სიახლეების გამოწერა

პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა

განცხადებები 27 სექტემბერი 2018

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას.

 

პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი ამ ფორმით განეგრძოთ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების, კარვის ჩამორთმევის და ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ. ამავე დღეს, დაახლოებთ 23:00 საათზე, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს და მასთან ერთად მყოფ პირს, არ მისცეს შესაძლებლობა შეერთებოდნენ მიმდინარე აქციას და ძალისმიერი მეთოდებით ჩამოართვეს ჩანთა, რომელშიც კარავი იყო შენახული. აქციის ტერიტორიაზე მათი შეშვება, მხოლოდ კარვის ჩამორთმევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.


აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს მათ მიერ არჩეული მშვიდობიანი ფორმით შეკრების გამართვის შესაძლებლობას არ აძლევს. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის 11 სექტემბერს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვა თუ არა სათანადო რეაგირება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევას.


პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება ისევეა შეკრების უფლების ნაწილი, როგორც მისი შინაარსი და კარავი შესაძლოა წარმოადგენდეს აქციის გაგრძელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ატრიბუტს.


OSCE/ODIHR-ის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, კარვისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების აგება მოიზრება მშვიდობიანი შეკრების უფლებით დაცულ სფეროში [1]. აქტი, რომელიც კრძალავდა „კონტროლირებად ტერიტორიებზე“ კარვების, ქარავნისა და სხვა კონსტრუქციების აგებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეეული გაერიანებული სამეფოს წინააღმდეგ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, იმ მიზეზით, რომ კარვის აგებამ, როგორც პროტესტის ფორმამ და საშუალებამ შეიძინა საპროტესტო გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობა [2].


ტროტუარი წარმოადგენს საჯარო სივრცეს, რომელზე წვდომის უფლებაც ყველასთვის თანაბრადაა უზრუნველყოფილი, შესაბამისად, სახელწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორებისათვის სასურველ ადგილას გამართვას [3].


2011 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა რომ “[შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით] თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს [4]”. შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ დროებითი კონსტრუქციების განთავსების აკრძალვის შესაძლებლობა კი მხოლოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კონტექსტში, სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით განიხილა. სასამართლოს განმარტებით “შეკრებაში მონაწილენი თავად განსაზღვრავენ იმ ფორმას, რომელიც შეკრების მიზანს საუკეთესოდ გამოხატავს [5].” (“შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას [6]” ) საქართველოს კონსტიტუცია კი ამ უფლების შეზღუდვას დასაშვებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს თუკი მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ხაზგგასამით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას იმ შემთხვევაში თუკი იგი ხელს არ უშლის გზის სავალ ნაწილს. ამდენად, სამართალდამცველთა ქმედება არამხოლოდ უკანონო, არამედ, არაკონსტიტუციურია.


პოლიციის ქმედება ასევე წინააღმდეგობაში მოდის ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით [7], დადგინდა, რომ წინასწარი თანხმობის გარეშე კარვის დადგმის განთავსება ჯდება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში. სასამართლომ განმარტა, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროისა, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“.


აღსანიშნაია, რომ “შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით” წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლოსბას.


შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ აღნიშნული აკრძალვა ემსახურებოდა პროვოკაციული ქმედებების თავიდან არიდებას, მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უსაფუძვლოა და გვაფიქრებინებს, რომ პოლიცია მოქმედებს არა საზოგდოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, არამედ პროტესტის გამოხატვისათვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ:


- შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და აქციის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა აქციის მიმდინარეობისას განათავსონ კარავი;


- მთავარ პროკურატურას, მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენბით აღნიშნული უფლების უკანონოდ შეზღუდვაში.

 


ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის 

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 

 

მწვანე ალტერნატივა

 

საფარი

 

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი 

 

თანასწორობის მოძრაობა

 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი 

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 


ღია საზოგადოების ფონდი 

 

 

 

[1] Guidelines on Freedom of Peaceful Assembly, second edition, §18, Warsaw/Strasbourg 2010, https://www.osce.org/odihr/73405?download=true

[2] Tabernacle v Secretary of State for Defence [2009] EWCA Civ 23 (05 February 2009) 

[3] Guidelines on Freedom of Peaceful Assembly, §18

[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502    გადაწყვეტილება საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.პ.25

[5] იქვე პ.37

[6] იქვე პ.34

[7] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე №3/6463–16; 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

იცი თუ არა როდის იზღუდება შენი გამოხატვის თავისუფლება?

10.12.2018

საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ

05.12.2018

საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასება 1990-2017 წლებში

04.12.2018

ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ

20.11.2018
განცხადებები

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეების უფლებებს

12.12.2018

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პროკურატურის რეფორმის შედეგებს აფასებს

06.12.2018

განცხადება პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციიის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნასთან დაკავშირებით

23.11.2018

შსს-ს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია

26.10.2018
ბლოგპოსტები

საქართველოს პროკურატურა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე: სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორების გზა

30.08.2018

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

31.05.2018

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების ცალკეული ასპექტები საქართველოში

31.05.2018

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში: მითები და სინამდვილე

30.05.2018