საჯარო სამსახური რეკრუტირების პოლიტიკა: ყველას აძლევს თუ არა www.hr.gov.ge დასაქმების თანაბარ შანსს

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 15 თებერვალი 2016

ავტორი: თამარ ჩარკვიანი

 

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".

 

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის შექმნა. საჯარო სამსახური განსაკუთრებით მოითხოვს ღიაობას და გამჭვირვალობას, რადგან ევალება ემსახუროს საზოგადოებას და შესაბამისად, იყოს მისთვის მაქსიმალურად გახსნილი. ეფექტიანი საჯარო მმართველობა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს კორუფციული გარიგებების რისკის შემცირებასა და საზოგადოებაში საჯარო სამსახურის მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის გამყარებას. ამასთანავე, საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების ვალდებულება საქართველოს ნაკისრი აქვს მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებთან როგორიცაა, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN), ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში (ENP) [1].

 

ღია მმართველობის პარტნიორობას საქართველო 2011 წელს შეუერთდა და პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ვალდებულება აიღო. აღებულ ვალდებულებათაგან ერთ-ერთი საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე და მიუკერძოებელი წესების დამკვიდრებაა, რომლის შესრულებაზეც პასუხს საჯარო სამსახურის ბიურო აგებს. 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, ისეთი პრობლემები, როგორიცაა მცირე ვადა საბუთების შესაგროვებლად ან ნეპოტიზმის განცდა, უნდა აღმოიფხვრას. პრობლემის გადაჭრა გულისხმობს რამდენიმე ეტაპს, მათშორის დასაქმების ელ-პორტალის www.hr.gov.ge განვითარებას [2]. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიური განვითარების ფონზე, ინტერნეტი, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის, იქცა ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელოვან საშუალებად. შესაბამისად, დასაქმების პორტალი http://www.hr.gov.ge სწორედ იმ განხორციელებული პროექტების სიაშია, რომელიც მთავრობის პრიორიტეტული სფეროების ნუსხას უდგას სათავეში. მისი მიზანია, გაზარდოს საჯარო დაწესებულებების მუშაობის ეფექტურობა მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.

 

2012 წლის 12 მაისს, ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, http://www.hr.gov.ge-ის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმაც. მისი თქმით, ვებ-გვერდის მეშვეობით კონკურსის გამოცხადება პროცესს გამჭვირვალეს ხდის, რაც ყველას აძლევს დასაქმების თანაბარ შანსს. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გააქტიურდა საჯარო სამსახურში მიმდინარე პროცესებისადმი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია საჯარო სამსახურში გამოცხადებულ კონკურსებთან და საკადრო პოლიტიკის პრობლემური საკითხების გამწვავებით [3]. საზოგადოების ინტერესი დღითიდღე მძაფრდება, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან სექტორის რეფორმირების პროცესის წარმატებებზე საუბრისა, არასამთავრობო და მედია სექტორი ყურადღებას საწინააღმდეგო პროცესებზე ამახვილებს – არაერთხელ გამოითქვა უნდობლობა და უკმაყოფილება როგორც დედაქალაქში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული კონკურსების მიმართ[4].

 

მოცემული სტატიის კვლევის საკითხი საჯარო სამსახურში კადრების რეკრუტირების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის საჯარო სამსახურის დასაქმების პორტალი http://www.hr.gov.ge.

 

სტატიის მიზანია, დასაქმების პორტალ www.hr.gov.ge-ს საჯარო სამსახურში რეკრუტირების სიტემის გამჭვირვალობის და სამართლიანი კონკურენციის გარემოს უზრუნველყოფის ეფექტურ/არაეფექტურ ინსტრუმენტად განხილვა. კონკრეტულად, კვლევის კითხვაა: რამდენად უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების პროცესი ყველა მონაწილის დასაქმების თანაბარ შანსს? რამდენად ეფექტურია საჯარო სამსახურის რეკრუტირების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელი საჯარო სამსახურში კომპეტენტური კადრების მოზიდვის კონტექსტში? როგორ ტრანსფორმირდება აღნიშნული სისტემა და რა შედეგებს იძლევა ქართულ რეალობაში? არის თუ არა ე.წ. „ფასადური დემოკრატიის“ ერთ-ერთი ინდიკატორი, ან სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის ილუზიის მექანიზმი?

 

მეთოდოლოგიური სტრატეგია ეფუძნება Desk Reaserch მოთოდოლოგიით მოპოვებული ემპირიული მონაცემების ანალიზს – გავრცელებული პატერნების აღწერას და მიმოხილვას. რეკრუტირების სისტემის კვლევების ზოგადი ტენდენციების იდენტიფიცირებას და ინტერპრეტაციას.

 

კონკურსების გამჭვირვალობის გაზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში 2012 წლის 29 ივნისს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადება სავალდებულო გახდა. ნებისმიერი ვაკანსია სავალდებულო წესით ცხადდება სამთავრობო ვებ-გვერდზე http://www.hr.gov.ge. უკვე დანიშნულ დროებითი მოვალეობის შემსრულებლებისათვის კი ბოლო ვადად 2014 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. სწორედ ამიტომაც საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე 2013 წლის ბოლომდე საჯარო უწყებების მიერ უამრავი ვაკანტური ადგილი გამოცხადდა. ცვლილება ამარტივებს როგორც კონკურსის გამოცხადების, ასევე მასში მონაწილეობის მიღების პროცედურას. დასაქმების მსურველ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, საჯარო სამსახურში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ და ვაკანსიაზე განაცხადი გააკეთონ ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მათ დროსა და რესურსებს [5].

 

სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ერთის მხრივ, შექმნილი ვებ-სივრცე საჯარო სამსახურში დასაქმების პროცესს უფრო მეტ გამჭვირვალობას სძენს, მეორეს მხრივ, დასაქმების ერთიანი პორტალი მნიშვნელოვნად პასუხობს ქვეყნის ამჟამინდელ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას უმუშევრობას.

 

hr.gov.ge-ის ადმინისტრატორის განცხადებით, 2013 წლის განმავლობაში საიტზე დამსაქმებლების მიერ თვის განმავლობაში საშუალოდ 686 ახალი ვაკანსია განთავსდა. აღნიშნული საიტის მომხმარებლების რიცხვი 2015 წლის ივნისის მონაცემებით 130 813 აღწევს [6].

 

დიაგრამა 1. საქართველოს მოსახელობის შეხედულებები საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ 2013-2015წწ [7].

ნეპოტიზმის პრობლემის გავრცელების იდენტიფიცირებისათვის რესპონდენტებს უკანასკნელი ორი წლის მანძილზე (მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის გარდა) უნდა დაეფიქსირებინათ სმენიათ თუ არა მათ ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი უსამართლო იყო და ხელმძღვანელობის მხრიდან უპირატესობა მეგობრებს, ნათესავებს ან პარტიის წევრებს მიენიჭათ. გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ ხშირად სმენოდათ, 29%-მა კი აღნიშნა, რომ იშვიათად სმენოდათ. გამოკითხულთა 39%-ს საჯარო სამსახურში კონკურსის უსამართლოდ ჩატარების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალების გარდა სხვა წყაროდან ინფორმაცია არ გაუგია (იხ. დიაგრამა 2).

 

დიაგრამა 2. საჯარო სამსახურში კონკურსის უსამართლოდ ჩატარების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია 2012-2015წწ [8]. 

მონაცემები ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მიერ საჯარო სამსახურში რეკრუტირების სისტემის რეფორმირების მიმართ საზოგადოების უარყოფითი განწყობა მზარდია. კვლევის მეთოდოლოგია აღქმას/პერცეფციას რეპრეზენტატულად ასახავს და ამიტომ ბუნებრივია ობიქტური რეალობის აბსოლუტურ კონსტრუირებას ვერ მოახდენს. თუმცა, ადასტურებს საჯარო სამსახურში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანის, რეკრუტირების პოლიტიკისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების ამოცანის წარუმატებლობას.

 

რადგან აღნიშნული კვლევა საზოგადოებრივი განწყობების რეპრეზენტატულ ასახვას ემსახურება, იბადება კითხვა – რამდენად ობიექტურია საჯარო სამსახურში რეკრუტირების პროცესისადმი საზოგადოების სუბიექტური აღქმები, ემთხვევა თუ არა არსებულ რეალობას? ჯეროვნად ფასდება კი საზოგადოების მხრიდან საჯარო სამსახურში მიმდინარე პროცესები?

 

რობლემა რომელიც განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს ახალი ხელისუფლების პირობებში უკავშირდება უპირატესად, იმ გარემოებას, რომ გავრცელებული პრაქტიკაა კონკურსში იმავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დასაქმებული პირების გამარჯვება – რაც რიგ შემთხვევაში, მათი „ავტომატური გადანიშვნით სრულდება“. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით რეკრუტირების პროცესი ფასდება, როგორც „წინასწარ განსაზღვრული შედეგების მქონე“[9]. ფორმალურად სრულდება საჯარო სამსახურებში გამოცხადებული კონკურსების მიმართ წაყენებული მოთხოვნა – ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია თავსდება სამთავრობო დასაქმების პორტალ http://www.hr.gov.ge-ზე და კონკურსანტთა რეგისტრაციაც ონლაინ წარმოებს. კვლევის მონაცემები ასახავს რეალობას, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურის რეკრუტირების პოლიტიკის სტრატეგიის ფორმულირება შემდეგ სახეს იძენს: გარედან აყვანილი კადრების რაოდენობაზე პრევალირებს ე.წ. მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნა (იხ. დიაგრამა 3.).

 

დიაგრამა 3. საჯარო სამსახურში კონკურსის შედეგბში ე.წ. მოვლაობის შემსრულებელთა შერჩევის წილი 25.10.12-01.01.14წწ. საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციაზე დაყრდნობით მოყვანილი მონაცემები) [10].

როგორც მონაცემები ადასტურებს, კონკურსის ჩატარების ფორმალური პროცედურების დაცვა, რაც http://www.hr.gov.ge-ზე საჯარო სამსახურში არსებული ვაკანსიების გამოქვეყნებას გულისხმობს ვერ უზრუნველყოფს აპლიკანტებისთვის სამართლიან და გამჭვირვალე საკონკურსო გარემოს. შედეგად ვღებულობთ არამხოლოდ არასამართლიან კონკურენტულ გარემოს, რომელიც რა თქმა უნდა ყველა კონკურსანტის დასაქმების თანაბარ შანს არ იძლევა, არამედ მოჩვენებით, ილუზორულ „გამჭვირვალე და ობიექტურ“ საკონკურსო რეალობას. თავისთავად ცხადია, რომ დასაქმების პორტალი http://www.hr.gov.ge მეშვეობით მხოლოდ საჯარო სამსახურებში კონკურსების გამოცხადებების პროცესი ხდება გამჭვირვალე და გაზვიადებულია წარმოდგენა იმის შესახებ რომ ეს უკანასკნელი ყველა კონკურსანტს აძლევს დასაქმების თანაბარ შანსს.

 

შესაბამისად ვიღებთ გარემოს სადაც საჯარო უწყებების ფინანსური და დროითი რესურსები არაეფექტურად იხარჯება იმ გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც კონკურსის ჩატარების გარეშეც არის ცნობილი. იზღუდება საჯარო სექტორში საუკეთესო კანდიდატების მოზიდვა, რადგან მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნული პირები კონკურსში მონაწილეობის დროს გარკვეული უპირატესობებით სარგებლობენ. ნაკლებად კვალიფიციური კადრების რეკრუტირებით ბიუროკრატიული აპარატი სუსტდება და საჯარო სამსახურისადმი, როგორც დამსაქმებლისადმი, საზოგადოებრივი ნდობა ობიექტურად იკლებს. გარდა ამისა, ასეთი ბიუროკრატია არ იქნება მომხრე, საჯარო სამსახურში სრულმასშტაბიანი რეფორმა გატარდეს, რადგან მას მოუწევს აამოქმედოს ისეთი მექანიზმი, როგორიცაა თანამშრომელთა შეფასების სისტემა, რასაც, შესაძლოა, არაკომპეტენტური საჯარო მოხელეები გამოვლენა მოყვეს [11].

 

ასე რომ მიუხედავად კონკურსების სიმრავლისა საჯარო სამსახურებში, რაც, ერთი შეხედვით, საჯარო სექტორის გახსნილობაზე და გამჭვირვალობაზე მიუთითებს, ფაქტია რომ კონკურსების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმალურ ხასიათს ატარებს.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

[1] ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს 2010-2013 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიში.

[2] ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა.

[3]ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 2014, ნინო მერებაშვილი, https://idfi.ge/ge/civil_service_recruitment_17072014 https://idfi.ge/ge/category/researches/public-policy-and-administration

[4] „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, 27 ივლისი 2015, http://www.transparency.ge/node/5412

[5] საჯარო სამსახურის ბიურო, წლიური ანგარიში 2011/2012, ეფექტური და გამჭვირვალე საჯარო მმართველობა.

[6]„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, 22 ივნისი 2015, შსს-ს რეფორმის ფარგლებში „ოდეერების“ მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნება იგეგმება.

[7]საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2015 წლის 28 აპრილი-6 მაისის პერიოდში ჩაატარა.

[8] იქვე.

[9] საჯარო ადმინისტრირების ქეისების კრებული, 2014 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ISBN 978-9941-18-061-3

[10] იქვე.

[11] ლევან ნატროშვილი, ანდრია ნადირაძე, გიგი ჩიხლაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, 2015 წლის დეკემბერი, საჯარო სამსახურის რეფორმის შეფასება: საკადრო პოლიტიკა და ქონებრივი დეკლარაციები

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024