კონკურსი საპროექტო განაცხადების მისაღებად

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პროექტების “მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ და “ორგანიზაციული მხარდაჭერა“ ფარგლებში აცხადებს პროექტების კონკურსს საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებული ჯგუფებისგან საპროექტო განაცხადების მისაღებად. 

 

კონკურსის მიზანია კორუფციასთან მებრძოლი საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმის ხელშეწყობის მიზნით.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსის ფარგლებში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს (თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი პირისგან), რომლის წევრებიც რეგისტრირებული არიან კორუფციასთან ბრძოლის ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://anticorruptionhub.net/.

 

წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

- უკავშირდებოდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების, შევსების ან მართვის უკეთესი პრაქტიკის დანერგვის საკითხებს; აფასებდეს ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციულ გარემოს, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების შესაბამისად ადგილობრივ დონეზე კორუფციული შემთხვევების გამოვლენისა და მასზე რეაგირების ფაქტებს; აანალიზებდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საჭიროებას და ასეთი სააგენტოს შექმნის შემთხვევაში მის შესაძლო გავლენას საქართველოზე ან/და განიხილავდეს საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმის/პოლიტიკის სახელმწიფო დონეზე კოორდინაციის საკითხს;

 

- ნათლად იყოს დასაბუთებული პროექტში დასმული საკითხის/პრობლემის აქტუალობა და გამოკვეთილი იყოს არსებული გამოწვევები; 

 

- საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა/აქტივობები იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული.

 

პროექტების შერჩევა

 

პროექტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 პროექტი. თითოეული პროექტის განხორციელებისათვის გაიცემა 3000 (სამი ათასი) ლარი. პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

 

საპროექტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის გამოგზავნისას დასახელებაში მიუთითოთ „პროექტების კონკურსი“.

 

პროექტების კონკურსში მონაწილე ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:   

- საპროექტო განაცხადი 

- გუნდის წევრთა რეზიუმეები (CV).

 

საპროექტო განაცხადში მითითებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

 

- მონაწილეთა სახელი და გვარი, საკონტაქტო ელ-ფოსტა, პროექტის სახელწოდება.

 

- პრობლემის აღწერა (მოკლედ აღწერეთ რა საკითხზე/პრობლემაზე აპირებთ მუშაობას პროექტის ფარგლებში? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება? რა გაკეთებულა დღემდე ამ საკითხის მოსაგვარებლად?). 

 

- განსახორციელებელი აქტივობების მიზანი და ამოცანები, აქტივობების აღწერა (მოკლედ აღწერეთ თქვენი ძირითადი მიდგომა და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც გეგმავთ დასახული მიზნის და ამოცანების შესრულებას. რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში?). 

 

- აქტივობების განმახორციელებელი გუნდი (ჩამოთვალეთ გუნდის წევრები. მიუთითეთ მათი მოკლე ბიოგრაფია).

 

კონკურსში გამარჯვებული ჯგუფები ვალდებულები იქნებიან პროექტის განხორციელების შემდეგ წარმოადგინონ პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი, არაუმეტეს 10 გვერდის მოცულობის მქონე, პუბლიკაცია, სადაც მითითებული იქნება კვლევის მიგნებები.

 

პროექტის შედეგად შექმნილი პუბლიკაცია გამოქვეყნდება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და კორუფციასთან ბრძოლის ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდებზე.

 

წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

 

- პროექტის აღწერა და დასახული მიზნები (60%)

- გუნდის გამოცდილება (40%)

 

წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს IDFI გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ან/და პროექტების დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციები. სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, პროექტების კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში. 

 

კონკურსის ვადები

 

კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება: 27 მაისი, 2022

საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2022

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

 

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ ფოსტაზე: contest@idfi.ge.