ერთობლივი განცხადება ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

განცხადებები 17 თებერვალი 2021

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო  ნაციონალური მოძრაობის ლიდერის - ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე მსჯელობს.  ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირები და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს.

 

ნიკა მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ამ საქმის ფარგლებში, 2019 წლის 26 ივნისს, პარლამენტმა, მელიას სადეპუტატო მანდატი შაბლონური და დაუსაბუთებელი წინადადების საფუძველზე მოუხსნა, ხოლო სასამართლომ - 30 000 ლარიან გირაოსთან ერთად, დამატებით ღონისძიებად საცხოვრებელი ადგილის დატოვებისა და საჯარო განცხადებების გაკეთების აკრძალვა დაუწესა. მიგვაჩნია რომ, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მისი უფლებამოსილების განხორციელების არაპროპორციულ ხელყოფას წარმოადგენს.

 

2020 წლის 1 ნოემბერს, სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და გირაოს რაოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა. საქართველოს პროკურატურას, ვადის გასვლიდან თვენახევრის განმავლობაში, რეაგირება არ ჰქონია და საქმეს მსვლელობა მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვალს მისცა. საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდებების მიუხედავად, გაუმჭვირვალე პროცესით, საქართველოს პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

 

კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ ემსახურება კონკრეტული ამოცანების შესრულებას. კერძოდ, ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. მითუფრო, როცა დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი და გამოძიება დასრულებულია. 

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გაიაზროს საქმეში არსებული გარემოებები, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კონტექსტი და უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოვუწოდებთ, დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ განხორციელებული შერჩევითი დევნა, გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და პოლიტიკური პოლარიზების ფონზე, დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება. ამ დრომდე ხელისუფლების, მათ შორის პროკურატურის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა მხოლოდ გააღრმავა არსებული კრიზისი. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად  მოვუწოდებთ მხარეებს სიმშვიდისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისაკენ.

 

 

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საფარი

ცენტრი ემპათია

საზოგადოება და ბანკები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

ლიბერალური აკადემია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საქართველოს პენ ცენტრი (PEN Georgia)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მწვანე ალტერნატივა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024