სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!”, “კოალიცია თანასწორობისათვის” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები გმობენ ქართული ოცნების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებს

განცხადებები 21 ივნისი 2021

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“, “კოალიცია თანასწორობისათვის” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები ეხმაურებიან „თბილისი პრაიდის“ და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ამავე პარტიის წევრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

 

2021 წლის 17 ივნისს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ღირსების მარშის შესახებ ირაკლი კობახიძემ გააკეთა შემდეგი განცხადება: „მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“ და „მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება… ეს კონტექსტი ძალიან კომპლექსურია და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ“, ხოლო ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა ირაკლი კობახიძის ნათქვამის მსგავსი განცხადებები უმცირესობის უფლებების დარღვევა, დავით სერგეენკომ შემდეგი პასუხი გასცა: „რთული სათქმელია. უფლებების შეზღუდვა, არ მგონია, იყოს. არავინ უშლით იმის გაკეთებას, რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი“ და „რაც შეეხება უფრო ხმამაღლა გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ. არავინ არ უშლის არაფერში ხელს, უბრალოდ, რაღაც უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ჯობია“.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს, როგორც ჰომოფობიურს და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, ირაკლი კობახიძის სიტყვები „ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“ სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლითაც პირდაპირაა გარანტირებული შეკრების თავისუფლება წინასწარი ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა. ამასთანავე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს შეკრების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოფა მიაყენოს იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებსა თუ მოთხოვნებს, რომელთა გავრცელებას დემონსტრაცია ცდილობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დახმარებით მონაწილეეებს უნდა შეეძლოთ  დემონსტრაციის ჩატარება იმ შიშის გარეშე, რომ ისინი მოწინააღმდეგეების მიერ ძალადობას დაექვემდებარებიან“ და „დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტრ-აქციის უფლება არ მოიცავს დემონსტრაციის უფლების რეალიზების ხელშეშლას“. შეკრების მონაწილეთა დაცვის ვალდებულების შესასრულებლად პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი. კერძოდ, ამ დროს სახელმწიფო ორგანოები „ვალდებულნი არიან მიიღონ ნებისმიერი შესაძლო ზომა, მაგალითად დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების გაკეთებით, რათა ბუნდოვანების გარეშე მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ, მშვიდობიან პოზიციას და რათა პოტენციური სამართალდამრღვევები გააფრთხილონ შესაძლო სანქციების ბუნების შესახებ“.

 

ზემოაღნიშნული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ღირსების მარშის ორგანიზატორებს („ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ“ და „მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ“) და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება მუქარა და ძალადობრივი ქმედებები. გარდა ამისა,  ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სამართალდამცავ ორგანოებზე, რაც წარმოშობს იმის საფრთხეს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ უზრუნველყოფენ ღირსების მარშში მონაწილეთა უსაფრთხოებას. აღნიშნული საფრთხე რეალურია იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ წარსულშიც არ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება და არ მიიღო ზომები, რათა ლგბტ+ თემს მშვიდ და დაცულ გარემოში ესარგებლა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს:

 

- არ გაავრცელონ ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებები;

 

- გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ცხადად წარმოაჩინონ რომ ჰომოფობიური ძალადობა არ დარჩება პასუხგაუცემელი სახელმწიფოს მხრიდან;

 

- უზრუნველყონ ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

 

 

სამოქალაქო პატფორმა “არა-ფობიას!” და “კოალიცია თანასწორობისათვის” წევრი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

უფლებები საქართველო (Rights Georgia)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)

თანასწორობის მოძრაობა 

ადამიანის უფლებათა ცენტი (HRC)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

საფარი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

სხვა ხელმომწერი ორგანიზაციები:

სოლიდარობის თემი

მსოფლიო ექიმები საფრანგეთი (MDM)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -  GCRT 

მანდალა

ქალები საერთო მომვლისთვის (WECF) საქართველო

ქალები საქართველოდან

ქალთა მოძრაობა

მოძრაობა სირცხვილია

ქალთა ფონდი საქართველოში

რეალური ხალხი

რეალური ხედვა - თანადგომა

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024