ღია მმართველობის პარტნიორობა - გლობალური სამიტები და საქართველოს მიღწევები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ივლისი 2018

ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP - Open Government Partnership) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივის შედეგად დაფუძნდა 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით, იგი 76 ქვეყანას აერთიანებს. პარტნიორობა წარმოადგენს მრავალმხრივ საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის მიერ გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლის,  აგრეთვე, მმართველობის გაძლიერებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, ვალდებულებების აღებას. 

 

OGP-ის ზედამხედველობას უწევს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან პროპორციული რაოდენობით დაკომპლექტებული სამეთვალყურეო კომიტეტი (Steering Committee). სამეთვალყურეო კომიტეტი, ქვეკომიტეტებისა და თემატური ჯგუფების დახმარებით, აყალიბებს OGP-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მის პოლიტიკასა და იდეას, ამასთან, კონტროლს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ზედამხედველობს OGP-ის ფუნქციონირებას. კომიტეტს ხელმძღვანელობენ თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და ორი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი.


OGP-ს ხელმძღვანელობს მხარდამჭრი ერთეული (Support Unit), რომელიც მუდმივი სამდივნოს როლს ასრულებს და სამეთვალყურეო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, OGP-ს მიზნებს ახორციელებს. მხარდამჭერი ერთეულის ძირითად მოვალეობებს OGP-ს გარე კომუნიკაციების, OGP-ს პარტნიორებთან საორგანიზაციო ურთიერთობებისა და წევრობის გაფართოება წარმოადგენს.

 

 

საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობაში

 

2014 წლის 30 ივლისს, პირველად 2011 წლის შემდეგ, ღია მმართველობის სამეთვალყურეო კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდა. სამეთვალყურეო კომიტეტის წევრობის 8 ვაკანტური ადგილისთვის 11 სახელმწიფო იბრძოდა, მათ შორის საქართველოც. არჩევნების შედეგად, აშშ, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო, ფილიპინები და ტანზანია ხელახლა აირჩიეს სამეთვალაყურეო კომიტეტის წევრებად, ხოლო საქართველო, საფრანგეთი, და ხორვატია პირველად შეუერთდნენ კომიტეტს. 2016 წლის 4 მაისს საქართველო OGP-ის თანათავმჯდომარედ იქნა არჩეული. 2013 წლის აგვისტოდან ქვეყანა ასევე არის OGP-ის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრი. თანათავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც 1 ოქტომბრიდან დაიწყო, საქართველო საფრანგეთთან ერთად ხელმძღვანელებოდა მმართველ კომიტეტს.


2017 წლის ივნისში, გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი, მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამეთვალყურეო კომიტეტის ახალ წევრად იქნა არჩეული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. წევრობის კანდიდატად გიორგი კლდიაშვილი წარადგინა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი საქართველოში.

 

ამასთან, 2017 წლის 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე, გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამეთვალყურეო კომიტეტის (Steering Committee) შეხვედრა. შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანულ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა.


”ღია მმართველობა პარტნიორობის” (OGP) ფარგლებში საქართველომ უკვე მეოთხე, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. წინა სამი სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2012-2018 წლებში საქართველოს მთავრობამ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა.


გარდა ამისა, 2015 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი გააფორმეს, რის შედეგადაც საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პარლამენტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა დაიწყო.


აღსანიშნავია, რომ 2015 წლის გლობალურ სამიტზე, საქართველოს პარლამენტმა, ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო  მოიპოვა. უფრო კონკრეტულად, ჯილდო გადაეცა პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას იდეალური თანამშრომლობისთვის და სამოქმედო გეგმაში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებისა და რეკომენდაციების წარმატებით შეტანისთვის.


დღეის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, სამი სამოქმედო გეგმა (2015-2016, 2017, 2018-2019) დაამტკიცა და გეგმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს წარმატებით ახორციელებს.


საყურადღებოა, რომ 2017 წლის საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმით, საქართველოს პარლამენტმა ვალდებულად აიღო საქართველოს მთავრობის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში განხორციელებულის საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტორინგი.

 

აღნიშნულის შედეგად, ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და შემუშავების პროცესში, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან და მიღწევებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარუდგინა. ეს დემოკრატიის გაზრდისა და სამთავრობო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მიერ OGP-ის თავმჯდომარის სტატუსის მოპოვება ინფორმაციის გამჭვირვალობისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად და დიდ წარმატებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

 

 

თბილისის მერიის მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP)

 

2017 წლის 16 ნოემბერს თბილისის მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმის შემუშავებისა და მონიტორინგის მიზნით, 2017 წლის მაისში შეიქმნა 20 წევრისაგან შემდგარი „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი“. ჯგუფი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პროგრამების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (USAID) და პროგრამა „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.“


აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა და ამ ნაბიჯით აქტიურად შეურთდა საქართველოში OGP-ს პრინციპების დანერგვის პროცესს.

 

 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პირველი გლობალური სამიტი ბრაზილიაში (2012 წლის აპრილი)

 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პირველი გლობალური სამიტი 2012 წლის 17-18 აპრილს ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში გაიმართა და მას 53 ქვეყნის ხელისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას საქართველოს პრემიერმინისტრი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბრაზილიის შეხვედრა OGP-ის წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროგრესის მიმოხილვას და მთავარი მიმართულებების განსაზღვრას ისახავდა მიზნად.


ამასთან, შეხვედრაზე ხელისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა OGP-ის პრინციპების დანერგვის მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმები წარმოადგინეს.


ბრაზილიის 2012 წლის შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ინფორმაციაზე წვდომა, საჯარო მომსახურების გაწევა, ღია მონაცემთა პორტალების შექმნის აუცილებლობა, საჯარო ფინანსების მართვა, ფინანსების განკარგვის პროცესის გამჭვირვალობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის პოზიცია ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით და სხვა.

 

 

“ღია მმართველობის პარტნიორობის” მეორე გლობალური სამიტი ლონდონში (2013 წლის ოქტომბერი)

 

2013 წლის 31 ოქტომბერს - 1 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიმართა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეორე გლობალური სამიტი, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნების 1,000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოს დელეგაციას ხელისუფლების მხრიდან - იუსტიციის მინისტრი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ესწრებოდნენ. სამიტის მონაწილე ქვეყნებმა განიხილეს OGP-ის პრინციპებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების პროგრესი და დასახეს ახალი მიზნები და გამოწვევები. 2013 წლის ლონდონის სამიტზე განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები: მმართველობის ღიაობის ხელშეწყობა, დემოკრატიის განვითარებისა და კორუფციის აღმოფხვრის მიზნით ფინანსური გამჭვირვალობა, ანგარიშგების გლობალური სტანდარტების შემუშავება ბუნებრივი რესურსების გამოყენების გამჭვირვალობისთვის, მთავრობასა და მოსახლეობას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდა და სხვა. ლონდონის სამიტზე თითოეულმა ქვეყანამ დაასახელა განახლებულ სამოქმედო გეგმაში შესატანი ახალი ვალდებულებები. საქართველომ საჯარო ინფორმაციის ერთიანი ბაზის (data.gov.ge) შემუშავების და ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მიღების ვალდებულება აიღო. ამასთან, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ინფორმაციის თავისუფლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომლის მიზანიც ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა იყო.

 

 

“ღია მმართველობის პარტნიორობის” მესამე გლობალური სამიტი მეხიკოში (2015 წლის ოქტომბერი)

 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მესამე გლობალური სამიტი 2015 წლის 28-29 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა და მასზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. გლობალურ სამიტამდე 1 დღით ადრე ჩატარდა OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღე. ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა OGP-ის სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, OGP-ში სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, OGP-ში ჩართული ქვეყნების რაოდენობის ზრდას, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და OGP-ის ვალდებულებების გაფართოებას. მეხიკოს სამიტზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა საკანონმდებლო პროცესისა და ტექნოლოგიების ურთიერთდამოკიდებულება. სახელდობრ, განისაზღვრა, რომ საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორია ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რომელიც დაინტერესებულ პირებს ინფორმაციაზე წვდომას უადვილებს და, შესაბამისად, ხელს უწყობს მოსახლეობის საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობას.


მეხიკოს სამიტზე აგრეთვე განხილულ იქნა საპარლამენტო ღიაობის დანერგვის მექანიზმები. ამასთან, სამიტზე ხაზი გაესვა OGP-ის პრინციპების დანერგვაში სასამართლო ხელისუფლების ჩართვის აუცილებლობას. სამიტის ფარგლებში, OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ღიაობის ტრეინინგი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ტექნოლოგიის როლი საკანონმდებლო გამჭვირვალობის განვითარებასა და ხელშეწყობაში, ინფორმაციაზე წვდომის კანონმდებლობის შემუშავებასთან დაკავშირებული გამოცდილება, საპარლამენტო ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სხვა. საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის დახმარებით, მრავალმა ქვეყანამ OGP-ის მიზნების განხორციელების პროცესში საკანონმდებლო ორგანოების ჩართვის ვალდებულება აიღო. 2015 წლის მეხიკოს გლობალური სამიტის მონაწილე ქვეყნებმა ასევე განიხილეს ღია მმართველობის როლი გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

 

 

“ღია მმართველობის პარტნიორობის” მეოთხე გლობალური სამიტი პარიზში (2016 წლის დეკემბერი)

 

2016 წლის 7-9 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჩატარდა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) მეოთხე გლობალური სამიტი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობების 3,000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდნენ. OGP-ის სამიტს ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენლები. სამიტის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას „პარიზის დეკლარაციის“ საზოგადოებისთვის წარდგენა და მიღება წარმოადგენდა, რომლის მიზანია მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ OGP-ის დანარჩენი წევრებისთვის საკუთარი გამოცდილებისა და მექანიზმების გაზიარება.

 

 

“ღია მმართველობის პარტნიორობის” რიგით მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში (2018 წლის ივლისი)

 

2018 წლის 17-19 ივლისს, თბილისი უმასპინძლებს ღია მმართველობის პარტნიორობის რიგით მეხუთე გლობალურ სამიტს, რომელზეც თავს მოიყრის სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი. მთავრობების ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოეიბს და აკადემიის წარმომადგენლები, აგრეთვე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები განიხილავენ ღია მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამიტი გაიხსნება სამოქალაქო საზოგადოების დღით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი, ღია მმართველობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ძირითადი შეკრების ადგილია. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების დღის პარალელურად, 2018 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება ღია პარლამენტის დღე, რომელიც 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლებს. ღონისძიებას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ღონისძიება 2 პანელისგან (პანელი 1 - კანონშემოქმედებითი ჩართულობის პოლიტიკა: კარგი პრაქტიკის მაგალითები და გამოწვევები, პანელი 2 - გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პარლამენტები) შედგება.


პანელების შორის, შუალედური დისკუსიების გამართვა იგეგმება, რომლებიც საპარლამენტო დემოკრატიის დანერგვისათვის აუცილებელ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს დაეთმობა და წარმოდგენილი იქნება როგორც პრეზენტაციები, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების გამოცდილებები და მაგალითები.


საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარენის პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).


18 ივლისს გახსნითი პლენარული სხდომა და ასევე მაღალი რანგის სესიები გაიმართება. განხილული იქნება საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალური ანტიკორუფცია, მრავალმხრივი ინსტიტუტების როლი ღია მმართველობის რეფორმების მხარდაჭერაში, ღია მონაცემები, საჯარო სერვისების ინოვაცია, მონაწილეობითი ბიუჯეტის ინიციირება და შემუშავება და სხვა. თემები წარმოდგენილი იქნება მთავრობის, პარლამენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ. სესიებს დაესწრებიან გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე სხვადასხვა მონაწილე სახელმწიფოების პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და სხვა მაღალი რანგის პირები.


გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი, განიხილავს ღია მმართველობის და OGP-ს შესაძლებელობებსა და გამოწვევებს აღმასავლური პარტნიორობის ფარგლებში.


19 ივლისს, სამიტი შემდეგი თემებით გაგრძელდება: განვითარებისათვის საბიუჯეტო გამჭვირვალობის გაძლიერება, ღია მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება და ხელახლა გამოყენება, ღია მმართველობის ინიციატივები, ფემინისტური ღია მმართველობა, სამოქალაქო ჩართულობა და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საპარლამენტო OGP-სთან დაკავშირებულ საკითხებს და გიორგი კლდიაშვილი, ირინა ფრუიძესთან, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, წარმოადგენენ საკუთარ ხედვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეიცვალა ურთიერთობა პარლამენტსა და მოქალაქეებს შორის OGP-ს ოთხი გამოწვევის დანერგვის შედეგად.
სამიტი სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტის შენობაში, ფილარმონიის დარბაზში, სასტუმრო „რუმსი“-სა და ფუნიკულორზე ჩატარდება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024