არც კონსოლიდირებული ტენდერების ბაზაში იძებნება და არც გამარტივებული შესყიდვების ბაზაში. კომპანიას 2018 წლიდან მოგებული აქვს სულ 5 ტენდერი, ჯამური ღირებულებით 25,281 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ ტენდერების უმეტესობა სამშენებლო სამუშაოების მომსახურებას გულისხმობს, ისევე როგორც სხვა ტენდერები, რომლებშიც კომპანია მონაწილეობას იღებდა და ვერ იმარჯვებდა.
შპს მაიჯიპიეს-სგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის 18 იანვარიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების გამო საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება შეისყიდა. კონტრაქტის ღირებულება 176 ათას ლარზე მეტია. კომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ, თემური მატუამ მმართველ პარტიას 2020 წლის 15 სექტემბერს 60,000 ლარი შესწირა.
2021 წლის თებერვალში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა რუხის საავადმყოფოში მობილიზებული მედპერსონალის დაბინავებისათვის. 16,500 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა ი/მ ნანი თარგამაძესთან. ამავე მიზნობრიობით 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით თარგამაძეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმაც გაუფორმა გამარტივებული შესყიდვის 3 ხელშეკრულება, 33,850 ლარის ჯამური ღირებულებით. 2020 წლამდე მას სახელმწიფო შესყიდვებში აქტივობა არ ჰქონია. თარგამაძის მეუღლე, ნუგზარ მალაშხია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ზუგდიდდასუფთავების ცენტრის დირექტორია. მალაშხიას დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ქალაქ ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო ოქროს საწმისის მფლობელია.
2021 წლის მაისში შპს ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკურმა საავადმყოფომ გადაუდებელი აუცილებლობით შეიძინა 1,860 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ვიტაფარმი პლუსთან”. კომპანიას სამი მეწილე ჰყავს და სამივე მათგანი ასევე ფლობს წილს შპს „ვიტაფარმში”, რომლის ერთ-ერთი მეწილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან (2020 წლის ჩათვლით) და აჭარის ა/რ რესპუბლიკის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი (2016 წლის ჩათვლით), ნუგზარ სურმანიძეა. უმაღლეს საბჭოში სურმანიძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. ბოლო დეკლარაციითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით მას წილის მართვის უფლება მეუღლეზე აქვს მინდობილი, თუმცა მეწილედ კვლავ თავად რჩება. წილის მინდობა 2017 წლის ოქტომბერშია გაფორმებული, ამავე წლის თებერვალში კი ადგილობრივმა ოპოზიციამ სურმანიძე საკუთარი კომპანიის სახელმწიფო შესყიდვებში ლობირებასა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. 2014-2020 წლებში, სურმანიძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნიდან უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდის ჩათვლით, შპს „ვიტაფარმმა” 122,038.44 ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები მიიღო. აქედან 81,872 ლარი მხოლოდ 2020 წელს. 2021 წელს 12,000 ლარამდე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმდა. 2014-2020 წლებში ელექტრონული ტენდერებით კომპანიამ 2,128,029 ლარი მიიღო.
რაც შეეხება შპს „ვიტაფარმი პლუსს”, კომპანია სურმანიძის სამმა ბიზნესპარტნიორმა 2015 წელს დააფუძნა და ამ დროიდან 2020 წლის ჩათვლით 101,600 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიიღო. აქედან 95,430 ლარი მხოლოდ 2020 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით. 2021 წელს კი 5,000 ლარამდე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმდა.
2016-2020 წლებში კომპანიას სულ 15 ელექტრონულ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 14-ში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა, 1-ში კი - ერთი კონკურენტის პირობებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტენდერებში 7 შემთხვევაში შემსყიდველი ბათუმის სამედიცინო დახმარების ცენტრი იყო, შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება - 4,757 ლარი. დარჩენილ 7 შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო იყო, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ა/რ რესპუბლიკაა, ხოლო წილის მმართველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება 471,281 ლარია. ამავე შემსყიდველის 121,361 ლარის სავარაუდო ღირებულების 3 ტენდერში „ვიტაფარმი პლუსმა” ისევ უკონკურენციოდ უკვე 2021 წელს გაიმარჯვა.
შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ 2021 წლის 10 მაისს მოითხოვა 69,130 ევროს ღირებულების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების უფლება COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის, დროის მოკლე შუალედში დამატებითი საწოლფონდის შექმნისა და საჭირო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფის მიზნით. შესყიდვის გამარტივებული წესით ჩატარების აუცილებლობა დასაბუთდა საქართველოს მთავრობის 31.12.2020 წლის N674 დადგენილებაში 04.12.2020 წლის N736 დადგენილებით შესული ცვლილებებით, რომლის თანახმად, შპს „აკად. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკას“ დაევალა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, №29-ში (ნაკვეთი 07/081) განთავსებული შენობა-ნაგებობა №2-ის (ნაკვეთი − 07/081; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.15.007.081)) მიწისზედა მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულების 2-2 ფლიგელის რეაბილიტაცია და აღჭურვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობის მიღების შემდგომ, კლინიკამ ორი ხელშეკრულება გააფორმა შპს „ჰოსპიმედ ჯორჯიასთან” და შპს „დიამედთან”. ორივე შესყიდვის ჯამური ღირებულება 54,000 ლარზე მეტი გამოვიდა.
შპს დიამედის დამფუძნებლები ლელა ბეგლარაშვილი და გიორგი მანაგაძე არიან. მანაგაძე ქართული ოცნების შემომწირველია, მან პარტიას 2017 წელს 60,000 ლარი შესწირა. 2021 წლის მარტამდე კომპანიას ჰყავდა მესამე მეწილე - ლიანა ჭუმბურიძე, რომელიც 2018 წლის მაისიდან-დეკემბრის ჩათვლით ჭიათურის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჭუმბურიძის დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ის 2018 წლის იანვრიდან მაისამდე შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ფინანსური დირექტორი იყო. შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არსებული ოქმებით დგინდება, რომ ის აღნიშნულ თანამდებობას 2017 წელსაც იკავებდა. 2020 წლის მანძილზე, როცა ჭუმბურიძე კლინიკაში უკვე აღარ მუშაობდა, თუმცა კვლავ დიამედის მეწილე იყო, ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ შპს დიამედს გამარტივებული შესყიდვის 3 ხელშეკრულება გაუფორმა, 420,000 ლარამდე ჯამური ღირებულებით.
შპს „დიამედის” დირექტორი დენის დიდენკოა, რომელიც ასევე შპს „ჰოსპისმედ ჯორჯიას” მეწილე და დირექტორის თანამდებობას იკავებს. შპს „ჰოსპისმედ ჯორჯიაც” აქტიურად იღებს კოვიდთან დაკავშირებულ გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებს, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაზე მოდის. საინტერესოა, რომ პანდემიამდე, ჭუმბურიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობისას, როცა დიდენკო ასევე იკავებდა ჭუმბურიძის კომპანია „დიამედის” დირექტორის თანამდებობას, დიდენკოს კომპანია შპს „ჰოსპისმედ ჯორჯია” იგებდა საუნივერსიტეტო კლინიკის გამოცხადებულ ტენდერებს. მეტიც, ლიანა ჭუმბურიძე, როგორც ფინანსური მენეჯერი სატენდერო კომისიის წევრი იყო და დიდენკოს კომპანიის გამარჯვებულად გამოვლენის დოკუმენტებს აწერდა ხელს. მაგალითად, აღნიშნულ შემთხვევაში ოქმის საფუძველზე დიდენკოს კომპანიასთან გაფორმდა 70,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.
ქვემოთ მოცემული ოქმის საფუძველზე კი დიდენკოს კომპანიასთან გაფორმდა 109,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.
შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ სამედიცინო მოწყობილობების შესაძენად 2021 წლის 1 აპრილს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა შპს კპი ჯგუფთან. ხელშეკრულების ღირებულება 159,500 ევრო იყო, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმების დღეს არსებული გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში 645,000 ლარამდე შეადგინა. მოწყობილობა განკუთვნილი იყო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდის შექმნისათვის. შპს კპი ჯგუფის მეწილეები არიან ანდრო ძნელაძე (50%) და ილია გიორგობიანი (50%). კომპანიას გამარტივებული შესყიდვის პირველი ხელშეკრულება 2020 წლის ივნისში აქვს მიღებული, მანამდე სახელმწიფო ტენდერების განხორციელების გამოცდილება არ ჰქონია. ამ დრომდე კომპანიასთან 868,000 ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის 4 ხელშეკრულებაა გაფორმებული, აქედან 700,000 ლარამდე ღირებულების 3 ხელშეკრულების შემთხვევაში შემსყიდველი სწორედ საუნივერსიტეტო კლინიკაა.
კიდევ ერთი კომპანია, რომლის მეწილეც ანდრო ძნელაძეა შპს კპი ქირურგიაა. აღნიშნულმა კომპანიამ იდენტური მიზნობრიობით ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისგან გამარტივებული შესყიდვის 2 ხელშეკრულება მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულება 296,000 ევრო იყო. მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ჯამურად გადახდილმა თანხამ ეროვნულ ვალუტაში 1,126,000 ლარამდე შეადგინა.
ანდრო ძნელაძე წილებს ფლობს სხვა კომპანიებშიც, მათ შორის შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში”, სადაც მისი პარტნიორი ავთანდილ იმედაძეა. იმედაძე 2019 წლის ჩათვლით შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, აქვს საკუთარი შემოსავალი და მასზე შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ისეთი მაღალი სტანდარტი, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კლინიკის 100% სახელმწიფოს საკუთრებაშია, მას მართავს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და რაც მთავარია, კორონავირუსთან ბრძოლისათვის, მათ შორის დამატებითი საწოლფონდის შექმნისათვის, კლინიკა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას და ხარჯვით ნაწილში ანგარიშვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. შესაბამისად, კვლევაში მოყვანილი საეჭვო შესყიდვები სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა დაფინანსებული. ამასთან, კლინიკას მთავრობის განკარგულებით მიცემული აქვს უფლება, ისარგებლოს გამარტივებული შესყიდვების გზით მათთვის გამოყოფილი ფინანსების ათვისების ნაწილში. ის ფაქტი, რომ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები უფორმდებათ კლინიკის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების კომპანიებს, აღძრავს ეჭვს, რომ შესაძლოა აღნიშნული კონტრაქტები წინასწარ იყოს შეთანხმებული და კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების განკარგვა ხდებოდეს კლინიკის შიდა კონტაქტების გამოყენებით, შესაბამისად, შეიცავდეს კორუფციული გარიგების ნიშნებს. სასურველია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა, განსაკუთრებით კი სამედიცინო დაწესებულებებმა, რომელთა მიმართ მაღალი ნდობა საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ არასაბიუჯეტო თანხების განკარგვის დროსაც იხელმძღვანელონ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და უზრუნველყონ შესყიდვებში კონკურენტული გარემო, რაც საშუალებას მისცემს კლინიკებს საზოგადოებას მოემსახურონ უფრო ხარისხიანი პროდუქტით, ნაკლებ ფასად.
რაც შეეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, უშუალოდ კვლევაში მოყვანილ შესყიდვაში არ ფიგურირებდა ბიუჯეტის თანხა, თუმცა საავადმყოფო იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოვიდის მართვის მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ასეთი შემთხვევების აღმოფხვრა, რათა არ არსებობდეს ეჭვები სახელმწიფო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებითაც.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების მაგალითზე, ნათლად ჩანს კოვიდთან დაკავშირებული შესყიდვების მონიტორინგის სირთულე. სააგენტო ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებას მართავს და სისტემაში განთავსებული გამარტივებული შესყიდვების მოთხოვნა ეხება ყველა კომპონენტს. ხელშეკრულებების მოდულში შეუძლებელია იდენტიფიცირება, თუ რომელი კომპონენტის ფარგლებშია შესყიდვა განხორციელებული. ამის დადგენა მხოლოდ თითოეული ხელშეკრულების ტექსტის გაცნობით არის შესაძლებელი.
როგორც IDFI წინა კვლევებშიც აღნიშნავდა, მონიტორინგისა და შეფასების კუთხით, მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნასა და დადებულ ხელშეკრულებებს შორის კავშირი იკვეთებოდეს. ცხადია, რომ ამისთვის საკმარისი არ არის ველი, რომელშიც ხელშეკრულების ატვირთვისას შემსყიდველმა უნდა მიუთითოს შესაბამისი მოთხოვნის კოდი, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს გრაფა შემსყიდველის მიერ უგულებელყოფილია.
ამასთან, როგორც განხილულმა შემთხვევამ აჩვენა, ხშირად ხდება სხვადასხვა კომპონენტის მომსახურებაზე გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნების გაერთიანება, თანხმობის მიღების შემდეგ კი გაფორმებული ხელშეკრულებების მოდულში შეუძლებელი ხდება კომპონენტის დადგენა, უშუალოდ ხელშეკრულების გაცნობამდე. იმ ფონზე, რომ სისტემას ჯერ კიდევ არ აქვს ჩაშენებული კოვიდ მოდული ან ამ მიზნით განხორციელებული შესყიდვების ცალკე ძებნის ფუნქცია, ასეთი მიდგომა კიდევ უფრო ართულებს მონიტორინგის პროცესს.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე გაფორმებული CMR ხელშეკრულებების გვერდზე SMP კოდის ველის შევსება იყოს სავალდებულო, ამასთან CMR მოდულში ფილტრის ფუნქციაში დაემატოს შესაბამისი SMP კოდით ძებნა, რაც გაცილებით ადვილს გახდის გამარტივებული შესყიდვების აუცილებლობის დადგენას თითოეულ შემთხვევაში.
კორონავირუსის მართვაში ჩართული რამდენიმე სახელმწიფო კლინიკის მიერ განხორციელებულ გამარტივებულ შესყიდვებში აღმოჩენილი საეჭვო გარემოებები კითხვის ნიშნებს აჩენს ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში პირადი თუ სამსახურებრივი კავშირების გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კლინიკები უმეტესად საკუთარი შემოსავლით ფუნქციონირებენ, მნიშვნელოვანია მათი მხრიდან სახელმწიფო შესყიდვებში კეთილსინდისიერებისა და კონკურენციის პრინციპების დაცვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართული სახელმწიფო კლინიკები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
____
კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას