"შინ ევროპისკენ" კლიპის განთავსების გამო კრიტიკული მედიის სანქცირების მოთხოვნა პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 10 აგვისტო 2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მოთხოვნას[1] კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი  “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტელეკომპანია პირველი” კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო. 

 

სადავო რგოლი[2] მაუწყებლების ეთერში 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ანონსის სახით გადაიცა. “ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული მასალა წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება “ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა. 

 

მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან. 

 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი განიხილება. 2020 და 2021 წლებში კომისიამ “მთავარი არხი” უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის და თანაზომიერების პრინციპების სრული უგულვებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები კოალიციის მიერ ცენზურის მცდელობად შეფასდა[3].  

 

მნიშვნელოვანია, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად,  წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევა რგოლი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად[4] დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური მხარე. კამპანია “შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები. 

 

_____

 

[1]“ქართული ოცნების” განცხადება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3vV1P77 

 

[2]კამპანია “შინ ევროპისკენ” ვიდეო ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3BTxcmp

 

[3]მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება: მთავარი არხის სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3i1JT3j 

 

[4]საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღის, არჩევნების შემდგომი პერიოდისა და შუალედური არჩევნების მონიტორინგის ანგარიში გვ. 144   ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3vRKSL3

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024