თბილისის საკრებულო "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება , რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ გაღებულ სხვადასხვა ხარჯებს უკავშირდება.
"უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტური მიდგომის შემთხვევაში ადვილად შესამჩნევია, რომ არსებობს ფუნდამენტური სხვაობა ორ რეალობას შორის. კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში, მივლინებებსა და სხვა ამოცანებისათვის იხარჯებოდა სამჯერ და ოთხჯერ მეტი თანხა, რის დასტურადაც გამოდგება სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა მხოლოდ მივლინებებისათვის 160 000-ზე მეტი ლარი განკარგა საკრებულოს ბიუჯეტიდან. ამასთან ერთად ობიექტურობის შემთხვევაში ადვილად დასანახია ისიც, რომ საწვავის ხარჯის გაზრდა განაპირობა არა საკრებულოს ხელმძღვანელობის ცვლილებამ, არამედ უწინარესად იმან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა შვიდი ფრაქცია, რამაც შესაბამისად გაზარდა სახელფასო და ავტომობილების უზრუნველყოფის ხარჯები, რადგან ამავე მიზეზით გაიზარდა თანამდებობის პირთა რაოდენობაც.
აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ საპრემიებო თანხების გაცემა ხდება არა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, არამედ აპარატის თანამშრომლებზე და, შედეგად, თანამშრომელთათვის გაცემული პრემიების ოდენობა სამჯერ აღემატება პოლიტიკური თანამდებობების პირებისათვის გაცემულ, კანონის მიერ რეგულირებულ პრემიების ოდენობას. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც ვითანამშრომლოთ აღნიშნულ და ყველა დაინტერესუბულ ორგანიზაციასთან თუ საზოგადოებრივ ჯგუფთან, იმისათვის, რომ თბილისის საკრებულოს ბიუჯეტიდან ხარჯვითი პროცესი იყოს გამჭვირვალე და დასაბუთებული",-ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" - IDFI –ის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა 2013 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო, მისი თანამდებობრივი სარგო კი, ყოველთვიურად 3540 ლარია. საკრებულოდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე მეტი პრემია საკრებულოს წევრებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ მიიღეს და თითოეულ მათგანს პრემიის სახით 19 095 ლარი ერგო.
იანვარ-ოქტომბერში თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.
IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში პრემია გაიცემოდა საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე, ხოლო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია გაიცემოდა საკრებულოს 31 წევრზე. კერძოდ, საკრებულოს წევრებზე პრემიები გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეებზე, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებზე და ფრაქციების თავმჯდომარეებზე.
IDFI აქვეყნებს ინფორმაციას სამივლინებო ხარჯების შესახებაც. 2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი. ყველაზე ძვირადღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში – თითოეულ მათგანს საშუალოდ გამოეყოთ 5640 ლარი. 2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს, კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს გამოეყოთ 4 471 ლარი თითოეულს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის.
IDFI-ის ინფორმაციით, 2012-2013 წლების განმავლობაში თბილისის საკრებულომ 28 ავტომობილი შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 915 725 ლარს შეადგენს. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ყველაზე დიდი თანხა - 54 850 ლარი გადახდილია 2011 წელს გამოშვებული Mitsubishi I200 მოდელის ავტომობილში, ხოლო ყველა მცირე თანხად შესყიდულია ასევე 2011 წელს გამოშვებული Kია რიო მოდელის ავტომობილში.