გაციფრულების სტრატეგია - წინაპირობები უკეთესი მედიაგარემოს ფორმირებისათვის

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 12 თებერვალი 2014

2014 წლის 7 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები დაამტკიცა. წარმოდგენილი სტრატეგიის ვერსიაზე შესაჯერებლად პროცესთან დაკავშირებულმა მხარეებმა  საკმაოდ ხანგძლივი და საინტერესო პერიოდი განვლეს.  არასამთავრობო სექტორის აქტიურობის, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და მისი პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმეჯერ მნიშვნელოვნად შეცვალა მის მიერ 2013 წლის დასაწყისში წარმოდგენილი ხედვები და 7 თებერვალს თვისობრივად და შინაარსობრივად ახალი სტრატეგია დაამტკიცა.


უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის მომზადების დასკვნით ეტაპზე (2012-2013 წწ), სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყო პროცესის ღიაობა, აქტიური თანამშრომლობა და   არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების და დაინტერესებულ მხარეების ჩართულობა. 2012 წლის დეკემბერში დაიწყო ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს ფორმირების პროცესი, სადაც ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, არასამთავრობო სექტორიც. ამ მხრივ, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნდობისათვის, რომ ჩვენს ორგანიზაციას საბჭოს სოციალური მიმართულების ქვეჯგუფის ხელმძღვანელობა  დააკისრა.

 ვფიქრობთ, რომ პროცესის წარმატებით განვითარებისთვის გარდამტეხი იყო ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც, რომელმაც გაიზიარა IDFI-ისა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მოსაზრებები  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დაფინანსებაში სახელმწიფოს მინიმალური მონაწილეობისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. შედეგად დღეს არსებული სტრატეგია, 2013 წლის ივლისში წარმოდგენილ ხედვებთან შედარებით, უფრო მეტად არის ორიენტირებული მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე  და ლიბერალურ მიდგომებზე. ვფიქრობთ, სტრატეგიაში დიდ წილად იყო გათვალისწინებული ასევე 2013 წლის მაისში IDFI-ს მიერ მომზადებული და საჯაროდ განხილული ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პუნქტებიც, ასევე კვლევა რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ციფრულ პლატფორმაზე გადასვლის აშშ-ს მოდელის შესახებ.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი და მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის მთავარ ღირსებად რამდენიმე საკვანძო გადაწყვეტა მიგვაჩნია, რომელიც ორიენტირებულია და მორგებულია პირველ რიგში ქართული მედიის და მოსახლეობის  პრობლემებზე და არა სიხშირეების, იგივე ფულადი რესურსების დაზოგვაზე, უახლეს ტექნოლოგიურ სტანდარტების სავალდებულოდ დადგენაზე  და სხვა საკითხებზე, კერძოდ:

  • უმთავრეს საკითხად აშშ-ს მიდგომის დანერგვა მიგვაჩნია, რომელიც ითვალისწინებს რეგიონული  და ადგილობრივი მედიისათვის სიხშირეების გამოყოფის და უფრო დაბალი სტანდარტის  აპარატურით მაუწყებლობის დაშვებას;
  • მედიის თავისუფლების და მისი პლურალიზმზე ორიენტირებული ტექნოლოგიური მოდელის შერჩევა;
  • სიცოცხლისუნარიანი და კონკურენტული ბიზნეს მოდელის შერჩევა;
  • საეთერო სამაუწყებლო ქსელის კერძო ინვესტორის მიერ აგება და მართვა, რომელიც შეირჩევა გამჭვირვალე და კონკურენტული,  ღია კონკურსის საფუძველზე;
  •   პროცესში სახელმწიფოს მინიმალური ფინანსური მონაწილეობა საქსელო და ტექნოლოგიური მიმართულებით და  საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა;
  •   ღია კონკურსზე, კონცენტრაციის და მონოპოლისტის ჩამოყალიბებისათვის პრევენციული პირობების განსაზღვრა;
  •  პლატფორმის შიდა და პლატფორმათაშორისი კონკურენციის ხელშემწყობი მოდელის შერჩევა;
  •   ბოლო მომხმარებლებისათვის საჭირო აპარატურის სუბსიდირება არა ინვესტორის არამედ ბიუჯეტის ხარჯზე;
  •   ციფრული საეთერო მაუწყებლობისათვის საჭირო აპარატურის რეალიზაციის ბაზრის ლიბერალიზაცია.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი  საკითხებისა, არსებობს რიგი საკითხებისა, რომელიც საჭიროებს კორექტირებას მომხმარებლების და ქართული სამაუწყებლო ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე:


1. წარმოდგენილი სტრატეგიის შესაბამისად მაუწყებელი უფლებამოსილია მოახდინოს არამარტო კონტენტის წარმოება, არამედ მულტიპლექს პლატფორმის  ლიცენზიის მოპოვებაც და საქსელო ბაზარზე ოპერირებაც. ვფიქრობთ, რომ კონცენტრაციის საკითხების რეგულირება აუცილებელია, და თუ სახელმწიფო დასაშვებად მიიჩნევს ამ რეგულაციებს, აუცილებელია წინასწარ კონკრეტულად გაწერილი საკანონმდებლო პროცედურები მის კუთვნილ ქსელში კონკურენტი პროგრამების მიმწოდებელი კომპანიების დაშვების პროცედურების რეგულირების მიზნით;


2. რა თქმა უნდა დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს, რომ სახელმწიფო აპირებს სამაუწყებლო ლიცენზიების ვადამდე შეწყვეტისათვის დაუბრუნოს ლიცენზიანტს მის მიერ გამოუყენებელი პერიოდის თანხები, თუმცა მიგვაჩნია, რომ არადისკრიმინაციულობის პრინციპის დასაცავად უნდა მოხდეს რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლებისთვის გადასაცემად განკუთვნილი ციფრული სიხშირეების "გაცვლა" ანალოგურ სიხშირეებში. ციფრული ლიცენზიების ვადა უნდა განისაზღვროს იმ ვადით, რაც დარჩა ანალოგურის ვადის ამოწურვამდე,  ხოლო ვადის გაგრძელება ამოწურვის შემდგომ უნდა  მოხდეს კანონით დადგენილი  საერთო წესით.


3. სტრატეგიაში საუბარია "მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების ოპერირების წესებზე". გარდა ტექნიკური საკითხებისა, მიზანშეწონილია, ამავე დოკუმენტში, განისაზღვროს მულტიპლექს პლატფორმის თავისუფალ რესურსთან დაშვების და პრიორიტეტების საკითხები, ასევე ტარიფების დაანგარიშების მოდელი სატენდერო პირობის იდენტური მოცემულობებით წარმოდგენის და მათი შესაბამისობის შედარების და ადეკვატურობის დადგენის მიზნით;


4. პლატფორმათაშორისი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქების დაფარვის საეთერო ქსელი დაიგეგმოს ე.წ. “სახლის ანტენის” მიღების პირობებში, რაც გააძვირებს ქსელის ხარჯს, თუმცა გრძელვადიან პირობებში შეამცირებს სატელევიზიო მომსახურების  ტარიფებს კონკურენტ პლატფორმაზე და გაზრდის მომსახურების ხარისხობრივ პარამეტრებს საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლებისათვის;


5. მარეგულირებელი კომისიის მხრიდან, ვფიქრობთ, აუცილებელია, განხორციელდეს წინასწარი რეგულირება პასიურ და აქტიურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების კუთხით, რადგან ინვესტორისათვის  მობილური კომპანიების, ასევე შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის" ანძებთან დაშვების ტარიფების, ანძებზე არსებული თავისუფალი რესურსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან პრობლემების არსებობის შემთხვევაში (განსაკუთრებით გარდამავალ ე.წ. "სიმულქასთის" პერიოდში), შეუძლებელია მოხდეს მულტიპლექსირების პლატფორმასთან დაშვების ზუსტი ტარიფების  წარმოდგენა სატენდერო ეტაპზე, ისევე როგორც მათი საფუძვლიანობის შემოწმება. მიგვაჩნია, რომ ამ ინფორმაციის გამჭვირვალობის გარეშე, ისევე როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ე.წ. მე-18 ბაზრის წინასწარი რეგულირების გარეშე, შესაძლოა, შეიქმნას ბაზარზე შემოსვლის ბარიერი და არაკონკურენტული პირობები ღია კონკურსში მონაწილეთათვის. იგივე პრობლემა არსებობს ოპტიკური ქსელის მფლობელი ოპერატორების  რეგულირებასთან და პირობების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით;


6. წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად, ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლებისათვის განკუთვნილი სიხშირეები გამოიყოფა 2015 წლის 17 ივნისის შემდგომ. საკითხი მოითხოვს ცვლილებას, რომ სიხშირეების გაცემა მოხდეს წელს, ხოლო მისი სარგებლობის უფლება ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან. ეს საშუალებას მისცემს რეგიონულ და ადგილობრივ მაუწყებლებს მოახდინონ მათი აპარატურის ტესტირება და მოემზადონ  ანალოგური მაუწყებლობის გამორთვისა და ციფრული მაუწყებლობის დაწყებისათვის;


7. საზოგადოებრივი მაუწყებლობა და ტელერადიო ცენტრის პირდაპირი სუბსიდირება - პრეზენტაციის შესაბამისად, განსაზღვრულია 7 მულტიპლექს პლატფორმის აგება. ე.წ. მე-6 მულტიპლექს პლატფორმა  განკუთვნილია საზოგადოებრივი მაუწყებლობის კონტენტის გასავრცელებლად. წარმოდგენილი კვლევის შესაბამისად,  სიხშირული ზოლი, ისევე როგორც შიდა ტექნოლოგიური დანიშნულების რადიო-სარელეო ხაზების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სიხშირული რესურსი, უსასყიდლოდ გადაეცემა შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრს", რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე არის სახელმწიფო.  ამგვარი მიდგომა, ვფიქრობთ, არ მოდის შესაბამისობაში  "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან. ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან. ანალოგიური დეფინიციაა ამავე კანონის მე-15 მუხლში. საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა გამორიცხავს სახელმწიფოს კონტროლს და ეს, პირველ რიგში, შეეხება კონტენტის გავრცელების მოდელის მაქსიმალურ დისტანცირებას სახელმწიფოსაგან. ამგვარად, ვფიქრობთ, რომ სიხშირის გადაცემა უნდა მოხდეს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, რომ ის თავად იყოს ქსელის მმართველი.


8. მისასალმებელია ის მოდელი, რომელიც კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით,  წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიაში, სიხშირეებზე უფლებების ლოტებად დაყოფის კუთხით. თუმცა, მიგვაჩნია, არსებობს ორი საფრთხე: პირველი შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხდება სიხშირეების თუნდაც სამი ან მეტი ოპერატორის ხელში განაწილება, რაც უკავშირდება ბაზრის ფრაგმენტაციას და იწვევს ქალაქების გეოგრაფიული არეალის ნაწილში არაკონკურენტული და ნაკლებად დივერსიფიცირებული სამაუწყებლო პაკეტების ფორმირებას. მეორე საფრთხეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ სიხშირეზე წარმოდგენილი განაცხადია მიჩნეული უპირატესად ორ ან მეტ სიხშირეზე წარმოდგენილ სატენდერო განაცხადებთან შედარებით. ვფიქრობთ, რომ უმჯობესია, უპირატესობა მიენიჭოს 2 სიხშირეზე წარმოდგენილ განაცხადებს. ასევე, ვფიქრობთ, ამოსაღებია ეროვნულ და ადგილობრივ მაუწყებლებთან გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულებების  წარმოდგენისათვის დამატებითი ქულების მინიჭების პრინციპი (თუმცა თავად ხელშეკრულებები წინადადების შეფასებისათვის უნდა იყოს წარმოდგენილი), რადგან ეს პროცესი, ვფიქრობთ, მეტნაკლებად, ხელს შეუშლის უცხოელი ინვესტორების მონაწილეობას  კონკურსში და შესაძლოა იქცეს გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაციულ ბარიერადაც.


9. სახელმწიფო უზრუნველყოფს 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი იჯახისათვის სპეციალური მოწყობილობის (ციფრული სიგნალის მიმღების) უფასოდ დარიგებას. მაგრამ, ამ კატეგორიაში, მოხვდებიან ისეთი ოჯახები, რომელთაც  ან საერთოდ არ აქვს ტელევიზორი, ან აქვს ძველი მოდელის (შავ-თეთრი) ტელევიზორი, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას ვერ იქნება გამოყენებული. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ასეთი ჯგუფების მინიმალური სტანდარტების მიმღებებით აღჭურვაზეც.


10. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის,  რომელიც ცხოვრობს ზონებში, სადაც არ არის დაგეგმილი ან არ არსებობს ტელერადიო ცენტრის ინფრასტრუქტურა, არადისკრიმინაციულობის უზრუნველსაყოფად და უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მისაწოდებლად მოხდეს ე.წ. „არა საეთერო დაფარვის ზონების მოსახლეობისათვის“ თანამგზავრული თეფშების და რისივერების სუბსიდირება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ფონდიდან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024