რეალობის ხელახალი ფორმირება: დეზინფორმაციის როლი ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯებაში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 16 თებერვალი 2024

ანალიტიკური სტატიის ავტორია თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის (ბაკალავრიატის) II კურსის სტუდენტი, ნია კუჭავა. აღნიშნული ესე დაიწერა კონკურსისთვის „დეზინფორმაციის როლი ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში“.

 

კონკურსი ჩატარდა IDFI-ს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ნია კუჭავა არის კონკურსის გამარჯვებული  - II ადგილის მფლობელი.

 

 

-

 ისტორიული რეალობის დამახინჯება, ფრაგმენტირება და მისთვის ცალკეული იდეოლოგიური თუ სხვა მიკერძოებული ნარატივებისა და მსოფლმხედველობის მიხედვით დეკონსტრუირება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ რა მექანიზმი არსებობს ისტორიული მეხსიერების ფორმირების პროცესში და რა კონკრეტული მახასიათებლები უნდა ჰქონდეს ახალ, დამახინჯებულ ისტორიას იმისათვის, რომ მიღებულ ნორმად და ჭეშმარიტებად გადაიქცეს. მოცემულ ესეში განვიხილავთ სწორედ იმ მექანიზმებს, რომლებიც აქცევს ,,ფაქტებს“ წარსულის უტყუარ ანარეკლად და იმ შემთხვევებს, როდესაც დეზინფორმაციამ სრულყოფილად შეითვისა რეალობისთვის დამახასიათებელი დამაჯერებლობა და მემკვიდრეობითობა.

 

[1] აპარატი ჯგუფური ექსპერიმენტებისთვის (with screen removed; from Sherif, 1936, p.94).

 

იმისათვის, რომ უკეთესად გავიაზროთ დეზინფორმაციის ჭეშმარიტებად მიღებისა და მისი გავლენით ხელახალი რეალობის კონსტრუირების ფენომენი, ის უნდა აღვიქვათ, როგორც ერთ-ერთი სახე კრისტალიზებული სოციალური ნორმისა. სოციალური ფსიქოლოგიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, თუ როგორ იქცევა კონკრეტული ,,ფაქტი“ თუ შეფასება გაზიარებულ ჭეშმარიტებად და რა არის საკმარისი იმისათვის, რომ ახალი რწმენა ზემოთ ხსენებული ,,ფაქტებისა“ იყოს იმდენად მძლავრი, რომ თაობებისა თუ განსხვავებული და მრავალფეროვანი ჯგუფების ბარიერებიც კი დაარღვიოს. პირველი ექსპერიმენტი, რომელიც სწორედ ,,ტყუილის“, არასანდო ინფორმაციისა და ფიზიკური კანონებიდან გამომდინარე, რეალობასთან თუ ბუნებრივ სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამო ხედვების სოციალურ ნორმებად გარდაქმნას შეისწავლიდა, მუზაფერ შერიფის ავტოკინეტიკური ეფექტის, კონფორმულობის ტესტი გახლავთ.[2] ექსპერიმენტის ტექნიკური მხარე საკმაოდ მოსახერხებელი იყო დამკვირვებლებისათვის, რადგანაც, როგორც შერიფი თავადვე აღნიშნავს კვლევის შეფასებაში, სინათლის წერტილის წარმოქმნა ბნელ ლაბორატორიაში საკმაოდ მარტივი იყო, მაყურებელს კი ექმნებოდა ილუზია, რომ წერტილი მოძრაობდა, როცა ის რეალურად ერთ ადგილას იყო ფიქსირებული. შერიფის მიზანი იყო დაედგინა, თუ როგორ გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივი წნეხი ექსპერიმენტების მონაწილეებზე, კერძოდ, რამდენად გადაიხრებოდა მათეული აღწერილობა სინათლის წერტილის მოძრაობისა დომინანტი ჯგუფების მიერ იმავე მდგომარეობის განსხვავებული ინტერპრეტაციისკენ, როდის დაემთხვეოდა ექსპერიმენტის მონაწილეების ჩვენებები ერთმანეთს და რამდენად მასშტაბური გავლენა იქნებოდა საჭირო იმისათვის, რომ კონკრეტული წარმოდგენა სინათლის წერტილის შესახებ გაზიარებულ, მიღებულ ჭეშმარიტებად, აწ უკვე ნორმად ჩამოყალიბებულიყო. ექსპერიმენტის ძირითად დასკვნაში შერიფი გამოყოფს რამდენიმე შენიშვნას, რომელთა თანახმადაც, ჯგუფები უფრო მეტად ექცეოდნენ იმ ადამიანების შეფასებების გავლენის ქვეშ, რომლებსაც დამკვირვებლებისგან ჰქონდათ მიღებული კონკრეტული დავალება სპეციფიკური შეფასების გამოთქმისა, როცა ისინი სესიებზე ფიზიკურად იმყოფებოდნენ. აგრეთვე, შეინიშნებოდა ახლად ჩამოყალიბებული ნორმის კრისტალიზაციის, მისი გამყარებისა და მემკვიდრეობითი თვისებების შეძენის ტენდენცია. ჯგუფების დაშლისა და ხელახალი ფორმირების, სესიების რაოდენობებისა და მათ შორის არსებული დროითი სხვაობის მიუხედავად, ადამიანები არ იცვლიდნენ თავიანთ წარმოდგენებს უკვე გამყარებული და მიღებული ჭეშმარიტების შესახებ.

 

შესაბამისად, შერიფის ექსპერიმენტი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანების მეხსიერებაზე გავლენას ახდენს უამრავი სახე-სიმბოლო, იქნება ეს თავად ექსპერიმენტატორის სტატუსი და როლი, დიდი გავლენებისა თუ საზოგადოებრივი კაპიტალის მქონე პიროვნება, რომელიც a priori იმსახურებს საზოგადოების ნდობას თუ უბრალოდ ერთი აზრის მიმართ კონფორმული ჯგუფის რაოდენობრივი უპირატესობა თუ მასშტაბურობა. შესაბამისად, თუ ახლად ჩამოყალიბებული, მიზანმიმართულად ფორმირებული იდეოლოგიისა თუ მსოფლმხედველობის მატარებელი ფაქტი შეძლებს პიროვნების სოციალურად მიღებული ფაქტებისადმი კონფორმული მიმართებებით მანიპულირებას, ისიც ასევე ჩამოყალიბდება სოციალურ ნორმად, ფაქტად, რომელსაც ამყარებს ზოგადი საზოგადოებრივი შეხედულებები და წარმოდგენები და ცალკეული ადამიანის მოსაზრება იმდენად უმნიშვნელოდ იხატება ზოგად, დომინანტურ რწმენა-წარმოდგენებთან შედარებით, რომ უმცირესობის წარმომადგენელი საკუთარი შეხედულებების გაზიარებისა და გავრცელების მოტივაციას კარგავს. დეზინფორმაციისადმი ადამიანების კონფორმულობა გამომდინარეობს ჩვენი სოციალური მოთხოვნილებისგან, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ინფორმაციული თვალსაზრისით მართებული ქმედებების ჩადენის სურვილს. კონკრეტულ სოციალურ სიტუაციებში ადამიანები მიჰყვებიან გაწერილ სცენარებს, აკვირდებიან სხვა ადამიანებს და ააქტიურებენ მათ გონებაში დროსთან და გამოცდილებასთან ერთად უკვე ჩამოყალიბებულ ქცევათა ნაკრებს, რომელიც, მათი აზრით, დაეხმარებათ ზემოთ ხსენებულ სცენებში მოიქცნენ ,,სწორად“. შესაბამისად, სულაც არ გახლავთ გასაკვირი ადამიანების მიდრეკილება დომინანტური აზრების გაზიარებისკენ. ჩვენი გონებისა თუ აზროვნების სოციალური დანაწილება თითქმის ყველა არსებულ სცენარში მოიაზრებს ხოლმე ავტორიტეტისა და დაქვემდებარებულის წყვილის რეპეტიციას, მსგავსი როლები კი შესაძლოა კონკრეტულმა აზრებმა, ფაქტებმა ან წარმოდგენებმაც მოიპოვონ, მათ შორის კი შეიძლება დეზინფორმაციაც აღმოჩნდეს.

 

დეზინფორმაციის ჩამოყალიბებისა და ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ ის კონკურენტუნარიანიც უნდა იყოს და სხვა პოტენციური, შესაძლო, ალტერნატიული რეალობებისგან გამოირჩეს. მისი მახასიათებლები სპეციფიკურად უნდა იყოს მორგებული ,,გადარჩევის“ მდგომარეობას, რათა შეძლოს გადარჩენა და გავრცელება, ამისათვის კი მას სპეციფიკური ფორმა და მახასიათებლები უნდა ჰქონდეს. თუმცა, ამ მახასიათებლებს შორის ნაკლებად პრიორიტეტული გახლავთ ინფორმაციის ვალიდურობა. მიშელ ფუკოს მსჯელობები a priori მოცემულობების შესახებ მნიშვნელოვანი გახლავთ დეზინფორმაციის გაანალიზებისას. “The Archeology of Knowledge” -ში ფუკო საუბრობს ისტორიული მოცემულობების შესახებ და განიხილავს შემთხვევას, როცა ავტორები, სხვადასხვა იდეის შემქმნელები, პოლემიკაში შედიან ხოლმე ერთმანეთის აზრებთან დაკავშირებით.[3] მსგავს შემთხვევაში, როგორც ფუკო აღნიშნავს, ადამიანები ცდილობენ საკუთარი დისკურსები და იდეები შეიტანონ აზრთა იმ წყობაში, რომელიც მათგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა და რომელთა შემოქმედიც სრულიად სხვა პიროვნება გახლდათ. ზედაპირული დავისას კი ჩვენ ზემოთ ხსენებული იდეების შესახებ არსებული ინფორმაციულ ვაკუუმის შევსებას გავრცელებული შეხედულებებით, დაუსრულებელი და ფრაგმენტული იდენტობებით ვცდილობთ. სწორედ ამ დროს შემოდის ისტორიული რეალობის ფენომენი: ისტორიული მოცემულობა არ მოითხოვს ვალიდურობას, მეტიც, ის, პირიქით, კარგავს აუცილებლობას მის უკან არსებული დებულებების, წანამძღვრებისა და ამ წინაპირობებიდან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გამოტანის, მის უკან არსებული იდეებისა და აზრების ერთმანეთთან დაკავშირებისა და ჰარმონიულ თანაარსებობის აღმოჩენის აუცილებლობას. დეზინფორმაციასა და მის ისტორიულ კონტექსტს შორის შესაბამისობების პოვნა, მათი გავრცობა და დაკავშირება შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ სიცრუე გახდეს ისტორიული მეხსიერების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აკმაყოფილებს ისტორიული აზრის მიღებისათვის საჭირო უამრავ მნიშვნელოვან კრიტერიუმს. ის შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ნაგულისხმევი გაგრძელება, დაბოლოება ან თუნდაც საწყისი კონკრეტული ისტორიული ფრაგმენტისა, რომელთანაც საზოგადოებას გააჩნია გარკვეული მიკუთვნებულობა მასთან დაკავშირებული სიმბოლოების სახით. თუ დეზინფორმაციისა და მის ნაგულისხმევ ისტორიულ კონტექსტს შორის იარსებებს მსგავსება იმ ცვლადების სახით, რომელიც საზოგადოებას ეხმარება კონკრეტული ისტორიული რეალობის რეკონსტრუირებაში, მაშინ დეზინფორმაციის ისტორიად ქცევის შესაძლებლობა კიდევ უფრო მაღალი იქნება. შესაბამისად, დეზინფორმაციის წარმატების გარანტი არა მისი აზრობრივი და იდეური მახასიათებლები, არამედ გაზიარებული ისტორიაა, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს მასში ჩადებული ინფორმაციული ნაკრების, მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიების გადაცემასა და გაზიარებას თაობებს შორის. ისტორიული წარსული ქმნის მოთხოვნილებას კონკრეტული იდეების ამსახველი ამბისა და რეალობის კონსტრუირებისა და ამ მოთხოვნის შესაბამისად იქმნება და მკვიდრდება დეზინფორმაცია. მსგავს მიმართებას გამოყოფდა ემილ დიურკემიც, როდესაც ამბობდა, რომ რენესანსისას აღორძინებული ძველი ცოდნა, ბერძნული თუ რომაული გამოცდილებები, საუკუნეების განმავლობაში არსად არ დაკარგულა, ის არსებობდა, მას ეცნობოდნენ ადამიანები, თუმცა რენესანსის ხანამდე არ გაჩენილი აუცილებლობა და მოთხოვნა მათი აღორძინებისა.[4] დიურკემი გამოყოფს მთელ რიგ სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს, რომელთა ლეგიტიმაციისთვისაც საჭირო გახლდათ ძველი ცოდნის განახლება, საყრდენად გამოყენება და ახალი საზოგადოებისთვის ახლებური სოციალური ცხოვრების ,,გამართლება“. კონკრეტული ისტორიული რეალობა, თუნდაც საზოგადოების რომელიმე ჯგუფის მარგინალიზების მცდელობაც მოითხოვს ახალი ცოდნის ,,გააქტიურებას“, რა დროსაც დეზინფორმაცია ხდება მნიშვნელოვანი იარაღი.

 

დეზინფორმაცია და ახალი ისტორიული რეალობის შექმნის მცდელობა კარგად აისახა ორიენტალიზმზეც. ორიენტალიზმი წარმოგვიდგენს დასავლელი ავტორების, მეცნიერების, მისიონერების შეხედულებებს დასავლეთის გარეთ არსებული კულტურების შესახებ. როგორც ედვარდ საიდი აღნიშნავს, მათ ნაშრომებსა და აღწერებში ცალსახად შეიმჩნევა ტენდენცია, მცდელობა იმისა, რომ გამოყონ ბინარული ოპოზიტები _ განვითარებული დასავლეთი და დანარჩენი სამყარო, რომელიც ტვირთად აწევს განვითარებულ ადამიანს და სჭირდება მასზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილებების მქონე ცივილიზაციების დახმარება.[5]

 

ცალსახა პოლარიზაციის მცდელობის გარდა, სხვა ხალხზე საკუთარი ძალაუფლებით მანიპულირებისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ დამაჯერებელი გამართლების მოძებნა. შესაბამისად, ორიენტალისტი ავტორები მუდმივად ცდილობდნენ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას, განვითარების თვალსაზრისით მათზე უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ საზოგადოებებსა და კულტურებს კი ხშირად სახეცვლილ ფაქტებსა და უზუსტობებს მიაწერდნენ იმისათვის, რომ შეექმნათ სტერეოტიპული ხატი განუვითარებელი სოციუმისა, რომელიც დასავლური სტანდარტებიდან გამომდინარე, საჭიროებდა დახმარებას.

 

გარდა იმისა, რომ მსგავსი პოლარიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება ეწინააღმდეგებოდა მართებული კლასიფიკაციის ყველა წესსა და ფორმას, მსგავსი ტენდენცია ხელს უწყობდა სტერეოტიპებისა და მიკერძოებული დამოკიდებულებების ფაქტებად ჩამოყალიბებას და დაკვირვებით შეფუთული დეზინფორმაცია გავლენას ახდენდა სხვა კულტურების აღქმაზე. ორიენტალისტები, როგორც საიდი ამბობს, ,,უცხო“ კულტურების აღწერისას ყოველთვის ცდილობდნენ გამოეხატათ ეგზისტენციალური თუ მორალური განდგომილება იმისგან, რასაც აღწერდნენ. ასევე, საიდი საუბრობს ძალზედ საინტერესო ფენომენზე, რომელიც უცხო ქვეყნების გეოგრაფიისთვის ცალკეული მახასიათებლების მინიჭებას გულისხმობს. დომინანტი კულტურა ყოველთვის უფრო ძლიერად იყო წარმოდგენილი, მას მიენიჭებოდა გამოკვეთილად მასკულინური თვისებები, რომლებიც უფლებას აძლევდა უფრო სუსტის დაპყრობისა. სწორედ ამ ტენდენციას მოჰყვა ,,უცხოთა“ ფემინიზაციის ფენომენი. ეთნოცენტრიზმსა და დაჯაბნის მცდელობებს თავისთავად მოჰყვებოდა ცრუ ისტორიების, ცრუ სტერეოტიპების შეთხზვა, დაქვემდებარებულთათვის ცრუ იდენტობებისა და იარლიყების მიწებება. როგორც საიდი აღნიშნავს, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი იყო ნაპოლეონის ეგვიპტური ექსპედიციის ეპოქაში, როცა ევროპელები კიდევ უფრო ახლოს აღმოჩნდნენ რადიკალურად განსხვავებულ საზოგადოებებთან. შესაბამისად, დეზინფორმაცია, ახალი ნარატივებისა და იდენტობების შეფუთვა, იმპერიალისტური ინტერესების ერთ-ერთ გამოხატულებად იქცა. იმპერიალისტური ძალების მიერ საკუთარი უპირატესობის ჩვენების ტენდენცია, თავის მხრივ, უკავშირდება ზემოთ განხილულ სოციალურ თეორიებს იმის შესახებ, რომ, რაც უფრო მასშტაბურია კონკრეტული დეზინფორმაციის გამავრცელებელი ძალა, რაოდენობრივი თუ სხვა თვალსაზრისით, მით უფრო რთულია მისგან გათავისუფლება. იმპერიალისტური ძალებიც ცდილობდნენ შეეძინათ სწორედ ის მასშტაბურობა, რომელიც განაპირობებდა მათ მიერ შექმნილი ცრუ იდენტობებისა თუ ინფორმაციის უზენაესობას. მსგავსი ხერხები ძალიან ხშირად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირში. დეზინფორმაციის გავრცელების ტაქტიკებს შორის იყო პრესის კონტროლი და ცენზურა, წევრი ქვეყნების ეროვნული კულტურის დაკნინება გამოჩენილი ფიგურების ექსპლუატაციით, ცრუ სიახლეების გავრცელება და პროპაგანდა.[6] აქედან გამომდინარე, ექსპანსიური, დაპყრობითი გეგმების მქონე მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ცრუ-სახეების ჩამოყალიბებას, რათა დაპყრობილს ყოველთვის ახსოვდეს საკუთარი არასრულფასოვნება დომინანტურ ძალასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ისტორიისთვის კარგად ნაცნობი არის შემთხვევები, როცა დეზინფორმაცია ხელოვნურად იქმნებოდა, უბრალო ეთნოგრაფიული, სამეცნიერო მიზნებით იფარებოდა და ოპრესირების ერთ-ერთ იარაღად გამოიყენებოდა.

 

დეზინფორმაციის როლი ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯებაში განსაკუთრებით კარგად ვლინდება საბჭოთა კავშირის ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაკვირვებით. საბჭოთა კავშირისთვის, ისე როგორც ყველა სხვა ძალადობრივი რეჟიმისთვის, მნიშვნელოვანი გახლდათ არსებული მდგომარეობის ლეგიტიმაცია, ანუ საზოგადოებისთვის იმ ნარატივების მიწოდება, რომელიც გაამართლებდა როგორც არსებულ რეჟიმს, ისე მათი სურვილისამებრ შეცვლიდა საბჭოთა კავშირში შემავალი ერების ნაციონალისტურ სენტიმენტებს. თავდაპირველად, მათ პოლიტიკას ,,კორენიზაციის“ პროცესი წარმოადგენდა, რომელიც რუსული ნაციონალისტური მიმართებების წინააღმდეგ არსებული პოლიტიკა გახლდათ და უზრუნველყოფდა ,,დიდი ერების შოვინიზმის“ აღმოფხვრას, თუმცა მსგავსი პოლიტიკა მალევე შეიცვალა ,,ხალხთა შორის მეგობრობის“ კამპანიით, რომლის მიზანიც საბჭოთა კავშირში შემავალ ერებში უპირატესობის შეგრძნების გაჩენა სხვა ეთნიკური უმცირესობების დაკნინების ხარჯზე და, აგრეთვე, რუსული ნარატივებისა და კულტურის უპირატესობის დამტკიცება იყო.[7] სწორედ ზემოთ ხსენებული კამპანიის ფარგლებში, სტალინისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ საბჭოთა კავშირის წევრი რესპუბლიკების ისტორიოგრაფიის ისეთი ცვლილება, მათი ისეთი ინტერპრეტირება, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა თავად კამპანიის მიზნებთან და ხაზს გაუსვამდა როგორც რუსეთის უპირატესობას სხვა ,,თანასწორ“ ქვეყნებთან შედარებით, ასევე შექმნიდა ყველასთვის კარგად ნაცნობ ნარატივს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს იმის წარმოჩენას, რომ სხვა დამპყრობლებთან შედარებით, რუსეთი ყველაზე ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა ქართული იდენტობისთვის და სწორედ რუსეთის გავლითა და გავლენით გადადგა ქართველმა ხალხმა პირველი ნაბიჯები ევროპეიზაციის გზაზე.[8] მსგავსი ნარატივი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯების საქმეში, რადგან თანამედროვეობაშიც კი, რუსული ექსპანსიისა და მათი ოპრესიის მასშტაბების დასაფარად, ადამიანები ხშირად იყენებენ სწორედ საბჭოთა კავშირში შექმნილ არასწორ და დამახინჯებულ აზრებს, რომლებიც ქართული ისტორიოგრაფიის დამახინჯების, ისტორიკოსებზე ზეწოლისა და არსებული მასალების არასწორი, მიკერძოებული ინტერპრეტაციის გზით ჩამოყალიბდა.

 

 

[9] რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მაგალითი: ცივი ომის დროს უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა აშშ-ის მთავრობის რეპუტაციის შესალახად, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებაც.
 

21-ე საუკუნეში მსოფლიო თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ კონფლიქტების გადასაწყვეტად მხოლოდ ადამიანური ან მატერიალური რესურსი აღარ ასრულებს გადამწყვეტ როლს, არამედ იზრდება ინფორმაციული ომის ძალა და გავლენა. თანამედროვეობაში ადამიანების გონებას უწევს უამრავი ახალი ცნობის, დეტალისა თუ ინფორმაციის გააზრება, მისი დახარისხება და პირველწყაროდან გამომდინარე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ინფორმაციულ ველსაც თავისი იერარქია გააჩნია, რის გამოც სიახლეები, რომლებსაც მრავალი გამოცემა, ინტერნეტ ფორუმი ან სოციალური ქსელი აიტაცებს, უფრო წარმატებული იქნება ადამიანების დარწმუნების, გადაბირების ან შეცდომაში შეყვანის საქმეში. შესაბამისად, პოლიტიკური ძალები ქმნიან და ფუთავენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც პიროვნების ქვეცნობიერზე მოახდენს გავლენას და სრულყოფილად შეძლებს ადამიანებამდე შესაბამისი იდეოლოგიური მესიჯის მიტანას. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გახლავთ ყირიმის ომი, რომლის დროსაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული საბრძოლო ტაქტიკის ძალიან დიდი წილი სწორედ ინფორმაციულმა ომმა და ინფორმაციით მანიპულირებამ შეადგინა. ჰიბრიდული ომის დროს რუსეთმა რამდენიმე სტრატეგია გამოიყენა, პირველ რიგში, უზრუნველყო, რომ თავად სამიზნე ქვეყანასა და რეგიონში ჩაენერგა ისეთი მედია საშუალებები და მოკავშირეები, რომლებიც გაავრცელებდნენ რუსულ პროპაგანდას და დათრგუნავდნენ ქვეყანაში არსებულ სხვა საინფორმაციო წყაროებს.[10] კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკა გახლდათ საზოგადოებაში ადგილობრივი მთავრობის მიმართ უნდობლობისა და აგრესიის გაჩენა, რაც გამოიხატებოდა ყირიმში გამოჩენილი შეიარაღებული ჯგუფების ან უბრალო მოქალაქეებად შენიღბული ადამიანების მოქმედებითა და მათი პროტესტით ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ. პროტესტის დროს ზემოთ ხსენებული ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ ისინი კიევის ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რუსული მედიაც მათ ,,ოპოზიციას“ უწოდებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არეულობისა და აზრთა სხვადასხვაობის, პოლიტიკური დაძაბულობის შთაბეჭდილება შეექმნა. რუსული მედია ცალსახად უსვამდა ხაზს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სეპარატისტი ავტორიტეტებისა და ლიდერების ლეგიტიმაციასა და  მათი ნების ვალიდურობას.[11] საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მიმდინარეობაში გადამწყვეტი როლი სწორედ ინფორმაციულმა ომმა იქონია, რადგანაც ადგილობრივები ცალსახად განიცდიდნენ რუსული საინფორმაციო წყაროების მონოპოლიას, რამაც ცენტრალური მთავრობისგან მათი მოწყვეტა და ძალაუფლების ახალი ცენტრის ჩამოყალიბება გამოიწვია. შესაბამისად, დეზინფორმაციას, მედიაზე ზეწოლასა და სახიფათო ნარატივების ჩანერგვას შეუძლია კონკრეტული ისტორიული რეალობის ფორმირება, მისი შეფუთვა და, რაც მთავარია, თავად თავდამსხმელის ლატენტურობის, მისი ფარული ძალის შენარჩუნება. ძალიან ბევრი პროპაგანდისტული სტატია, რომელიც ამახინჯებს ისტორიულ წარსულს, გამოქვეყნებულია, ერთი შეხედვით, ნეიტრალური საინფორმაციო საშუალებების მიერ, რომელთა საქმიანობაშიც ეჭვის შეტანა რთულია, რადგან დეზინფორმაციის რეალური ავტორის სახელი, ანუ პირველწყარო, ჩვენთვის უცნობია და მისი ამოცნობა მხოლოდ იმ მესიჯების საშუალებით შეგვიძლია, რომელიც ამ ინფორმაციების გზით მოდის ჩვენამდე.

 

ზემოთ მოცემულ ესეში განხილულია რამდენიმე მექანიზმი და შემთხვევა, რომელიც აღწერს როგორც დეზინფორმაციის შექმნის პროცესს, ასევე მისი გავრცელებისა და არსებობის ძირითად მიზანს, მის გავლენას საზოგადოებრივ აზრსა და ისტორიული რეალობის კონსტრუირებაზე. დეზინფორმაცია გვევლინება არამხოლოდ ისტორიული უზუსტობების არსებობის, არამედ უდიდესი კულტურული მემკვიდრეობისა თუ ლოგიკური საფუძვლის მქონე იდეების სრულად დამახინჯების მიზეზად. დეზინფორმაციას შეუძლია ისტორიის დამახინჯება არამარტო კონკრეტული მოვლენებისა და ფაქტების განსხვავებული ფორმით წარმოდგენით, არამედ არსებული სახე-სიმბოლოების სრულიად არამართებული სახით ინტერპრეტირებისა და სახეცვლილი იდენტობების ჩამოყალიბების გზითაც.

 

 

                                             

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

[1] Dominic Abrams, “The Formation of Social Norms: Revisiting Sherif's Autokinetic Illusion Study”, accessed on February 2, 2024. https://www.researchgate.net/figure/Apparatus-for-group-experiments-with-screen-removed-from-Sherif-1936-p94_fig1_314120328

[2] Muzafer Sherif, “An Experimental Approach to the Study of Attitudes,” Sociometry 1, no. 1/2 (1937): 90–98.

[3] Michel Foucault, The Archeology of Knowledge (Cornwall: Tavistock Publications Limited, 1972), 142-148.

[4] Émile Durkheim, Power and Ideology in Education (New York: Oxford University Press, 1977), 92-105.

[5] Edward W. Said, Orientalism (London: Penguin Books, 2003), 31-92.

[6] Nicholas J. Cull, Vasily Gatov, Peter Pomerantsev, Anne Applebaum and Alistair Shawcross, Soviet Subversion, Disinformation and Propaganda: How the West Fought Against it (London: London School of Economics and Political Science, 2017), 18-26.

[7] მეგი ქარცივაძე, ანტონ ვაჭარაძე, ,, ისტორიის პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და ივანე ჯავახიშვილის ბედი“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), accessed on January 7th, 2024. https://www.idfi.ge/archive/index.php?cat=read_topic&topic=153&lang=ka&authuser=0

[8]   მეგი ქარცივაძე, ანტონ ვაჭარაძე, ,, ისტორიის პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და ივანე ჯავახიშვილის ბედი“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), accessed on January 7th, 2024. https://www.idfi.ge/archive/index.php?cat=read_topic&topic=153&lang=ka&authuser=0

[9]NBC News, “Factory of Lies: Russia's Disinformation Playbook Exposed”, accessed of February 2, 2024, https://www.nbcnews.com/business/consumer/factory-lies-russia-s-disinformation-playbook-exposed-n910316

[10] András Rácz, Russia’s Hybrid War in Ukraine: Breaking the Enemy’s Ability to Resist, Helsinki: The Finnish Institute of International Affairs, 2015, 57-70.

[11] András Rácz, Russia’s Hybrid War in Ukraine: Breaking the Enemy’s Ability to Resist, Helsinki: The Finnish Institute of International Affairs, 2015, 57-70.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024