რუსული საინფორმაციო ომი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 16 სექტემბერი 2020

2020 წლის 3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა. კიბერშეტევის მიზანი იყო სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება. კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი აიტვირთა ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე. გარდა ავთენტიკური დოკუმენტებისა, აღნიშნულ ვებგვერდზე აიტვირთა ფალსიფიცირებული მასალები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა საზოგადოების დაშინება, დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

 

მიუხედავად იმისა, რომ შსს დღემდე არ ასახელებს ქვეყანას, საიდანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელდა კიბერშეტევა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ივარაუდა, რომ შეტევა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ასევე, კიბერშეტევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში რუსეთი ახსენა საქართველოს პრეზიდენტმაც, სალომე ზურაბიშვილმა. აღნიშნულ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკვე წლებია გრძელდება თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რაც მეტწილად საინფორმაციო ომის ხასიათს ატარებს.

 

ერთ-ერთი მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია რუსეთის მხრიდან 2018 წელს დაიწყო და მასში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, KGB-ის ყოფილი თანამშრომელი, იგორ გიორგაძე, რომელიც წლების წინ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. 2018 წლის 11 სექტემბერს, გიორგაძემ მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე ლუგარის ლაბორატორია დაადანაშაულა ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებასა და ბიოლოგიური იარაღის შექმნაში. ასევე, მისივე მტკიცებით, მან დაიწყო დოკუმენტების გამოქვეყნება საქართველოში ამერიკული ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, სადაც ადამიანებზე ლეტალური ექსპერიმენტების ჩატარება შეეძლოთ. მისი განცხადება მალევე აიტაცა რუსულმა პროპაგანდისტულმა და ქართულმა პრორუსულმა მედიამ - НТВ, 1 канал, РЕН ТВ, Россия-24, სპუტნიკ-საქართველო და საქინფორმი. НТВ-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც გიორგაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეიქმნა, ნათქვამი იყო, რომ ლუგარის ლაბორატორიაში C ჰეპატიტის წამლის გამოცდა ხდება ადამიანებზე, რის გამოც საქართველო ამ წამალს უფასოდ იღებს, შედეგად კი საქართველოს არაერთი მოქალაქე გარდაიცვალა. აღნიშნული, ცხადია, არ შეესაბამება სიმართლეს იქიდან გამომდინარე, რომ C ჰეპატიტის წამლებს „სოვალდსა“ და „ჰარვონს“, რომლებსაც საქართველო უფასოდ იღებს, ევროპული და ამერიკული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნია და არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება.

 

ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გავრცელებულ რუსულ დეზინფორმაციაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა BBC-მაც, რომლითაც დაადგინდა, რომ რუსული ოფიციალური პირებისა და მედიის მიერ გავრცელებული ცნობები საქართველოში აშშ-ის დაფინანსებით აშენებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სიცრუეა. ასევე, BBC-ის სიუჟეტში თავად გიორგაძემაც აღიარა, რომ არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ტარდება ცდები. მის მიერ ერთ-ერთ ვებგვერდზე ლუგარის ლაბორატორიიდან ამოღებული დოკუმენტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მან თქვა: „რაც თქვენ საიტზე წაიკითხეთ, ეს არის დასკვნა იმ ადამიანებისა, ვინც [ეს დოკუმენტები] გააანალიზეს. მე ანალიზი არ გამიკეთებია. მე ეს არ მითქვამს“. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში პაციენტებს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რაც კლინიკურად ნებადართული არ იყო, კი მან უპასუხა: “არა. მე არ მაქვს საერთოდ არანაირი სურვილი, რომ რამე დავამტკიცო. მე კითხვას ვსვამ. აი, ახლა თქვენ მიპასუხეთ, თქვით, რომ ეს [დოკუმენტები] არაფერს ამტკიცებს. კეთილი. ამ ინტერვიუს, მას შემდეგ, რაც თქვენ გაუშვებთ, დავდებთ ჩვენს საიტზე. და ვნახავთ, რომ იქნება ერთი მხარე, რომელიც ამბობს, რომ ეს არის მტკიცებულება, მეორე კი ამბობს, რომ არა”.

 

მიუხედავად იმისა, რომ იგორ გიორგაძემ თავადვე უარყო მის მიერვე გავრცელებული დეზინფორმაცია, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული საინფორმაციო ომი ამით არ ამოწურულა. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული მსგავსი შინაარსის შემცველი დეზინფორმაცია დღემდე ვრცელდება არა მხოლოდ რუსული და ქართული პრორუსული წყაროების მეშვეობით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. მაგალითად, ბოლოს, 2020 წლის 9 სექტემბერს, ინდურმა ინგლისურენოვანმა გამოცემამ The Kootneeti გამოაქვეყნა რუსული International Affairs Journal-ის ანალიტიკოსის, სლავიშა ბატკო მილაჩიკის სტატია „იხდის თუ არა აშშ ფულს საქართველოს მოქალაქეების სიკვდილში?“ („Does the US pay for the death of the citizens of Georgia?“). სტატია გაჯერებულია იგივე ტიპის დეზინფორმაციით ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც იგორ გიორგაძე და რუსული წყაროები აქტიურად ავრცელებდნენ. თუმცა, სტატიის დასასრულს მითითებულია, რომ „სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს The Kootneeti-ის გუნდის პოზიციას“.

 

 

წყარო: The Kootneeti   

 

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გიორგაძის განცხადებამდე, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსსელხოზნადზორი”) პრესმდივნმა, იულია მელანომ Российская газета-სთან მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებული აზიური ფაროსანა შესაძლოა ლუგარის ლაბორატორიაში ყოფილიყო გამოყვანილი. უფრო ადრე კი რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა და ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ ლუგარის ლაბორატორია ჯერ - ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში, შემდეგ კი აფხაზეთში ზიკას ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაში დაადანაშაულა.

 

ზემოაღნიშნული დეზინფორმაციის გარდა, რუსულ და პრორუსულ მედიაში ეტაპობრივად მუდმივად ჩნდებოდა ახალი ტიპის ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. მას ადანაშაულებდნენ ღორის გრიპის გავრცელებაში, სირიაში გამოყენებული ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში, აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში და ა.შ. კორონავირუსის პანდემიის დროს, ლაბორატორია კიდევ ერთხელ იქცა რუსული დეზინფორმაციის სამიზნედ და მას COVID-19-ის ხელოვნურად გავრცელება დასდეს ბრალად. ეს ვერსია აქტიურად აიტაცა ქართულმა პრორუსულმა მედიამაც და News Front-ზე გაჩნდა სტატია სათაურით: „კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!“. პანდემიის დროს, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ოფიციალური განცხადებები გაკეთდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც. 2020 წლის 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან ლუგარის ცენტრის შესაბამისობის საკითხი „კითხვებს ბადებს“. ამასთანავე, რუსეთმა 2020 წლის მაისში მოითხოვა, რომ რუს ექსპერტებს მისცემოდათ წვდომა ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევის პარალელურად კი რუსეთში ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის საქმეში კვლავ „ქართულ კვლაზე“, კონკრეტულად კი ლუგარის ლაბორატორიაზე დაიწყეს საუბარი.  რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა РИА Новости-ისთან ინტერვიუში, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ „ნოვიჩოკის“ მსგავსი ქიმიური ნივთიერება მზადდება არა რუსეთში, არამედ საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკული მხარის მიერ ისევე, როგორც აშშ-ში.

 

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსულ კვალზე მიუთითებს უახლესი წარსულის საერთაშორისო გამოცდილებაც და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების მიერ წარმოებული კიბეროპერაციები, რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ IDFI-ის სტატიაში. ბოლო დროის მოვლენები კი ადასტურებს იმას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომი საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ამგვარ გამოწვევებთან გასამკლავებლად კი აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღები პირების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების აქტიური თანამშრომლობა, რათა შემუშავდეს რუსულ დეზინფორმაციასთან და კიბერ საფრთხეებთან ეფექტურად გამკლავების სტრატეგია.

 

___

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024