არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატებს

განცხადებები 29 სექტემბერი 2017

ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელით, მოგმართავთ წინადადებით, ხელი მოაწეროთ ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციას. დეკლარაციაზე ხელმოწერა წარმოადგენს წინასაარჩევნო პოლიტიკურ გზავნილს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მერის უფლებამოსილების განხორციელებისას, სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ღია მმართველობის სფეროს რეფორმებს.

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამა მიზნად ისახავს, გააძლიეროს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა, უზრუნველყოს მმართველობის ღიაობა, გამჭირვალობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა და  მოქალაქეების ცხოვრების პრობლემური საკითხების მოგვარება.

 

საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ოფიციალური მიწვევით შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის სამი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლითაც სხვადასხვა სფეროს რეფორმირების ვალდებულება აიღო. მათ შორისაა, ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება, ინფორმაციის თავისუფლების და გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება, საქართველოს სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ინიციატივას საქართველოს პარლამენტიც შეუერთდა და ამჟამად საპარლამენტო ღიაობის მეორე სამოქმედო გეგმას ახორციელებს.

 

ღია მმართველობის პარტნიორობის ქვეეროვნული საპილოტე პროგრამა (იხილეთ თანდართული)  გასულ წელს შეიქმნა, სადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა 15 სხვა ქვეყნის პიონერ ქალაქთან (პარიზი, სეული, მადრიდი, ბუენოს აირესი და სხვ.) ერთად მონაწილეობს. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშნელოვანი რეფორმები მზადდება, მათ შორის, მონაწილეობითი ბიუჯეტი, ინტერაქტიული რუკა, ელექტრონული პეტიციები და სხვა. ამ ვალდებულებების შესრულებამ უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის უშუალო მონაწილეობა, გაზარდოს მოქალაქეთა ინფორმირებულობა და თვითმმართველობის პოლიტიკა არაერთი ჯგუფის მრავალფეროვან საჭიროებებზე ორიენტირებული გახადოს.

 

ამჟამად საქართველოს მთავრობა საფრანგეთიდან OGP-ის თავმჯდომარეობის გადასაბარებლად ემზადება. თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც 2017 წლის სექტემბერში დაიწყება და ერთ წელს გასტანს, საქართველოს მოუწევს, აჩვენოს გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება და უპასუხოს არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, მათ შორის, სათანადო დონეზე გაუკეთოს ორგანიზება 2018 წლის OGP-ის გლობალურ სამიტს და იკისროს ახალი, მოსახლეობისთვის რეალური მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები.

 

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, თვითმმართველი ერთეულების, განსაკუთრებით კი თბილისის მთავრობის მხარდაჭერას, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების განუხრელად შესრულებას და მომავალში ახალი ტრანსფორმაციული ვალდებულებების აღებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგიწოდებთ, არა უგვიანეს  2017 წლის 16 სექტემბრისა, განაცხადოთ OGP-ის პროგრამის შენარჩუნებისა და მომავალში გაფართოების პოლიტიკური ნება  დეკლარაციის ტექსტზე ხელმოწერის გზით.

 

პატივისცემით,

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024