კვლევა რომლის შედეგებიც გვამცნობს, რომ რუსული NTV და რუსეთის პირველი არხი (ORT) საქართველოში ყველაზე პოპულარული უცხოური არხებია, GNCC-ის დაკვეთით ”სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა და შედეგები კომისიას 2015 წლის 25 დეკემბერს წარუდგინა. ქვეყნის მასშტაბით 2700 პირისპირ ინტერვიუ ჩაატარეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი საზოგადოებრივი ინიციატივის საფუძველზე შექმნილი ონლაინ-პლატფორმის, damoukidebloba.com-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც საქართველოში რუსული პროპაგანდის და ე.წ. რბილი ძალის სხვა ინტრუმენტების გავრცელების ანალიზითაა დაკავებული. “ამ კვლევის მიხედვით, საქართველოდან მაყურებლები ძირითადად NTV-ს და ORT-ს ჰყავს… ეს მედია არ არის. ეს არის რუსეთის სახელმწიფო აპარატის ერთ-ერთი განშტოება. ეს არის რუსეთის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლირებადი ინსტრუმენტი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს,” აცხადებს IDFI-ს გამგეობის თავჯდომარე ლევან ავალიშვილი ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში.
ავალიშვილის აზრით, ეს მიზნებია, ერთი მხრივ, რუსეთის მოსახლეობის კონტროლი და ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა, მეორე მხრივ, კულტურული თუ საინფორმაციო პროპაგანდა ქვეყნის გარეთ, თავისი გავლენის გაზრდის მიზნით: “იყენებენ ბევრ მეთოდს, სპეციალურ მესიჯებს, დეზინფორმაციას და ხდება ისეთი რეალობის წარმოჩენა, როცა ადამიანი გაურკვევლობაში ვარდება და უჭირს ინფორმაციული გადაწყვეტილების მიღება. საუბარია გარკვეული მითების დანერგვაზე, იქნება ეს ანტიდასავლური განწყობების კულტივირება, რელიგიურ საკითხებზე დაფუძებული თემები თუ ადამიანის უფლებათა საკითხები. სამწუხაროდ, ამის რეფლექსია ჩვენს საზოგადოებაშიც ხდება,” განმარტავს ავალიშვილი ჟურნალისტთან საუბრისას.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ: „GNCC-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოავლინა, რომელიც ლევან ავალიშვილის აზრით მოწმობს იმას, რომ მათი შეზღუდვა ეფექტური არ იქნება. გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ სატელევიზიო მომსახურების მისაღებად თანამგზავრული ტიპის მაუწყებლობას იყენებს, 31%- საეთეროს, საკაბელოს- 18.7%, ხოლო ინტერნეტ ტელევიზიას – 9.7%.“ “ხშირად მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეიზღუდოს რუსული მაუწყებლობა საქართველოში, მისი პროპაგანდისტული ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ, მე მგონია, რომ ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ასეთ ქმედებებს შეზღუდვას ეფექტი არ ექნება, რადგან მოსახლეობის უმატესობა ინფორმაციას სატელიტის მეშვეობით იღებს და სატელიტზე შეზღუდვების გავრცელება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. ესაა დასკვნა, რაც შეიძლება კვლევის შედგებიდან გამოვიტანოთ, რადგან დაახლოებით 60 პროცენტი სატელიტს იყენებს,” ამბობს ლევან ავალიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.
გაზეთის ჟურნალისტის გადმოცემით, ავალიშვილი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მომხრეა, თუმცა არა შეზღუდვების და კონტრპროპაგანდის მეშვეობით: “საზოგადოების კონსოლიდაცია და შეთანხმებაა აუცილებელი და არა რაღაც საბიუჯეტო სახსრებით კონტრპროპაგანდის წარმოება, რაც შედეგს არ მოიტანს”, – ამბობს ავალიშვილი და დასძენს, რომ საქართველომაც იგივე სტრატეგია უნდა აირჩიოს, რაც ევროკავშირის, მათ შორის ბალტიის ქვეყნებს აქვთ.
“ისინი არა კონტრპროპაგანდით ცდილობენ ამ ინფორმაციულ ომში ჩართვას, არამედ დეზინფორმაციის მხილებით. ამას სჭირდება აქტიური საქმიანობა. აუცილებელია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არა მხოლოდ სამოქალქო სექტორი, არამედ პოლიტიკოსები, მმართველი ელიტა და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები იმიტომ, რომ ხშირად სწორედ მათი გზავნილები არის გადამწყვეტი ასეთ საკითხებთან მიმართებაში. მე ასეთ აქტიურობას ვერ ვხედავ, მათ შორის, ვერც პოლიტიკოსებისაგნ,” ამბობს იგი ჟურნალისტთან საუბრისას.