ავტორი: ნატალია ვარაზი
2016 წლის 7-9 დეკემბერს საფრანგეთის დედაქალაქმა პარიზმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ყოველწლიურ გლობალურ სამიტს უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციისამებრ, „ღია მმართველობის“ დაჯილდოების გამარჯვებული გამოვლინდა.
„ღია მმართველობის“ დაჯილდოება 2014 წელს დაწესდა. ის მიზნად ისახავს OGP-ის წევრი ქვეყნების მიერ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით საუკეთესოდ განხორციელებული ინიციატივის გამოვლენას. საყურადღებოა, რომ ყოველწლიურად, „ღია მმართველობის“ დაჯილდოება OGP-ის ერთ კონკრეტულ გამოწვევას ირჩევს და სწორედ ამ გამოწვევის განხორციელების კუთხით ავლენს კონკურსის გამარჯვებულს. მაგალითისათვის, 2014 წელს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში ჩატარებული დაჯილდოება მოქალაქეების ჩართულობის საუკეთესო მაგალითის გამოვლენას ეძღვნებოდა და სწორედ ამ კუთხით აფასებდა კონკურსში მონაწილე 33 კონკურსანტს.
2014 წლის დაჯილდოების გამარჯვებულად, „უფროსი თაობის მოქალაქეების საბჭოს“ შექმნისათვის, დანია დასახელდა. აღნიშნული საბჭო 1990-იან წლებში დაფუძნდა. ის მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში უფროსი თაობის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას.
საყურადღებოა, რომ თავდაპირველად „უფროსი თაობის მოქალაქეების საბჭო“ მოხალისეობრივ ინიციატივას წარმოადგენდა და მას არ გააჩნდა რეალური სამართლებრივი ბერკეტები იმისათვის, რომ მმართველობის განხორციელებაში აქტიურად ჩართულიყო. თუმცა დანიის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც „უფროსი თაობის მოქალაქეების საბჭოს“ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ჩართვა სავალდებულო გახდა. დღეის მდგომარეობით, ზემოხსენებული საბჭოები დანიის ყველა მუნიციპალიტეტში გვხვდება. ამასთან, დანიის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის თანახმად, ამა თუ იმ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია „უფროსი თაობის მოქალაქეების საბჭოსთან“ კონსულტაციები გაიაროს.
2014 წლის „ღია მმართველობის“ დაჯილდოებაში საქართველოს გუნდიც იღებდა მონაწილოებას. ჩვენმა ქვეყანამ კონკურსზე მოქალაქეთა ჩართულობის საზოგადოებრივი ცენტრების ინიციატივა წარადგინა. აღნიშნული ინიციატივა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მიერ იქნა შერჩეული. ფორუმი სახელმწიფოს და ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და ზემოხსენებული ინიციატივის შემუშავების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მოქალაქეთა ჩართულობის საზოგადოებრივი ცენტრებისინიციატივის შემუშავების პროცესში აქტიურ მონაწილეობას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც“ (IDFI) იღებდა.
კონკურსზე წარდგენილ აპლიკაციაში განიმარტა, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებზე (მაგ. ინტერნეტი) შეზღუდული წვდომა აქვს. ამასთან, სერვისების მისაღებად, სოფლებში მცხოვრებ პირებს შორი მანძილების გადალახვა უწევთ. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ჩართულობის საზოგადოებრივი ცენტრების ინიციატივის სამიზნე ჯგუფს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა წარმოადგენს და ეს ინიციატივა ადგილობრივ მმართველობაში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას, მისი ინფორმირებულობის გაზრდას და სერვისებზე გამარტივებული წვდომის დანერგვას ისახავს მიზნად.
2014 წლის მდგომარეობით, მოქალაქეთა ჩართულობის საზოგადოებრივი ცენტრების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 12 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მოსახლეობას ადგილობრივ დონეზე 200-მდე სახეობის მომსახურების მიღების და უფასო ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
2014 წლის „ღია მმართველობის“ დაჯილდოებაზე საქართველოს ინიციატივა 62.5 ქულით იქნა შეფასებული და 33 კონკურსანტს შორის 25-ე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება 2015 წლის დაჯილდოებას, ის მექსიკის გლობალური სამიტის ფარგლებში ჩატარდა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული საუკეთესო რეფორმის გამოვლენას ისახავდა მიზნად. 2015 წლის დაჯილდოებაში 30-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო გამარჯვებულად ურუგვაი დასახელდა. სახელდობრ, ურუგვაიმ შეიმუშავა ვებ-პლატფორმა http://atuservicio.uy/, რომელიც მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მომწოდებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
საყურადღებოა, რომ ვებ-პლატფორმის შემუშავებამდე, ურუგვაის მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების მომწოდებელს ძირითადად მარკეტინგული კამპანიის შედეგად ირჩევდა, რაც თავისთავად ვერ იქნებოდა არჩევანის გაკეთების ობიექტური კრიტერიუმი. სწორედ ამ მიზეზით, ურუგვაის ხელისუფლებამ, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან თანამშრომლობის გზით, შეიმუშავა ზემოხსენებული პლატფორმა. მასზე განთავსებული ინფორმაცია ამომწურავი და მიუკერძოებელია, რაც უადვილებს ურუგვაის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მომწოდებლის არჩევის პროცესს.
მექსიკის გლობალური სამიტის ფარგლებში ჩატარებულ დაჯილდოებაზე საქართველოს გუნდმა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროექტი - „მომხმარებლის ხმა“ - წარადგინა, რაც ასევე ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ინიციატივას წარმოადგენდა. მისი შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფოს, ასევე სამოქალაქო სექტორის, მათ შორის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლები. „მომხმარებლის ხმა“, მოქალაქეების კომენტარებისა და შეფასებების გამოყენებით, საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სახელდობრ, სსიპ „იუსტიციის სახლის“ ნებისმიერ ფილიალში მისულ მოქალაქეს, „მომხმარებლის ხმის“ დაფაზე აპლიკაციის შევსებით ან „იუსტიციის სახლში“ ზარის განხორციელებით, შესაძლებლობა ეძლევა მიღებული მომსახურების თაობაზე თავისი მოსაზრება გამოხატოს.
აღნიშნული ინიციატივა „ღია მმართველობის“ დაჯილდოებაზე 69.9 ქულით იქნა შეფასებული და 29 კონკურსანტს შორის მე-20 ადგილი დაიკავა.
2016 წლის „ღია მმართველობის“ დაჯილდოებაზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს - გამჭვირვალობას - ეძღვნებოდა. როგორც ცნობილია, ხელისუფლება და ხელისუფლებას დაქვემდებარებული ერთეულები, საქმიანობის განხორციელებისას, დიდი მოცულობით მოიპოვებენ და ამუშავებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას და მონაცემებს. ამასთან, ინფორმაციის და მონაცემების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა მმართველობით პროცესში მოსახლეობის ჩართულობის წინაპირობაა. ის ხელს უწყობს ხელისუფლების ეფექტურ ფუნქციონირებას და პირდაპირ ურთიერთკავშირშია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიერ დასახულ გამოწვევებთან.
ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით განხორციელებული საუკეთესო ინიციატივის გამოვლენის მიზნით, 2016 წლის დაჯილდოებაში 42 კონკურსანტი მონაწილეობდა, ხოლო გამარჯვებულად უკრაინის მიერ დანერგილი ვებ-პლატფორმა https://prozorro.gov.ua/ დასახელდა. ProZorro წარმოადგენს ღია პლატფორმას, რომელიც კონტროლს უწევს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს და შესყიდვებთან დაკავშირებულ მონაცემებს.
პლატფორმის შემუშავების პროცესი 2014 წელს დაიწყო და მასში აქტიურად იყვნენ ჩართულები ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 2015 წლის თებერვლიდან ProZorro-ს პლატფორმაზე 4,500-ზე მეტი სამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა და განახორციელა შესყიდვები, ხოლო 2016 წლის 1 აგვისტოდან ტენდერის შედეგების სანახავად ვებ-პლატფორმაზე დარეგისტრირება სავალდებულო გახდა. ამასთან, ProZorro-ს პლატფორმის საშუალებით, მოსახლეობა თვალს ადევნებს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვას.
საყურადღებოა, რომ ProZorro-ზე შესვლა სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებითაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ იქნა სპეციალური ტრეინინგები, სადაც მოსახლეობას, ბიზნესის წარმომადგენლებს და საჯარო მოხელეებს განემარტათ ზემოხსენებული ვებ-პლატფორმის მიზანი და გამოყენების წესები.