ქსელური მზაობის ინდექსი 2014: საქართველო მზარდი განვითარების ქვეყნებს შორის

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 8 ივლისი 2014

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და მათი ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანია ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი „გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების ანგარიში 2014“ სწორედ ამ ორი ფაქტორის - საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა - ურთიერთმიმართებას წარმოაჩენს. პოლიტიკური და ბიზნეს გარემოს, ინტერნეტ ხელმისაწვდომობისა და მისი გამოყენების თავისებურებების, ასევე, ახალი ტექნოლოგიების სოციალური და ეკონომიკური გავლენის გათვალისწინებით, აღნიშნული კვლევა ქვეყნების ქსელური მზაობის ინდექსს (Networked Readiness Index) ადგენს.

 

საქართველომ წინა წელთან შედარებით 2014 წელს მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა საკუთარი პოზიცია. თუ იგი 2013 წელს ქსელური მზაობის ინდექსით 3.93 ქულით (7-დან) 65-ე ადგილს იკავებდა, დღეს იგი 60-ე ადგილზეა (148 ქვეყანას შორის), 4.1-იანი მაჩვენებლით. ზოგადად, ანგარიშში საქართველო სომხეთთან, ყაზახეთთან, პანამასთან, ყატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, „მზარდ ვარსკვლავთა“ (“Rising Star”) კატეგორიაშია მოქცეული. ეს გულისხმობს, რომ მისი ქულა საშუალოზე მაღალია და საშუალოზე სწრაფად იზრდება. ასევე, კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნები მკვეთრი პოზიტიური ცვლილებებით გამოირჩევიან.

 

 

ქსელური მზაობის ინდექსი აფასებს ქვეყნის ეკონომიკის მზაობას მაქსიმალურად გამოიყენოს და აითვისოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სიკეთეები შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

 

  • ბიზნეს და ინოვაციური გარემო, პოლიტიკური და მარეგულირებელი ჩარჩო (გარემოს ქვე-ინდექსი - environment subindex);
  • ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ფასი და ეფექტური გამოყენებისთვის საჭირო უნარების არსებობა (მზაობის ქვე-ინდექსი - readiness subindex);
  • მთავრობის, ბიზნესისა და ინდივიდების მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება (გამოყენების ქვე-ინდექსი - usage subindex);
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკური და სოციალური გავლენა (გავლენის ქვე-ინდექსი - impact subindex).

 

აღნიშნული ოთხი ძირითადი პარამეტრიდან საქართველომ ყველაზე კარგი შედეგი მზაობის კუთხით აჩვენა (გაიზარდა 0.4 ქულით). კერძოდ, პირველ ადგილს იკავებდა სხვა ქვეყნებს შორის ინტერნეტ და მობილური ტელეფონის სერვისების კონკურენციის დონის ინდექსის თვალსაზრისით. ასევე, შედარებით მაღალი იყო მისი მაჩვენებლები (მე-40-ე ადგილი) ერთ მომხმარებელზე საერთაშორისო ინტერნეტ გამტარიანობის თვალსაზრისით (International Internet bandwidth). თუმცა, საგულისხმოა რამდენიმე გარემოება: მაშინ როცა ზრდასრულთა წერა-კითხვის ცოდნის დონით (literacy) საქართველო მეოთხე ადგილზეა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება განათლების სისტემისა (105 ადგილი) და მათემატიკა/მეცნიერების სასწავლო პროგრამის ხარისხის (106 ადგილი) კუთხით. ზოგადად, მზაობის კომპონენტში შემავალი პარამეტრების შემთხვევაში - ხელმისაწვდომობა; ინფრასტრუქტურა და ციფრული კონტენტი;  უნარები - საქართველომ 7 ქულიდან 6.8 მიიღო ხელმისაწვდომობაში. დანარჩენი ორი კრიტერიუმის მაჩვენებელი 4.5-4.9 შორის მერყეობდა.

 

რაც შეეხება დანარჩენ სამ ქვე-ინდექსს, ქვეყნის ზოგადი გარემო 3.9 ქულით იქნა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ყურადღება ექცეოდა როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნეს გარემოს ქვეყანაში. საქართველომ ყველაზე კარგი შედეგები ბიზნესის დაწყების შესაძლებლობებში აჩვენა - მეორე და მესამე ადგილები ბიზნესის დასაწყებად საჭირო დღეებისა და პროცედურების მიხედვით. თუმცა, თუ მონაცემებს დავუჯერებთ, ამ კუთხით საქართველოს ბიზნეს გარემოსთვის ერთ-ერთი გამოწვევა უახლესი ტექნოლოგოების ნაკლებობა უნდა იყოს (4.4 ქულა). პოლიტიკურ გარემოს და მარეგულირებელ პოლიტიკასთან დაკავშირებით ვითარება შემდეგია: საქართველო ბოლო პოზიციებს იკავებს ინტელექტუალური საკუთარების დაცვისა (124-ე ადგილი, 2.7 ქულა) და  ლიცენზირებული პროგრამების გამოყენების (107-ე ადგილი) გამო. გარდა ამისა, 3.0 ქულით ფასდება კერძო ბიზნესის წარმომადგენლების შესაძლებლობა კანონის გზით სცადონ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების შეცვლა. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოქცეულია იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც მართალია არსებობს მარეგულირებელი კანონები, მაგრამ სუსტია მათი აღსრულების ბერკეტები და მექანიზმები. საგულისხმოა, რომ ამ კომპონენტში წინა წელთან შედარებით ვითარება იგივე დარჩა.

 

technology, internet

 

ქულების მიხედვით, პოლიტიკური და ბიზნეს გარემოს შემდეგ მოდის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის/გამოყენების ქვე-ინდექსი. იგი აერთანებს სამი აქტორის - ინდივიდი, ბიზნესი და მთავრობა - მიერ სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მოხმარების დონეს. მონაცემები ცხადყოფს, რომ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ამ მხრივ კერძო სექტორს გააჩნია (3.2 ქულა). საგულისხმოა, რომ ამ კომპონენტის შეფასებისას მკვლევარებმა საქართველოს ყველაზე დაბალი შეფასებები შემდეგ კრიტერიუმებში დაუწერეს: ინოვაციურობის შესაძლებლობები, ახალი ტექნოლოგოების დანერგვა, შტატის გადამზადება.

 

ინტერნეტ მომსახურების გამოყენების ტენდენციები ინდივიდუალურ დონეზე უფრო უკეთესი აღმოჩნდა - 3.4 ქულა. ამ შემთხვევაში საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ პოზიციებს იკავებდა ოჯახზე პერსონალური კომპიუტერის ფლობისა (32.7%) და მობილური ინტერნეტის გამოწერის მაჩვენებლებით. თუმცა, უფრო დამაიმედებელი იყო სოციალური ქსელების გამოყენების კოეფიციენტი (5.8 ქულა) და ფიქსირებული ფართოზოლოავანი ინტერნეტის გამოწერის ოდენობა (8.7 100 მოსახლეზე). შედარებისთვის, მართალია წინა მონაცემებთან შედარებით ქულა 0.2-ით გაიზარდა, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ ერთი პოზიციით უკან დაიწია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ცალკეული ადამიანების მიერ ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის დონის ამაღლების ტემპები საერთაშორისო ტენდენციებს გარკვეულწილად ჩამორჩება.

 

რაც შეეხება მესამე აქტორს, სახელმწიფოს, მის შემთხვევაში ყველაზე კარგი შედეგი საქართველომ ხელისუფლების მიერ დანერგილი ონლაინ სერვისების ინდექსით აჩვენა (42-ე ადგილი). მიუხედავად ამისა, დაბალი იყო შემდეგ ორ საკითხზე ქვეყნის მიერ მიღებული ქულები: სამთავრობო ხედვაში სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგოების მნიშვნელობა (3.7 ქულა) და მის მიერ ამგვარი ტექნოლოგოების გამოყენების სტიმულირება (4.4 ქულა).

 

ყველაზე დაბალი შეფასებები საქართველომ ზემოქმედების ქვე-ინდექსში მიიღო, რაც აფასებდა ახალი ტექნოლოგიების როლს მოსახლეობის სხვადასხვა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში. მსოფლიო ქვეყნებთან შედარებით ადგილის გაუმჯობესების მიუხედავად (ორი ადგილით წინ გადაინაცვლა), საქართველოს ქულა არ გაზრდილა და კვლავაც 3.4-ს უტოლდება. სოციალური გავლენა (3.9) აღემატებოდა ეკონომიკური გავლენის კრიტერიუმს (2.9). ამ უკანასკნელის შემთხვევაში ახალ ტექნოლოგოებს ნაკლები მნიშვნელობა აქვთ ახალი სერვისებისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ასევე, უფრო ხშირად, ბიზნესის წარმომადგენლები ნაკლებად ცდილობენ ახალი ტექნოლოგიების დახმარებით შექმნან ახალი ორგანიზაციული მოდელები (ვირტუალური ჯგუფები, დისტანციური დასაქმების შესაძლებლობები და ა.შ).

 

რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას და ეფექტს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ მათმა გამოყენებამ გარკვეულწილად უფრო ეფექტური გახადა მთავრობის მიერ დანერგილი სერვისები (4.7). თუმცა, შედარებით დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება ცალკეული მომსახურების მიღებაში ახალი ტექნოლოგიების როლზე საუბრისას (4.3 ქულა), საქართველოს სკოლებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხარისხი კი შვიდი ქულიდან 4.5 ქულით შეფასდა (62 ადგილი). შედარებით უფრო წინა პოზიციებს იკავებს საქართველო ელ-ჩართულობის (სამთავრობო ვებ-გვერდებზე ინფორმაციის ონლაინ განთავსება, მონაწილეობაზე ორიენტირებული სერვისებისა და საშუალებების არსებობა) ინდექსის თვალსაზრისით - 41-ე ადგილი.

 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ინტერნეტ ხელმისაწვდომობის კუთხით ზრდადი ტენდენციები შენარჩუნებულია. პოლიტიკური და ბიზნეს გარემოს შედარებით სტაბილური ვითარების მიუხედავად, მთავარი გამოწვევები ქვეყანას აქვს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში და მათი ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყენებაში. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს, ერთი მხრივ, ბიზნეს სექტორის მხრიდან ახალი ტექნოლოგიების ათვისების დაბალი დონით და მეორე, მხრივ, მოსახლეობაში განათლების სრულყოფილი დონისა და საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობით. მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფოს როლიც, რადგან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ჩართულ მხარეებს შორის ურთიერთობები მყარი სამართლებრივი საფუძვლებით უნდა რეგულირდებოდეს და სახელმწიფოს თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სტიმული უნდა მისცეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024