კორონავირუსთან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 21 დეკემბერი 2021

კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირებიდან დღემდე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იკვლევს ვირუსის მართვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ხარჯებსა და სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლო კორუფციულ რისკებს. 2020-2021 წლის მანძილზე ორგანიზაციამ აღნიშნულ საკითხზე 5 კვლევა გამოაქვეყნა, რომლებშიც მიმოხილული იყო სხვადასხვა პერიოდისა თუ შესასყიდი მომსახურების/პროდუქტის ანალიზი, მიმწოდებელი ორგანიზაციების პოლიტიკური კავშირები, შესყიდვების დაგეგმვასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის პრობლემები. წინამდებარე კვლევა რიგით მეექვსეა და მოიცავს 2021 წლის 1-ლი ივნისიდან 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს. კვლევაში გაანალიზებულია გამარტივებული შესყიდვების მოთხოვნები (SMP მოდული), რომლებზეც შესყიდვების სააგენტომ თანხმობა აღნიშნულ პერიოდში გასცა. ამასთან გაანალიზებულია გადაუდებელი აუცილებლობით აღნიშნული მოთხოვნების საფუძველზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები (CMR მოდული).

 

IDFI გასულ კვლევებში ხაზს უსვამდა კორონავირუსთან დაკავშირებული შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებზე დაბრუნებისა და ასეთი ხარჯებისათვის გამარტივებული შესყიდვების გამოყენების მაქსიმალურად შემცირების აუცილებლობას. 2021 წლის ივნისი-ნოემბრის პერიოდში მკვეთრადაა შემცირებული გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა. მომსახურება და პროდუქტები, რომლებიც ვირუსის მართვის პროცესში ჩართული დაწესებულებებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს გადატანილია კონსოლიდირებულ ტენდერებში. ამასთან, გაუმჯობესებულია შესყიდვები წინასწარი დაგეგმვის რაოდენობა, რაც აისახება გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების ზრდაში. 

 

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებების დიდი ნაწილის საფუძველი ხდება სწორედ კონსოლიდირებული ტენდერის ჩაშლა, ელექტრონული ტენდერის ჩაშლა, ან მათი გვიანი დაგეგმვა, რამაც გამოიწვია დროის შუალედი საქონლის/მომსახურების მიწოდებაში და აუცილებელი გახდა გამარტივებული ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული პრაქტიკა გვაჩვენებს, მიუხედავად ტენდერების პრიორიტეტულობისა, კვლავ პრობლემურია მათი სწორი დაგეგმვა, ამასთან, გამარჯვებული კომპანიების უარი პროდუქტის/მომსახურების მიწოდებაზე, შესაძლოა მიუთითებდეს ბაზრის კვლევის პრობლემაზეც.

 

მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის კუთხით არსებული გამოწვევები, რომლებზეც IDFI წინა კვლევებსა და სამუშაო შეხვედრებზეც აპელირებდა, კვლავ აქტუალურია. კერძოდ, სისტემას კვლავ არ აქვს განცალკევებული აღმნიშვნელი კორონავირუსთან დაკავშირებულ შესყიდვებზე. შესყიდვის მოთხოვნის კოდები კი კვლავ არათანმიმდევრულად ისახება გამარტივებული ხელშეკრულებების მოდულებში.

 

გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვები

 

2021 წლის 1-ლი ივნისიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გადაუდებელი აუცილებლობით წინასწარ მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში გაფორმდა 3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება. აქედან ყველაზე დიდი თანხასამედიცინო მოწყობილობებისთვისაა გათვალისწინებული, რაც განპირობებული იყო “საწოლფონდის” გასაზრდელად არსებულ კლინიკებში დამატებითი ადგილების მოწყობითა და საველე ჰოსპიტალების გახსნით.

 

 

სამედიცინო მოწყობილობების შემდეგ ყველაზე მაღალხარჯიანია ფარმაცევტული პროდუქტები.

 

შპს ჯეომედი

 

2021 წლის სექტემბერში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრმა სამედიცინო ჟანგბადის შესაძენად გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა შპს ჯეო მედთან. კომპანიას კლინიკისათვის ჯამურად 67,100 ლარის ღირებულების პროდუქტი უნდა მიეწოდებინა. შპს ჯეო მედის მეწილეა კარპეზი შუკაკიძე, რომელმაც 2021 წლის ივლისში ქართულ ოცნებას 25,000 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის მეწილეა რატი გედიანიძე, რომელიც 2021 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად სსიპ ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს უფროსის მოადგილეა, გასულ წელს კი შპს ჯეო მედიდან დივიდენდის სახით 168,000 ლარი მიიღო.

 

 

კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში ძირითადად აირების მიმწოდებლად ფიქსირდება, გამარტივებული შესყიდვების გზით 2014-2019 წლებში ჯამურად 67,000 ლარამდე აქვს მიღებული, 2020-2021 წლებში კი 94,000 ლარზე მეტი. რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, კომპანიას 2013-2019 წლებში 1,2 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო 2020-2021 წლებში - 734,000 ლარზე მეტის. აღსანიშნავია, რომ ყველა ტენდერში, რომელშიც კომპანიამ გაიმარჯვა, ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. გამარჯვებული ტენდერებიდან ერთ-ერთი სწორედ ინფექციურმა საავადმყოფომ გამოაცხადა ჟანგბადის წლიური მარაგის შესაძენად, თუმცა როგორც კლინიკა გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნაში წერს, გაზრდილი მოთხოვნის გამო, პერიოდული მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ შესყიდული ჟანგბადი არ იყო საკმარისი, ახალი ტენდერის გამოცხადება კი ვერ ესწრებოდა. სწორედ ამ მიზეზით გაფორმდა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება. პარალელურად, ინფექციურმა საავადმყოფომ კვლავ გამოაცხადა ტენდერი ჟანგბადის მიწოდებაზე, რომელშიც ისევ მხოლოდ ჯეო მედი მონაწილეობდა და შესაბამისად გაიმარჯვა.

 

სს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო

 

შპს რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა 2021 წლის ოქტომბერში შეისყიდა სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი კოვიდ დადასტურებული პაციენტების კლინიკო- ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და სხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია, რაშიც 15,000 ლარი გადაიხადა. პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა სს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს. იდენტური ხელშეკრულებები ცენტრმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოსთან 2021 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში 3-ჯერ გააფორმა და ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 50,000 ლარამდე შეადგინა. აღნიშული ორგანიზაცია სააქციო საზოგადოებაა და რთულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია მისი აქციონერების შესახებ, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საავადმყოფოს მმართველი პაპუნა ბახტაძეა. მან 2021 წლის სექტემბერში მმართველ პარტიას ორჯერ შესწირა თანხა, ჯამურად 55,000 ლარის ოდენობით. სს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს საწოლფონდის მობილიზებისათვის პირდაპირ ხელშეკრულებებს უფორმებს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოც. ამ დანიშნულებით 2020-2021 წლებში საავადმყოფოს 5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული. ბახტაძე დამატებით წილს ფლობს და დირექტორის პოზიციას იკავებს შპს რუსთავის #1 საავადმყოფოში, სადაც მისი ერთ-ერთი მეწილეა პაატა პაატიშვილი. პაატაშვილმა, ასევე 2021 წლის სექტემბერში, მმართველ პარტიას 30,000 ლარი შესწირა.

 

შპს ეკოჰაუს ფექთორი

 

2021 წლის 12 აგვისტოს სენაკის მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდის სახსრებით ჯიხურის/კონტეინერის აწყობის მომსახურების უტენდეროდ შესყიდვის ნებართვა მოითხოვა. კონტეინერი განკუთვნილი იყო კორონავირუსის ტესტირების დამატებითი პუნქტის მოსაწყობად. თანხმობის შემდეგ შპს ეკოჰაუს ფექთორისთან გააფორმა ხელშეკრულება. კომპანიის მეწილე, ალექსი მორჩილაძე, ქართული ოცნების შემომწირველია. მან 2016 წელს პარტიას 50,000 ლარი შესწირა. მორჩილაძის პარტნიორი სხვა კომპანიაში, ასევე მმართველი პარტიის შემომწირველია. შპს ეკოჰაუს ფექთორი 2020 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ 66,000 ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული

 

რესპუბლიკური საავადმყოფო

 

გასულ კვლევაში IDFI წერდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგიერთ შესყიდვაში იკვეთებოდა საეჭვო გარემოებები. წინამდებარე მონიტორინგის ფარგლებში, რესპუბლიკური საავადმყოფოს შესყიდვების მოთხოვნების და დადებული ხელშეკრულებების დაკვირვება გართულდა, რადგან, ხშირად მითითება არ არის გაკეთებული შესყიდვის მოთხოვნის კოდზე, რის გამოც მიზნობრიობა ვერ დგინდება. მაგალითად, 2021 წლის აგვისტოში რესპუბლიკურმა საავადმყოფომ გამარტივებული შესყიდვებისათვის ორი მოთხოვნა წარადგინა - 142,000 ლარისა და 110,000 დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის შესასყიდად. როგორც მოთხოვნის დასაბუთებიდან ირკვევა, შესყიდვები გამიზნული იყო დიღმის ოლიმპიურ სოფელში საველე ჰოსპიტალის მოსაწყობად. რაც შეეხება თავად გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებს, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნაზე შესყიდვების სააგენტოს საფუძველზე დაიდო, სისტემაში მათი სრულად იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ზოგ შემთხვევაში მოთხოვნის კოდი მითითებული არ არის, რის გამოც რთულდება აღნიშნული თანხების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ იდენტიფიცირებულ კონტრაქტებში მიმწოდებლებთან რაიმე სახის პოლიტიკური კავშირები არ იკვეთება, ამასთან რესპუბლიკური საავადმყოფო დაფინანსების წყაროდ სრულად საკუთარ შემოსავლებს უთითებს.

 

შეთანხმება გადაუდებელი აუცილებლობის შემდგომ

 

1 ივნისიდან 2 ნოემბრის ჩათვლით კოვიდთან დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული გამარტივებული შესყიდვის შემდგომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 8,6 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.  ყველაზე მეტი თანხა სასტუმროს მომსახურებაში, ფარმაცევტულ პროდუქტებსა და ჯანდაცვის სფეროს მომსახურებებში დაიხარჯა.

 

შპს მაიჯიპიესისგან მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება შეიძინა. გადაუდებელი აუცილებლობა გამოიწვია 2021 წლის 4 ოქტომბერს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებამ. ხელშეკრულება 96,317 ლარზე გაფორმდა. ამავე კომპანიას დაუკვეთა მოსწავლეთა ტრანსპორტირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტმაც, თუმცა ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულებამ 215,000 ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნულ კომპანიაზე IDFI ივლისშიც წერდა. სწორედ გასული პერიოდის მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა შპს მაიჯიპიესს იდენტური მომსახურების ხელშეკრულება დაუდო. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, თემურ მატუა კი მმართველი პარტიის შემომწირველია. მან 2020 წელს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა.

 

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის 8 სექტემბერს ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა შპს მედ პროჯექტთან. ხელშეკრულების ღირებულებამ 17,600 ლარი შეადგინა. როგორც შესყიდვის შეთანხმების დასაბუთებიდან ირკვევა, ცენტრმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, თუმცა მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო, რის გამოც ტენდერი არ შედგა. ცენტრის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვისთვის მიმწოდებლის არჩევის მიზნით ჩატარდა ბაზრის კვლევა, სადაც ერთადერთი ფასის წარმომდგენი კომპანია სწორედ შპს მედ პროჯექტი იყო. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, მირიან ჭეიშვილი მმართველი პარტიის შემომწირველია. მან 2020 წელს პარტიას 40,000 ლარი შესწირა. მირიან ჭიეშვილი დირექტორის პოზიციას იკავებს შპს ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში, სადაც 5%-ის წილის მფლობელი სახელმწიფოა, 95%-იან წილს კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი. თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის მეწილეები არიან თავად მირიან ჭეიშვილი, შალვა ჯიქია და ზაზა ლომინაძე. ჯამში სამივე პარტნიორს ქართული ოცნებისთვის 140,875 ლარი აქვს შეწირული. ზაზა ლომინაძე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია ქართული ოცნებიდან და მას კომპანიაში წილის მართვის უფლება მეუღლისთვის, თამარ ლომინაძისთვის აქვს გადაცემული. შპს ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს 2012-2019 წლებში 75,000 ლარამდე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული, ხოლო 2020-2021 წლებში - 6 მლნ ლარზე მეტი ღირებულების.

 

დასკვნა

 

კორონავირუსთან დაკავშირებული შესყიდვების ანალიზით კარგად ჩანს, რომ კვლავ პრობლემურად რჩება მათი წინასწარი დაგეგმვა და შესაბამის დროში ტენდერების გამოცხადება. აღნიშული იწვევს არასაჭირო გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების აუცილებლობას, რომელიც თავის მხრივ ზრდის კორუფციულ რისკებს, ზღუდავს კონკურენციას და სახელმწიფოს უკარგავს შანსს, ბიუჯეტი მეტად ეკონომიურად ხარჯოს. 

 

გამოწვევად რჩება კორონავირუსთან დაკავშირებული შესყიდვების მონიტორინგის სირთულეები, შესაბამისი ხელსაწყოები ელექტრონულ მოდულს ჯერ კიდევ არ გააჩნია, რაც ხელს არ უწყობს კოვიდთან დაკავშირებული ხარჯების გამჭვირვალობას.

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის დაწყებიდან ორი წლის თავზე, დაიწყოს ელექტრონული სისტემის გაუმჯობესების პროცესი, რათა მეტად იქნეს გათვალისწინებული მონიტორი ორგანიზაციების პრობლემები და რეკომანდაციები.


კვლევის პროცესში გამოვლენილი რამდენიმე შემთხვევა აჩვენებს, რომ გამარტივებული შესყიდვების პირდაპირ ხელშეკრულებებს კვლავ იღებენ მმართველი პარტიის შემომწირველები და ზოგ შემთხვევაში მოქმედი თანამდებობის პირების კომპანიები. სწორედ ასეთი შემთხვევების შესამცირებლად, უმჯობესია კორონავირუსთან დაკავშირებული შესყიდვების ელექტრონული ტენდერის გზით ჩატარება და კონკურენციის გაზრდა.

 

____

 

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024