საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ყოველთვიური პროაქტიული გამოქვეყნება 2018 წელს დაიწყო. ამავე წლიდან სამინისტროს განმარტებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემაც, რაც აჩენდა წინა წლებში ე.წ. შელამაზებული სტატისტიკის წარმოების და ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნების პრაქტიკის დასრულების მოლოდინს. მსგავს მოლოდინებს მნიშვნელოვნად ამყარებდა სტატისტიკის აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად გამოქვეყნებული მონაცემების შინაარსიც, რომელიც რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვის მკვეთრ მატებას და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრ შემცირებას ასახავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, IDFI უკვე არაერთი წელია აანალიზებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას. გარდა ამისა, გასულ წელს IDFI-მ შეაფასა რეგისტრირებულ დანაშაულზე პანდემიის გავლენაც, რაც კრიმინოგენური მდგომარეობის გაურესების მნიშნელოვან საფრთხეს შეიცავდა. კერძოდ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომაროების გაურესება, სამუშაო ადგილების მასიური შემცირება და ა.შ. აჩენდა დანაშაულის, განსაკუთრებით ეკონომიკური დანაშაულის მატების მნიშვნელოვან რისკს. ამასთან, 2020 წელს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პანდემიასთან ბრძოლის სპეციფიკა, უამრავი ადამიანის პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში იზოლირებას განაპირობებდა. თუმცა, 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებდა, რომ პანდემიასთან ბრძოლის სპეციფიკა, წარმოადგენდა დანაშაულთან ბრძოლისთვის დამატებით მექანიზმს და დანაშაულის ჩადენისათვის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის შემოღება, კომენდატის საათი, ხალხმრავალი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა და ა.შ. წარმოადგენდა დანაშაულის შემაკავებელ მნიშვნელოვან ფაქტორს, რამაც ხელი შეუწყო 2020 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირებას.
წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია დანაშაულის 2021 წლის სტატისტიკურ მონაცემები და ცალკეული დანაშაულების მიხედვით ბოლო სამი წლის ტენდენციები. გასული წლის მსგავსად, ასევე მიმოხილულია რეგისტრირებულ დანაშაულებზე პანდემიის გავლენა.
- 2021 წელს სულ დარეგისტრირდა 56,343 დანაშაული, რაც 0,45%-ით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელზე.
- 2021 წელს, მიუხედავად დანაშაულის საერთო რაოდენობის მცირედით შემცირებისა, ცალკეული დანაშაულის შემთხვევებმა იმატა. მაგალითად, საფინანსო საქმიანობის სფეროს დანაშაულები (+275%), გაუპატიურება (+56%), , ნარკოტიკული დანაშაული (+12%), მუქარა (+11%), ყალბი დოკუმენტების დამზადება (+21,58%).
- 2021 წელს იზოლაციისა ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის 1,637 შემთხვევა დარეგისტრირდა.
- 2021 წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულების რიცხვი უმეტესწილად შემცირებულია. მაგალითად, სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 15,46%-ით არის შემცირებული.
- 2020 წლის მსგავს ნიშნულზეა შენარჩუნებული საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. მაგალითად, 2021 წელს აღირიცხა ყაჩაღობის ანალოგიური რაოდენობა რაც 2020 წელს, ქურდობის მაჩვენებელი შემცირდა 5,76%-ით, ძარცვის შემთხვევები შემცირდა 4,49%-ით, ხოლო თაღლითობის შემთხვევები გაიზარდა 22,91%-ით.
- 2021 წელს, კომპიუტერული დანაშაულები 48%-ით (1029-ით ნაკლები შემთხვევა) შემცირდა, ხოლო მათი გახსნის მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.
- 2021 წელს დანაშაულის თითქმის ნახევარი - 49.8% გაიხსნა, რაც 2018-2020 წლების მაჩვენებლებს დაახლოებით 14%-ით აღემატება. გახსნის მაჩვენებელი მიუახლოვდა 2017 წლის მაჩვენებელს (53,2%), როდესაც მნიშვნელოვანი კითხვები არსებობდა სტატისტიკის წარმოების სანდოობასთან დაკავშირებით.
- 2020-2021 წლებში, 2019 წელთან შედარებით დანაშაულის რიცხვის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ და კომენდატის საათმა.
- კომენდატის საათი საწყის ეტაპზე დანაშაულის შეკავების უფრო მაღალი ეფექტით გამოირჩეოდა. მაგალითად, 2020 წლის აპრილის თვეში დანაშაულის რიცხვი 37%-ით ნაკლები იყო, ხოლო 2021 წლის აპრილის თვეში მხოლოდ 4%-ით ნაკლები იყო 2019 წლის იგივე თვესთან შედარებით (როგორც 2021 წლის, ასევე 2020 წლის აპრილი თვეში მოქმედებდა კომენდატის საათი);
- 2020-2021 წლების წინასაარჩევნო პერიოდებში დანაშაული რიცხვი დაახლოებით 16%-ით იკლებდა, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ამ პერიოდში გარკვეული დანაშაულების მიმართ კონტროლის შესუსტებასთან. მაგალითად, ნარკოტიკული დანაშაული 2020 წლის ოქტომბერში (31 ოქტომბერი საპარლამენტო არჩევნები) 80%-ით, ხოლო 2021 წლის სექტემბრის (2 ოქტომბერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) თვეში 70%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზით ირკვევა, რომ 2021 წელს დანაშაულის რიცხვი შენარჩუნდა დაახლოებით 2020 წლის ნიშნულზე. 2021 წლის დანაშაულის საერთო მაჩვენებელზე, წინა წლის მსგავსად მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებულმა შემზღუდავმა ღონისძიებებმა. მიუხედავად იმისა რომ, 2021 წელს შემზღუდავი ღონისძიებები დანაშაულის შეკავების კუთხით ნაკლები ეფექტის მომტანი იყო, მისი ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნებამ ხელი შეუწყო 2021 წლის კრიმინოგენური მდგომარეობის დაახლოებით 2020 წლის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნებას. ამასთან, როგორც 2020 ასევე 2021 წელი წარმოადგენდა საარჩევნო წელს, შედეგად წინასაარჩევნო პერიოდებში ცალკეული დანაშაულების მიმართებით საპოლიციო კონტროლის შემსუბუქება თანაბრად აისახა ორივე წელზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, პანდემიის პერიოდში დანაშაულის რიცხვის კლება დაკავშირებულია ზემოთ განხილულ ფაქტორებთან და ნაკლებად კავშირშია ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
IDFI მიიჩნევს, რომ დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირების ფონზე, ისეთი დანაშაულების მკვეთრი მატება როგორიცაა გაუპატიურება, საფინანსო სფეროს საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულები და სხვა მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს. ამასთან, პოსტპანდემიურ პერიოდში, დროებითი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ არსებობს ნეგატიური მოლოდინები ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რასთან ბრძოლა მოითხოვს შესაბამისი უწყებების განსაკუთრებული ძალისხმევას.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2021 წელს დანაშაულის 49.8% გაიხსნა, რაც უკანასკნელ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. IDFI იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა განპირობებულია დანაშაულთან ბრძოლის კუთხით გაზრდილი ძალისხმევით და არ არის დაკავშირებული სტატისტიკის ე.წ. შელამაზების მანკიერი პრაქტიკის დაბრუნებასთან.
ანალიზი მომზადებულია პროექტის - „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში 3G“ - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის მიერ. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ანალიზსი გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის პოზიციას.
%MCEPASTEBIN%