სიახლეების გამოწერა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვანის მკვლელობების საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით

განცხადებები 25 ივლისი 2018

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ და მიმდინარე გამოძიების პროცესს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტში „2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობა. კომისიის სხდომებზე საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების და სხვა პირთა გამოკითხვებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა საზოგადოებაში არსებული კითხვების ლეგიტიმურობა.

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებამ საზოგადოებაში პროცესის ხელოვნურად გამრუდების განცდა შექმნა და კიდევ ერთხელ კრიტიკულად დააყენა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე არასათანდო გავლენების საკითხი. პრინციპულად მნიშვნელოვანმა მოქმედებებმა, რომელიც არ განხორციელდა ან არასწორად განხორციელდა გამოძიების ფარგლებში, ხელი შეუშალა საქმეზე სიმართლის დადგენას, მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულებას და არსებითად შეარყია როგორც დაზარალებულების, ასევე საზოგადოების ნდობა გამოძიების პროცესის მიმართ.

 

ხორავას ქუჩის საქმე აღმოჩნდა ის ეპიზოდი, რომელმაც სისტემური და კომპლექსური პრობლემები განსაკუთრებული მასშტაბებით გამოავლინა და მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გახდა. ამ დრომდე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება განცდა, რომ გამოძიების პროცესის გამრუდებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა

 

ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მიერ გაწეული ძალისხმევა. სახალხო დამცველმა საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში გამოძიების მწარმოებელ პირთა ქმედებების, დიდი ალბათობით დანაშაულებრივ ხასიათზე მიუთითა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქმესთან დაკავშირებით კვლავ გვრჩება კითხვები, რომლებზეც, მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ამომწურავი პასუხი უნდა გაგვცენ. კერძოდ:

 

1. რატომ არ ჩაატარეს საგამოძიებო ორგანოებმა მთელი რიგი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები მ.კ.-ს მიმართ? მათ შორის:

 

ა) მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენება ადასტურებდა, რომ ჩხუბის შემდეგ მ.კ.-ს ტანსაცმელზე წითელი, სისხლისმაგვარი ლაქები აღენიშნებოდა. საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერით და მ.კ-ს , ძმის, ლუკა კალანდიას ჩვენებით კი, დასტურდებოდა, რომ ამ უკანასკნელმა წითლად დალაქავებული ტანსაცმელი მათი კორპუსის მახლობლად, წყლის ჭაში ჩაყარა, რატომ არ გაიჩხრიკა მ.კ.-ს  საცხოვრებელი ბინა?

 

ბ) რატომ არ სცადა გამოძიებამ იმ ტანსაცმლის მოპოვება, რომელიც მ.კ-ს  შემთხვევის დროს ეცვა?

 

2. მაშინ, როდესაც გარდაცვლილ დავით სარალიძის სხეულზე მიყენებულ 12 ჭრილობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ გააჩინა ეჭვი, რომ ისინი სხვადასხვა იარაღით იყო მიყენებული, რატომ არ წარიმართა ინტენსიური გამოძიება მკვლელობის სხვა ამსრულებელთა ან თანამონაწილეთა სავარაუდო ბრალეულობის გამოსაკვეთად?

 

3. რატომ დაიკითხა საპირფარეშოში მომხდარი პირველი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი, დ.ღ., მკვლელობის დღიდან მხოლოდ მე-13 დღეს და არა გამოძიების პირველივე დღეებში? საეჭვოა ისიც, რომ დაგვიანებით დაიკითხა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ-ც.

 

4. რატომ არ გამოუკითხავს შსს-ს და შემდგომ პროკურატურას მოზარდებს შორის დაპირისპირების მთავარი სუბიექტის, ა.ს.-ს მშობლები, მამა, მირზა სუბელიანი და დედა, თ.კ.? გამოძიებას, არც ა.ს.-ს დეიდა, მ.კ.-ს  დედა, ლ.კ. გამოუკითხავს.

 

გამოძიებას პირველივე ეტაპზე ხელთ ჰქონდა დანაშაულის დღეს მირზა სუბელიანის და თ.კ-ს, კალანდიების ოჯახში მისვლის და სახლის დატოვების კადრები, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს და გ.ჯ.-ს გადამალვისთვის ავტომობილთა მოძრაობა, რის შემდეგაც მირზა სუბელიანი და მ.კ.-ს მამა, თენგიზ კალანდია ერთად ტოვებენ კალანდიების ბინას. ამასთან, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მირზა სუბელიანის სავარაუდო დანაშაულის შემცველი ქმედებებით, მაშინ, როდესაც თენგიზ კალანდიას სუბელიანის ქმედებების მსგავს ქმედებებზე, ბრალი მალევე, დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს, ხოლო ეს უკანასკნელი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დანაშაულიდან 6 თვის შემდეგ მისცეს.

 

5. რატომ ვერ მოახერხა გამოძიებამ ფარდულის ზუსტი ზომების დოკუმენტირება? იყვნენ თუ არა გამოძიების მწარმოებელი პირები ფარდულის დემონტაჟის შესახებ ინფორმირებულნი, ვინ და რატომ გასცა თანხმობა მის დემონტაჟზე?

 

6. რატომ არ გამოუკითხავს გამოძიებას ყველა მოწმე, რომელიც შეესწრო, დაინახა, ან რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა დანაშაულთან დაკავშირებით? რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ყველა ვიდეოჩანაწერი, სადაც შესაძლოა აღბეჭდილი ყოფილიყო მკვლელობის შემდგომ მოზარდთა გადაადგილების მარშრუტი?

 

7. რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ტელეფონები და სოციალური ქსელები, რომლის საშუალებითაც დიდი ალბათობით დაიგეგმა მათი შეკრება? გამომძიებლის განმარტებით, ტელეფონები შემდეგში ფარული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების მიზნით არ ამოიღეს, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს დაპირისპირებაში მონაწილე პირთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არ უწარმოებიათ.

 

8. რატომ არ დაიწყო გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტზე და რატომ არ არის გამოვლენილი პირი, რომელმაც გ.მ. დაჭრა, მაშინ, როდესაც გამოძიებამ  2 დეკემბერს უკვე იცოდა გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტის შესახებ? თავად გ.მ. ადასტურებდა, რომ მას ჭრილობა მწვანე ქურთუკიანმა პირმა მიაყენა, რასაც ასევე ადასტურებდნენ მოწმეებიც. აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ ასევე იცოდა, რომ ჩხუბის მონაწილეთა შორის მწვანე ქურთუკი არასრულწლოვან დ.ღ.-ს ეცვა.

 

9. რატომ არ დასვა გამოძიებამ ყველა საჭირო კითხვა ექსპერტის წინაშე, მაგალითად, იმ საგნების რაოდენობის შესახებ, რომლითაც დავით სარალიძეს სავარაუდოდ მიაყენეს ჭრილობები?

 

10. მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები იმ მოხელეთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომელთა უმოქმედობამ ან მიზანმიმართულმა მოქმედებამ გამოიწვია გამოძიების ხარვეზებით წარმართვა და გაართულა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება?

 

11. კითხვები ასევე მიემართება საქმეზე ექსპერტიზის მწარმოებელ ორგანოს და პირებსაც, კერძოდ:

 

ა) რატომ ვერ უზრუნველყო ექსპერტმა კვლევის ობიექტის დაზიანებისგან დაცვა?

 

ბ) რატომ არ გაითვალისწინა ექსპერტმა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, კერძოდ, დავით სარალიძის მკვლელობის იარაღის, დანის, დაზიანების შესაძლებლობა და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა ისეთ გარემოში, სადაც მტკიცებულება არ დაზიანდებოდა?

 

გ) იყო თუ არა შესაძლებელი მტკიცებულების დაზიანების თავიდან აცილება?

 

მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზემოთ დასმულ ყველა შეკითხვას აუცილებლად უნდა გასცენ ამომწურავი პასუხი.

 

ამავე დროს, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საკუთარი ძალისხმევა მიმართონ იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებმაც განზრახ, თუ გაუფრთხილებლობით, გულგრილად, მტკიცებულების არმოპოვებით ან/და მათი გადამალვით, საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას შეუშალეს ხელი.

 

სხვა შემთხვევაში, ამ კითხვებზე პასუხების არარსებობა გვაფიქრებინებს, რომ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტისა და სამართლიანი მოთხოვნების მიუხედავად, სისტემის შიგნით არ არსებობს მყარი პოლიტიკური ნება, სათანადო ნაბიჯები გადაიდგას საქმეზე სიმართლის დადგენის და იმ პირების გამოკვეთისთვის, რომლებმაც სავარაუდოდ გავლენა მოახდინეს გამოძიების პროცესის გამრუდებაზე.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI)

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება

12.10.2018

თბილისის მერიამ 2018-2020 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

05.10.2018

IDFI-ის მოსაზრებები „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

05.10.2018

თანამდებობის პირთა მიერ დეკლარირებული შემოსავლების ახალი ელექტრონული მოდულისა და საქართველოს ღია მონაცემთა პლატფორმა – www.DataLab.ge-ის პრეზენტაცია გამართა

28.09.2018
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ირაკლი კობახიძის ბრიფინგთან დაკავშირებით

08.10.2018

არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია

01.10.2018

პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა

27.09.2018

კორუფციის სისტემური პრობლემა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს

25.09.2018
ბლოგპოსტები

საქართველოს პროკურატურა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე: სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორების გზა

30.08.2018

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

31.05.2018

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების ცალკეული ასპექტები საქართველოში

31.05.2018

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში: მითები და სინამდვილე

30.05.2018