ბულგარეთის კანონმდებლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ შესული უახლესი ცვლილები

სიახლეები 10 ნოემბერი 2015

2015 წლის 6 ოქტომბერს, ბულგარეთის ნაციონალურმა ასამბლეამ პირველი მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ“ აქტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშრებით.

 

საჯარო კონსულტაციები „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ 2014 წელს, ორგანიზაციის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამის“ მიერ იქნა ინიცირებული. დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიებისა და კონსულტაციების შემდგომ, „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამამ“ გამოაქვეყნა კონცეფცია „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეიცავდა პრობლემების ფართო სპექტრს, შემოთავაზებულ გადაჭრის გზებთან ერთად. „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მიზნად ისახავდა კანონმდებლობის დახვეწას ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული სახით მიღებისა და გაგზავნის სტანდარტები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობის იმპლემენტაციის ზედამხედველობა და ადმინისტრაციული სანქციები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვალდებულების დარღვევისთვის. რეკომენდაციებს შორის გათვალისწინებული იყო ასევე სპეციალური სამეთვალყურეო ორგანოს ჩამოყალიბებაც, თუმცა მოცემული რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული ბულგარეთის მთავრობის მიერ.


აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების პაკეტი სხვათა შორის ითვალისწინებდა ბულგარეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის დირექტივასთან (2013/37/EU) საჯარო სექტორის ინფორმაციის გამოყენების შესახებ. 2015 წლის 29 აპრილს კანონპროექტი წარდგენილ იქნა ბულგარეთის ნაციონალურ ასამბლეაში, ხოლო მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ის დამტკიცებულ იქნა პირველი მოსმენით.


კანონპროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებები:


- პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაფართოება;

- პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის კატეგორიების ყოველწლიური გადახედვისა და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით მისი განახლების ვალდებულების კანონმდებლობით განმტკიცება;

- განცხადებების ელექტრონული სახით მიღებისა და ი-მეილის საშუალებით ადრესატისთვის საჯარო ინფორმაციის უფასოდ გაგზავნის ვალდებულების დაწესება;

- ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევისთვის;

- სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებული სპეციალური პლატფორმის შექმნა, რომლის საშუალებითაც განმცხადებლებს საშუალება ექნებათ წარადგინონ საჩივრები ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის გაცემაზე საკუთარი ვალდებულების დარღვევის შემთხვევებში;

- საჯარო ინფორმაციის რესურსების ღია მონაცემთა პორტალის შექმნა.


აღსანიშნავია, რომ IDFI-ს აქტიური ადვოკატირების შედეგად საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2013 წლის 26 აგვისტოს მიიღო დადგენილება, ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ". შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებს დაეკისრათ ვალდებულება პროაქტიულად გამოაქვეყნონ საკუთარი საქმიანობის შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელია. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მრავალი საჯარო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ საკუთარი ვალდებულების დაცვას. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რომელსაც დაეკისრება ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის იმპლემენტაციის მონიტორინგის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ასევე კანონმდებლობით იქნას განმტკიცებული სანქციების დაწესების შესაძლებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება შეიმუშაოს და მიიღოს დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტი „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“. აღნიშნულის გათვალისწინებით 2014 წლის განმავლობაში „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებაზე. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ, IDFI–ს ექსპერტთა ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით. მომზადებული დოკუმენტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზედამხედველო ორგანოს შექმნასა და ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაწესების შესაძლებლობას. მოცემულ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ტექსტი, რომელიც წარდგენილ იქნება საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად, სრულად ითვალისწინებდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და აღნიშნულის საფუძველზე წარმოდგენილ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მოსაზრებებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024