არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებისკენ მოუწოდებენ

განცხადებები 2 ივნისი 2018

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე მასობრივ პროტესტს და სოლიდარობას ვუცხადებთ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახებს.

 

მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აშკარად მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. საზოგადოების მიერ გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის არასათანადო გამოძიების პრობლემას არ უკავშირდება და ის უფრო ფართედ უსამართლო მართლმსაჯულების სისტემისა და სოციალური პოლიტიკის მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილების გამოხატულებაა.

 

საზოგადოების შეშფოთება პირველ რიგში გამოწვეულია სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფციისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური სტანდარტების უგულებელყოფის პრაქტიკებით. პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, რომელთა უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროებში რეფორმების წარმართვა, ვერ მოახერხეს აღნიშნული ფუნქციის შესრულება, რაც ცხადია, ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი პოლიტიკური ნებისა და საზოგადოებრივი აზრის იგნორირების პრობლემას უკავშირდება. სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში ხელისუფლების მიერ დეკლარირებული რეფორმების დიდი ნაწილი ფორმალური ხასიათის აღმოჩნდა და საზოგადოებაში ღრმა უსამართლობის და დაუცველობის განცდა ვერ აღმოფხვრა. ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებში აშკარად დადგა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების პრობლემა, რასაც ეფექტიანი გამოძიება არ მოჰყოლია.

 

ამ ეტაპზე შექმნილი კრისიზული ვითარება მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პოლიტიკური ნების გამოვლენას დაგროვილი სისტემური პრობლემების რეალური, დროული და ძირეული აღმოფხვრისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

 

1. უზრუნველყოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის, მათ შორის, ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის სავარაუდო შემთხვევების, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების სამართლიანი დასჯა. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საქმის მასალების დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის გადაცემა და გაუმჟღავნებლობის ვალდებულების მოხსნა;

 

2. არსებითია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ შემოიფარგლოს მხოლოდ ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობისა და ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების სავარაუდო დანაშაულის გამოძიების შესწავლით და მისმა მანდატმა მოიცვას ბოლო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მძიმე საქმეები (მათ შორის, აფგან მუხთარლის საქმე, თ. მაჩალიკაშვილის საქმე), სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი კრიტიკულად დადგა;

 

3. დაუყოვნებლივ დადგეს იმ თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში თანმიმდევრული, რეალური და ეფექტური რეფორმების განხორციელება;

 

4. უზრუნველყოს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ფართო ჩართულობით წარმართვა, რათა კონსენსუსური გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნას მიუკერძოებელი კანდიდატი, რომელიც არ იქნება აფილირებული ხელისუფლებასთან ან მმართველ პარტიასთან და ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით;

 

5. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაახლოს მუშაობა ეფექტური და რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან ერთად, აღჭურვილი იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას საგამოძიებო მექანიზმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიერთებაზე.

 

6. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების რეალური ნება და დაუყოვნებლივ დაიწყოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირეული რეფორმა.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

ღია საზოგადოების ფონდი

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

 

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

 

თანასწორობის მოძრობა

 

თემიდა

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

 

მედია განვითარების ფონდი (MDF)

 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
განცხადებები

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024