2018 წელს საქართველოს განახლებული კონსტიტუციის მე-17 მუხლში შევიდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება,“ რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, ინტერნეტი გახადოს ფართოდ ხელმისაწვდომი. საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის არსებობას IDFI აქტიურად ადვოკატირებდა.
ცვლილებების მიღებამდე, ყოფილმა პრემიერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საყოველთაო ინტერნეტიზაციის იდეა გააჟღერა. 2015 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში დაფუძნდა ააიპ „ოუფენ ნეტი“, რომელსაც დაევალა საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება. 150$ მილიონიანი პროექტის მიზანი იყო 2020 წლისთვის, 8,000-კილომეტრიანი ოპტიკური ქსელის გაყვანა და 2,000-მდე დასახლებულ პუნქტში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეყვანა. გაჟღერდა პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში მოხვედრილი 473 სოფლის სიაც, თუმცა ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ დაწყებულა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების იმდროინდელი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის და სხვა თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებული განცხადებების თანახმად, პროექტი უნდა განხორციელებულიყო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით. “ოუფენ ნეტის” დაფუძნებიდან, 2020 წლამდე ინტერნეტიზაციის პროექტი გაჩერებული იყო, 2020 წლის ოქტომბერში კი საპილოტე ქსელის მშენებლობა დაიწყო. თუმცა როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარე საპილოტე პროექტი “ქართუს” ნაცვლად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
2020 წლის აგვისტოში ა(ა)იპ “ოუფენ ნეტმა” 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა შპს “პარვუს ჯგუფთან”.
ხელშეკრულების საგანია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N375 დადგენილებით დამტკიცებული, საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საპილოტე ნაწილს განხორციელება, კერძოდ ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები მთლიანად უნდა დასრულებულიყო და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო 2020 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. მოგვიანებით, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ვადა 2021 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელმა გახანგრძლივებულ ვადებშიც ვერ მოახერხა პროექტის ყველა ეტაპის დასრულება და მისი რეგისტრაცია. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, შესაბამისად, 8 და 12 აპრილს გამოქვეყნდა. ა(ა)იპ ოუფენნეტის წერილის თანახმად, კომპანიას ერიცხებოდა პირგასამტეხლო, მიღება-ჩაბარების დოკუმენტით ირკვევა, რომ “პარვუს ჯგუფს” ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრა პირგასამტეხლო — ხელშეკრულების მაქსიმალური ღირებულების (10,037,606.97 ლარი) 0,02%, ანუ 2,007.52 ლარი, რამაც 01.03.2021-დან 07.04.2021-ის ჩათვლით პერიოდზე (38 დღე) შეადგინა 76,285.76 ლარი. საბოლოოდ, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ პირგასამტეხლოს გამოკლებით 9,785,197.94 ლარი შეადგინა.
შპს “პარვუს ჯგუფის” 50-50%-იან წილებს სულხან ზუმბურიძე და მამუკა პაპუაშვილი ფლობენ.ზუმბურიძე მანამდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მამუკა პაპუაშვილი - წევრი.
მნიშვნელოვანია, რომ “პარვუს ჯგუფმა” სახელმწიფო შეყიდვის პირველი ხელშეკრულება დაფუძნებიდან 2 თვეში მიიღო. ამ ეტაპზე, კომპანიას ჯამურად 4 მილიონ 700 ათას ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული და 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული.
აღსანიშნავია, რომ ორივე ელექტრონულ ტენდერში “პარვუს ჯგუფმა” შეთავაზებული დაბალი ფასი გამარჯვების შემდეგ შეცვალა, რის შედეგადაც ერთ შემთხვევაში ხელშეკრულების თანხა საწყის სავარაუდო ოდენობას თითქმის გაუტოლდა, მეორე შემთხვევაში კი გადააჭარბა კიდეც. კერძოდ, ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ელექტრონულ ტენდერში, რომლის საწყისი ღირებულება 3,089,000 ლარი იყო, “პარვუს ჯგუფმა” ყველაზე დაბალი შეთავაზება წარადგინა, რომელიც სხვა პრეტენდენტის თანხას მხოლოდ ერთი ლარით ჩამორჩებოდა.
გამარჯვების შემდეგ, “პარვუს ჯგუფთან” ხელშეკრულება გაფორმდა 2,916,016 ლარზე (დღგ-ს თანხის დამატებით). მოგვიანებით კი ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და მისი ღირებულება 3,065,316 ლარით განისაზღვრა, საბოლოოდ ფაქტობრივად გადახდილმა თანხამ 3,042,541 ლარი შეადგინა, რაც ხელშეკრულების თავდაპირველ თანხას თითქმის 127 ათასი ლარით აღემატება და უახლოვდება შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებას.
ასე მოხდა მეორე ტენდერის შემთხვევაშიც. დუშეთის მუნიციპალიტეტის 1,505,000 ლარიან ტენდერში “პარვუს ჯგუფმა” 1,489,428 ლარის შეთავაზება გააკეთა. ამავე თანხაზე გაფორმდა ხელშეკრულება, მოგვიანებით კი მისი ღირებულება შეიცვალა და 1,600,655 ლარი შეადგინა, რაც შესყიდვის თავდაპირველ სავარაუდო თანხაზე დაახლოებით 111 ათასი ლარით მეტია. თუმცა, შემსყიდველის მიერ ფაქტობრივად გადახდილმა თანხამ 1,420,412 ლარი შეადგინა, რაც ხელშეკრულების პირვანდელ ღირებულებაზე 60 ათასი ლარით ნაკლებია.
მიუხედავად “პარვუს ჯგუფის” ასეთი მცირე გამოცდილებისა, ოუფენ ნეტმა კომპანიასთან სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, პირდაპირი წესით გააფორმა 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში განთავსებული გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნის არგუმენტაციიდან ირკვევა, რომ “პარვუს ჯგუფი” ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა. ამ პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის ატვირთული, რის გამოც აღნიშნული ინფორმაცია IDFI-მ ა(ა)იპ ოუფენნეტიდან გამოითხოვა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაზრის კვლევა ორჯერ ჩატარდა. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოწვევა გაეგზავნა 5 კომპანიას, რომელთაგან არც ერთმა გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობის ინტერესი. მოგვიანებით ბაზრის კვლევის დოკუმენტები 17 კომპანიას გაეგზავნა, რომელთაგან ოუფენნეტს მხოლოდ ორმა შესთავაზა საკუთარი ფასი. აღნიშნული კომპანიები შპს “პარვუს ჯგუფი” და შპს “ვეზირი” იყვნენ. მათ მიერ მიწოდებული საბოლოო განფასება კი შესაბამისად, 10,037,606 და 18,432,000 ლარი იყო. აღნიშნულის საფუძველზე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითრების სახელმწიფო პროგრამის საპილოტე ნაწილის მშენებელ კომპანიად შეირჩა შპს “პარვუს ჯგუფი”. რაც შეეხება შპს “ვეზირს”, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში განთავსებული მონაცემების თანახმად, კომპანია 2013 წლიდან იმარჯვებს სახელმწიფო ტენდერებში და ამავე პერიოდიდან იღებს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს. ამ ხელშეკრულებების სავარაუდო ჯამური ღირებულება 13 მლნ ლარს აღემატება.
ამასთან, 26 აპრილს ა(ა)იპ ოუფენნეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქობულეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მშენებლობაზე. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2,055,000 ლარია და წინადადებების მიღება 17 მაისს დასრულდება.
___
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.