ინტერნეტ კონფერენცია თემაზე „2015 წლის მიმოხილვა და მზადება 2016 წლისთვის: საკანონმდებლო ღიაობა და ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP)" 17 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიება OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სპონსორობით შედგა. ინტერნეტ კონფერენციის მიზანი იყო ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის სამუშაო გეგმის განხილვა და მომავალი გეგმისთვის პრიორიტეტული იდეების მოსმენა.
ინტერნეტ კონფერენციას მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ხაიმე მერკადო უწევდა მოდერატორობას, ხოლო მომხსენებლები იყვნენ: გიორგი კლდიაშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი და OGP-ის საქართველოს ფორუმის თანა-თავმჯდომარე, სკოტ ჰაბლი - ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მმართველობის პროგრამების დირექტორი (NDI, ჩილეს კონგრესთან ერთად არის ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის თანა-თავმჯდომარე) და ნინო ბერაძე - საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი.
დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკანონმდებლო ღიაობაზე. პრეზენტაციები მოიცავდა ინფორმაციას NDI-ს, IDFI-სა და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე საქართველოში საკანონმდელო ღიაობის გასაუმჯობესებლად. ინტერნეტ კონფერენციაში ჩართვა და მომხსენებლებისთვის კითხვების დასმა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
სკოტ ჰაბლიმ- ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მმართველობის პროგრამების დირექტორმა ისაუბრა 5 პრიორიტეტზე, რომელშიც NDI მხარს უჭერდა სამუშაო ჯგუფს საკანონმდებლო ღიაობის საქმიანობაში. ეს მიმართულებებია: საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა, რათა ამ სფეროში მოღვაწე ინდივიდებმა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა იგივე კონფერენციების მეშვეობით, ამგვარი კონფერენცია კი 2015 წელს ჩატარდა, როგორც მექსიკაში და კანადაში, ისე საქართველოში; საკანონმდებლო ღიაობაზე შედარებითი მონაცემების უზრუნველყოფა და თავმოყრა; პარლამენტის წევრთათვის ეთიკური სტანდარტების შემოღება; საპარლამენტო ტექნიკური თანამშრომლობა; და ადგილობრივი და რეგიონალური პარლამენტის ჩართულობა საკანონმდელო ღიაობის ინიციატივაში.
სკოტ ჰაბლი გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის საკითხსაც შეეხო, რომელიც საქართველოში გასულ წელს დაიწყო და წელსაც გაგრძელდა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია, 14-15 სექტემბერს თბილისში, საქართველოში. როგორც ჰაბლიმ აღნიშნა, GLOW-ს კვირეული კარგი შესაძლებლობაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, მოამზადონ სხვადასხვა აქტივობები და გამოიყენონ ის საპარლამენტო გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად საკუთარ ქვეყნებში. სკოტ ჰაბლიმ მაგალითად დაასახელა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა - "Project Appendectomy" - პოლიტიკური ორგანოდან უსარგებლო ნაწილების მოშორება, უფრო ნათლად კი, პროექტის ინიციატორებმა გამოავლინეს ის პირები, რომლებიც იშვიათად ესწრებოდნენ სესიებს და აქტიურად არ მონაწილეობდნენ საპარლამენტო აქტივობებში. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კი, პარლამენტის ამ წევრებისთვის მანდატის შეჩერებისკენ მიმართული კამპანია დაიწყეს.
სკოტ ჰაბლიმ ასევე თხოვა მონაწილეებს გამოეთქვათ აზრი, თუ რა მიმართულებით შეიძლება NDI-მ სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მხარდაჭერა გააგრძელოს ან რა რესურსები შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფმა, იმისათვის რომ მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც საპარლამენტო ღიაობაზე მუშაობენ.
ნინო ბერაძემ - საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა, განიხილა საპარლამენტო ღიაობის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. ბერაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - დავით უსუფაშვილის როლს და აღნიშნა, რომ თავმჯდომარის პერსონალურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად განაპირობა სამოქმედო გეგმის წარმატებით შემუშავება. ნინო ბერაძემ თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი აღიარებს საზოგადოებისათვის პარლამენტის ღიაობის მნიშვნელობას და ცდილობს, რომ „ არამარტო ინფორმირებული ამომრჩეველი ჰყავდეს, არამედ მმართველობის პროცესში მათი მაქსიმალურად ჩართულობა უზრუნველყოს, როგორც ეს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა.
გარდა ამისა, ნინო ბერაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი სამოქმედო გეგმის 18 ვალდებულებიდან, 2 ვალდებულების ავტორია. იმისათვის, რომ სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებები შესრულდეს საქართველოს პარლამენტმა 4 ძირითადი მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ეს მიმართულებებია: ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა, როგორც მდგრადი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის კოორდინირებულ და ეფექტურ დანერგვას; ახალი ვებგვერდის ცნების განვითარება, რომელიც დააკმაყოფილებს OGP-ის პრინციპებს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობასა და ინფორმაციაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საპარლამენტო საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე, რაც გარკვეულწილად გააძლიერებს საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციონალურ იმიჯს; ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო საქმიანობაში, ისევე როგორც, სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. ნინო ბერაძის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ეტაპი სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებების დანერგვიდან იქნება ეთიკის კოდექსის მიღება.
დასასრულს, ნინო ბერაძემ ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არსებულ მხარდაჭერას, რათა შეემუშავებინათ ქმდითი სამოქმედო გეგმა. მან აღნიშნა, რომ პროცესში 15 არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული, თუმცა გამოყო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) საქართველოს პარლამენტისათვის მხარდაჭერა, რომელთა მეშვეობით ნინო ბერაძის თქმით OGP-ში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია IDFI ახორცილებს პროექტს ,,საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში."
ინტერნეტ კონფერენციის ბოლო მომხსენებელი იყო გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი. გიორგი კლდიაშვილმა საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის სტრუქტურაზე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. IDFI-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ პარლამენტის პოლიტიკური და კეთილი ნების არ არსებობის პირობებში, რთული იქნებოდა საპარლამენტო ღიაობის ვალდებულებებისა და სტანდარტების შემუშავება. მისი თქმით, გადაწყვეტილების მთავარი მიმღებნი მონაწილეობას იღებდნენ სამუშაო შეხვედრებში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
გიორგიმ ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობაზე. მან აღნიშნა, რომ 18 ვალდებულებიდან 16 შეირჩა სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შეირჩა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულებების შემუშავების პროცესი ძალიან აქტიური იყო და პარლამენტს ბრმად არ დაუმტკიცებია ვალდებულებები, საწყის ეტაპზე შეტავაზებლი იყო 20 ვალდებულება, რომელთაგანაც პარლამენტმა 16 შეარჩია და 2 ვალდებულება საკუთარი ინიციატივით წამოაყენა.
გიორგიმ ასევე ყურადღება გაამახვილა OGP-ის გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში თბილისში, საქართველოში გამართულ კონფერენციაზე, რომელმაც თავი მოუყარა პარლამენტის თავმჯდომარეებს, დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ასობით წარმომადგენელს. გიორგის განცხადებით, კონფერენცია ძალიან წარმატებული გამოდგა საკანონმდებლო ღიაობისა და მისი მექანიზმების განხილვისათვის. ამასთანავე, IDFI-ს დირექტორმა ისაუბრა OGP-ის ჩემპიონთა ჯილდოს შესახებ, რომელიც საქართველომ მოიპოვა ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში მექსიკაში, 27 ოქტომბერს.
ჯილდოს მიზანია გამოავლინოს იდეალური თანამშრომლობა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნაციონალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისას; უზრუნველყოს პოლიტიკური გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი იმ პირებს მიმართ, ვინც ითამაშეს უდიდესი როლი OGP-ის ვალდებულებების დაცვაში და დააჯილდოვოს ჯგუფი, რომელმაც გაიზიარა პასუხისმგებლობა, უფლებამოსილება და მონაწილეობა მიიღო სამოქმედო გეგმის შექმნაში, წარმატებულად განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეთა ხმის დაცვა ნაციონალური სამოქმედო გეგმის განვითარების პროცესში და გაითვალისწინა რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებისაგან მიუხედავად ინიციატივების პოლიტიკური მგრძნობელობისა და სირთულისა მთავრობისათვის. გიორგიმ ინტერნეტ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჯილდოს მოპოვება დამატებით დიდი მოტივაციაა საქართველოსთვის, უფრო მეტად განავითაროს საკანონმდებლო ღიაობა საქართველოში.
IDFI-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც დაკავშირებული იყო საკანომდებლო ღიაობასთან. აღსანიშნავია, რომ გიორგი კლდიაშვილი არის ერთ-ერთი თანაავტორი წიგნისა „ღია პარლამენტი, შედეგები და მოლოდინები“ , რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა - მექსიკამ წარადგინა ღია მმართვლეობის პარტნიორობის მექსიკის გლობალური სამიტის ფარგლებში.
გიორგიმ მონაწილეებს ინტერნეტ კონფერენციაზე განუცხადა, რომ IDFI-მ შეხვედრები გამართა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და კოსტა-რიკას საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტთან. გიორგის მიხედვით, IDFI-ის ეკუთვნის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამბიციური ვალდებულება ,,ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო-ს" შექმნაზე. საბჭო საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციულ ჯგუფს ჩაანაცვლებს და იგი არა მხოლოდ, დეპუტატებს არამედ სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოიცავს. საბჭოს მისია იქნება არა მხოლოდ შემდეგი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება არამედ, მისი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი.
ინტერნეტ კონფერენციაში აქტიურად იყვნენ ასევე მონაწილეები ჩართული. ისინი კითხვებს უსვამდნენ მომხსენებლებს და დაინტერესებულნი იყვნენ, გაიზარდა თუ არა საქართველოში პარლამენტის წევრების მიმართ ნდობა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას ხელი მიუწვდება მრავალ მონაცემზე და საშუალება აქვთ გარკვეული გზებით ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში, ასევე კითხვები დაისვა თუ რა მექანიზმით იზომება სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება და ა.შ.
/public/upload/IDFI/OGP/Nov 17 OGP Webinar Presentation (Final reg slides).pdf