IDFI აზარტული თამაშების წინააღმდეგ ელექტრონული პეტიციის განხილვას დააკვირდება

სიახლეები | კარგი მმართველობა | მედია,ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია | პუბლიკაციები | სტატია 9 დეკემბერი 2019

საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალის (ICHANGE.GOV.GE) ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ პირველად მოხერხდა საკმარისი ხელმოწერის მოგროვება, რაც საქართველოს მთავრობას ვალდებულს ხდის განიხილოს და უპასუხოს პეტიციის მხარდამჭერებს. წარმატებული პეტიცია სახელწოდებით „კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ, ანა დოლიძეს ეკუთვნის, რომელიც 2019 წლის 4 ნოემბერს დარეგისტრირდა. ინიციატივამ 10,000 ხელმოწერის მოგროვება 30-დღიანი ვადის გასვლამდე შეძლო და საერთო ჯამში,10,182 ხელმოწერით დასრულდა. პეტიციის ავტორები და მხარდამჭერები აზარტულ თამაშებზე რეგულაციების შემოღებასა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვას მოითხოვენ.

 

ელექტრონული პეტიციების პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების შესახებ მთავრობის №245 დადგენილების მიხედვით, თუ პეტიცია 30 კალენდარული დღის განმავლობაში მინიმუმ 10,000 ხელმოწერას მოაგროვებს, წარმატებულმა პეტიციამ შემდეგი ეტაპები უნდა გაიაროს:

 

 - იგი უნდა განიხილოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილმა კომისიამ;

 

 - კომისიის ინიციატივით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზეც;

 

 - საქართველოს მთავრობა ვალდებულია პეტიციის ავტორს 3 კალენდარული თვის ვადაში უპასუხოს. კერძოდ, ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ელექტრონული მმართველობის სამსახურის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი უნდა მოამზადოს და ელექტრონული პეტიციის პორტალზე გამოსაქვეყნებლად გადასცეს პლატფორმის მოდერატორს.

 

დადგენილების მიხედვით, ოფიციალური წერილობითი პასუხი მკაფიოდ, დასაბუთებული ახსნა-განმარტებით უნდა გამოხატავდეს საქართველოს მთავრობის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით.

 

 

29 ნოემბერს, პეტიციის მხარდამჭერებმა მთავრობას პეტიციის განხილვისკენ მოუწოდეს, რის პასუხადაც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პეტიცია გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ ექსპერტთა კომისიას დასამუშავებლად და შემდგომი განხილვისთვის მოსამზადებლად.“

 

ელექტრონული პეტიციების სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პეტიციის განხილვის პროცესი გამჭვირვალედ და მთავრობის დადგენილების ყველა წესის დაცვით წარიმართოს. ICHANGE.GOV.GE-ის ამოქმედებიდან დღემდე ვერცერთმა პეტიციამ შეძლო საჭირო ხელმოწერების შეგროვება, რაც სხვადასხვა გარემოებით შეიძლება აიხსნას: პორტალის ცნობადობის ნაკლებობა, მასზე მოქალაქეების ნაკლები აქტიურობა და პორტალზე ხელმოწერის დაფიქსირების შედარებით რთული/ორეტაპიანი პროცედურა. გარდა ამისა, IDFI თავიდანვე მიანიშნებდა, რომ პეტიციისთვის 30 კალენდარულ დღეში მინიმუმ 10,000 ხელმოწერის შეგროვების სტანდარტი საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო (IDFI-ის მიერ შეთავაზებული იყო 5,000 ხელმოწერის მინიმალური ზღვარი). რის გამოც, გამოვთქვამდით ეჭვს, რომ ამ გარემოებამ საწყის ეტაპზე შეიძლება შეაფერხოს პორტალის ეფექტური გამოყენება მოქალაქეებში. 

 

მართლაც, 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე 102 პეტიცია იძებნება პეტიციების არქივში, დღეისათვის კი 7 ღია პეტიციაა. მიმდინარე პეტიციებიდან ყველაზე მეტი ხელმოწერა (149) რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხზე შექმნილ ინიციატივას აქვს. დაარქივებული პეტიციებიდან აზარტული თამაშების შესახებ პეტიციების შემდეგ ყველაზე მეტი მხარდამჭერი (556) ილია ჭავჭავაძის სასამართლო შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნის ინიციატივას ჰყავდა. ვადაგასული პეტიციების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას 100-ზე მეტი ხელმოწერაც კი არ დაუგროვებია.

 

ეს გარემოებები ადასტურებს, რომ ორი წლის შემდეგ ელექტრონული პეტიციების სამთავრობო პორტალს მოქალაქეები ხშირად არ იყენებენ და საჭიროა ქმედითი ღონისძიებები პორტალის პოპულარიზაციისთვის. ამ პროცესში პირველი წარმატებული პეტიციის განხილვას შეუძლია გარდამტეხი როლი ითამაშოს მოქალაქეების დამოკიდებულებაზე დანერგილი პლატფორმის მიმართ. თუ პეტიციის განხილვისას დაცული იქნება ყველა პროცედურა, მთავრობა პროცესში ჩართავს პეტიციის აქტიურ მხარდამჭერებს, და დროულად და დასაბუთებულად გასცემს პასუხს ინიციატივის ავტორებს, მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტრონული პეტიციების სისტემის ცნობადობა და მოქალაქეების მისადმი ნდობა.

 

IDFI ელექტრონული პეტიციების სისტემის დანერგვას ჯერ კიდევ 2012 წლიდან ითხოვდა და მოგვიანებით, აქტიურად იყო ჩართული სისტემის შექმნის პროცესში. მიგვაჩნია, რომ პეტიციების ელექტრონული პლატფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნაში ელექტრონული მონაწილეობის სტანდარტების შემდგომ განვითარებასა და გაუმჯობესებას. შესაბამისად, IDFI დააკვირდება აზარტული თამაშების შესახებ პეტიციის განხილვის პროცესს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

23.01.2020

ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის განვითარების გეგმები და პერსპექტივები

21.01.2020

ჟურნალისტები და აქტივისტები დემოკრატიული მმართველობისთვის - ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24.12.2019

კარგი მმართველობის მოდულის მსმენელთა დაჯილდოება

19.12.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

21.01.2020

კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს

19.01.2020

კოალიცია საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს ეხმიანება

12.01.2020

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ პროკურატურას წურწუმიას საქმის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს

09.01.2020
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019