რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

სიახლეები | კვლევები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 10 მარტი 2022

რუსეთის მავნე გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კვლავ განსაზღვრავს რეგიონის მწვავე გამოწვევებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კიბერ ომი, მისი სტრატეგიები და ტენდენციური დეზინფორმაციული ნარატივები ყურადღების ცენტრში მოექცა და იწვევს ბევრ დისკუსიას, საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში რუსული გავლენის კვლევას ჯერ კიდევ აკლია განახლებული, ემპირიული მტკიცებულებები. კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის ბრუნვასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებით – გარდამავალი ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნებში. კონტრდეზინფორმაციული აქტივობები გასცდა მხოლოდ მედიის ჩარჩოებს და აღიარებს ფულსა და ბიზნესს, როგორც მავნე გავლენისა და საშუალებების ძირითად ვექტორებს არაწრფივი/არასწორხაზოვანი ომის ინსტრუმენტებში.

 

ასეთი ტიპის ბიზნეს კავშირებისა და გავლენის გამოაშკარავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ზეგავლენა ხშირად სცდება ბიზნესის საზღვრებს და ვრცელდება მედიაზე, პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ზოგადად, ბიზნესი დაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებთან და გავლენას ახდენს საზოგადოების აღქმასა და გრძელვადიან დამოკიდებულებებზე. ასეთი მჭიდრო კავშირების გამოკვლევა - პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედია აქტორებსა და ბიზნესკომპანიებს შორის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ, აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულების ხარისხი ქართულ ბიზნესსა და სტრატეგიულ სფეროებში (რაც შეიძლება, გარკვეულწილად, საფრთელს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას). ეს ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ვრცელი საინფორმაციო გარემოს გასაცნობიერებლადაც. წინამდებარე  კვლევის მიზანია, საქართველოში რუსული კაპიტალის შესწავლა და მის უკან მდგარი პირების იდენტიფიცირება. კვლევა ასევე საშუალებას იძლევა იმ მავნე პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო აქტორების დაფინანსების წყაროების გამოაშკარავებისა, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ქვეყანაში.

 

2015 წელს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოაქვეყნა ანგარიში „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“. ამ ანგარიშში განხილული და  შესწავლილი იყო რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული კომპანიების მუშაობა, რესურსები და კავშირები ბიზნესის სხვადასხვა დარგში, როგორიცაა ენერგოსექტორი, ნავთობი, გაზი, ჰიდრორესურსები, მანქანათმშენებლობა, სამთო მოპოვება, ტურიზმი, მინერალური წყლები, საბანკო და ინვესტიციების სხვა მსხვილი სექტორები.

 

რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ამერიკამ და ევროკავშირმა რუსულ კომპანიებს, ოლიგარქებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესეს. სანქციები განიხილება, როგორც დასავლეთის პოლიტიკის ცენტრალური ელემენტი რუსეთის მავნე აქტივობების წინააღმდეგ. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების ოფისმა (OFAC) რუსული კომპანიები და 275-ზე მეტი შვილობილი კომპანია შეიყვანა სექტორული სანქციების იდენტიფიკაციის (Sectoral Sanctions Identifications (SSI)) სიაში. კონგრესის კვლევის სამსახურის მოხსენების თანახმად, სია მოიცავს ძირითად სახელმწიფო კომპანიებს საფინანსო, ენერგო და თავდაცვის სექტორებში. 

 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ 24 თებერვალს სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. კერძოდ, სანქცირებულთა შორის მოხვდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკები — „სბერბანკი” და „ვეტებე ბანკი”. სანქციები ასევე შეეხება ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიასაც” (“ვითიბი ბანკი”). თეთრი სახლის განცხადებით, გაიყინება „ვეტებე ბანკის” ნებისმიერი აქტივი, რომელიც აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან არის შემხებლობაში. გარდა ამისა, სანქციები, რომლებიც 2022 წლის 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება, გულისხმობს სანქცირებული ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას. 

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სანქციების დაწესების შემდეგ განაცხადა, რომ „როგორც  „ვითიბი ბანკი”, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის მზად არიან. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. „ვითიბი ბანკი“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდურობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს”, – ნათქვამია სების 25 თებერვალს გავრცელებულ ცნობაში. 3 მარტს სებ-მა "ვითიბი ბანკი" არსებული ფიზიკური პირების ანაბრების და სესხების სს “ბაზის ბანკში” გადასვლის შესახებ განაცხადა. ასევე ითქვა, რომ ბანკის იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი სს "ლიბერთი ბანკში" გადავა. ეს ნაბიჯები პრაქტიკულად იწვევს “ვითიბი ბანკის” ოპერირების გაურკვეველი ვადით შეჩერებას.  

 

ძირითადი დასკვნების შეჯამება:

 

- კომუნიკაციების სფეროში, იდენტიფიცირებულია ისეთი ფართოდ ცნობილი ბიზნესმენების კავშირები (მფლობელობა, მმართველი წილები), როგორიცაა უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი (კომპანია LetterOne).  Მისი სხვა კორპორაცია „ალფა ჯგუფი” ფლობს მინერალური წყლის, „ბორჯომის” წარმოებას საქართველოში. მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა იმ მიზეზით, რომ იგი ერთი მხრივ აქტიურ მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა და სარგებელს იღებდა იმ რუსი პირებისგან, რომლებიც ყირიმის ანექსიისა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე იყვნენ პასუხისმგებლები.

 

- კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების წინადადებებით ცნობილი - პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშვნელოვანი გავლენა. ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს  ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს.  ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპნეტი”. Ამ უკანასკნელის ბიზნესპარტნიორია რუსული კომპანია “ვესტელკომი”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია “როსტელეკომის" შვილობილი კომპანიაა.

 

- საქართველოში მოქმედი მაუწყებლების ფინანსური მდგომარეობის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია კვლევის ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. 

 

- Საბანკო სექტორში, იდენტიფიცირებულია მხოლოდ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას”  რუსული კომპანია „ვეტებე ბანკი”-ს მფლობელობა.  ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაცია 59.34%-ით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და ვითიბიმ საკუთარი პორტფელების სხვა ბანკებზე გასხვისება დაიწყო

 

- სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორებში, რუსული კავშირების იდენტიფიცირების შემდეგ (მოქალაქეობის ან/და კუთვნილების მიხედვით), შემოწმდა 120-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის საქმიანობა.

 

- აღნიშნულ სექტორებში რუსული კავშირები, მფლობელობისა და მმართველობითი წილები, ისევე როგორც მმართველ პარტიებთან აფილირება გამოიკვეთა შემდეგ კომპანიებში: RMG Gold, შპს “მინერალური წყალი საირმე”, შპს “კაპიტალ ჯგუფი”, შპს “მეგა ჰოლდინგი”, “გრუზვინპრომი”, შპს “მიქსორი”.

 

- ჩამოთვლილი კომპანიები ფლობენ ლიცენზიებს მინერალური წყლების, ოქროს, ქვანახშირის მოპოვებაზე. მაგალითისათვის, შპს “მინერალური წყალი საირმე” მინერალური წყლების მოპოვების 5 სხვადასხვა ლიცენზიას ფლობს. კომპანიის მესაკუთრეცა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი რუსეთის მოქალაქეები არიან. საბჭოს აღნიშნული წევრი, გია გვიჩია, რუსეთში ცნობილი მილიარდერია, მისი და, ნანა გვიჩია კი პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეა. 

 

- შპს “მიქსორი” მინერალურ წყლებს მოიპოვებს. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე შპს “ქისთოუნ ინვესთმენთსია”, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთის მოქალაქე თემურ ანჩაბაძე ფლობს. “ქისთოუნ ინვესთმენთსი” ანჩაბაძის რუსული ბიზნესჯგუფის წევის კომპანიაა და მათსავე ვებგვერდზე აღწერილია როგორც კომპანია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას South Stream პროექტში, რათა გაზარდოს რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება და დამატებითი გაზის ტრანსპორტირება ცენტრალურ და სამხრეთ რუსეთის რეგიონებში.

 

/public/upload/Analysis/russian_capital_in_georgia GEO-Final.pdf

 

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით. კვლევაში წარმოდგენილ მოსაზრებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება კვლევით ორგანიზაციას და იგი არ ასახავს USAID-ის, შეერთებული შტატების მთავრობის ან Zinc Network-ის შეხედულებებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024