„ჩვენი მიზანი არ არის სკანდალის გამოწვევა, ჩვენი მიზანია ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა დღეს პორტალ opendata.ge-ს გახსნისას (ფონდმა დააფინანსა ინფორმაციის თავისუფლებისინსტიტუტის აღნიშნული პროექტი).
დღეიდან პორტალზე განთავსდა ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია სამინისტროებიდან, მერიიდან თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მათი დანახარჯების შესახებ.
შსს, განათლების, თავდაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებმა ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი 14 კონკრეტული კითხვა უპასუხოდ დატოვეს. საერთო ჯამში, შეკითხვები 21 დაწესებულებას, 19 სამინისტროს, თბილისის მერიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნა.
ყველა დახურულ სამინისტროებთან ერთად, რომლებმაც არათუ დროულად, არამედ საერთოდ არ გასცეს პასუხი ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ კითხვებს, რამდენიმე ისეთი სამინისტროც აღმოჩნდა, რომლებმაც კითხვების ავტორებს დროულად სრული ან ნაწილობრივ სრული პასუხები გაუგზავნეს.
იუსტიციის სამინისტრომ 14 –დან 13 კითხვას უპასუხა, ერთ კითხვაზე კი დასაბუთებული უარი გასცა.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ბაჩანა შენგელია, რომელიც დღეს opendata.ge-ს პრეზენტაციაზე იმყოფებოდა, უკმაყოფილო დარჩა:
„როცა ვაკეთებთ განცხადებას, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული პასუხები არასწორია, გთავაზობთ, რომ ამოვიღოთ თქვენი კითხვები და ჩვენი პასუხები, ერთად განვიხილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაასაბუთეთ...იმის დაუფასებლობა, რომ თქვენ ვადაში მოგეცათ 14–ვე კითხვაზე პასუხი, როგორც მინიმუმ არაკორექტულია“.
იუსტიციის სამინისტრომ პასუხი არ გასცა ერთ კითხვას, რომელშიც ორგანიზაცია ითხოვდა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიღებული ყოველთვიური პრემიების შესახებ ინფორმაციას.
სამინისტროს მიერ დასაბუთებულ პასუხში ფინანსური ინფორმაციის გასაიდუმლოების თაობაზე კონსტიტუციის 41–ე მუხლი იყო მითითებული. სამინისტროს აზრით, კონკრეტული პირის ნებართვის გარეშე, მისი პრემიების ყოველთვიური რაოდენობა პირად საიდუმლოებას წარმოადგენს. სამინისტროს მაგალითად მოყვანილი ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ამ ინფორმაციის გაუცემლობისთვის სამინისტრო გაამართლა.
იუსტიციის სამინისტროსგან განსხვავებით, დეტალური და სრული ინფორმაცია გასცეს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
Opendata.ge-ს მარტივი საძიებო სისტემა აქვს. მომხმარებელი ირჩევს უწყებას, მისთვის სასურველ ინფორმაციას (ხელფასი, პრემია, ბიუჯეტი, სამივლინებო ხარჯები და სხვ.) და ატვირთული PDF ფაილის საშუალებით ნახულობს თავად ამ უწყების მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებულ საჯარო ინფორმაციას.
პორტალის მარჯვენა მხარეს ყველაზე ხშირად გადმოტვირთული ფაილებია. ამ დროისათვის ყველაზე პოპულარული ფაილებია: პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდები და პრემიები, საგარეო საქმეთა მინისტრების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე გაცემული პრემიები და შს მინისტრისა და მისი მოადგილეების პრემიები.
სამიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეძლებს მომხმარებელი სასურველი ინფორმაციის მიღებას.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუწოდებია ინფორმაცია.... ფაილი არ არის ატვირთული“ – ეს სიტყვები საძიებო საგნის ნაცვლად შსს–ს შემთხვევაშიც გვხდება. ანალოგიურადაა განათლების სამინისტროსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შემთხვევებში.
მივლინებები, სახელფასო და საპრემიო ფონდები, სარეზერვო ფონდებიდან გახარჯული თანხები, ავტოპარკისა და საკომუნიკაციო ხარჯები – მერიას ორგანიზაციისთვის არ მიუწოდებია. ის, რაც მიაწოდა, არის – ბიუჯეტის, სახელმწიფო პროექტებისა და პროგრამების და დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
ქეთი ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა დაწესებულება, რომელმაც არ გასცა, ან არასრულად მიაწოდა ინფორმაცია ახლადამოქმედებულ პორტალს, მომავალში მათთან ითანამშომლებს.
ჟურნალისტების აზრით, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციაზე იყვნენ მიწვეული, ახალი ინტერნეტ გვერდი მათ საქმიანობას ბევრად გაადვილებს.