რუსული სპორტი და პოლიტიკა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები 13 აგვისტო 2020

არის თუ არა სპორტი დაკავშირებული პოლიტიკასთან? უნდა გავმიჯნოთ თუ არა სპორტი და პოლიტიკა? რა კავშირები არსებობს სპორტსა და პოლიტიკას შორის? - ეს კითხვები პერიოდულად აქტუალური ხდება სხვადასხვა საზოგადოებაში. საქართველოს შემთხვევაში, აღნიშნული დისკუსია ყველაზე მეტად მაშინ მწვავდება ხოლმე, როდესაც საქმე რუსეთს, რუსეთში ჩატარებულ ჩემპიონატებს და რუსულ სპორტულ კლუბებს ეხება. არსებობს მოსაზრება, რომ ცივი ომის დასრულებისა და გლობალიზაციის აქტიურ ფაზაში შესვლის შემდეგ, სპორტმა პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა რეალობა განსხვავებულია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება.

 

რუსეთში თანამედროვე სპორტის სისტემის საფუძვლიანად გასაგებად საჭიროა, რომ ვისაუბროთ სპორტის როლზე საბჭოთა კავშირში. მეორე მსოფლიო ომამდე, სპორტი საბჭოთა კავშირის პოლიტიკაში მნიშვნელოვან ადგილს არ იკავებდა, თუმცა 1921 წელს მოსკოვის კონფერენციაზე დაფუძნდა წითელი სპორტის ინტერნაციონალი, რომელიც ერთი წლით ადრე ლუცერნში შექმნილი სოციალისტ მუშათა სპორტის ინტერნაციონალის ანალოგი იყო, ვინაიდან აღნიშნულში სსრკ მიწვეული არ ყოფილა. წითელი სპორტის ინტერნაციონალში გაერთიანდნენ როგორც საბჭოთა სპორტული ორგანიზაციები, ასევე მემარცხენე სპორტული კლუბები ჩეხოსლოვაკიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. წითელი სპორტინტერნის დეკლარირებულ მიზანს წარმოადგენდა ქალაქისა და სოფლების მასების განათლება და ფიზიკური გაძლიერება იმისათვის, რომ ისინი ფიზიკურად მომზადებულნი ჩართულიყვნენ კლასთა შორის კონფლიქტში. ამავდროულად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საბჭოთა სპორტსმენებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებსა და „ბურჟუაზიულ“ ოლიმპიადებში. 1937 წელს წითელი სპორტინტერნი დაიშალა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი სპორტის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.

 

იოსებ სტალინის ინიციატივით, აქტიურად დაიწყო სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პროპაგანდირება საბჭოთა მოქალაქეებში და სახელმწიფო უშუალოდ ჩაერთო სპორტსმენების საერთაშორიო ოლიმპიადებისა და ჩემპიონატებისთვის მომზადების საქმეში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის პერიოდში, სპორტული სივრცე საბჭოთა ხელისუფლებისთვის იყო ერთგვარი ასპარეზი, სადაც კომუნისტური სახელმწიფოს უპირატესობა დასავლეთზე უნდა დაემტკიცებინათ. წარმატებულ სპორტსმენებს ბევრი ბენეფიტი ხვდებოდათ სხვა საბჭოთა მოქალაქეებთან შედარებით. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა შეჯიბრის გამარჯვებულები, ფაქტობრივად, გმირებად ცხადდებოდნენ სსრკ-ის მასშტაბით, მათ, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ჰქონდათ საშუალება გასულიყვნენ სსრკ-ის საზღვრებს გარეთ, ემოგზაურათ უცხო ქვეყნებში და შეეძინათ იმგვარი პროდუქტი, რაც საბჭოთა კავშირში არ იყო ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენებს საზღვარგარეთ მუდმივად თან ახლდათ „კგბ“-ის აგენტი, რომელიც მათ მოქმედებებს სსრკ-ის ფარგლებს გარეთ მუდმივად ადევნებდა თვალს.

 

საბჭოთა კავშირისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადას, რომელიც საბჭოთა კავშირში ტარდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის წარმატებისა და ძლევამოსილების სიმბოლო, მაგრამ 60-ზე მეტმა ქვეყანამ აშშ-სთან ერთად ბოიკოტი გამოუცხადა ოლიმპიადას საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრის გამო. მიუხედავად ამისა, ოლიმპიადა შედგა და მილიონობით მაყურებლის ყურადღებაც მიიპყრო, ოფიციალური მოსკოვი კი ამ მნიშვნელოვან მოვლენას განსაკუთრებულად ზეიმობდა და დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებდა. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტი, განსაკუთრებით კი ოლიმპიური თამაშები, მშვიდობასთან ასოცირდება და აქვს უნარი, რომ მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანოს, ავტორიტარული, ტოტალიტარული და აგრესორი რეჟიმებისთვის ის საუკეთესო საშუალებაა დროებით მაინც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება რეჟიმის დანაშაულებიდან ამგვარ ღირსშესანიშნავ მოვლენებზე გადაიტანოს, ქვეყნის რეპუტაცია გააუმჯობესოს და გარკვეულწილად მოახდინოს არსებული რეჟიმის ლეგიტიმაციაც. საბჭოთა კავშირისთვისაც 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს სწორედ ამგვარი დატვირთვა ჰქონდა.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში უამრავმა სპორტსმენმა და მწვრთნელმა დატოვა რუსეთი. გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სპორტის განვითარება ვეღარ ხდებოდა სათანადო დონეზე, ამიტომ სპორტსმენები ცდილობდნენ კარიერა უფრო წარმატებულ, დასავლურ კლუბებში გაეკეთებინათ. ხოლო, იმ სპორტსმენების უმეტესობას, ვინც საბჭოთა კავშირში დარჩნენ, მოუწია, რომ ახალ რეალობას მორგებოდა. ახალი რეალობა კი ეკონომიკურ სიდუხჭირესა და გაზრდილ კრიმინალს გულისხმობდა. 1990-იანი წლებიდან სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა ცნობილი სპორტსმენების სახელები კრიმინალურ წრეებში. 1990-იან წლებში გაჩენილ უამრავ კრიმინალურ ავტორიტეტს სწორედ სპორტული წარსული ჰქონდა.[1] 1995 წელს გაერთიანებული ერების ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ რუსეთში ორგანიზებულ დანაშაულებში ჩართულ პირთა რაოდენობა 3 მილიონს შეადგენდა.[2] არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ მათ შორის ზუსტად რამდენი იყო სპორტსმენი, მაგრამ აღსანიშნავია ერთ-ერთი მათგანი - ოთარ კვანტრიშვილი, ყოფილი წარმატებული მოჭიდავე, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთში ერთ-ერთ გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლებოდა. მან ამავე პერიოდში დააარსა „სპორტსმენების სოციალური დაცვის ფონდი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სპორტსმენებისთვის სამსახურის მოძებნა, ახალი სტადიონებისა და სავარჯიშო დარბაზების მშენებლობა, რათა „ერი ნარკოდამოკიდებულებისა და გეი ადამიანებისგან დაეცვათ“.[3] აღნიშნული ფონდი მნიშვნელოვან დახმარებას და საგადასახადო შეღავათებს იღებდა ბორის ელცინის მთავრობისგან. მოგვიანებით, 1994 წელს, კვანტრიშვილმა დააარსა პოლიტიკური პარტიაც სახელწოდებით „რუსი სპორტსმენები“. იმავე წელს კი, იგი აბანოში ვიზიტისას მოკლეს. როგორც კვანტრიშვილის საქმესთან დაკავშირებით New York Times წერდა 1994 წელს, „ბიზნესი, კრიმინალი, სპორტი და პოლიტიკა რუსეთში ერთმანეთთან გადაიჯაჭვა“.

 

ერთმანეთთან გადაჯაჭვული ბიზნესი, კრიმინალი, სპორტი და პოლიტიკა ეხებოდა არა მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებიც რუსეთში დარჩნენ, არამედ მათაც, ვინც რუსეთი დატოვა. მაგალითად, აშშ-ში წასულ რუს ჰოკეის მოთამაშეებს კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად ავიწროებდნენ და აიძულებდნენ, რომ გარკვეული თანხა ეხადათ რუსული მაფიისთვის, რის სანაცვლოდაც ოჯახების უსაფრთხოების გარანტიას აძლევდნენ. ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევა იყო ცნობილი ჰოკეის მოთამაშის, პაველ ბურეს მანქანის აფეთქება. ბურე არ აღიარებდა რუსულ მაფიასთან რაიმე კავშირს, მაგრამ მისი ახლო მეგობარი იყო ანზორ კიკალიშვილი, კრიმინალური ავტორიტეტი. ასევე არსებობდა ეჭვები სხვა სპორტსმენების კავშირებთან რუსულ მაფიასთან და იმის შესახებ, რომ რუსული მაფია მათ იყენებდა არა მხოლოდ ფულის მისაღებად, არამედ დასავლეთში საკუთარი ბიზნეს ინტერესების გასატარებლადაც.

 

ამავდროულად, კაპიტალიზმის პირობებში, რუსეთში სპორტის განსავითარებლად რუსეთის ხელისუფლებამ საკმაოდ სპეციფიკური სისტემა შეიმუშავა. 1992 წელს დაარსდა „ეროვნული სპორტის ფონდი“, რომელიც ოფიციალურად არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია იყო, რომელსაც უნდა მოეზიდა თანხები ეროვნული სპორტის განსავითარებლად. თავდაპირველად, ორგანიზაციას ბორის ელცინის ტენისის ყოფილი მწვრთნელი, შამილ ტარპიშჩევი უძღვებოდა, მოგვიანებით კი იგი მისმა მეგობარმა, ბორის ფედოროვმა ჩაანაცვლა. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს სპორტის განსავითარებლად შექმნილი ორგანიზაციისთვის, მისი შემოსავლის მთავარი წყარო იყო ის, რომ მას სახელმწიფოსგან მიეცა უფლება ზედმეტი გადასახადების გარეშე ქვეყანაში შემოეტანა და ევაჭრა ალკოჰოლით, სიგარეტით და სხვა პროდუქტებით. მალევე, „ეროვნული სპორტის ფონდი“ ერთ-ერთი მდიდარი ორგანიზაცია იყო ქვეყანაში. ნელ-ნელა კი მისი აქტივობები გაფართოვდა საბანკო, სადაზღვეო და აზარტული თამაშების სფეროებშიც. კიდევ ერთი არყის მსხვილი იმპორტიორი რუსეთში იყო რუსეთის ყინულის ჰოკეის ფედერაცია და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ბიზნეს საქმიანობები დიდ შემოსავალთან იყო დაკავშირებული, ბუნებრივია, რომ კრიმინალური ავტორიტეტების ყურადღებასაც იქცევდა, ამიტომ სპორტის სფეროში რუსული მაფიაც აქტიურად იყო ჩართული. შედეგად, 1997 წელს მოკლეს რუსეთის ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი, ვალენტინ სიჩი, 1996 წელს კი ჰქონდათ ფედოროვის მკვლელობის მცდელობაც.

 

ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ რუსულ სპორტთან მიმართებით ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა კვლავ შემორჩენილია საბჭოთა და 1990-იანების კვალი. პუტინი, რომელიც წარსულში თავად იყო დაკავებული ძიუდოთი, მუდმივად გამოხატავს ინტერესს სპორტის სხვადასხვა სახეობის მიმართ, პირადი კავშირები აქვს უამრავ სპორტსმენთან და მწვრთნელთან, თუმცა მისი დაინტერესება სპორტით ასევე კავშირშია მის სურვილთან, რომ მუდმივად ასოცირდებოდეს წარმატებასა და ძლევამოსილებასთან. მაგალითად, მაშინ, როცა უკრაინაში დაძაბულობა მატულობდა, პუტინი და მისი გარემოცვა სოჭის ოლიმპიადისთვის სამზადისში იყვნენ ჩართული. ოლიმპიადის რუსეთში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ნამდვილი გამარჯვება იყო პუტინის რეჟიმისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავდა იმას, რომ მას ჰყავს მხარდამჭერები საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, 2012 წლის ოლიმპიადის ჩატარება დიდ ბრიტანეთში მაშინ, როცა ამაზე პრეტენზიას რუსეთიც აცხადებდა, პუტინმა პირად მარცხად აღიქვა და, შესაბამისად, 2014 წლის ოლიმპიადის შესახებ გადაწყვეტილებას პირადი ძალაუფლებისა და გავლენის საკითხად განიხილავდა. გამარჯვების შემდეგ კი, რუსეთის ხელისუფლებამ ოლიმპიადისთვის კოლოსალური თანხების ხარჯვა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, კორუფციული სქემების სიმრავლეზე აქტიურად საუბრობდა ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდი“. პუტინისავე განცხადებით, ჯამში, ოლიმპიადაზე 214 მილიარდი რუბლი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა, ერთ თვეში კი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო დონბასში. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარებამ რუსეთში პუტინის ხელისუფლებას, რომლის რეიტინგიც იმ პერიოდში ეცემოდა, მისცა საშუალება საზოგადოების კონსოლიდაცია მოეხდინა, შემდგომ კი წამოეწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქვეყნის შიგნით პუტინის რეჟიმის ლეგიტიმაციის ზრდას.

 

იგივე შეიძლება ითქვას 2018 წლის FIFA-ს მსოფლიო თასზე, რომლის რუსეთში ჩატარებასაც, ასევე, პირად გამარჯვებად აღიქვამდა პუტინი. მსოფლიო თასის რუსეთში ჩატარება იყო იდეალური საშუალება მისთვის, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ საერთაშორისო დონეზე გაფუჭებული რეპუტაცია, რასაც მრავალი ეკონომიკური სანქცია მოჰყვა დასავლეთის მხრიდან, უფრო მასშტაბური ღონისძიებით გადაეფარა და ქვეყნის იმიჯის რებრენდინგი განეხორციელებინა.

 

 

ვლადიმირ პუტინი FIFA-ს მსოფლიო თასის ფინალის დაჯილდოებაზე

 

იმას, რომ რუსული პოლიტიკა საკმაოდ მჭიდროდაა გადაჯაჭვული სპორტთან, ადასტურებს ე.წ. რუსული დოპინგის სკანდალიც. 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს (Wada) საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ რუსი სპორტსმენები აქტიურად იყენებდნენ აკრძალულ პრეპარატებსა და მეთოდებს თავიანთი შედეგების გასაუმჯობესებლად, რუსეთის ხელისუფლება კი უშუალოდ იყო ჩართული როგორც აკრძალული პრეპარატების მიწოდების, ასევე რუსი სპორტსმენების ანალიზების გაყალბების საქმეში. შედეგად, რუსეთს აეკრძალა მონაწილეობა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში და რუს სპორტსმენებს მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მიეცათ. 2019 წელს კი Wada-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ფედერაციას 4 წლით შეჩერებოდა მთავარ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი სპორტსმენები რუსული დროშის ქვეშ ვერ იასპარეზებენ ვერც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ვერც - პარაოლიმპიადაზე და ვერც 2022 წლის მსოფლიო თასზე კატარში. აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, რუსეთში დოპინგის შემთხვევების უპრეცედენტო რაოდენობაა დაფიქსირებული. შედეგად, ოლიმპიური და სხვა ჩემპიონატების მედლები ჩამოერთვა არა ერთ რუს სპორტსმენს. ჩამორთმეული მედლების რაოდენობით კი რუსეთი ყველა სხვა ქვეყნის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს. გარდა ამისა, რუსული დოპინგი უნიკალურია იმ მხრივაც, რომ დოკუმენტურად დადასტურებულია ამგვარ მანიპულაციებში რუსული სახელმწიფოს ჩართულობა.

 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში თითქმის შეუძლებელია ისეთი მსხვილი ბიზნესმენის პოვნა, რომელიც რაიმე ფორმით არ აფინანსებს სპორტს. მათ უმეტესობასთან პუტინს პირადი კავშირები აქვს, რაც გასაკვირი არაა ისეთ კლეპტოკრატიულ სახელმწიფოში, როგორიც თანამედროვე რუსეთია - სადაც სახელმწიფოში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ოლიგარქები და კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულნი არიან და იმართებიან პუტინის რეჟიმის მიერ. „პუტინის წრის“ ბიზნესმენები აქტიურად არიან ჩართული სპორტშიც. მაგალითად, Nornickel ნიკელისა და პალადიუმის მომპოვებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა რუსეთში, რომლის წილების ყველაზე მსხვილი მფლობელი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელიც არის ვლადიმირ პოტანინი. ის ხშირად ესწრება ჰოკეის თამაშებს პუტინთან ერთად, აქტიურად ლობირებდა სოჭის ოლიმპიადის პროექტს და იყო სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოების უმსხვილესი ინვესტორი.  სწორედ Nornickel აფინანსებს რუსეთის ჰოკეის ფედერაციას, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს და სხვა სპორტულ ორგანიზაციებს. Nornickel-ის მფლობელობაშია რუსული საკალათბურთო გუნდი ЦСКА-ც.

 

 

ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ პოტანინი

 

სპორტულ სამყაროში აქტიურად არიან ჩართული სხვა რუსული მსხვილი კომპანიებიც, რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან პუტინის გარემოცვასთან. Gazprom ფლობს FC Zenit Saint Petersburg-ს, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. კლუბში ყველანაირ გადაწყვეტილებას Gazprom-ის მმართველი, ალექსეი მილერი იღებს. ასევე, Gazprom ასპონსორებს ჰოკეის კლუბ SKA-ს, რომელსაც თავის მხრივ გენადი ტიმჩენკო უძღვება, რომელიც ფორბსის მილიარდერების რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს და კლუბს მართავს პუტინის ახლო, ბავშვობის მეგობართან, არკადი როტენბერგთან და მის ბიძაშვილთან, რომან როტენბერგთან ერთად. გარდა ზემოთჩამოთვლილებისა, Gazprom-ის მიერ დაფინანსებული სპორტული კლუბების სია საკმაოდ ვრცელია.

 

 

დასკვნა

 

თანამედროვე ისევე, როგორც საბჭოთა რუსეთის ისტორიაში სპორტი და პოლიტიკა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. თუკი საბჭოთა კავშირი სპორტს იყენებდა დასავლეთზე უპირატესობის დასამტკიცებლად და საბჭოთა რეჟიმის რეპუტაციის საერთაშორისო დონეზე გასაუმჯობესებლად, თანამედროვე პუტინის რეჟიმი სპორტს რამდენიმე მიზნით იყენებს: უპირველეს ყოვლისა, სპორტული ღონისძიებებისა და შესაბამისი პროპაგანდის მეშვეობით პუტინი ახდენს საკუთარი იმიჯის ასოცირებას გამარჯვებასა და ძლევამოსილებასთან; გარდა ამისა, ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორებიცაა ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო თასი, პუტინის რეჟიმი იყენებს, ერთი მხრივ, საერთაშორიო დონეზე საკუთარი იმიჯის რებრენდინგისთვის, მეორე მხრივ კი, რუსი ხალხის კონსოლიდაციისთვის მაშინ, როცა ქვეყანაში სერიოზული სოციალ-ეკონომიკური პრობლემებია; ამასთანავე, სპორტულ სფეროში აქტიურად არიან ჩართულნი მსხვილი ბიზნესმენები პუტინის გარემოცვიდან, რომლებიც აკონტროლებენ სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების უმრავლესობას და მათ იყენებენ სხვადასხვა სახის კორუფციული სქემების ასამუშავებლად. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ისევე როგორც საბჭოთა რუსეთში სპორტის გამიჯვნა პოლიტიკისგან, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დღემდე რუსეთი რჩება სახელმწიფოდ, სადაც ბიზნესი, კრიმინალი, სპორტი და პოლიტიკა მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან.

 

___

 

[1] Galeotti, Mark, The Vory : Russia's super mafia, London ; New Haven : Yale University Press, 2018 

[2] UN Crime Prevention and Criminal Justice Newsletter, nos. 26–7, Nov. 1995.

[3] Klebnikov, Paul (2000). Godfather of the Kremlin: Boris Berezovsky and the looting of Russia.

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024