დევნილთა ჩასახლებები და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა (2009-2015)

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანალიზი 29 აპრილი 2015

იძულებით გადაადგილებული პირთა-დევნილთა სამართლებრივი მდგომარეობა, მათი გრძელვადიანი საცხოვრებლელი პირობებით დაკმაყოფილება და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მუდმივად წარმოადგენდა საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს. 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ იმატა და შესაბამისად მათი პრობლემების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ძალისხმევაც გაიზარდა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგების ზოგადი სტატისტიკა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის ამჟამინდელი საერთო საცხოვრებლების (კომპაქტური დასახლებების) მისამართებით, თითოეულ საცხოვრებელში მცხოვრები დევნილთა რაოდენობის მითითებით და აღნიშნული სიის მოთხოვნით 2015 წლის 4 მარტს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ამასთან IDFI-იმ გამოითხოვა დევნილი ოჯახების რაოდენობა, რომლებმაც საკუთრებაში მიიღეს საცხოვრებელი ფართი 2009-2015 წლებში და დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე.


განცხადების პასუხად სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია, წერილის მიღების მომენტისათვის საქართველოს მასშტაბით არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებისა და იქ მცხოვრებ დევნილთა რაოდენობის შესახებ, ასევე 2009-2015 წლებში გადაცემული საცხოვრებელი ფართების რაოდენობა და სოციალური დახმარების სახით სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ლარებში. საქართველოში რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა 2015 წლის მარტის მონაცემებით შეადგენს 263 598 ადამიანს, რომელთაგან 122 383 კაცია, ხოლო 141 215 ქალი.


უფრო დეტალურად დღეის მდგომარეობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დევნილთა ჩასახლებების მისამართები და იქ მცხოვრებ პირთა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

როგორც ირკვევა, დევნილთა 616 დასახლება მდებარეობს ქ. თბილისში, სადაც რეგისტირებულია 100 944 დევნილი, რომელთა უმეტესობაც (19 964 პირი) ცხოვრობს გლდანში, 17 150 ვაკისა და წყნეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, 15 159 სამგორში, 11 984 ნაძალადევში, ხოლო დანარჩენი გადანაწილებულია მთაწმინდა-კრწანისის, დიდუბის, ისნისა და საბურთალოს უბნებში.

 

სამეგრელოს რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ყველაზე დიდი რაოდენობა (207) მდებარეობს ქ.ზუგდიდში, სადაც 14 383 იძულებით გადაადგილებული პირია შესახლებული. ასევე დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს ქ. ქუთაისში 6 130, ქ. მცხეთაში - 9 770. ქვემო ქართლის რეგიონიდან დევნილთა უმეტესობა ცხოვრობს ქ. რუსთავში - 2 221, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 28 ჩასახლებაში. აჭარის რეგიონში დევნილთა ჩასახლებები ძირითადად მდებარეობს ბათუმსა და ქობულეთში, ჯამში 11 ჩასახლება 3052 დევნილით, რომელთა უმეტესობა 2 176 ცხოვრობს ბათუმში. რაც შეეხება ბორჯომს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, სულ 1 871 იძულებით გადაადგილებული პირია ჩასახლებული.


აღსანიშნავია, რომ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ მისამართებს დეტალურად ქუჩისა და ნომერის მითითებით.

მნიშვნელოვანია გამოიყოს საქართველოს მასშტაბით ის ადგილები კონკრეტული მისამართებით, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულია ყველაზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი.

 

რაც შეეხება, დევნილებისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართების რაოდენობას, სამინისტროდან მიღებული სტატისტიკა 2009-2015 წლებზე ასეთია:

 

 

მონაცემების მიხედვით, 2009 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა ჯამში 18 679 ოჯახს. აქედან, ყველაზე მეტი საცხოვრებელი ადგილი (8 255) დევნილთა ოჯახებმა 2012 წელს მიიღეს.


დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ყურადსაღებია სოციალური დახმარების პროგრამის საკითხები, რომლის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული ასეთი პირისთვის და დევნილთა ოჯახებისთვის გამოიყოფა ერთჯერადი ფულადი დახმარებები ან/და ყოველთვიური შემწეობები. IDFI დაინტერესდა იმ ფინანსური ხარჯებით, რომელსაც გამოყოფს დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკუთარი ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით სამინისტროს ბიუჯეტიდან დევნილთა დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობები ლარში.

ცხადია, რომ დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისათვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყო 2014 წელს (7 965 959 ლარი)


ამასთან, როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2014 წელს იძულებით გადაადგილებულ პირებს სამინისტროს მიერ შესყიდული უძრავი ქონებიდან გადაეცათ 120 ერთეული სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი ფართები (საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები) რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 2 180 281.30 ლარს, ხოლო 2015 წელს 82 ერთეული საერთო ღირებულებით 1 581 488 ლარი.


რაც შეეხება დევნილებისთვს საკუთრებაში გადაცემულ დანარჩენ საცხოვრებელ ფართებს (ძველი ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტები, სადაც ცხოვრობდნენ დევნილები და დაუკანონდათ ფართები. კარკასული, შემდგომში რეაბილიტირებული შენობები, ახლადაშენებული კორპუსები და კოტეჯები, ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინები) სამინისტროს განმარტებით ისინი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში და არ ირიცხებოდა სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია აღნიშნული ფართების ღირებულების შესახებ.


როგორც ცნობილია, 2014 წელს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონპროექტი, რომელიც დევნილთა სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, მათ უფლებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს. ცვლილებების მიხედვით დევნილის ცნება ახლებულად ჩამოყალიბდა და შესაბამისი სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც „იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან/და ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით შეუძლებელია მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება“. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს დევნილთა შემწეობების გაცემის წესებს, თუმცა დევნილებისათვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური (სოციალური) დახმარება. დღესდღეობით დევნილთა შემწეობა 45 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 160 ლარით განისაზღვრება.


დევნილთა ამგვარი მდგომარეობა და ზემოთმოყვანილი სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ დღემდე არაერთი პრობლემა რჩება მოსაგვარებელი, რაც დიდ ძალისხმევას და აქტიურ მუშაობას მოითხოვს. ცხადია, დევნილთა რაოდენობა პრობლემათა სწრაფი გადაჭრის შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა სწორად გაწერილი პოლიტიკის საფუძველზე შესაძლებელია დევნილთა უმნიშვნელოვანელი, მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პრობლემა წარმატებით გადაწყდეს. სამინისტროს მიერ 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაესვა 2015 წელს დაგეგმილ პროექტებს, კერძოდ კი აქცენტი გაკეთებულია მასშტაბურ მშენებლობებზე საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის ქუთაისში, რომელიც განკუთვნილი იქნება 2000 ოჯახზე, ასევე ზუგდიდში დაგეგმილ 34 კორპუსის მშენებლობაზე, რომელიც 2460 ოჯახს დააკმაყოფილებს. ინსტიტუტი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად წამოწყებულ ყველა ახალ ინიციატივას და იმედს იტოვებს, რომ მოხდება დევნილთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023