21 მაისს, 11:00-14:00 საათზე, თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში IDFI ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ IDFI-დან აცნობეს.
პრეზენტაციაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მაუწყებლები და ქსელის ოპერატორები, ასევე, დარგის ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციები არიან მიწვეულნი.
წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომლებიც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის: ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანია და სხვ.
საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის (ITU)გადაწყვეტილებით 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა დასრულდეს და ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია, სადაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ შეაჯერონ ხედვა და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
„საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი“ მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.